მთავარი > საცდურები, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ღირებულებითი პრიორიტეტების დარღვევა

ღირებულებითი პრიორიტეტების დარღვევა


16-01-2019, 00:02

ღირებულებითი პრიორიტეტების დარღვევა

 

   ქართველისთვის ქვეყნის სიყვარული განსაკუთრებული, აღმატებული გრძნობაა. ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა „დედა სამშობლოა", ისტორიულად მას დედის სიყვარულს ვადარებდით და დედასავით ვუვლიდით. ქართველი ყოველთვის აცნობიერებდა ღვთის წყალობას ჩვენი ქვეყნის მიმართ და მადლიერი ერი ქვეყნის ყველა კუთხეში უამრავ ტაძარს აშენებდა და აშენებს უფლის სადიდებლად. ღვთისმოსიყვარულე ქართველი ერი გაუგონარი შრომის, თავდადებისა და სიმამაცის ფასად აშენებდა ეკლესიებს ურთულეს, ზოგჯერ მიუვალ ადგილებზე და ეკლესიის მადლით  სულიერად მტკიცდებოდა წუთისოფლის ურთულეს გზაზე.

   ქართველისთვის პრიორიტეტი მკაფიო და განსაზღვრული იყო; უპირველესად უფლის მიმართ სიყვარული და მის მცნებების დაცვა და შემდეგ, ღვთის იმედით ქვეყნის ტერიტორიების და ეროვნული ღირებულებების დაცვა. ნიშნად ღვთისადმი განსაკუთრებული სიყვარულისა თითქმის ყველა ოჯახიდან ერთი ადამიანი მონაზვნად აღიკვეცებოდა. მსგავსად ისრაელი ერისა, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა პირდაპირ იყო დაკავშირებული ერის სარწმუნოებრივ და კეთილგონიერ ცხოვრებასთან.

   დღეს სიტუაცია მკვეთრადაა შეცვლილი. ჩვენი ერის ცნობიერება კატასტროფიული სისწრაფით იცვლება. ხდება არნახული ტემპით ღირებულებების გადაფასება. ჭეშმარიტების ყალბი, ზოგჯერ გარეგნულად თითქოს კეთილშობილური, მაგრამ შინაგანად სრულიად უტოპიური ცნებებით შეცვლა.

   ღირებულებითი პრიორიტეტების დარღვევა - აი ეს არის ჩვენი ერის უდიდესი შეცდომა. ჩვენ ვერ გაგვირკვევია, რომელია ჩვენთვის უფრო ძვირფასი - სახლი თუ მამა, რომელმაც ეს სახლი გვაჩუქა. ჩვენ ვერ გაგვიგია, რომ უძღები შვილის მსგავსად ვიქცევით, თუმცა კიდევ საკითხავია შევძლებთ კი უძღები შვილის მსგავსად მამასთან სინანულით დაბრუნებას, გვეყოფა კი ამის სულიერი ვაჟკაცობა?! ჩვენ არც ის გვესმის, რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა.

   ღირებულებითი პრიორიტეტების დარღვევამ თვითგადარჩენის აბსურდულ იდეოლოგიამდე მიგვიყვანა. თითქოს ღვთის გარეშე ხსნა შესაძლებელია, ტერიტორიები აღდგენადია, ერის კეთილდღეობა და ზოგისთვის „გაბრწყინება" მიღწევადია. 

   შედეგად, პოლიტიკური ქმედებებით ქვეყნის პრობლემების გადაჭრის მახინჯი ფორმები მივიღეთ. ზოგი, მათ შორის, ვინც თავის თავს მორწმუნედ მიიჩნევს, გადარჩენას რევოლუციურ გადატრიალებებში ხედავს. მათთვის გადაწყვეტილებების მიღებისას, მათ შორის საეკლესიო საკითხებზე მსჯელობისას, პრიორიტეტს უფრო „ქარიზმატული" ლიდერის მოსაზრებას ანიჭებენ, ვიდრე სახარებისეულ სწავლებას. ლიბერალური მსოფლიოს არატრადიციული ღირებულებები და მათი განვითარების პროგრამა-რეფორმები გადარჩენის ერთადერთ გზად მიაჩნიათ. ასეთი ადამიანები თითქოს ჭეშმარიტებაზე აცრილნი არიან; რაც არ უნდა მოხდეს მათ ცხოვრებაში, ყველა გადაწყვეტილებას მაინც „თავის საყვარელ" პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ. მათთვის  ეკლესია, როგორც ჭეშმარიტი სწავლება და ჭეშმარიტი ორიენტირი რეალურად აღარ არსებობს. ისინი ჩვეულებრივი ნიღაბმორგებული ადამიანები არიან.

   ასევე შეინიშნება მეორე უკიდურესობა. ეროვნულ-ტრადიციული ძალების გარკვეული ნაწილის ღირებულებითი პრიორიტეტების აღრევა და ფანატიკურ დონის მიზნების დასახვა. ეს ადამიანებიც ქრისტიანებად მიიჩნევენ თავს, თუმცა ქრისტიანულად არც ცხოვრება სურთ და არც ქრისტიანული ღირებულებებით აპირებენ მიზნის მიღწევას. ამ ადამიანთა დევიზი არის: „ჩემი სამშობლო - ჩემი ღმერთია".  იუდეველების მსგავსად ქრისტეს სწავლება ამქვეყნიური ბატონობის მისაღწევად სჭირდებათ. მსოფლიო დომინანტ ლიბერალური პოლიტიკური სისტემის პირობებში ჭეშმარიტი, ეროვნულ-ქრისტიანული, სრული მმართველობა სურთ. მათ საერთოდ არ ესმით ან ძნელად ხვდებიან დროის სულისკვეთებას. თუ რამდენად დაშორებულია დღევანდელი ადამიანი ჭეშმარიტებას. რამდენად უცხოა თანამედროვე ადამიანისთვის ქრისტიანული ცხოვრების წესი. შედეგად, იუდეველების მსგავსად, როდესაც ქრისტეში ვერ დაინახეს ამქვეყნიური მეფე, გაიძახოდნენ: „ჯვარს აცვი იგი!". ჩვენი საზოგადოებაც რეალურად იგივეს გაიძახის, ოღონდ ცხოვრების წესით. აქ არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძის) სიტყვებს გავიხსენებ: „როგორ დახვეწილად, ვერაგულად, მზაკვრულად და სულის საზიანოდ - საკუთარი ერისადმი კეთილშობილური სიყვარულით შენიღბული იმალება იგივე ამპარტავნება, იგივე ამაო ცუდადმზვაობრობა. გვეშინია, რომ შეცდომილებამ არ მიიყვანოს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი ცრუ - მეფის, ცრუ - მესიის, ანტიქრისტეს თაყვანისცემამდე. როგორც ოდესღაც, ზუსტად იგივე განწყობილებამ მიიყვანა ებრაელი ერი ჭეშმარიტი მეფის, მესიის, ღმერთის უარყოფამდე."

   განსაკუთრებით მაკვირვებს ეკლესიურ ადამიანთა პოზიცია. მათ ხომ მშვენივრად იციან მაცხოვრის სიტყვები, რომ გადარჩება „მცირე სამწყსო", რომ ქრისტიანები უმცირესობაშიც ვფლობდით ჭეშმარიტებას, რომ ჩვენი გზა „ვიწრო და ეკლიანია". მაშ რატომ გიკვირთ, როდესაც სამართლიანად იცავთ ქრისტიანულ ღირებულებებს, მოსახლეობის უმეტესობა გვერდში არ გიდგათ? რატომ გგონიათ, რომ ლიბერალურად, ნიჰილისტურად მოაზროვნე ჩვენი საზოგადოება მათ შორის მორწმუნე ადამიანები, ქრისტიანულ ღირებულებებს დაიცავს?

   ზოგიერთმა შესაძლოა ეს სიტყვები ბრძოლის გაგრძელების შეწყვეტის მოწოდებად მიიღოს. არა! თუ ქრისტიანები ვართ, ბრძოლაც ქრისტიანული წესებით და რწმენით უნდა გავაგრძელოთ. პრიორიტეტები სწორად უნდა დავსახოთ; ისტორიული გამოცდილება უნდა გავიაზროთ და რაც ყველაზე მთავარია, ბოლო დრო - განდგომილების ფენომენი გავითვალისწინოთ. აქ ისევ მამა ლაზარეს სიტყვას მოვიშველებ: „ჩვენ დროის სულის გაცნობიერება, ერთი მხრივ, გამოგვიყვანს თვითცდუნებიდან, შეგვიქმნის სწორ შეხედულებას ჩვენს ძალებსა და შესაძლებლობაზე, გაგვხდის თავისა სხვების მიმართ ნაკლებად მომთხოვნს".

   ქრისტიანი ემორჩილებოდა ყველა მთავრობას ყველაფერში, გარდა ცოდვისა. ქრისტიანისთვის უპირველესი სამშობლო ზეცათაა. ჩვენი წინაპრები, მათ შორის ეკლესიის მიერ განდიდებულნი - მეფენი და დედოფალნი, ღვთის და არა მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით გადიოდნენ ბრძოლაში. ამიტომაც იყო „ძლევაი საკვირველი".

   ჩვენ იმედით ღმერთს უნდა ვუყურებდეთ და არა პოლიტიკურ ლიდერებს. ჩვენ საკუთარი ერის გენოციდს უნდა შევეშვათ აბორტის სახით. ერს, რომელსაც გამრავლება არ სურს ტერიტორიასაც ართმევს უფალი. ჩვენ უნდა დავანებოთ თავი ოცნებობას და თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენს ისტორიულ, სულიერ რეალობას. თუ სწორად განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს ღირებულებებით, მაშინ უფალი კეთილდღეობას მოგვმადლის. „როდესაც ღმერთი პირველ ადგილზეა, მაშინ ყველაფერი თავის ადგილზეა!" 


დავით ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება