მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > საქმე

საქმე


8-03-2019, 22:31

საქმე

 

   დაე, ყოველი შენი წამოწყების თავი იყოს ღმერთი, რომელიც არის ყოველგვარი სიკეთის მიზეზი, რათა შენ მიერ წამოწყებული საქმე ღმერთის სახელით აღსრულდეს.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ეშმაკი აბრკოლებს ყოველი კეთილი საქმის წამოწყებას. ეს არის კიდევაც სიკეთის ნიშანი. ამიტომაც ამ ნიშნით შეიძლება დაასკვნა, რომ დაწყებული საქმე უფლის ნებითაა.

 

ბერი ილიოდორ გლინელი

 

 

   ვერცერთი სიტყვა, რომელიც საქმეს არ ეყრდნობა, ყურს ვერ გასცდება, მაგრამ როდესაც სიტყვა საქმესთან ერთიანდება, ცოცხლდება და გულამდე აღწევს.

 

წმიდა ისიდორე პელუზიელი

 

 

   ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე.

 

კათოლიკე ეპისტოლენი იაკობისა, თ. 2-3

 

 

   ვინც საქმეებს თავს ანებებს და უბრალო ცოდნაში მტკიცდება, ორლესული მახვილის ნაცვლად ხელში ლერწამი უჭირავს, რომელიც, საღმრთო წერილის თანახმად, ბრძოლის დროს ხელში შეერჭობა, გაუხვრეტს და უწინარეს მტრისა ქედმაღლობით მოწამლავს (ისაია 36. 6).

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ვისაც რაიმეს გაკეთება სურს, მაგრამ არ ძალუძს, გულთამხილველი ღმერთის წინაშე ამ საქმის ჩამდენად შეირაცხება. ასე უნდა ვიფიქროთ როგორც კეთილ, ისე ბოროტ საქმეებზე.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   თუ ძნელად გასარკვევი საქმის მოგვარება გსურს, მაშინ გამოიძიე, ღმერთს რა სურს და სასარგებლო გადაწყვეტას პოვებ.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   მუდმივად ილოცე ყოველი საქმის დროს, რათა ღვთის შეწევნის გარეშე არაფერი გააკეთო.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ნეტარი ხარ, როდესაც საქმით ქადაგებ სათნოებებს და თუკი ჩვეულებრივ ლაპარაკობ სათნოებებზე, საქმით კი მის საწინააღმდეგოს აკეთებ, მაშინ იგი ვერ გიშველის.

 

წმიდა ეფრემ ასური

 

 

   ნუ ეცდები რთული საქმეების კამათის გზით მოგვარებას, არამედ მიმართე იმას, რასაც სულიერი სჯული გვიბრძანებს, ე.ი. მოითმინე, ილოცე და იმედი იქონიე.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ნუ ვზრუნავთ შემდგომთა თავისა და ხვალის რამეთუ აღაღებს ხელთა თვისსა და განაძღებს ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ თვისისა ჩვენცა მოგვცეს საზრდელი განმამტკიცებელი უძლურებისა ამათ ჩუენისათა.

 

წმიდა დავით გარეჯელი

 

 

   სამარცხვინოა ზრუნვა ისეთ საქმეზე, რომელიც ვერაფრით შეგეწევა, როდესაც სული სხეულს დატოვებს.

 

წმიდა აბბა ისაია

 

 

   საქმით წარმოაჩინე თავი ბრძნად, რამეთუ არ არსებობს სიტყვა, რომელიც საქმეზე უფრო ბრძენი იქნება.

 

წმიდა მარკოზ მოსაგრე

 

 

   საღმრთო წერილი გვირჩევს, (გონივრულად) შევიცნოთ ღმერთი, რათა ერთგულად ვემსახუროთ საქმით.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   უმჯობესია, არა - სიტყვებით გაბრწყინებული სიბრძნე, არამედ - საქმით დამტკიცებული.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   უმჯობესია, ლამაზად ცხოვრობდე, ვიდრე - ლამაზად ლაპარაკობდე.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   ყველას დაემორჩილე ყველა კეთილ საქმეში, მხოლოდ ნუ მიჰყვები ანგარებისმოყვარეს, ვერცხლისმოყვარეს და წუთისოფლისმოყვარეს, რათა შენი მორჩილება საეშმაკო საქმედ არ იქცეს.

 

წმიდა ისააკ ასური

 

 

   ყოველდღიურად გაიხსენე და გაჩხრიკე შენს მიერ ჩადენილი კეთილი და ავი საქმეები. კეთილი დაივიწყე, რათა არ შეგიპყროს ამპარტავნებამ, ხოლო ავნი მოინანიე ცრემლითა და ლოცვით.

 

ღირსი მამა სიმეონ მსასოებელი

 

 

   ცოდნა, შესაბამისი საქმის გარეშე, ჯერ კიდევ არაა მყარი, თუმცა ჭეშმარიტია, რამეთუ ყოველივე საქმით მტკიცდება.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

   ხშირად საქმისადმი დაუდევრობით გონებაც ბნელდება; რამეთუ რის კეთებასაც სრულიად ანებებენ თავს, თანდათან მეხსიერებიდანაც აღიხოცება.

 

წმიდა მარკოზ განშორებული

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება