მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სასუფეველი

სასუფეველი


7-03-2019, 22:09

 

   არ არს სასუფეველი ღმრთისაი საჭმელ და სასუმელ, არამედ სიმართლე და მშვიდობა და სიხარულ სულითა წმიდითა.

 

პავლე მოციქული

 

 

   ვერავინ შევა ცათა სასუფეველში გვირგვინოსანი, თუ არ აღასრულებს პირველ, მეორე და მესამე განშორებას. პირველია განშორება ნივთების, ადამიანებისა და მშობლებისაგან, მეორე - უარყოფა საკუთარი ნებისა, მესამე - უარყოფა პატივმოყვარეობისა, რაც მორჩილების შემდეგ მიიღწევა.

 

იოანე კიბისაღმწერელი

 

 

   ზოგიერთი ქრისტიანი შეცდომით ფიქრობს, რომ სასუფეველი ღმრთისა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, ცათა შინა არსებობს. მაგრამ კაცთა შორის სასუფეველი ცათა ამ ქვეყნამდე იწყება; ესაა უხილავი, შინაგანი ცხოვრება კაცისა, როცა იგი თავის სულს სახარების სიმართლეს დაუმორჩილებს და ცხოვრებას მაცხოვრის მცნებათა მიხედვით ატარებს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   მაცხოვარმა ამქვეყნად დანერგა სასუფეველი და ქრისტიანებს მისი გავრცელება, გაძლიერება და განმტკიცება მოგვანდო. ვინც ამ საქმეს სიტყვითა და საქმით შეეწევა, ის მეგობარია ქრისტესი, რადგან მის საქმეს აღასრულებს, ხოლო ვინც უზნეო საქციელით ძმას აბრკოლებს - ქრისტეს მტერი, მისი სასუფევლის მაოხრებელია. ღმერთმა ქრისტიანებს უმაღლესი პატივი - იმის სასუფევლის მოქალაქობა მოგვცა, ამიტომ დიდი სიფრთხილეც გვმართებს, რომ იგი ჩვენი უღირსებით არ დავკარგოთ.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   მომავალ საუკუნეში, ცათა სასუფეველში მყოფ ყველა წმიდა ადამიანს განღმრთობის განსაზღვრული ხარისხი ექნება შეძენილი იმ ზომით, რა ზომითაც ამჟამად, აწინდელ ქვეყნიურ ცხოვრებაშია იგი სრულყოფილი სულიერ განწმედასა და ზრდაში.

 

წმიდა გრიგოლ სინაელი

 

 

   მომავალ საუკუნეში, ცათა შინა, ღმერთის სასუფეველში მყოფი წმიდანები ერთმანეთს მიმართავენ შინაგანი სიტყვით, რომელიც სულიწმიდის მადლის მიერ წარმოითქმება.

 

წმიდა გრიგოლ სინაელი

 

 

   „ნუ სცთებით: არცა მეძავთა,... არცა მემრუშეთა... სასუფეველი ღმრთისაი არა დაიმკვიდრონ".

 

I კორ. 6, 9

 

 

   სულიერი გაგებით, ღმერთის მიერ აღთქმული ქვეყანა - არის სრული უვნებობა, რომელიც, ვითარცა თაფლსა და რძეს, სულიერ სიხარულს აღმოაცენებს.

 

წმიდა გრიგოლ სინაელი

 

 

   ღმრთის სასუფეველი გულისა და სულის უხილავი, შინაგანი თვისებაა. იგი იმ კაცს აქვს, რომელმაც ქრისტეს სჯული, მისი მადლი, ანუ იესო ქრისტესგან მონიჭებული სახარება შეითვისა.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   ცათა სასუფეველი ღმრთივ ქმნილი სჯულისკარვის მსგავსია, რამეთუ მასაც მომავალ საუკუნეში, მოსეს სჯულისკარვის მსგავსად, ორი კრეტსაბმელი ექნება: პირველში ყველა ისინი შევლენ, ვინც საღმრთო მადლით იქნება შემოსილი, მეორეში კი - მხოლოდ სრულყოფილნი შეაღწევენ.

 

წმიდა გრიგოლ სინაელი

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება