მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > სარწმუნოება

სარწმუნოება


6-03-2019, 22:42

 

   ერთადერთი საშველი ამ დედამიწაზე ჩვენდამი ხვედრებულ ტანჯვა-უბედურების აღსასუბუქებელად მხოლოდ და მხოლოდ სარწმუნოებაა, რათა ღრმად გვწამდეს, რომ ყოველი განსაცდელი, ჭირი და ვაება, რაიცა მოიწევიან ჩვენ ზედა, არის საუკუნო ნეტარების თავდები. ამ სარწმუნოების ფრთებით ამაღლდების ქვეყნიერი სიყვარული და ერთად ჩვენი საგონ-საფიქრებელ ძვირფას პირებითურთ შეესაკუთრების ღვთის სახიერებას და მიიღებს დიდ ნუგეშინისცემას.

 

წმიდა ალექსი ბერი

 

 

   პირველი და ნამდვილი ნაყოფი ცხოველი სარწმუნოებისა სიყვარულია.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   სარწმუნოება კაცობრივი ბუნების უდიდესი და უმთავრესი ზნეობრივი ძალა და სიმტკიცეა. რაც კი დედამიწაზე დიდებული და შესანიშნავია, რაც კი კაცობრიობამ საქები და ამაღლებული სიტყვით ან საქმით გააკეთა, ყოველივე ეს სარწმუნოების შეგონებით, შემწეობითა და ძალით არის აღსრულებული.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   სარწმუნოება ორგვარია: ერთი თავისუფალი, გულითადი და მეორე იძულებითი, უნებლიე. როცა ქრისტეს თანამედროვენი მის მიერ ჩადენილ სასწაულებს უყურებდნენ, იძულებულნი ხდებოდნენ უნებლიეთ ერწმუნათ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმუნოება ცივი, უქმი და თითქმის მკვდარია. ასეთი მორწმუნენი ფარისევლებსა და მწიგნობრებს ჰგვანან, რომელთაც, ხედავდნენ რა იესოს მიერ ჩადენილ სასწაულებს და იცოდნენ რა, რომ ძე ღმრთისა იყო, კეთილ საქმეებს მაინც არ მისდევდნენ. ზოგიერთი ჩვენგანის სარწმუნოება კი თბილი და ცხოველია და სიტყვასა და საქმეში ჩნდება. მხოლოდ მათთვის ამბობს მაცხოვარი: „ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე".

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   სარწმუნოებას კაცის გული თავისუფლად იღებს, სურვილით იღებს, რადგან სარწმუნოება ანუგეშებს და ახარებს მას. ამ დროს იგი კაცის ცხოვრების უმთავრესი მმართველი და წინამძღვარი ხდება. სარწმუნოება არა მარტო ჭკუისადმი, არამედ მთელი კაცობრივი არსებისა და ბუნებისადმი მიიქცევა, ამიტომ სარწმუნოება სულისა და გულისათვის სასურველი და თავისუფალი ზნეობრივი მოღვაწეობაა, ან უმჯობესია ვთქვათ, გულითად სარწმუნოება უდიდესი და უმჯობესია ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთა ღმრთისათა, ვინაიდან ამ შემთხვევაში კაცი ღმერთს თავის გულს სწირავს, თვით სულსა და მთელ ცხოვრებას აზიარებს, თვით ჭკუასა და გონებას უმორჩილებს. ვინც სარწმუნოებას გულით შეითვისებს და შეიტკბობს, ამით ცხადყოფს, რომ მას კეთილი და წმიდა გული აქვს. ვინაიდან ბოროტი კაცის გულში სარწმუნოება არ შევა (II, 65-67).

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია, შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათ წიაღშეღწევა მოსურვებიათ.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   სჯულიერი სწავლების აზრი და შინაარსი, მართალია, კაცის ჭკუამ ანუ გონებამ უნდა შეიცნოს, მაგრამ მისი დაჯერება, დარწმუნება და შეტკბობა გულის საქმეა. სხვაა რომელიმე აზრის მიღება და გაზიარება, სხვა - დარწმუნება და შეტკბობა.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   უფალს ახლაც შეუძლია სასწაულებით ურწმუნონი შეარცხვინოს, ხოლო სულმოკლენი და სუსტნი განამტკიცოს, მაგრამ ამის მიღწევა მას არა იძულებით, ძალდატანებით უნდა, არამედ სურს მასთან თავისუფლად, ჩვენი საკუთარი გადაწყვეტილების შემდეგ მივიდეთ.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   ქრისტიანული სარწმუნოების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტეს ღვთაების გონიერი ძალა, ანუ მისი ღვთაებრივი მადლი მონათლული სულის წიაღში შედის სწორედ სარწმუნოების წყალობით და არა რაღაც ქველ საქმეთა აღსრულების შედეგად... და იმგვარ ცვალებას იწვევს მასში, რომ სულს უკვე აღარ ძალუძს ყოველივე ქვეყნიერი უყვარდეს და ხორციელ სიამეთ ესწრაფოდეს...

 

წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

 

 

   ყოველი სარწმუნოება ვერ აცხოვნებს კაცს, არამედ სარწმუნოება ცხოველი. თვით საღმრთო წერილი გვასწავლის, რომ სარწმუნოება არის ცხოველი და არის მკვდარი. ცხოველი სარწმუნოება ადამიანის გულში სუფევს და მას სახარების სჯულის მიხედვით ამოქმედებს. მკვდარი სარწმუნოება კი მხოლოდ კაცის ბაგეებზე ჩანს და მის გულში არ შეუღწევია, იგი ვერ მართავს მის მოქმედებას და არც მის საქმეებში ჩანს.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   ჩვენ ვერ ვხედავთ მაცხოვარს ხორციელი თვალით, როგორც მას მოწაფეები ხედავდნენ, მაგრამ გვწამს იგი გულითა და სულით. ჩვენს სარწმუნოებას მეტი ფასი აქვს, ვიდრე იმათისას, რომელნიც ქრისტეს საკუთარი თვალებით ხედავდნენ, რადგან იგი პირველად გულში ჩნდება და შემდეგ, გულიდან გამომავალი ჩვენს გარეგნულ საქმეებში ცხადდება.

 

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი

 

 

   ჭეშმარიტი სარწმუნოება სულ მცირეოდენის შეცვლითაც კი მთლიანად ზიანდება...

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება