მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > პათოლოგიური საუბრები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

პათოლოგიური საუბრები - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


30-03-2024, 00:27

 

   მოდერნისტულ-ლიბერალისტური საუბრის მეთოდი საზოგადოებას სიცრუის მეშვეობით მართვაზეა აგებული. ეს ცხადი ხდება დაკვირვებული, სულიერად დაუსნეულებული ადამიანებისთვის, რომლებიც ნათლად განასხვავებენ სინამდვილეს სიყალბისაგან, არსებითზე საუბარს იმისაგან, რისი წარმოჩინებაც სურთ საკუთარი პათოლოგიური საუბრით.

   მორალისტები ამბობენ: საუბრებმა დაკარგა უშუალო კავშირი არსებითთან, საკითხისაგან, რომელიც საჭიროებს სათანადო შესწავლას, ანალიზს... მის ნაცვლად სხვისი მონათხრობისა და ნაყბედის გავრცელებით არიან დაკავებულნი. ამასთან, ყბედობა არა მხოლოდ ზეპირსიტყვაობაში, არამედ წერის მანერაშიც ვლინდება.

   ყბედობა, რომელიც იოლად ვრცელდება მასებში „ათავისუფლებს" მათ ვალდებულებისაგან ჩაწვდნენ არსებითის ჭეშმარიტ შინაარსს. შედეგად, იქმნება ერთგვარი ბუნდოვანება საკითხის ირგვლივ, დემაგოგიური ფონი, სადაც რთული გასარკვევი ხდება, სადაა სიმართლე და სად სიცრუის ტირაჟირება.

   პავლე მოციქული ბრძანებს: „რამდენი განსხვავებული სიტყვაა წუთისოფელში და მათგან არც ერთი არ არის უმნიშვნელო. ამიტომ, თუ ხმის მნიშვნელობა არ ვიცი, უცხო ვიქნები მოლაპარაკისათვის, ხოლო მოლაპარაკე - უცხო ჩემთვის" (1 კორ. 14. 10-11).

   როგორც ვხედავთ, საუბარს უნდა გააჩნდეს კონკრეტული აზრი, რათა მავანის (ადამიანის) საუბარი გააზრებულ იქნეს სხვა ადამიანის მიერ. უფრო მეტიც, ადამიანს თავად უნდა ესმოდეს საკუთარი ნააზრევის, რათა საკუთარ თავს დაუსვას შეკითხვა და ჭეშმარიტ წყაროზე დაყრდნობით მიიღოს პასუხი.

   ამ ნიშნით, პათოლოგიურად მოსაუბრე არა მხოლოდ სხვას უქმნის საფრთხეს ამა თუ იმ საგნის (საკითხის) მართებულ გააზრებაში, არამედ ღვთის სიმართლისაგან განშორებით თავად ხდება დასნეულებული ამ პათოლოგიით.

   პავლე მოციქული გვესაუბრება ჯანსაღი ქრისტიანული საუბრის მნიშვნელობაზე და მის ანტიპოდზე, საპირისპირო მიდგომაზეც - ამაოდმეტყველებასა და ყბედობაზეც მიგვითითებს. „მოერიდე ამქვეყნიურ ლაყბობას, რომელსაც უფრო და უფრო მიჰყავს ხალხი უღვთოებისკენ. მათი სიტყვა ღია წყლულივითაა, რომელიც ჭამს ხორცს. ასეთები არიან ჰიმენევსი და ფილეტოსი" (2 ტიმ. 2, 16-17). „ვინაიდან ბევრია ურჩი, ყბედი და მატყუარა..., რომლებსაც უნდა აეკრათ პირები: ისინი რყვნიან მთელ სახლებს, ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ სამარცხვინო ანგარების გამო" (ტიტ. 1, 10).

   პათოლოგიური საუბარი იძლევა ან ძალიან მწირ და ყალბ, ან მოჭარბებულ და ზედაპირულ ინფორმაციას, რითაც ცდილობს მოიცვას „ყველა და ყველაფერი" ამ დემაგოგიური მეთოდის მეშვეობით.

   პათოლოგიური საუბრის რამოდენიმე სახეობას გამოვყოფდით:

   1) როდესაც საუბარი არანაირი (ნული) ინფორმაციის მომცემია;

   2) როდესაც იმდენად მოჭარბებულია ინფორმაცია, რომ საუბარი სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს გაგებული, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად იქონიოს ურთიერთსაპირისპირო მოსაზრება;

   3) გაურკვეველი, ბუნდოვანი საუბარი, საუბარი საუბრისთვის;

   4) დემონური სიყალბე, შეხედულებათა შეგნებული დამახინჯება, რომელიც განაშორებს ადამიანს ჭეშმარიტებისაგან.

   აღნიშნული პათოლოგიური საუბრების სახეობები ხან ერთდროულადაც კი ვლინდება ადამიანში. ამიტომ დემონური სიყალბე უთუოდ მკვიდრობს ამ საუბრებში.

   წმ. იოანე დამასკელის აზრით, პათოლოგიური საუბარი არის შინაგან და გარეგნულ სიტყვათა შორის რღვევა. თუკი გარეგნული სიტყვა შინაგანის გამოხატულებაა, ის ჭეშმარიტია, ხოლო გარეგნულად პათოლოგიურად მოსაუბრის შინაგანი სამყარო სულიერი მანკიერებითაა დასნეულებული.

   პათოლოგიურ ენაზე მოსაუბრეს გარეღ გამოაქვს საკუთარი შინაგანი სიცარიელე და ეშმაკეულობა.

   ქრისტიანმა უნდა ისაუბროს გასაგებად, მიეცეს (საკითხს) სათანადო განმარტება, ეს არის შეგნებული ადამიანის მოთხოვნა, ხოლო ყბედისა და ამაოდმეტყველისაგან ყველაფერს უნდა ელოდე. მისი ლოზუნგია: მიზანი ამართლებს საშუალებას, შედეგად, მისი საუბარი მისივე უზნეობის მაჩვენებელი ხდება. მისი განზრახვაა სიკეთესა და ბოროტებას შორის არსებული განსხვავების იგნორირება.

   ამიტომ ვამბობთ, რომ ზნეობა, ზნეობრივი საქციელი განუყრელია ჭეშმარიტებისაგან. პათოლოგიური საუბარი ზნეობაზეც ძლიერ მოქმედებს და რყვნის ადამიანს.

   სწორედ ამის მხილველნი გავხდით დღეს ჩვენ, როდესაც მასმედიის, პოლიტიკოსებისა და დემაგოგების პროპაგანდა, მას-კულტურის ნაირსახეობების გამოვლინებანი პათოლოგიური საუბრის ნიშნით გამოირჩევა. ამ დროს საუბარი არა ადამიანურ ენაზე, არამედ თანამედროვე პათოლოგიურ ენაზე მიმდინარეობს, სადაც საზოგადოებაც პათოლოგიის მოსმენის მსურველი უფროა, ვიდრე ჭეშმარიტებისა.

   მაგალითად, ერთი და იგივე სიტყვების მუდმივი გამეორება „დიდი სიყალბის" ნიშანია, ე.ი. ადამიანის ყურადღება ემოციურად გადაიტანო სხვა საგანზე (არარსებითზე), იმგვარად მსმენელმა ვერ შეძლოს სიყალბეში ეჭვის შეტანა. მუდმივად განმეორებადი ცრუ ინფორმაცია კი თავისას ახორციელებს, ადამიანი ზომბირებული ხდება ისე, რომ სიცრუეს სიმართლეს უწოდებს, ხოლო სიმართლეს მიუღებელ მოსაზრებას. შედეგად, მსგავსი პრაგმატული კომუნიკაცია ტელეეკრანთან სულიერ თვრობას, ზომბირებას იწვევს (ფოგელენი).

   ამგვარად ხორციელდება ადამიანის ცნობიერების ნგრევა. მისი (ადამიანის) ცნობიერების დამონება, ჩაციკვლა ამა თუ იმ ყალბ იდეაში. შედეგად, იდეოლოგის აზრი წარმოჩინდება როგორც საზოგადოების კოლექტიური გამოხატულება, ერთიანი აზრი. თუ რელიგიას ეხება საკითხი, ეს ცრუ მოსაზრება „ეკლესიურად" სახელდება (მაგალითად მოდერნიზმის შემთხვევაში).

   როდესაც ადამიანი მოექცევა ამგვარი დეზინფორმაციული, ბუნდოვანი ინფორმაციის ქვეშ, ის ერთის მხრივ მართვადი ხდება, ხოლო მეორეს მხრივ უმართავიც, ვინაიდან უკვე არავისი აღარ სჯერა. ორივე შემთხვევაში პათოლოგიურმა საუბარმა თავისი შედეგი გამოიღო - ადამიანი განაშორა, ააცდინა ჭეშმარიტ ორიენტირს. ის უკვე წმინდა წყლის ნიჰილისტია, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთია. უფრო სწორედ, ის უკვე აღარ ექვემდებარება მართებულ მოსაზრებას, ვინაიდან ჭეშმარიტება მისთვის ფარდობითი ცნება გახდა, მისი ადგილი კი პათოლოგიურმა დემაგოგიამ დაიკავა.

   პათოლოგიური საუბარი აძლევს მავანს შესაძლებლობას მართოს მასები მცირე სიმართლეში დიდი სიცრუის ტირაჟირებით, რისი სამართლიანობის თავად იდეოლოგებსაც კი არ სწამთ. ჩვენს დროში ეს მოვლენა ნორმად ჩამოყალიბდა. ასეთი რამ მხოლოდ დემონიზირებულ-ზომბირებულ საზოგადოებაშია შესაძლებელი, როდესაც უახლოეს ადამიანსაც კი ვერაფერს აგებინებ. მისი გონება დახშულია ჭეშმარიტებისათვის და ღიაა ახალი „ინტელექტუალური" მოდისათვის, რაც გახლავთ მთავარი ამოცანა ანტიქრისტიანულად და ანტიეროვნულად მოაზროვნე და მომქმედი ჯგუფებისა, იქნება ეს ეკლესიის წიაღში, პოლიტიკაში, თუ საზოგადოების სხვა ფენებში.

   პათოლოგიური საუბარი, თუკი მას მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის ჭრილში განვიხილავთ, გახლავთ მძიმე სულიერი დასნეულებული მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ ძლიერი სინანულის შედეგად იკურნება. (გაგრძელება...)

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება