მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > რწმენა
რწმენა26-07-2019, 00:02 |
ადამიანი, რომელიც ცდილობს საკუთარი თვალით იხილოს ღმერთი, ვერსად იპოვის მას, რამეთუ ღმერთი უხილავია. ხოლო, ვისაც სულიერი თვალი ახელილი აქვს, იმისთვის ღმერთი ყველგან არს, თანამყოფობს ყოველივეში და იმავდროულად ყველაფრის მიღმა.
წმიდა კიპრიანე კართაგენელი
არაფერი ისე არ სჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა, ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც, თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი
გწამდეს ღვთისა და გჯეროდეს დილით მზის ამოსვლისა - ეს ერთი და იგივე არ არის. მეორე შემთხვევაში შენ გჯერა ბუნების კანონებისა და არა ღვთისა. რწმენა ის არის, როცა ხედავ, რომ მზე დასავლეთისკენ გადაიხარა, მაგრამ ამბობ: „მალე შუადღე იქნება, თუ ამას ღმერთი მოისურვებს".
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
ზეთის გარეშე კანდელი ვერ აინთება, რწმენის გარეშეც ვერავინ მოიპოვებს კეთილ აზრებს.
წმიდა ეფრემ ასური
კეთილმორწმუნეობისთვის გაწეულ შრომას (ღვთის) მეოხება მოსდევს. ეს უნდა შევიცნოთ საღვთო სჯულისაგან და სინდისისაგან.
წმიდა მარკოზ განშორებული
ორფეოსი, პოეტთა მტკიცებით, ვეფხვებს სიმღერით ათვინიერებდა, მაგრამ ქრისტიანთა ღმერთმა, რომელმაც ადამიანებს ჭეშმარიტი რელიგიისკენ მოუწოდა, შეუდარებლად მეტი გააკეთა: მან მოათვინიერა ყველაზე მოუთვინიერებელი ცხოველი - ადამიანი.
წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელი
რწმენა აუცილებელია, მაგრამ მასთან ერთად მატერიალური, მეცნიერული, ტექნიკური განვითარებაც საჭიროა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
რწმენა იმასაც ღებულობს, რის ნატვრასაც კი ვერ გაბედავდა ადამიანი, როგორც ეს ჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითმა გვიჩვენა.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
რწმენა, იმისათვის რომ მაცხოვნებელი იყოს, რწმენისამებრ ცხოვრებას მოითხოვს, ვინაიდან რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია (იაკ. 2, 26) და შესაბამისად, მას არ ძალუძს, ადამიანი მარადიულ ცხოვრებამდე მიიყვანოს.
სულიერი მარგალიტი
სადაც რწმენა არა აქვთ, იქ არც კეთილ საქმეებს აღასრულებენ, იმიტომ რომ კეთილად ყოველ საქმეს, უპირველესად, სწორედ კეთილი განზრახვა შეიქმს, ხოლო იგი ოდენ რწმენიდან აღმოცენდება.
ნეტარი ავგუსტინე
ურყევი რწმენა არის ძლიერი ბურჯი და ქრისტე ყველაფერია მორწმუნესათვის.
წმიდა მარკოზ განშორებული
ღუზა - ესაა ხომალდის იმედი ზღვაზე; რწმენა - ესაა ღუზა ადამიანისათვის მიწაზე.
ებრ. 6, 19
ჩვენი რწმენის დამაბრკოლებელი არის ცოდვა და არა ლოგიკა. თუ ურწმუნოს ურჩევ, ნახევარი წელიწადი იცხოვროს სახარებისეული მცნებებით და დაგთანხმდა, ის თავადაც ვერ მიხვდება, ისე გახდება მორწმუნე.
არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი
ჭეშმარიტი უფლის რწმენის გარეშე ვაჟკაცობა არ არსებობს. ხოლო იქ, სადაც არ არსებობს ვაჟკაცობა, ადამიანები მზაკვრობასა და გაქნილობას მიმართავენ.
წმიდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |