მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > ჟამი (დრო)

ჟამი (დრო)


17-02-2019, 23:14

ჟამი (დრო)

 

   დრო, ასე ვთქვათ, ბაზარია: შეგვიძლია იქ ვიყიდოთ, რაც გვინდა. მაგრამ თუ ჩვენივე სასიკეთოდ არ გამოვიყენებთ მას, მაშინ ყიდვას არაფრისას შევძლებთ.

 

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

   დრო გამუდმებით ანადგურებს თავის თავს. ძველები მას გამოსახავდნენ გველის სახით, რომელიც საკუთარ კუდს ყლაპავს. დრო შეფარდებითი ყოფიერების ატრიბუტია. დროში არ არის წარსული, ის მხოლოდ იგულისხმება. დროში არ არის აწმყო, ეს არის სხივი, რომელსაც არც სიგრძე აქვს, არც სიგანე და შეუჩერებლად მისრიალებს უკვე დაკარგული წარსულიდან ჯერ კიდევ არარსებული მომავლისაკენ.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   დრო - ეს გაელვებათა ჯაჭვია. ყოველი წამი უკან დაუბრუნებელია, ყოველი წამი სამარესთან გვაახლოებს, ყოველ წამს ჩვენი სხეულის ნაწილი კვდება. მაგრამ ისე ვცხოვრობთ, თითქოსდა დროის შეჩერება გვინდა, თითქოსდა შეპყრობა გვსურს გაელვებისა, როგორც ბასრი სამართებლისა. ის კი მიდის ჩვენგან და შეუძლებელია მისი დაბრუნება. ადამიანს დიდი მთის გადადგმა ან მდინარის შემობრუნება შესართავიდან სათავისაკენ გაცილებით იოლად ძალუძს, ვიდრე ერთი წამის დაბრუნება. დრო - ეს გზაა ღმერთისაკენ, ეს ცხონების საშუალებაა, მაგრამ ღმერთის დაკარგვით ადამიანები დროს თავიანთი წარწყმედის საბედისწერო გარდაუვალობად, რაღაც ავისმაუწყებელ რექვიემად აქცევენ.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

   ვაი ზარმაცს! იგი იმ დროის გამო ზღუდავს, რომელიც ცუდად გამოიყენა და უკვე ვეღარ იპოვის.

 

წმიდა ნილოს სინელი

 

 

   ვიდრე დრო გვაქვს, ვაკეთოთ სიკეთე. დედამიწაზე ყოველგვარი დანაკარგი შეიძლება ანაზღაურდეს (თუ მთლიანად არა, რამდენადმე მაინც) სხვა რაიმეთი; მაგრამ, როდესაც ვკარგავთ დროს, მაშინ სხვას ვეღარ ვიპოვით.

 

წმიდა იოანე მმარხველი

 

 

   ვინც აწმყოს მეტისმეტ პატივს სცემს, ის ვერასდროს გახდება მომავალი სიკეთეების ხილვის ღირსი.

 

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

   თვით დროსაც თავისი დასაბამი სამყაროს შექმნიდან მიეცა, მანამდე იყო მარადისობა. წმინდა წერილიც ამას ამბობს: „...რომლისაგანცა (ძისა თვისისა მიერ) შექმნა საუკუნენი" (ებრ. 1, 2). აქ სიტყვა „საუკუნენი" აღნიშნავს „დროს". მასასადამე, შეიძლება ითქვას, რომ სამყარო და დრო ერთდროულად შეიქმნა.

 

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი

 

 

   ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ განვლილი არასოდეს იყოს უკეთესი მომავალზე, ანდა - აწმყოზე.

 

წმიდა ბასილი დიდი

 

 

   კარგ ჩვეულებასაც და ცუდსაც დრო კვებავს, როგორც შეშა - ცეცხლს.

 

წმიდა პეტრე დამასკელი

 

 

   როგორ ნათქვამი სიტყვის, ასევე დაკარგული დროის მოძებნა შეუძლებელია.

 

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

   როდესაც მეკითხებიან, რა არის დრო, მე ვიცი, რა არის იგი, ხოლო როდესაც მინდა მისი განმარტება, უკვე საერთოდ აღარ ვიცი.

 

ნეტარი ავგუსტინე

 

 

   წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელსაც მზის სხივის ხელით დაჭერა უნდა; ის თითებს კეცავს, ჰგონია, რომ სხივი მოიმწყვდია, შემდეგ შლის და ხედავს, რომ ხელისგულზე არაფერი უდევს. ასევე შეუძლებელია ადამიანისათვის გაელვების შეჩერება. დრო მიდის როგორც ფართო, უხმაურო მდინარე. ადამიანი რასაც უნდა აკეთებდეს: ეძინოს თუ მღვიძარებდეს, მუშაობდეს თუ ლოცულობდეს, ცხოვრების არსზე ფიქრობდეს, თუ თავისი ვნებების ამაოებაში იყო ჩაფლული, საათ-საათ, დღე და დღე ამ მდინარის ტალღები დაუღლელად მისდევენ ერთმანეთს. როგორც მდინარის დინების შეჩერება არ შეიძლება, ისე დროს ვერ შეაჩერებ. ისტორიის გმირები დიად საქმეებს სჩადიოდნენ: მტრებზე იმარჯვებდნენ, უზარმაზარ იმპერიებს ქმნიდნენ, მიუდგომელ სიმაგრეებს აგებდნენ, ჯაჭვებზე დაკიდებულ ყვავილნარებსა და ბაღებს აშენებდნენ, აღმართავდნენ შენობებს, რომლებსაც მსოფლიოს საოცრებანი ეწოდათ, მაგრამ... ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო დაებრუნებინა თუნდაც ერთი გარდასული წამი. კაცობრიობიდან ვერც ერთმა უგონიერესმა ადამიანმა ვერ შეძლო დროის მდინარის შემობრუნება. ამ მდინარემ ისინი, როგორც ქვიშის მარცვალნი, მარადისობის ოკეანეში წაიღო. მათ გამოიღვიძეს უმყოფობიდან და კვლავ ძილს მიეცნენ.

 

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება