მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, თავშეკავება, მთავარი გვედის ფოტო > მოთმინება
მოთმინება30-01-2019, 21:22 |
ავადმყოფი ხარ შენ თუ ღატაკი, დაითმინე. არაფერს, მოთმინების გარდა, ღმერთი შენგან არ ითხოვს. მშვიდად, მოთმენით შენ განუწყვეტლივ კეთილ საქმეში იქნები. თუკი გულმშვიდად დაითმენ, როცა არ უნდა შემოგხედოს ღმერთმა, დაინახავს, რომ სიკეთეს აკეთებ და სიკეთეში იმყოფები, მაშინ როდესაც ჯანმრთელებს კეთილი საქმეების კეთების გარემოება მხოლოდ დროგამოშვებით აქვთ. რატომ ცდილობ, რომ საკუთარი მდგომარეობის შეცვლის სურვილით უკეთესი უარესით შეცვალო?
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
გონების თვალი აღუპყარ ზეციურ სამყაროს და მოიხილე მისი მკვიდრნი - ვერც ერთს ვერ ჰპოებ იქ, ვინც აქამდე მოთმინების გზით არ მისულა.
წმიდა ტიხონ ზადონელი
იცოდეთ, რომ გამოცდა თქვენი რწმენისა დასაბამს აძლევს მოთმინებას; ხოლო მოთმინების საქმე სრულქმნილნი უნდა იყოს, რათა თავადაც სრულქმნილნი იყოთ და სრულყოფილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
კათოლიკე ეპისტოლენი იაკობისა, თ. 1
კაცთაგან ლანძღვა გულს მწუხარებით ავსებს, მაგრამ მომთმენთათვის ის სიწმინდის მიზეზია.
წმიდა მარკოზ განშორებული
მოთმინება ისევე აუცილებელია, როგორც მარილი საჭმელში. რადგან არ არსებობს სხვა გზა შეძენისა, გამდიდრებისა და მეფობისა. ეს გზა ქრისტემ დაგვისახა. და ჩვენც, მისმა მოყვარულებმა, უნდა მივსდიოთ მას. თუმც კი მწარეა აბზინდა, მაგრამ განწმენდს სისხლს და აჯანსაღებს ჩვენს სხეულს. განსაცდელის გარეშე არ შეიცნობა წმინდა სულები, არ მჟღავნდება სათნოება, არ განირჩევა მოთმინება. განსაცდელის გარეშე შეუძლებელია სულის სიჯანსაღის გამოვლენა. იგი განმწმენდი ცეცხლია, რომელიც სულებს წმინდასა და ნათელს ხდის.
იოსებ ათონელი
მოთმინებაში განისწავლე მანამ, ვიდრე ამის საჭიროება დადგება, რათა საჭიროების შემთხვევაში ყველა იარაღი უკვე მზად გქონდეს.
წმიდა ნილოს სინელი
მრავლისდამთმენი კაცი ისეთივე მდიდარია გონებით, როგორც ის, ვინც ბრძნულ სიტყვას უგდებს ხოლმე ყურს.
წმინდა მარკოზ განშორებული
როგორც მოთმინებით მსუბუქდება, ასევე მოუთმენლობით მრავლდება ტანჯვა-წამება.
წმიდა ტიხონ ზადონელი
„რომელსა უნდეს სასჯელად და მიღებად კუართი შენი, მიუტევე მას სამოსელიცა შენი".
მათე 5, 40
ძნელია ყველაფრის ატანა, რისი დათმენაც გვიხდება, მაგრამ სიმძიმე გვაწევს მხოლოდ განსაცდელის ჟამს. შემდეგ კი თანდათან ყველაფერი შენელდება და გაქარწყლდება. გაქარწყლდება ისიც, რასაც თქვენ ახლა იტანთ. გამხნევდით, ყველაფერი გაივლის. ამ დროს მეტად მოუხმეთ რწმენას. გახსოვდეთ - ყველაფერი ღვთისგანაა: არა მხოლოდ დიდი განსაცდელი, არამედ სულ მცირე შემთხვევაც კი. მას ხომ მხოლოდ ერთადერთი განზრახვა აქვს - ჩვენი გადარჩენა. ჰოდა, მიიღეთ მისგან ყველა განსაცდელი, როგორც მაცოცხლებელი წამალი, მწარე, მაგრამ სასარგებლო.
წმიდა თეოფანე დაყუდებული
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |