მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ეპიტიმია

ეპიტიმია


3-01-2019, 00:02

 

   ეპიტიმია უწესდება მხოლოდ ზოგ მონანულ ქრისტიანს და არა ყველას. მათ, ვისაც ცოდვათა სიმძიმისა თუ სინანულის თავისებურებათა გამო ეს სულიერი საშუალებანი ესაჭიროებათ.

 

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი

 

 

   ეპიტიმიაში იგულისხმება აკრძალვა ან დასჯა (შდრ. 2. კორ. 2, 6), რომელსაც ეკლესიის კანონების შესაბამისად მღვდელმსახური, როგორც სასულიერო პირი, განუსაზღვრავს ზოგ მონანულ ქრისტიანს მის ზნეობრივ სენთაგან განსაკურნებლად. ეპიტიმიების მაგალითებია: განსაკუთრებით მკაცრი მარხვა, სინანულის ლოცვანი მეტანიების გარკვეულ რაოდენობასთან ერთად და სხვა. ძველი ეკლესიის პრაქტიკაში ეპიტიმიის ძირითადი სახე იყო გარკვეული დროით წმინდა საიდუმლოთა ზიარებისაგან განყენება.

 

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი

 

 

   ეპიტიმიები სასჯელის ხასიათს ატარებს, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით და არა „ცოდვათა ჩადენის გამო ღმერთის დასაკმაყოფილებლად", როგორც რომაელი ღვთისმეტყველნი ასწავლიან. ეს არის გამოსასწორებელი, აღმზრდელობითი ქმედებანი. მათი მიზანია, გააღრმაოს წუხილი ჩადენილ ცოდვათა გამო და დაეხმაროს გამოსწორებაში.

 

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი

 

 

   ძველ ეკლესიაში არსებობდა საზოგადო სინანულის წესი „დაცემულთათვის", რომლებმაც ვერ შეინარჩუნეს რწმენა დევნილობის დროს. ამ წესის თანახმად მონანულები ოთხ ჯგუფად ნაწილდებოდნენ:

   ა) „მოტირალნი" - მათ არ ჰქონდათ საზოგადო ღვთისმსახურებაზე დასწრების უფლება და ეკლესიის კარიბჭესთან განრთხმულნი ტირილით ევედრებოდნენ ტაძარში შემსვლელებს - მათზე ელოცათ;

   ბ) „მსმენელნი" - მათ ნება ეძლეოდათ კათაკმეველთა ლიტურგიის დასრულებამდე ტაძრის სტოაში მდგარიყვნენ;

   გ) „მუხლმოდრეკილნი" (შევრდომილნი) - ისინი შედიოდნენ საკუთრივ ტაძარში, მაგრამ ასევე არ მონაწილეობდნენ მართალთა ლიტურგიაში. წირვის შემდგომ მუხლმოდრეკით იღებდნენ მწყემსის დალოცვას;

   დ) „თანამდგომნი" - ისინი იდგნენ მართლებთან ერთად მთელი ლიტურგიის მანძილზე, მაგრამ არ შეეძლოთ წმინდა საიდუმლოს ზიარება.

 

პროტოპრესვიტერი მიხეილ პომაზანსკი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება