მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > აღდგომა

აღდგომა


5-05-2021, 00:00

აღდგომა

 

 

   განა ღმერთს, რომელმაც არარსებობიდან შეგვქმნა, არ შეუძლია, აღგვადგინოს მაშინ, როდესაც უკვე ვარსებობდით და მოვკვდით.

 

წმ. კირილე იერუსალიმელი

 

 

   გვწამს აგრეთვე მკვდრეთით აღდგომაც, რადგან იგი ჭეშნარიტად იქნება. მაგრამ აღდგომაზე საუბრისას, ჩვენ სხეულის აღდგომას ვამბობთ. რადგან აღდგომა დაცემულის მეორედ აღმართებაა, სულები კი, რომელნიც უკვდავნი არიან, როგორ აღდგებიან? რადგან თუკი სიკვდილს განსაზღვრავენ, როგორც სულის გაყრას სხეულისაგან, მაშინ, რა თქმა უნდა, რომ აღდგომა არის მეორედ შეერთება სულისა და სხეულისა და დარღვეული და მკვდარი ცოცხალი არსების მეორედ აღმართება. მაშასადამე, თვით იგივე სხეული, დარღვეული და გახრწნილი, აღდგება უხრწნელი. რადგან მას, ვინც დასაბამად შექმნა იგი მიწისაგან, კვლავაც ძალუძს მისი აღდგენა მას შემდეგ, რაც შემოქმედის განჩინებით დაირღვა და მიიქცა უკანვე მიწად, რომლისგანაც იყო აღებული...

 

იოანე დამასკელი

 

 

   ერთხელაც მთელი ეს ხრწნადი სამყარო დასრულდება და დადგება მარადიული სასუფეველი ღვთისა, სადაც გამოსყიდულთა უკვდავი და უხრწნელი სულები, თავიანთ აღდგომილ სხეულებთან შეერთებულნი, საუკუნოდ დამკვიდრდებიან ქრისტესთან. მაშინ ნაწილობრივი სიხარული და დიდება, რომელიც ახლაც კი უწყიან ზეცაში სულებმა, სიხარულის სისავსით შეიცვლება, რისთვისაც შეიქმნა ადამიანი.

 

იოანე დამასკელი

 

 

   ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმრთის ანგელოზები ცაში.

 

სახარება მათესი, თ. 21-22

 

 

   მაგრამ გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელებას.

   აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით;

   ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როდესაც დაიგრგვინებს უკანასკნელი საყვირი; რადგანაც დაიგრგვინებს, და მკვდარნი აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.

   რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელება, და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.

 

პირველი კორინთელთა მიმართ, თ. 15-16

 

 

   რა თქმა უნდა, თუკი მხოლოდ სული იღვწოდა სათნოებისათვის, მაშინ მხოლოდ ის დაგვირგვინდება. და თუკი მხოლოდ იგი იმყოფებოდა გამუდმებით სიამოვნებებში, მაშინ მართებული იქნებოდა მარტო იგი დასჯილიყო, მაგრამ რადგანაც სულს სხეულის გარეშე არ ჰქონია არსებობა და არც სათნოებათა ან ვნებათა მიმართ სხეულისაგან განცალკევებით არ ილტვოდა, მაშინ სიმართლით ერთიც და მეორეც ერთად მიიღებს მისაგებელს...

 

იოანე დამასკელი

 

 

Xareba.net - ის რედაქცია  

 


უკან დაბრუნება