მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ბუნება

ბუნება


9-12-2018, 00:02

ბუნება

 


   ბუნება მეგობარია; იგი იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანისათვის მეგობარი და დამხმარე იყოს და არა მონა ანდა ჯალათი. ადამიანები, რომლებიც ბუნებას მონად აქცევენ, თვითონ ხდებიან მისი მტერნი და ჯალათნი.
   ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ბუნების პატივისცემა და გულმოწყალება. ჯერ კიდევ არსებობს ჩვევა: თუ გლეხს ხის მოჭრა, ბალახის მოთიბვა ანდა საქონლის დაკვლა სურს, იგი პირჯვარს იწერს და ამბობს: "შემინდე, ღმერთო!"
   ხალხები, რომლებიც ბუნებას სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებენ, საკუთარ თავზე უამრავ უბედურებას მოიწევდნენ და მოიწევენ; რამეთუ ის, ვინც ბუნებასთან მშვიდობიან ურთიერთობას დაარღვევს, უცილობლად არღვევს აგრეთვე კეთილ დამოკიდებულებას ღმერთთან.
 
წმიდა ნიკოლოზ სერბი
 
 
   ბუნების ყველა მოვლენის სიღრმეში ზებუნებრივი სულიერი ნებისა და ძალის არსებობა იგრძნობა. ღმერთს რომ ბუნებისათვის ნება დაერთო, ეკეთებინა ის, რაც მას სურს და როგორც სურს, ქაოსი და უგუნურება გამეფდებოდა. ყოველგვარი დაბადება ზეციური საიდუმლოთია აღსავსე.
 
წმიდა ნიკოლოზ სერბი
 
 
   ხილული ბუნება არის უზარმაზარი წიგნი, რომელშიც დიდი ასოებით წერია და ცოცხალი სურათებითაა გამოსახული აუცილებელი და უპირველესი ჭეშმარიტებანი, რომლებიც ხსნის გზას გვიჩვენებენ; მისი წაკითხვა ყველას შეუძლია და უნდა წაიკითხოს კიდეც. ბუნების კეთილისმყოფელი მოვლენები გვიხსნის და ასაზრდოვებს სიყვარულს და მადლიერების გრძნობას ღმრთისადმი; მრისხანე მოვლენები შიშსა და კრძალვას აღგვიძრავს მისდამი; მშვიდი მოვლენები - სიმშვიდეს, მღელვარე მოვლენები გულის შემუსვრილებასა და ლოცვით განწყობას აღძრავს; ამაღლებული და გულისშემძვრელი მოვლენები ჩვენში ადამიანური უძლურებისა და სისუსტის გრძნობას შობს და ამიტომ აღძრავს მორჩილების გრძნობას, წარმოშობს სამყაროს შემოქმედისადმი რწმენასა და სასოებას.
 
კიევო-პეჩორის ლავრის მღვდელმონაზონი ვლადიმერი
 
 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება