მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ამაოება
ამაოება18-12-2018, 00:02 |
ადამიანს ამაოდ სურს, ინუგეშოს თავის იმით, რაც მსწრაფლწარმავალია: ამაოდ სურს, მიეწებოს იმას, რაც მასთან მუდამ არ იქნება; ამაოდ სურს, თავის გული დაუდოს იმას, რაც ჩრდილივით ქრება.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
თავი დაანებე ამაოების ძიებას, ვიდრე ის თავს თავად არ დაგანებებს.
წმიდა ტიხონ ზადონელი
რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხრადა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.
ნახავენ რასმე და იტყვიან: აჰა, ახალი. ესეც ყოფილა ჩვენს წინარე საუკუნეში.
არ დარჩენილა ხსოვნა იმათი, ვინც წინათ იყო; და მომდევნოთაც, ვინც იქნებიან, არ გაიხსენებს მათი მიმყოლი.
ეკლესიასტე, თ. 1
სამარშინიან ადგილზე ეტევიან ისინიც კი, ვისაც არ ყოფნიდა მთელი ქვეყანა.
წმიდა ტიხონ ზადონელი
ყველაფერი ამაოა და ქარს მიაქვს. მე კი, სულმოკლეს, ეს ფიქრი მაწუხებს, საფლავს მიებარება ჩემი სხეული, თუ გარეულ მხეცთაგან დაიგლიჯება და შეიჭმება? ფერფლად ქცეული ჰაეროვან სივრცეში მიმოიბნევა თუ სადმე უფსკრულში გადაჩეხილი იქცევა მიწად? მდინარეში განიხრწნება თუ ხანგრძლივ წვიმათაგან დალპება? თუმცა ასეც რომ მოხდეს, უკვალოდ მაინც არ გავქრები და არც ჩემი სხეულის მთლიანობა დაირღვევა, რადგან უკანასკნელ ჟამს, როცა ქვეყნის დასასრულს, მეორედ მოვა სრული დიდებით ცოცხალთა და მკვდართა განსაკითხავად უფალი, მკვდრეთით აღადგენს და შეჰკრებს ყველას, იმათაც კი, ვინც სიკვდილის შემდეგ ფერფლად ქცეულა, ანდა ნადირთაგან დაჯიჯგნილა.
ამიტომ მხოლოდ შენ აღძრავ, უფალო, ჩემში შიშს და ოდენ შენ წარმოადგენ ჩემს თვალთაგან წრფელ ცრემლებს, მაცხოვარო!
ქრისტე მეუფეო! შენა ხარ ჩემი ერთადერთი და ნამდვილი სამშობლო, ჩემი სიმტკიცე და ნეტარება! შენ ყოველივე ხარ ჩემთვის!
და ნეტამც ღირსი შევიქნა, რომ მრავალი ტანჯვისა და მწუხარებათა დათმენის სანაცვლოდ შენში ვპოვო ბოლოს სამუდამო ნეტარი განსვენება!..
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |