მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > აზრები

აზრები


17-12-2018, 00:02
 

 

 
   ეშმაკი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ როგორმე გზას აგვაცდინოს. თუ ცუდ საქციელს ვერ ჩაგვადენინებს, მაშინ თვალთმაქცობით ცდილობს რაღაც მოგვიხერხოს და სასოწარკვეთილებაში ჩაგვაგდოს. ნუ მივიღებთ ამ სასოწარკვეთას, რა ფორმითაც არ უნდა შემოგვთავაზოს. იმ ბოროტ აზრებს, რასაც მაცდური გვთავაზობს, თითოეულმა ასე უპასუხა: "წამებაში ყოფნა მირჩევნია, სატანავ, შენთან ყოფნას, არ მეშინია იმიტომ, რომ შემიძლია მოვინანიო, უფალი კი - სიყვარულია".
 
ბერი იერონიმე
 
 
   თავი შეიკავე ხილული საქმეებისაგან, საუბრებისაგან და ებრძოლე შინაგან აზრებს, სანამ არ მოიპოვებ სუფთა ლოცვას - სახლს, სადაც ქრისტე ცხოვრობს, რომელიც განგანათლებს და ნეტარებას მოგგვრის თავისი მოკითხვით და გამოცხადებით.
 
თეოლიპტე მიტროპოლიტი
 
 
   თუ გსურს, რომ ბოროტმა აზრებმა არ შეგაწუხოს, მაშინ სულიერი დამცირება და ხორციელი მწუხარება მიიღე არა ნაწილობრივ, არამედ ყოველთვის, ყოველგან და ყოველი საქმის დროს.
 
წმინდა მარკოზ განშორებული
 
 
   პირველ ყოვლისა, ეშმაკი ცდილობს გონებაში ჩათესოს ეჭვი, უკუაგდე ეს ეჭვი, დაამსხვრიე ლოცვით.
 
ბერი იოსები
 
 
   რა უნდა ვაკეთოთ უფლისმიერი აზრების წვევისას: ასეთი აზრები უნდა მივიღოთ სიხარულით და უფალს შევთხოვოთ შემწეობა, რათა შევძლოთ მის მიერ შეგონებულის შესრულება. მაგალითად: გეწვიათ აზრი თავის ცხოვნებისა და უფლისა მიმართ ლოცვისა, მოყვასისათვის კეთილად გარჯისა, მომდურავთა და მაწყინართან შერიგებისა - ასეთი კეთილი აზრები დაუყოვნებლივ უნდა განახორციელოთ, ვინაიდან ისინი ყოველთვის არ განმეორდება.
 
ბერი არსენი ათონელი
 
 
   როგორ ვებრძოლოთ გარეშე აზრებს: ლოცვის ან სასულიერო თემაზე მსჯელობისას ერიდეთ თქვენს გუნებაში გარეშე აზრების მოძალებას. უბრძანეთ მათ - "სახელითა უფლისათა კრულ გყოფ!" - და უკეთური აზრი მყისვე დაგემორჩილებათ. იესოს ლოცვითა და პირჯვრის სახვით ადვილად გაძევდება ყოველი ძალა მტრისა.
 
არქიმანდრიტი თეოფანე ნოვოზერელი
 
 
   როცა მტერი გინერგავს უწმინდურ აზრებს, სულითა და გულით უპასუხე, რომ ურყევად გწამს მხოლოდ ერთი - ის, რასაც ქრისტე ამბობს წმინდა სახარებაში, და ისიც, რაც წმინდა მამებმა და მოციქულებმა გვითხრეს. შენ კი, სატანავ, არ მჯერა, ვინაიდან მატყუარა და მაცდური ხარ.
 
ბერი ფილოთეოსი
 
 
   უკუაგდე ბოროტი აზრები და ფანტაზიები; რასაც სატანა გთავაზობს, აინუნშიც ნუ ჩააგდებ მათ.
 
ბერი იაკობი
 
 
   ფრთხილად იყავი, როგორც კი ბოროტი აზრი გაგიელვებს გონებაში, მყისვე განდევნე, საშუალება არ მისცე შეყოვნდეს, ვინაიდან, თუ მცდარი აზრი გონებაში შეყოვნდება, გამორიცხული არ არის, გულშიც ჩაგივარდეს.
 
 ბერი ევსევი
 
 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება