მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ადამის ცოდვა (ნაწილი 4)

ადამის ცოდვა (ნაწილი 4)


14-11-2018, 00:02

 

   

   მამა ლაზარე ასევე საჭიროდ მიიჩნევს თავად პირველქმნილი ცოდვის შედეგების განხილვას, იმის ახსნას, თუ როგორ და რანაირად აისახა ის ყველა ჩვენგანში. საამისოდ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რა ხარისხის იყო თავად ადამის ცოდვა, როგორ გადმოეცა ეს სნეულება და სიკვდილი ჩვენს სხეულსა და სულს.

   „პირველყოვლისა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ადამის ცოდვას აქვს ორი მხარე, ორი ასპექტი: ზნეობრივი და სამართლებრივი. ადამმა შესცოდა როგორც შვილმა მამის წინააღმდეგ, ამავდროულად, როგორც კანონის ქვეშ მყოფმა კანონმდებლის წინააღმდეგ. ანუ მან (ადამმა) შესცოდა როგორც ღვთის სიყვარულის, ისე ღვთის მართლმსაჯულების წინააღმდეგაც. დანაშაულის შედეგიც ორგვარია: ერთი მხრივ, დაისაჯა კანონდამრღვევი: „მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდები" (დაბად. 2. 17) - და დაექვემდებარა კიდეც ამ სასჯელს.

   მეორე მხრივ: მან (ადამმა) ჩაიდინა სხვადასხვა ზნეობრივი ცოდვა ღვთის სიყვარულის წინააღმდეგაც. ამით ადამმა შეიტანა რღვევა, მერყეობა, გაორება მთელ თავის შინაგან სამყაროში, მოარყია მთელი თავისი ზნეობრივი სიმტკიცე. ე.ი. დანაშაულისათვის იგი არამარტო დაისაჯა, არამედ შეიბილწა კიდეც, მოაკლდა სიწმინდესა და უბიწოებას. სწორედ ამ ორგვარ დაცემას ვატარებთ ჩვენც ადამთან ერთად. სწორედ ამიტომ ვართ კანონდამრღვევნიც - ვისჯებით და ცოდვილებიც, რაკი ვატარებთ ცოდვისადმი მიდრეკილებებს. სწორედ ამას ვამბობთ დავით მეფსალმუნესთან ერთად: „უსჯულოებასა შინა მშვა მე დედამან ჩემმან"..., „მიწყალე მე ღმერთო დიდითა წყალობითა შენითა" (ფს. 50).

   მამა ლაზარე წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვასაც გვახსენებს:

   „კაცობრივი ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს არ შეუქმნია ცოდვილი ადამიანი, არამედ წმინდა და უმწიკვლო შექმნა იგი. მაგრამ როდესაც ადამმა დაკარგა სიწმინდის სამოსი, გახდა ხრწნადი და მოკვდავი, მაშინ ყველა, ადამის თესლისაგან შობილი, ჩასახვისთანავე წინაპრის ცოდვის თანაზიარი გახდა. შობილმა ადამიანმა, თუგინდ ცოდვის არჩამდენმა, უკვე სცოდა პირველქმნილი ცოდვით". (Слово Преподобного. Св. Свимеона Нового Богослова. М. 2006. Ч. 1. С. 443).

   ამრიგად, ადამში ეს (პირველქმნილი ცოდვა) გახლდათ პირადი ცოდვა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვენში ეს არ არის პირადი ცოდვა, არამედ მშობლებისაგან მიღებული ბუნების ცოდვიანობაა. ადამმა შესცოდა, ე.ი. ნებით დაარღვია ღვთის მცნება და ამის შედეგად გახდა ცოდვილი - მთელი თავისი ბუნება მან მიდრიკა ცოდვისკენ. შედეგად, პირადად შეიქნა ბრალეული ღვთის წინაშე. ხოლო ჩვენ არ შეგვიცოდავს ადამთან ერთად, მაგრამ მისი ცოდვის შედეგად შევიქენით ცოდვილები: „რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოხდეს მრავალნი" (რომ. 5. 19), მივიღეთ რა მისგან (ადამი) ცოდვისმიერი ბუნება „ვიყვენით ბუნებით შვილნი რისხვისანი, ვითარცა იგი სხვანი" (ეფ. 2. 3).

   ამიტომ საუბრობს ეკლესია ნათლისღების (მათ შორის ჩვილთა ნათლისღების) აუცილებლობაზე, ვინაიდან სხვაგვარად ადამიანი რჩება იმ სასჯელის ქვეშ, რომელიც არგუნა ადამის ცოდვის შედეგმა. მხოლოდ ნათლისღებით ვიბადებით ღმერთში, ქრისტეში. ე.ი. ვკვდებით ცოდვისათვის და ავღორძინდებით ახალი ცხოვრებისათვის. მხოლოდ ამგვარად ხდება ჩვენი განახლება. მხოლოდ ამის შემდეგ ვხდებით „ცნობადნი" ღვთისთვის".

   აქ საინტერესოა კიდევ ერთი გარემოება: მაშ „როგორღა ცხონდებოდნენ ძველიაღთმისეულნი, როგორ შეეძლოთ მათ ქრისტეს რწმენის თანაზიარობა".

   მამა ლაზარე წმინდა წერილის მრავალ მოწმობაზე დაყრდნობით, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების საფუძველზე ასკვნის, რომ არა უბრალოდ „მართალნი", არამედ მხოლოდ „უფლის მომლოდინე და მორწმუნე მართალნი" ხდებოდნენ ცხონების ღირსნი.

   „სწორედ რწმენით, მოლოდინით, საქმეებით, ამ რწმენის გამოვლინებით შეეძლოთ მათ გამხდარიყვნენ იმ წყალობის თანაზიარნი, რომელიც მიემადლა მთელ კაცობრიობას მაცხოვრის ჯვრის მსხვერპლით".

   შემდეგ არქიმანდრიტი დასძენს: „მაცხოვრის ჯვარი არის ცხონების იარაღი, რომლის თანაზიარების გარეშე ვერასდროს ცხონდება ვერც ერთი ადამიანი, ჩვილი იქნება ის თუ ზრდასრული... ვით უდაბნოში, აღთქმული იუდეისკენ მსვლელობისას, შხამიანი გველებისაგან დაკბენილნი იღუპებოდნენ ტანჯვით, ხოლო მოსეს მიერ ძელზე აღმართული სპილენძის გველის ცქერა სიკვდილისაგან ხსნის ერთადერთი საშუალება იყო. ვისაც არ გააჩნდა რწმენა და არ უყურებდა აღმართულ გველს, იღუპებოდა. ასეა დღესაც: მხოლოდ ის არის დაცული სულიერი გველის მომაკვდინებელი კბენისა და სულიერი სიკვდილისაგან, ვინც რწმენით შეჰყურებს ჯვარზე გაკრულ ჩვენს მაცხოვარს, ანუ ვინც რწმენითა და რწმენის საქმეებით არის მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილის თანაზიარი. ადამიანები უძველესი დროიდან, ადამიდან სვიმეონ მიმრქმელამდე, (ხოლო ახალ აღთქმაში ყოველი ქრისტეს მორწმუნე, ვიდრე დღემდე), უცქერდნენ ჯვარზე სიკვდილით გამომსყიდველს. მხოლოდ ამგვარად შეეძლო ადამიანს მარადიული ცხონების კარიბჭეში შესვლა. ჯვარი ქრისტესი - ცხოველმყოფელი ძელია, რომლის ჩრდილიც კი კურნავს და აცხონებს. მხოლოდ მას, ვინც რწმენით შეუდგა ამ საფარველს, მიენიჭა ღვთის მაცხოვნებელ მადლთან მიახლების უფლება. ეს მფარველობა ყველა დროში ვრცელდება.(გაგრძელება...)

  

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება