მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ადამის ცოდვა (ნაწილი 1)
ადამის ცოდვა (ნაწილი 1)10-11-2018, 00:02 |
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა წერილისა და წმინდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით აღიარებს, რომ ადამის ცოდვის შედეგად შემოვიდა ჩვენში და მის (ადამის ცოდვის) შედეგად დაეუფლა კაცობრიობას სიკვდილი - ადამში ყველამ შევცოდეთ. ამიტომ საჭირო შეიქნა მეორე ადამის - იესო ქრისტეს განხორციელება, რათა დაცემული კაცობრიობა გამოხსნილიყო ტყვეობისაგან. არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) ნაშრომში „ადამის ცოდვა" („Грех Адамов") საფუძვლიანადაა განხილული აღნიშნული საკითხი. მოძღვრის აზრით, ყველა საღვთისმეტყველო პრობლემის (მათ შორის უნათლავი ჩვილების საიქიო ხვედრის შესახებ სწავლების) სათავე პირველქმნილი ცოდვის სიღრმისეულად გაუაზრებლობაა. მამა ლაზარე უღრმავდება კითხვას, თუ რაში მდგომარეობს უნათლავი ჩვილების, საკუთარი ცოდვების არმქონე ბავშვების ბრალეულობა. საკითხის ანალიზი წიგნის დასაწყისშივეა მოცემული. „ბოლო ჟამს სხვადასხვა წრეებში სულ უფრო ხშირად გაისმის აზრი, რომ ჩვილი ბავშვები სრულიად უცოდველნი, უდანაშაულონი, ... არიან, ამდენად მარტოოდენ ადამის ცოდვის, წმინდა ნათლისღების მიუღებლობის გამო შეუძლებელია ისინი ჯოჯოხეთის მკვიდრნი შეიქნან. მართლაც, ერთი შეხედვით, რა არის მათი ბრალეულობა, მარსებითად რაში მდგომარეობს მათი ცოდვა, და ბოლოს, რისთვის უნდა დაისაჯონ? მხოლოდ იმის გამო, რომ მშობლებმა არ მონათლეს? მხოლოდ იმიტომ, რომ ადამის, რომელმაც ოდესღაც ღვთის წინაშე სცოდა, შორეული შთამომავალნი არიან? შეიძლება ეს იყოს სამართლიანი გადაწყვეტილება? განა ღვთის კაცთმოყვარეობა დაუშვებს, სხვისი (ზრდასრული ადამიანის) ბრალეულობის გამო, სრულიად უდანაშაულო, ყოველგვარ ცოდვას მოკლებულ ჩვილებს გარდაცვალების შემდეგ ზეციური სასუფეველი არ დაუმკვიდროს? მართლაც, თუკი ამქვეყნიურ ლოგიკას მივყვებით, ღვთის მართლმსაჯულებას მარტოოდენ ადამიანური საზომით მივუდგებით, შედეგად გაუთავებელ გაუგებრობებსა და ეჭვებში ჩავვარდებით. საბოლოოდ კი ეკლესიის წმინდა სწავლების გადამოწმებასა და გადაკეთებას მივეცემით, ვინაიდან ყველა ეს შეკითხვა, საბოლოოდ, პირველქმნილი ცოდვის არსის, მისი შედეგებისა და გამოსყიდვის მნიშვნელობის გააზრებამდე მიგვიყვანს". მამა ლაზარე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ამ საკითხის მართებულ ახსნას, ვინაიდან, მისი აზრით, ვინც პირველქმნილი ცოდვის განსაზღვრების განმარტებაში შეცდება, ის უთუოდ ქრისტიანული სწავლების სხვა საფეხურზეც აცდება მართებულ გზას. სწორედ ადამის ცოდვა, პირველი ადამიანების მიერ ღვთის მცნებას გარდასვლა გახლავთ ის კანონდარღვევა, რომელიც კაცობრიობის მთელ მოდგმას პირქუში აჩრდილივით დაედო სასჯელად და რომლის მომაკვდინებელი შხამის ქვეშ ყველა ჩვენგანი დედის საშოში ჩასახვის დღიდან ვიმყოფებით." მამა ლაზარე წმ. მამათა კრებსითი სწავლების საფუძველზე განიხილავს, როგორ აღასრულა ეს უკანონობა ადამმა და დასძენს: „წმინდა მამათა სწავლების თანახმად ირკვევა, რომ სამოთხეში ჩადენილი წინაპართა ცოდვა არცთუისე მსუბუქია, როგორადაც ის ჩანს ზედაპირული განხილვისას. გარდა ამისა, ამ ცოდვამ უმძიმესი შედეგი არა მხოლოდ ადამისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის მოიტანა. ეკლესიის სწავლებაში სწორედ ეს მომენტია ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომაც შევჩერდებით მასზე: „მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" („Православное исповедание Церкви Восточной") ნათქვამია: „ვინაიდან ადამში ყველა ადამიანი უმწიკვლოდ იმყოფებოდა, როგორც კი მან შესცოდა, მყისიერად ყველამ შესცოდა მასში და ცოდვისმიერ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამდენად, არა მარტო ცოდვას დაექვემდებარნენ ადამიანები, არამედ სასჯელსაც - ცოდვისათვის. სასჯელის რაობა ღვთის შემდეგ განსაზღვრებაში განცხადდა: „მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან, როგორც კი შეჭამ, მოკვდები" (დაბად. 2. 17). იმავეს ამბობს მოციქული: „ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკვდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5. 12). ამრიგად, ამ ცოდვით ვისახებით დედის საშოში. დავით მეფსალმუნის სიტყვისამებრ: „რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა, და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან" (ფს. 50). ამ ცოდვას „პირველქმნილი" ეწოდება, პირველყოვლისა იმიტომ, რომ აქამდე ადამიანი არ იყო ცოდვით დამძიმებული: მართალია თავისი ცოდვით უკვე გახრწნილი იყო ეშმაკი, რომლის შთაგონებითაც გაჩნდა ადამიანში ე.წ. პირველქმნილი ცოდვა, რომელსაც დაექვემდებარა მისგან (ადამისგან) შობილი ყველა ჩვენგანი, მეორეც: იმიტომ ეწოდება პირველქმნილი, რომ ადამიანი არ იბადება ცოდვის გარეშე". მართლმადიდებელი ეკლესიის ეს ძირეული დოგმატი რატომღაც ძნელად გასაგები შეიქნა რაციონალისტურად მოაზროვნეთათვის. სწორედ აქ ბრკოლდებიან ის ადამიანები, რომლებიც სარწმუნოებრივ საკითხებში დაეჩვივნენ ანალიტიკური აზროვნებით და არა სარწმუნოებრივი უბრალოებით ხელმძღვანელობას. მრავალმა ვერ გადალახა ეს დაბრკოლება, გონებისთვის მიუწვდომელი ჭეშმარიტება, რომელიც განგვიცხადა წმინდა წერილმა, წმინდა მამებმა და მძიმედ დაეცნენ. (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |