მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > წერილი მონასტრიდან (ნაწილი I)

წერილი მონასტრიდან (ნაწილი I)


7-11-2018, 00:02

წერილი მონასტრიდან (ნაწილი I)

 

   არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) საღვთისმეტყველო - საპოლემიკო ნაშრომებს შორის გამოვარჩევდით ე. ჭელიძის ცრუ სწავლებების მამხილებელ წიგნს „წერილი მონასტრიდან" („Предкновение о краеугольный камень").

   ამ ნარკვევში მამა ლაზარე გვთავაზობს სერიოზულ ანალიზს იმ მრავალრიცხოვანი ცდომილებებისას, რომლებითაც დახუნძლულია ე. ჭელიძის წიგნი „მართლაც, ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში". ამ ნაშრომის გაცნობის შემდეგ მამა ლაზარემ შენიშნა, რომ იგი არაერთ ცრუ სწავლებას შეიცავს:

   ერთი, ესაა აშკარად პელაგიანური სწავლება, რომ ჩვილებს შეუძლიათ ცხონება ნათლობის საიდუმლოს გარეშე; გარდა ამისა, წიგნში აღმოჩნდა სრულიად ჩამოყალიბებული მონოფიზიტური სწავლება იესო ქრისტეს ორი ბუნების ჰიპოსტასური შეერთების შესახებ. უფრო მეტიც, მის მსჯელობებში არის მონოთელიტური და მონოენერგეტული ფორმულირებები...

   საბოლოო ჯამში, ყოველივე ეს, მამა ლაზარეს აზრით, სხვას არაფერს გვიქადის, თუ არა იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალი სასულიერო პირის მეთაურობით - ყველა ის, ვინც სიფრთხილის გარეშე მიენდობა ამ „ავტორიტეტს", აღმოჩნდება მართლაცდა ნამდვილი „სომხური" მწვალებლობის აღმსარებელი.

   ამიტომ არქიმანდრიტი სთხოვს წმიდა სინოდს, სერიოზული ყურადღება მიაქციონ წუხილს!

   პირველ ქვეთავში მამა ლაზარე ამხელს ე. ჭელიძის სწავლებას „იესუ ქრისტეს ორი ბუნების ჰიპოსტასური შეერთების შესახებ".

   მოკლედ გადმოგცემთ მისი (ე. ჭ.) სწავლების არსს:

   სიტყვის (ქრისტეს) განკაცების („მეყსეულად", „პირველწამიდან") ქრისტეს კაცობრივ ბუნებას საღმრთო ბუნებისაგან გამდიდრების შედეგად გადაეცა საღმრთო ღირსებები - „ყოვლისმცოდნეობა", „ყოვლისშემძლეობა", „ცხოველმყოფელობა", „ყოვლისმეუფება".

   აი, მისი გამონათქვამები:

   „მაცხოვრის კაცობრივი გონიერი სული ღმრთეებასთან შეერთებისთანავე ყოვლად გამდიდრებულია საღმრთო ცოდნით და დაუყოვნებლივ ყოვლადსრულია და ყოვლადბრძენი" (გვ. 296).

   „ეს ადამიანური ბუნება მყისვე ყოვლისმცოდნე ანუ აბსოლუტური ცოდნის მქონე გახდა..." (გვ. 298).

   „არა მხოლოდ იესუ ქრისტეს ჰიპოსტასს განვაკუთვნებთ ყველაფრის ცოდნას, არამედ ამ ჰიპოსტასთან შეერთებულ კაცობრივ გონიერ სულსაც, მის კაცობრივ ბუნებასაც".

   „განკაცებული ძე ღმერთი აბსოლუტ ცოდნას ფლობს პიროვნულადაც, ჰიპოსტასურადაც და თავისი კაცობრივი სულითაც, კაცობრივი ბუნებითაც".

   „... ყოვლითურთ მცოდნე იყო ყოველივესი საღმრთო ბუნებითაც და კაცობრივი ბუნებითაც" (გვ. 300).

   მაშასადამე, დასძენს მამა ლაზარე, - ე. ჭელიძე ასწავლის, რომ, მართალია, მაცხოვარმა მიიღო ჩვენი ბუნება, რომელსაც განკაცებამდე ჰქონდა შეზღუდული თვისებები (უმეცრება, არაყოვლისშემძლეობა, არაცხოველმყოფელობა...), მაგრამ სიტყვის განკაცების შემდეგ, პირველწამსვე, კაცობრივი ბუნების ეს შეზღუდულობა საღმრთო უსაზღვრო თვისებით არის „დახშული" და „რეალურად სრულიად აუმოქმედებელია". აქედან პირდაპირ ის აზრი გამოდის, რომ ქრისტეს კაცობრივი ბუნების ყველა მოქმედება ავლენს შეუზღუდავი საღმრთო ბუნების თვისებებს, თუმცა, როგორც ხშირად უსვამს ხაზს ე. ჭელიძე, ქრისტეს კაცობრივი ბუნება ამ თვისებებს ფლობს „ჰიპოსტასური შეერთების შედეგად", მაგრამ ეს ფლობა იმგვარია, რომ კაცობრივი შეზღუდულობა რეალურად გამოუვლენელია, იმ დროს, როცა უსაზღვრო თვისებები კაცობრივი ბუნებით „რეალობაში, მოქმედებაში" ვლინდება:

   „განკაცებული ღმერთის კაცობრივი ბუნება რეალურად, ე.ი. მოქმედებითად, ანუ ჭეშმარიტად ყოვლისმცოდნეა და ყოვლისმეუფე" (გვ. 60). მსგავსი აზრები გაჟღერებულია 46-ე, 47-ე, 65-66-ე გვერდებზეც...

   მაშ ასე, განვიხილოთ ეს სწავლება:

   მამა ლაზარე საკითხის მართებული გამოკვლევისთვის მიტროპოლიტ მაკარის (ბულგაკოვი) „მართლმადიდებლურ-დოგმატურ ღვთისმეტყველებას" ეყრდნობა:

   „ყოვლად დაუშვებელია, რომ მაცხოვრის ღმრთაებას მივაწეროთ მისი კაცობრივი ბუნების თვისებები და კაცებას - საღმრთო ბუნების თვისებები, რამეთუ ქრისტეში ორივე ბუნება შენარჩუნებულია სრულ მთლიანობასა და განსხვავებულობაში, როგორც შეერთებულნი მასში, მსოფლიო კრების თქმით, „შეურწყმელად" და „დაუცველად", არც ღმრთაება არ გადაიქცევა კაცებად, არ მიიღო მისი თვისებები, არამედ ინარჩუნებს საკუთარ თვისებებს, არც კაცება არ გარდაიქცა ღმრთაებად, არ მიიღო მისი თვისებები, არამედ ინარჩუნებს თავის თვისებებს".

   კიდევ მრავალ საფუძვლიან სწავლებას იხილავთ მამა ლაზარეს წიგნში „დოგმატური ღვთისმეტყველებიდან" ნასესხებს, თუმცა ე.ჭ. მიიჩნევს, რომ მიტრ. მაკარის ეს და სხვა გამონათქვამები „საკმაოდ დაუხვეწავია" და აკრიტიკებს მიტროპოლიტის სწავლებას (წერილი მონასტრიდან გვ. 10-11).

   „დოგმატური ღვთისმეტყველება" აშკარად განასხვავებს:

   1) „ერთია თქმა იმისა, რომ ქრისტე, როგორც ერთი პირი, როგორც ღმერთკაცი, ყოვლისმცოდნეცაა, ყოვლისშემძლეცაა, ყველგანმყოფიცაა და აქვს ყველა საღმრთო თვისება"... მამა ლაზარე განგვიმარტავს: ე.ი. - როგორც ერთი ჰიპოსტასი ორ ბუნებაში - იგი საღმრთო ბუნებით, როგორც ღმერთი, ყოვლისმცოდნეა, ყოვლისშემძლეა და ა.შ.

   2) „ასევე შეიძლება თქმა იმისა, რომ იესო ქრისტეს კაცობრივი ბუნება ამაღლდა თავისი ყველა სრულყოფილების უმაღლეს, მისთვის შესაძლებელ სიმაღლეზე, მიიღო საღმრთო ბუნებისაგან ყველაფერი, რისი მიღების უნარიც შესწევდა, კაცობრივი ბუნების დაუკარგავად: გამდიდრდა ყოველგვარი სიბრძნით, მადლით, სიწმინდით, ცხოველმყოფელობითი ძალით..." - მამა ლაზარეს განმარტებით გამოიხატება ის აზრი, თუ როგორ უნდა გავიგოთ განღმრთობა, გამდიდრება: „ამაღლდა თავის ყველა სრულყოფილებაში", მაგრამ - ამაღლდა „მისთვის შესაძლებელ ხარისხამდე"; „მიიღო საღმრთო ბუნებისაგან ყველაფერი", მაგრამ - „ყველაფერი, რისი მიღების უნარიც შესწევდა"; „გამდიდრდა ყოველგვარი სიბრძნით, სიწმინდითა და ცხოველმყოფელობითი ძალით", მაგრამ - „კაცობრივმა ბუნებამ შეძლებისდაგვარად მიიღო აღნიშნული თვისებები", ე.ი., ამასთანავე, „არ დაკარგა თავისი შეზღუდულობა")...

   ამრიგად, ე. ჭელიძეს სრულიად უმართებულოდ ესმის იესუ ქრისტეს კაცობრივი ბუნების „განღმრთობა", „გამდიდრება" და ამ ბუნების მიერ „ფლობა" საღმრთო ბუნების თვისებებისა. მისი სწავლებიდან გამომდინარეობს სწორედ ის, რასაც ასე კატეგორიულად გვაფრთხილებს, რომ ვეკრძალოთ „დოგმატური ღმრთისმეტყველება", - სწორედ ბუნებათა თვით ის შერწყმა, რასაც მონოფიზიტები უშვებდნენ! აქ ბუნებათა შერწყმა კი არა, პირდაპირ შთანთქმაა („დახშვაა") ყველა თვისებისა, მათი სრული ასიმილაციაა საღმრთო ბუნების მიერ, ისე რომ ქრისტეს კაცობრივი სული მთლიანად კარგავს თავის შეზღუდულობას, ანუ საღმრთო ბუნების იგივეობრივი ხდება.

   შემდეგ ქვეთავში, არქიმანდრიტი ლაზარე განგვიმარტავს, როგორ შეიძლება იყოს „ორი სრული - ერთი"?

   „მწვალებლები ყოველთვის ბრკოლდებოდნენ ამ კლდესა ზედა საცთურებისასა", ანუ დოგმატზე, რომ ქრისტე - „ერთი და იგივე - არის სრული ღმერთი და სრული კაცი". მწვალებელთა ყოველი ცდომილება იქიდან აღმოცენდებოდა, რომ ისინი გარკვევით ვერ არჩევდნენ ჰიპოსტასს ბუნებისაგან. აქედან გამომდინარეობდა მათი არასწორი აზრი: „ორი სრული საწყისი ვერ შეერთდება და ვერ წარმოქმნის ასეთივე სრულ მესამე ბუნებას". ამგვარ და კიდევ სხვაგვარ გაუგებრობებიდან ვერ გაერკვა, მამა ლაზარეს აზრით, ვერც აპოლინარია, რომელიც ამბობდა, რომ ქრისტეს არ ჰქონდა კაცობრივი გონება... და ღმრთაებამ აღავსო არასრული კაცება. ვერც ნესტორმა, რომელიც ურევდა ბუნებას ჰიპოსტასთან... მისთვის „ორი ბუნება" უკვე ნიშნავდა „ორ პირს", ამიტომ ნესტორისთვის მაცხოვარი იყო ღმერთთან შეერთებული კაცი და არა განხორციელებული ღმერთი.

   მაგრამ აი, ე. ჭელიძე თითქოს არ ეთანხმება მწვალებლებს და სრულიად დასაშვებად მიიჩნევს, რომ „ორ სრულს" ძალუძს იყოს „ერთი სრული"... მაგრამ ამავე დროს, ორი საპირისპირო ბუნების (სულიერის და ხორციელის) მქონეა. მაგრამ, თუ ე. ჭელიძის აზრს გავადევნებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ მისთვის „ორ სრულს არ ძალუძს იყოს ერთი სრული". (გაგრძელება...)

  

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება