მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეორმოცე სიტყვის რაობისათვის (ნაწილი 1)

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეორმოცე სიტყვის რაობისათვის (ნაწილი 1)


29-10-2018, 00:03

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეორმოცე სიტყვის რაობისათვის (ნაწილი 1)

 

   არქიმანდრიტმა ლაზარემ (აბაშიძე) საგანგებოდ გამოყო ცალკე ბროშურად ზემოხსენებული სტატია „წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეორმოცე სიტყვის რაობისათვის". სწორედ მასში იკვეთება ე. ჭელიძესთან უნათლავი ჩვილების ხვედრის რაობაზე გამართული საღვთისმეტყველო პოლემიკის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი. მამა ლაზარესთვის ამ თემის საფუძვლიანი განხილვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ე. ჭელიძე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მეორმოცე სიტყვაში აბსოლუტურად საპირისპირო შინაარსს დებდა, რაც კიდევ უფრო ურთულებდა მკითხველს საკითხში გარკვევას. არადა საცდური ხომ სასულიერო აკადემიის წიაღიდან ვრცელდებოდა, იქიდან, საიდანაც მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი სასულიერო პირები გამოდიან. ამიტომ, მამა ლაზარემ სტატიის დასაწყისშივე ამ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება.

   „ბოლო დროს, ჩვენი ეკლესიის მორწმუნე ადამიანებს შორის, განსაკუთრებით კი სასულიერო აკადემიასთან დაახლოებულ სასულიერო პირებსა და მისი პედაგოგების დიდ წიაღში, გაძლიერდა და ფესვი გაიდგა მოსაზრებამ, რომ ნათლისღებას მოკლებული ადრეულად გარდაცვლილი ჩვილები, ამის მიუხედავად, არ მოაკლდებიან ზეციურ სასუფეველს. ამგვარი სწავლების ერთობ აქტიური აპოლოგეტი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პატროლოგიის ლექტორი ედიშერ ჭელიძე გახლდათ. მან არაერთ ვრცელ წერილში კატეგორიულად დაიცვა ეს შეხედულება და პრეტენზია განაცხადა, რომ მისი ხედვები მთლიანად ეფუძნება წმ. მამათა სწავლებას, რომ „უნათლავად მომწყდარი ჩვილების წარწყმედის დაუშვებლობა", „ცხადზე უცხადესად" გამოითქვა მრავალი მამის მიერ. ჩვენ ვერანაირად ვერ დავეთანხმებით სტატიის ავტორს არა მხოლოდ დოგმატური საკითხის კვლევის მეთოდში, არამედ იმაშიც, თუ წმიდა მამების სიტყვებს როგორ ციტირებს, განმარტავს და იყენებს იგი. ამის შესახებ ჩვენ რამდენიმე სტატია და მთელი წიგნიც კი დავწერეთ, სადაც დაწვრილებით განვიხილეთ ეს ცდომილებები". („О Таинстве пакирождения и о некрещенных младенцах").

   პირველ ყოვლისა, მამა ლაზარე ჩვენს ყურადღებას ამახვილებს ე. ჭ-ს მიერ წმ. მამათა ციტირების არამართებულ მეთოდზე: „ის (ე. ჭ.) გულმოდგინედ ეძებს წმ. მამებთან ცალკეულ აზრს, რომელიც რაღაც კუთხით ეხება ბავშვებს, ამასთან, ეს ამონარიდები, თითქმის ყოველთვის, ბუნდოვანებისა და აზრის დაუსრულებლობის განცდას ტოვებს (რასაც ავტორიც არაერთხელ აღნიშნავს). მაგრამ, როდესაც საკითხი ეხება ასეთ მნიშვნელოვან თემას, უნდა მოვაცილოთ მას ყოველგვარი მიკერძოებისა და ბუნდოვნად გამოთქმის შესაძლებლობა და გამოვყოთ ძირითადი პუნქტები, რომლის გადაჭრა გვსურს. არსებითად ხომ საკითხი იმაში კი არ მდგომარეობს, როგორია უნათლავი ჩვილების ხვედრი, ეს პრობლემის მხოლოდ გარეგნული მხარეა - რითი განსხვავდებიან ეს ბავშვები უფროსებისაგან? ღვთის სამართლისამებრ, ცხადია, არა ასაკით, ზომით ან კანის სინაზით, არამედ პირადი ცოდვის არქონით. მაგრამ პირველქმნილი ცოდვა ბავშვებშიც ისევე დევს, როგორც ზრდასრულებში. ეს ცოდვა ჩვენზეა არა შობიდან, არამედ ჩასახვიდან მოყოლებული (უსჯულოებასა შინა მშვა. ფს. 50). ამრიგად, უნათლავად მოწყვეტილი ჩვილების საკითხი, არსებითად, თავად პირველქმნილი ცოდვის საკითხია, რომელიც ამგვარად ჟღერს: გვართმევს თუ არა ზეციურ სასუფეველს პირველქმნილი ცოდვა? აქ არ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ კი, გვართმევს! ეს საკითხი უკვე განვიხილეთ სხვა სტატიაში. მკაფიოდაა მასზე საუბარი წმინდა წერილში, პავლე მოციქულის ეპისტოლეში (განსაკ. რომ. მე-5 თავში), „მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" და მრავალი წმინდა მამის სწავლებაში.

   ამ სტატიით არ გვსურს კვლავ დაწვრილებით განვიხილოთ ყველა ის ცრუ შეხედულება, რომელიც გამომდინარეობს ამ ახლი სწავლებიდან. ჩვენ მხოლოდ გვსურს გავაფრთხილოთ ჩვენი მართლმორწმუნე ძმები და დები, რომ: თქვენი მოტყუება სურთ! ყურადღებით იყავით და ნუ მიენდობით ამ ახალ სწავლებას! დაე, „არ შეგაცდინონ თქვენ შორის მყოფმა წინასწარმეტყველებმა..." (იერემ. 29. 8).

   როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ დაწვრილებით განვუმარტეთ ე. ჭელიძეს მისი ცდომილებები. მან არ ისმინა შეგონება და უფრო მეტი მონდომებით შეუდგა სიცრუესა და ერესში ჩვენს მხილებას. მაგრამ ჩვენ განსასჯელად მკითხველს მივანდობთ ფილოსოფიის დოქტორის ქვემორე სწავლებას".

   ე. ჭელიძე თავის სწავლებას უნათლავი ჩვილების შესახებ ძირითადად წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის მე-40 სიტყვაზე აგებს. მაგრამ მამა ლაზარემ კატეგორიული ტონით მიუთითა, რომ „ის წმ. მამებს ყველაზე ამაზრზენი ფორმით ციტირებს, რომ წმ. გრიგოლის სიტყვა მის მიერ აბსოლუტურად სხვაგვარი შინაარსითაა გადმოცემული". „თქვენ თუ ნადვილად გაინტერესებთ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის სიტყვის ზუსტი შინაარსი, მაშინ თქვენ მიერ ციტირებული ტექსტის დასაწყისს ყურადღებით გადახედავდით და შენიშნავდით, რომ ტექსტი სულაც არ ეხება მხოლოდ ჩვილებს".

   საერთოდაც ე. ჭ. წმ. გრიგოლის მეორმოცე სიტყვის მცირე მონაკვეთს განიხილავს. ამით ცდილობს ჩვილების საკითხი ცალკე, ზრდასრული ადამიანებისაგან გამიჯნულად წარმოაჩინოს, მაგრამ წმ. გრიგოლის სიტყვის ამ ნაწილ საუბარში სულაც არ არის ჩვილებზე. მთელ მონაკვეთში მხოლოდ ერთხელ გვხვდება სიტყვა „სიჩჩოისაგან" („по малолетсву").

   „ხოლო სხვათა კვალად უწყიან და პატივს სცემენ მადლსა მას, არამედ ადროებენ (აყოვნებენ) მიღებასა მისსა, რომელნიმე უდებებისათვის, რომელნიმე უძღებებისათვის, რომელნიმე ვერცა შემძლებელ არიან მიღებად მისა ანუ სიჩჩოისაგან, ანუ სხვისა რაისამე უნებლიეთისა საქმისა, რომლისათვის დაღაცათუ ენებოს, ვერ ძალუძს მიღებად მადლისა მის" (8 აბზ.). (გაგრძელება...)

  

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება