მთავარი > თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო“ (ნაწილი 2)
„სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო“ (ნაწილი 2)6-11-2018, 00:02 |
ბრალმდებელთა მეორე ჯგუფი, მამა ლაზარეს აზრით, „უკიდურესად თანაუგრძნობს სოფელს, მის უახლეს „მიღწევებს", კულტურას... ეკლესიის უძველესი კანონები, წმინდა მოციქულთა დადგენილებები, ძველი დროის მამათა ქცევის წესი, მათი კატეგორიულობა რწმენის საკითხში, დოგმატთა აღმსარებლობა ამ ლიბერალებს რაღაც ძველისძველი უაზრობა და ბნელეთის მოციქულობა ჰგონიათ. მართლმადიდებლურ სწავლებას ზნეობრივი სიწმინდის შესახებ, შრომას გულის განწმენდისათვის, საერთოდ, ყველაფერს, რაც ადამიანს ამა სოფელსა და ამსოფლიურ ვნებათაღელვაზე აღამაღლებს, ისინი ფანატიზმად, სიბნელედ და პათოლოგიად მიიჩნევენ. ამასთან ცდილობენ ისე გააზვიადონ საკითხი, თითქოს ეს ნერვიული ფანატებია, არასწორად რომ იგებენ ქრისტიანობას, მისგან და სამყაროსაგან იზოლირებულ სექტას რომ ქმნიან. სწორედ მათ სურთ ყველაფერი ადამიანური, ასე ბუნებრივი და უწყინარი, აკრძალვების შეუვალ ჩარჩოში ჩაამწყვდიონ. ისინი ბრალს სდებენ ეკლესიას, რომ იგი ფეხს არ უწყობს მსოფლიოს, არ იზიარებს მის ლხენით აღსავსე ცხოვრებას, არ ითქვიფება ბრბოში, რომელიც მეგობრული მარშით მიაბიჯებენ აპოსტასიის უფსკრულში. არადა არც ანტიქრისტეს, აპოსტასიის ხსენება არ სიამოვნებთ და მიიჩნევენ მას შეპყრობილობის, დეპრესიის ნიშნად, რასაც თანამედროვე პროგრესის ჯანსაღ სულში ავადმყოფური განწყობა შეაქვს. საგულისხმოა, რომ ამ ტიპის ბრალმდებლები ეკლესიას უსაფუძვლოდ ლანძღავენ, ანუ: არ მიუთითებენ არც წმინდა წერილს, არც კანონს, არც წმ. მამებს, მხოლოდ იმას ცდილობენ, ეკლესიის ხატება წარმოსახონ მოსაწყენ, გაძვალტყავებულ, სასტიკ დედაბრად, რომელიც განუწყვეტლივ ბუზღუნებს, ყველაფერს კრძალავს და ვერაფრით გაუგია, რა დროში ცხოვრობს. ისინი ეკლესიას დანაშაულად უთვლიან ქმედებას, რომელიც თანხმობაშია წმინდა მოციქულთა კანონების წიგნთან, წმინდა მამათა კრებებთან და რომელთა დარღვევაც უმძიმესი დანაშაულია. ეს მოსამართლენი რატომღაც ეკლესიის სულ სხვა კანონებით გამომდინარე ასკვნიან, ეკლესია ქრისტიანობის ერთგული არის თუ არ არის. მამა ლაზარე ჩვენს ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ამსოფლიური სულის საზოგადოება, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცდილობენ ხელოვნურად გააღვივონ ეკლესიისადმი მტრული განწყობა. „საგულისხმოა ერთი ფაქტი: როცა უგუნური მოშურნეობით აღძრული, „იერარქთა ეკუმენისტური ქმედებით ცდუნებულ" მღვდელთა, ბერთა და ერისკაცთა გარკვეული ჯგუფი ეკლესიის სხეულს განეშორა, მაშინ, უეცრად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა ყოველმხრივ თანაუგრძნეს განხეთქილების შემომტანი, ტანჯული სახით წარმოაჩინეს საზოგადოებაში ეკლესიის, როგორც უძველეს დადგენილებათა დამრღვევის წინააღმდეგ გაავრცელეს ხმები. ეს ყველაფერი იმისკენ იყო მიმართული, რომ განხეთქილება გაემწვავებინათ, უფრო ფართოდ გაეშალათ ცდუნება". დღესაც, როგორც ეს 1997-98 წლებში ხდებოდა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იმავე მეთოდებით მოქმედებენ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩენია მამა ლაზარეს: „ახლა იგივე საშუალებები კვლავ ბეჭდავენ ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ სტატიებს, აყვედრიან ეკლესიას, რომ ქრისტიანობის წესებისა და კანონები მას მეტად სიტყვასიტყვით და არასულიერად ესმის, თავისსავე წესებისა და კანონების წრეშია ჩაკეტილი, თანამედროვე კულტურას ემიჯნება დასავლეთის მიმართულებით. უარს ამბობს ეკუმენიზმში მონაწილეობაზე. არადა ადვილი შესამჩნევია, რომ ამგვარი „მსაჯული" ცდილობს აიძულოს ქრისტეს სასძლოს იმრუშოს მასთან. ასეთი „მსაჯულია" არა ორი ან სამი, არამედ მთელი კრებული და ყველა მათგანს თავისი სარგებლის მიღება სურს ეკლესიისაგან ვერმიმღებელნი ყოველი მხრიდან ტალახს ესვრიან მას... გარდა ამისა, ეკლესიის მსაჯულნი ბრალად ხან ერთი მღვდლის ან ეპისკოპოსის შეცოდებას მოიყვანენ, ხან - მეორისას. თითქოს ცალკეულ პირთა ცოდვა მთელი ეკლესიის შეცოდება იყოს ან ერთის შეცდომა - ყველას ცდომილება. მათ ხომ მშვენივრად იციან, რომ ეკლესიურ გარემოშიც შესაძლოა არსებობდეს უთანხმოება, პოლემიკა, ჭეშმარიტების ძიება, მაგრამ როგორც ჩანს, მათ არ უწყიან ეკლესიის ბუნება და არ ესმით, რომ აქ სულიწმიდა სახლობს... და ყოველი სული, რომელიც უარს ამბობს უფროსობაზე, ეგოიზმზე, სიამაყესა და თავდაჯერებულობაზე, გულწრფელად ლოცულობს, ღირსეულად ეძებს ღვთიურ შთაგონებას, სწორედ მისთვის გაცხადდება ჭეშმარიტება, ეკლესიაში რომ ცოცხლობს, აცოცხლებს და ქრისტეს წმინდა სასძლოდ აქცევს მას". ისტორიას წმინდა სუსანას შესახებ მანუგეშებელი ბოლო აქვს, სიმართლემ იზეიმა, მართალი სული გადარჩა, ვერაგი მსაჯულნი დაისაჯნენ, მაგრამ თანამედროვე ცრუ მსაჯულთა მტრობისა და ბოროტების ისტორია ქრისტეს სასძლოს წინააღმდეგ, შესაძლოა, კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და სააქაო ცხოვრებაში უმეტესი ჩვენგანი ბედნიერ დასასრულს ვერ იხილავს. რას ვიზამთ?... ჩვენ ვიცით, რომ ეს დევნა და შევიწროება მხოლოდ განწმენდს, განამშვენებს და განადიდებს ეკლესიას, როგორც განადიდეს წმინდა სუსანა ქმრის ერთგულებაში მკაცრი გამოცდის შემდგომ. დასანანი მხოლოდ ისაა, რომ მრავალი ადამიანი ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ამ ნაუცბათევი და ქარაფშუტული მსჯავრის გამო. ასეთი ნაჩქარევი და განუსჯელი თანხმობით ცილისმწამებელნი თვითვე საუკუნოდ განეშორებიან ხეს სიცოცხლისას და თვითონვე ცხვირწინ იკეტავენ ცხონების კარს..." დასკვნის სახით, მამა ლაზარე შეაგონებს უგუნურ მსაჯულთ: „დაბრუნდით სამსჯავროში" ანუ ფხიზლად გადასინჯეთ თქვენი დაუფიქრებელი მსჯავრი, შეჯერდით წმ. წერილთან, ეკლესიის კანონებთან, წმ. მამათა სწავლებასთან, კარგად ჩააცქერდით მსჯავრმდებელთა სახეს, ვნება ხომ არ კრთის მათ ანთებულ მზერაში, უწმინდური წარმოსახვები ხომ არ უკიდებენ ცეცხლს მათ ღაწვებს? თვით თქვენ მიერ ბრალდებულს შეხედეთ, ყურადღებით მოუსმინეთ მას, ჯერ თვით გახდით ქრისტიანები, სანამ განსჯიდეთ ჩვენს წმინდა დედას! „ჭეშმარიტად თუ სიმართლესა იტყვით, სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო" (ფ. 57).
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |