მთავარი > თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > „სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო“ (ნაწილი 1)

„სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო“ (ნაწილი 1)


5-11-2018, 00:02

 

   არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) საოცარი სულიერი ინტუიციით გამოირჩეოდა. რაიმე პრობლემას იმთავითვე, მკრთალ კონტურებად გამოჩენისთანავე, რამდენიმე წლით ადრე გრძნობდა და მოსალოდნელი განვითარების საშიშროებასაც ზუსტად საზღვრავდა. ის კარგად იცნობდა დროის სულს, გამოწვევებს და ჭვრეტდა საფრთხის შემცველ დამოკიდებულებას ეკლესიის, ვით ღმერთკაცობრივი ორგანიზმის, მიმართ. ამიტომ ზუსტად ისე, როგორც გამოცდილ მოძღვარს შეეფერებოდა, ხსნიდა, ააშკარავებდა ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის დახვეწილ ფორმებს.

   წერილში „სიწრფოებასა შჯიდით, ძენო კაცთანო" სწორედ ეკლესიის დევნის რაობაზეა საუბარი: „უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს უწინასწარმეტყველა: „იყვენით თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის" (მათ. 10. 22). „უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნენ" (იონ. 15. 20). ჩვენ ვხედავთ, როგორ სრულდება ეს სიტყვები ქრისტიანობის მთელი ისტორიის მანძილზე. იცვლება ქრისტეს მიმდევართა დევნის ფორმები, სულ უფრო ფაქიზი და დახვეწილი ხდება ეკლესიასთან ბრძოლის ხერხები, ხან მეტად აშკარაა, ხან შეფარული ხრიკები მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. და მაინც, დაპირისპირება ამა სოფელსა და ჭეშმარიტ ქრისტიანობას შორის წამითაც არ სუსტდება, სულ უფრო იზრდება და საშინელ ქარიშხალად მოვარდნით გვემუქრება. დღეს საზოგადოება თითქოს კეთილგანწყობით ეკიდება ეკლესიას, სინამდვილეში სოფელმა ეკლესიასთან ბრძოლის მეთოდები შეცვალა. ქრისტეს მტრებს ესმით, რომ ქრისტიანული რწმენის ერთხელ და სამუდამოდ განადგურება შეუძლებელია, რომ აშკარა შევიწროებას აღაგზნებს მათ გულებში. გარდა ამისა, ხედავენ, რომ ეკლესიას ძლიერი გავლენა აქვს ხალხის სულზე. და აი, მათ სურთ შეინარჩუნონ ფორმა და გარეგნული სახე ეკლესიის, ვით გარკვეული ორგანიზაციისა, რომელსაც ხალხში ავტორიტეტი გააჩნია. ამასთანავე, ეკლესიის ცხოვრება და მსოფლმხედველობა სურთ დაუმორჩილონ ერთ მიზანს, მისი საშუალებით მოიპოვონ გავლენა ხალხზე და ის მიმართონ გარკვეული მიზნისაკენ, ისარგებლონ იმით, რომ მას (ხალხს) სჯერა ეკლესიის. თუკი ეკლესია არ თანხმდება კომპრომისებს, მაშინ მის წინააღმდეგ დაუფარავი მტრობა და დაჟინებული ზეწოლა იწყება. და აი, უკვე ყოველი მხრიდან, ხან საზოგადოებრივი პრესითა და ტელევიზიით, ხან საზოგადოების სხვადასხვა ფენის შუაგულიდან, ამა თუ იმ პოლიტიკური მოღვაწის ან მაღალი საზოგადოების კულტურის წარმომადგენლის ბაგეთაგან ისმის სხვადასხვაგვარი მძიმე ბრალდება ეკლესიის მიმართულებით. ვითარება ისეა წარმოჩენილი, თითქოს ეკლესია ძლიერ შეირყვნა, ჭეშმარიტი ქრისტიანობის სულს განეშორა და უკვე, არათუ ვერ ეხმარება ადამიანს მართალი გზის პოვნაში, არამედ პირიქით - ხალხის ცხოვრების განვითარებას აფერხებს, პროგრესს ხელს უშლის, ჯანსაღ აზროვნებას აზიანებს და ნორმალურ ზნეობას ამახინჯებს. ზოგიერთები ეკლესიის ცხოვრების საქმეებში ჩარევას და „საღი წარმოდგენების" პრინციპით მის გადაკეთებას ლამობენ (რომლებიც ძირითადად დასავლურ ფსიქოლოგიასა და ახალი საზოგადოების მშენებლობას ევროპულ კულტურას დაესესხნენ). მათ ეკლესიის სხეულს „სასწრაფო ქირურგიული" ოპერაციაც კი გამოუწერეს..."

   შემდეგ მამა ლაზარე იხსენებს ერთ ბიბლიურ ეპიზოდს წმ. სუსანას შესახებ. აი, მოკლედ მისი შინაარსი: „ბაბილონში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, სახელად იოაკიმი, მას ცოლად მეტად ლამაზი და ღვთისმოშიში ახალგაზრდა ქალი - სუსანა ჰყავდა. იოაკიმის მდიდრულ სახლში ხშირად იკრიბებოდნენ სტუმრები. მათ შორის იყო ორი უხუცესი. მშვენიერი სუსანას შემხედვარე უხუცესთ მის მიმართ ბილწი გულისთქმა გაუჩნდათ... ორივე უხუცესმა მასთან დარჩენა და ცოდვაში დანებება მოსთხოვა. იმუქრებოდნენ, რომ სხვა შემთხვევაში სუსანას ყმაწვილთა მრუშობას დასწამებდნენ... ატირდა სუსანა და „დიდის ხმით იყვირა". მაშინ უხუცესები ბაღის კარებისკენ გაიქცნენ, გახსნეს იგი, მოუწოდეს ხალხს და განაცხადეს, რომ მათ წაასწრეს სუსანას ბაღში, ხის ქვეშ ვიღაც ყმაწვილკაცთან მემრუშეს, მაგრამ ცოდვილთა შესაპყრობად მისულებს, ახალგაზრდამ სძლია და გაიქცა... ხალხმა დაიჯერა უხუცესების და სუსანას სიკვდილი მიუსაჯეს. მაშინ წმინდა დანიელ წინასწარმეტყველმა შესძახა ხალხს და საფუძვლიანი გამოძიებისაკენ მოუწოდა... ხუცესებმა ვერ მოასწრეს ერთმანეთში მოთათბირება და გამოკითხვის დროს სხვადასხვა ხე დაასახელეს, რითაც განცხადდა მათი ურჯულოება და დამსახურებისამებრ... დახოცეს ისინი".

   ამ ისტორიულ ეპიზოდს მამა ლაზარე წმ. იპოლიტე რომაელის სწავლებაზე დაყრდნობით განმარტავს:

   „წმ. იპოლიტე რომაელი წინასწამეტყველ დანიელის წიგნის განმარტებისას ამბობს, რომ სუსანა ეკლესიის პირველსახეა, მისი დიდგვაროვანი ქმარი - ქრისტე, ხოლო ცრუმსაჯული უხუცესები ორ ხალხს გამოხატავენ: ერთნი კანონმცოდნე იუდეველნი, მაგრამ უსამართლო მსაჯულნი, ხოლო მეორენი წარმართთა ტომები არიან.

   ბიბლიის სიტყვით: უხუცესნი „ყოველდღე გულმოდგინედ დარაჯობდნენ" სუსანას. წმ. იპოლიტე ამბობს: ეს ნიშნავს, რომ დღემდე ყველაფერს, რაც ეკლესიაში ხდება, აკვირდებიან და თვალყურს ადევნებენ წარმართნი და იუდეველნი... ორივე ტომი, განუწყვეტელ დევნასა და შევიწროებას აღძრავს ეკლესიის წინააღმდეგ...

   სწორედ ასე დღესაც ვხედავთ, ყოველი მხრიდან როგორ ატყდება თავს ეკლესიას საყვედურები, მძიმე ბრალდება სხვადასხვაგვარ „ცოდვაში"... ცემა და დაცინვა, ვით უფალ იესოს ოდესღაც... საყურადღებოა, რომ ეკლესიის ბრალმდებლები თითქოსდა ორ ტომად, კრიტიკოსთა ორ მიმართულებად იყოფიან. ერთნი მიეკუთვნებიან კანონმცოდნეთ, მეორენი - „ლიბერალებს". ერთნი რაღაც განსაკუთრებული სიმკაცრით, ზედმიწევნით ითხოვენ ყველა წესისა და კანონის აღსრულებას და მზად არიან მკაცრად დასაჯონ ეკლესია მისგან უმცირესი გადახვევისათვისაც კი. მეორენი უძველეს კანონთა დაცვას ბნელეთის მოციქულობად და ქრისტიანული სულისაგან განდგომად მიიჩნევენ.

   ასე გაჩნდა ეკლესიისაგან მრავალი განდგომილი ხალხი, ოდესღაც ეკლესიაში რომ იყო, მაგრამ მოწყდა მის სხეულს, თითქოსდა იმ მიზეზით, რომ ეკლესიამ ფეხქვეშ გათელა წმ. მამათა წეს-კანონები, უღალატა თავის ზეციურ საქმროს - ქრისტეს და უკვე გაიწირა ღვთისაგან. ეს ხალხი გამუდმებით დაეძებს ხან ერთ, ხან მეორე კანონს, ცდილობს ეკლესიის დარღვევათა და დანაშაულთა გრძელი სია გამოიყენოს ძველი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. არადა მათ სიცრუეს ისიც ამხელს, დაჯგუფებათა უმრავლესობა, რომლებიც ეკლესიას სულ ერთსა და იმავე ცოდვებში რომ სდებენ ბრალს, არათუ ვერ ერთიანდებიან, არამედ სულ ახალ და ახალ ჯგუფებად ნაწევრდებიან. ესეც ადასტურებს, რომ ისინი ცალკეულ კანონთა დარღვევამ კი არ განაწყო ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ პირადმა პატივმოყვარეობამ... ეკლესიამ არ მისცა მათ რომელიღაც ვნების დაკმაყოფილების საშუალება და ისინიც კარს მისცვივდნენ, გარეთ გამოვარდნენ, ეკლესიი საზღვრებს გასცდნენ და ახლა იქიდან აფრქვევენ ცილისწამებას - მადლმოსილი ცხოვრებისაგან განძარცვულად აცხადებენ, სიკვდილს უსჯიან ეკლესიას". (გაგრძელება...)

  

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება