მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > განხეთქილების რაობისათვის (ნაწილი 2)

განხეთქილების რაობისათვის (ნაწილი 2)


3-11-2018, 00:02

განხეთქილების რაობისათვის (ნაწილი 2)

 

   მართალია, შემაძრწუნებელი ცდომილებები ბევრია და მართლმადიდებლების ცალკეულ მწყობრში შეინიშნება ღალატი. მაგრამ ხშირ შემთხვევაში, გადის დრო და ეს ნაიარებები იკურნება. ხან ხალხი იწყებს პროტესტს და არ აძლევს იერარქებს მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელების უფლებას. ხან კი თავად ეს შეცდომილი მოძღვრები უბრუნდებიან მართებულ გზას. როგორც უნდა იყოს, ეკლესია ყოველთვის ინარჩუნებს მართლმადიდებლობის ერთგულებას. ცალკეული დანაშაულები წაუყენო ბრალად მთელ ეკლესიას და გამოუტანო მას სასიკვდილო განაჩენი - არის უკიდურესობა, „ულტრამართლობა", სულიერი სიმთვრალე, „გადახრა მარჯვნივ"..."

   ჩვენ გვეტყვიან, ყველაფერი ეს მართალი, მაგრამ როდემდე უნდა ვითმინოთ ამგვარი უმსგავსობა? არქიმანდრიტი პასუხობს:

   „ჯერ ერთი: უმსგავსობები ყოველთვის ხდებოდა, გადახედეთ ეკლესიის ისტორიას, დაინახავთ, რომ მაცდუნებელი ვითარებები მის ისტორიაში ძალიან ხშირად იქმნებოდა, არც თუ უკეთესი პროცესები ვითარდებოდა, ვიდრე ეს ახლაა...;

   მეორე: ნუ ვიფიქრებთ, რომ მათ შორის, ვინც ხომალდის საჭესთან დგას სარწმუნოებისადმი გულგრილი ადამიანებია. არა, არამედ ის სისუსტეები, ვნებები, მცირეოდენ ღალატი, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში შეუმჩნეველი რჩება და მხოლოდ ჩვენმა სინდისმა უწყის ეს - ხომალდის საჭესთან კი ყველას ყურადღების ქვეშ ექცევა, ხოლო ჩვენი შეუმჩნეველი ნაკლები მთელ ხომალდს გადაეცემა.

   რაც მთავარია: საქმე არა ჩვენს მოთმინებაზე, არამედ ღვთის მრავალმოწყალებაზეა. საკითხი ასე დგას კვლავ: დადგა კი ღვთისმოწყალების დასასრული, წაართვა კი მას (შეცდომილს) მადლი სულიწმიდისა თუ არა? თუკი არა, მაშინ არ გვმართებს არსად გასვლა და სხვა ეპისკოპოსის ძებნა" და ა.შ.

   განხეთქილების რაობის შესახებ სხვა პოლემიკურ წერილში სახელწოდებით „ორმხრივლესული მახვილი" მამა ლაზარე სხვა კუთხით განიხილავს პრობლემას:

   „დღეს საქართველოში (1997 წ.) ცხარე პოლემიკა მიმდინარეობს ეკუმენიზმის, ეკლესიის წესებისა და კანონების, ჩვენი იერარქების მიერ მართლმადიდებლური სწავლების დარღვევის თუ სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებში არსებული გადაცდომების შესახებ... ბერ-მონაზვნებისა და ერისკაცების აღშფოთებული ჯგუფი ითხოვენ ურთიერთობის გაწყვეტას იმ ეკლესიებთან, რომლებიც მონაწილეობენ ეკუმენიზმში. ისინი ციტირებენ და იმუქრებიან რჯულის კანონით, წმ. მამათა მკაცრი განსაზღვრებებით ამ საკითხთან მიმართებით. რა ვიღონოთ? ჩემი დამოკიდებულება ეკუმენიზმისადმი ყველასათვის კარგად ცნობილია და ჩემს პოზიციას არ ვცვლი. ამ პიროვნებების მიერ გამოხატული ყველა სახის მხილება და უკმაყოფილება გასაგებია და კანონიური. არ ვდაობ, - კანონები ნამდვილად ირღვევა. ეკლესიის ამ მოძღვრებისაგან განმარტების მოთხოვნა აუცილებელია, მაგრამ მოთხოვნა იმისა, რომ შეწყდეს ევქარისტიული ერთობა მათთან - არის უკიდურესობა და ბოროტი ქმედება. - ის მრავალ უბედურებასა და ტანჯვას მოიტანს და არაფერს გამოასწორებს..."

   შემდეგ მამა ლაზარე განხეთქილების მომქმედებს მკაცრად ამხელს ათონელი ბერ-მონაზვნების კრიტიკის გამო. მათ (განხეთქილების მოსურნე) მიერ გამოითქვა აზრი: „ათონმა უღალატა მართლმადიდებლობას?!" მამა ლაზარე განცვიფრებით კითხულობს: „ვინ ამბობს ამას, ბეთანიელი და შიომღვიმელი ბერები? მე კარგად ვიცნობ ათონელი და ბეთანიელი ბერების ცხოვრების წესს: საბრალო შედარებაა! თავად ბეთანიელი ბერები აღიარებდნენ ათონზე ყოფნის დროს: რა საშინელ ხიბლში ვიმყოფებით, რომ მონაზვნური ცხოვრება გვაქვს. დაავიწყდათ? ნუთუ ჩვენი ბერები ფიქრობენ, რომ არც რუსეთში, არც ათონზე, არც იერუსალიმში არ იციან რჯულის კანონი? არ წაუკითხავთ ის წმ. მამები, რომლებსაც ციტირებენ? ნუთუ ისინი ფიქრობენ, რომ ყველა ეს მამა უბრალოდ უფრთხილდება საკუთარ „თბილ ადგილს", მაგრამ ეს ხომ ყველაზე ამაზრზენი ცრუბრალდებაა!...

   მორიგ პოლემიკურ წერილში, მიმართულ ზ. აროშვილისადმი მამა ლაზარე პასუხობს მათ მიერ წამოყენებულ ბრალდებებს, რომლებიც იმ მაღალ იერარქებს ეხება, რომლებიც მონაწილეობდნენ ეკუმენისტურ ასამბლეებზე, სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან ერთობლივი ლოცვის შემთხვევებს და მისთ.

   „დიახ, - დასძენს მამა ლაზარე, - მე არ მსურს ურთიერთობა ასეთ იერარქებთან... მაგრამ რა ვიღონოთ? ეკლესიას ისინი ჯერ არ განუკვეთია. ნუთუ იმის გამო, რომ ეკლესია აყოვნებს შეგვიძლია მთელი ეკლესია ბრალეულ-ვჰყოთ? ეკლესია ყოველთვის აყოვნებდა, ერეტიკოსებს ანათემას გადასცემდა არა უადრეს იმისა, ვიდრე მყარად დარწმუნდებოდა მათ ერეტიკოსობაში, ვიდრე არ გააჟღერებდნენ თავის ცრუსწავლებას, ვით უტყუარ სწავლებას და ჯიუტად დარჩებოდნენ მასში. და კვლავ ვიტყვი: მათი ბრალდება კრებებზე ხორციელდებოდა. თუ ვფიქრობთ, რომ ცრუმოძღვართა განკვეთა უკვე აღარ მოხდება, ეს იმას ნიშნავს, არ გვწამდეს, რომ სულიწმიდა იცავს ეკლესიას. აი, სულ ახლო წარსულში თქვენ უყოყმანოდ ამტკიცებდით, რომ ჩვენი, საქართველოს ეკლესიის არც ერთი ეპისკოპოსი არ გამოთქვამს ე.მ.ს.-დან გამოსვლის აზრს. - მაგრამ უეცრად ყველა გამოვიდა! თქვენ იტყვით, მათ ეს არ სურდათ: მით უფრო, ესეიგი არა მხოლოდ ადამიანები განაგებენ მოვლენების განვითარებას, უფრო სწორად, არა მხოლოდ იერარქები... ჩვენ ვიცნობთ ათასობით მორწმუნეს, რომლებსაც არ მოსწონთ და ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ეკუმენისტურ მოძრაობას. ეკუმენიზმს არ შეუღწევია ეკლესიის გულში, არამედ მის საზღვრებთან დადის და მაცდურად იზიდავს თავისკენ ეკლესიის სამწყსოს. აუცილებელია ბრძოლა მათთან, ვისაც სურს ამ კარიბჭის გაღება, მაგრამ იმგვარად ვიბრძოლოთ, რომ არ დავარღვიოთ ზღუდე ჩვენი ეკლესიისა".

   გარდა ამისა, მამა ლაზარე სქიზმატური დაჯგუფებების სიმრავლეზე ამახვილებს ყურადღებას. როგორ გავიგოთ, რომ ყველა მათგანი ცალკეულად აცხადებს, რომ ფლობს ჭეშმარიტებას, რომ ის არის ერთადერთი „ეკლესია"...

   „მრავალი განხეთქილება მოხდა, ათეული ე.წ. „ეკლესიები" სიტყვი „სუპერ" და „ზე" მართლმადიდებლობის პრეტენზიას აცხადებს. ყველა მათგანს ადგილობრივი ეკლესიების ბრალდებების საკუთარი ნუსხა გააჩნიათ, ასეთივე, თუ მეტი არა, ერთმანეთის საწინააღმდეგო ბრალდებაც. მათი „ეპისკოპოსების" ქიროტონია ერთობ საეჭვოა, ვინაიდან ყველა მათგანი ადრე თუ მოგვიანებით, რომელიმე „ერესისა" თუ „კანონიკური დარღვევის" გამო, უარყოფდა და განაყენებდა თავის მაკურთხევლებს. წარმოუდგენელია, - როგორ ვუწოდოთ ამ სიმრავლეს „მცირე სამწყსო?" ყველა მათგანი ეკუმენიზმის წინააღმდეგია, მაგრამ ერთიან ეკლესიად მათი სახელდება, არაფრით გამოდის: ისინი არ არიან ერთმანეთთან ევქარისტიულ კავშირში. მეტიც, მრავალი მათგანი ერთმანეთს განაყენებდა (გადასცემდა ანათემას). ამის მიუხედავადაც რომც მივიჩნიოთ ეს დაყოფილი დაჯგუფებები ერთიან ეკლესიად; მაინც ვინ, რომელმა მათგანმა გახლიჩა ზეით უკერელი კვართი, განა ის არ არის უკანასკნელი მტერი ეკლესიისა. იმის თქმა, რომ ყველა ან ზოგიერთი მათგანია „ეკლესია" - გააჩნიათ მადლი ღვთისა და ყველა მათგანი გარკვეულწილად მაცხოვნებელია, მაშინ ეს ეკუმენისტური სულისკვეთების მსგავსი ერესია მხოლოდ მართლმადიდებლობის წიაღში. - ეკუმენისტებიც ხომ უშვებენ „ეკლესიების" არსებობას, ე.ი. ცალკეულ კონფესიებში სხვადასხვა დოზით „ჭეშმარიტების" არსებობას. მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობენ უფრო მეტად ან ნაკლებად წმინდა „ეკლესიები"... მხოლოდ ერთი დასკვნაღა დაგვრჩენია, სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელი ხდება: მხოლოდ ერთი ამ დაჯგუფებათაგანი არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. მაგრამ რომელი? ნუთუ ის „ჩრდილოეთ-ამერიკის ბერძნული ეკლესია ცენტრით ბოსტონში?" - რომლის შესახებაც არასდროს გვსმენია და მხოლოდ ეხლახან შევიტყვეთ ა. ბოროდასაგან, რომელიც შემთხვევით მოხდა ბოსტონში (თანხის უქონლობის გამო), ბოსტონის მონასტერს საქართველოში დასარეკად შესული, რომელიც იქვე იქნა „შეწყნარებული" მონასტრის საძმოს მიერ? და აი ამ „ბედნიერი" შემთხვევის წყალობით იქნა აღმოჩენილი მსოფლიო ეკლესია?!"

   კიდევ მრავალი არგუმენტით აბათილებს მამა ლაზარე მათ ცრუბრალდებებს. არქიმანდრიტმა ზუსტად იცოდა, რომ პატრიარქის მოხსენების შეწყვეტას მოჰყვებოდა მათი განხეთქილებაში გასვლა, რომ მალევე იძულებული გახდებოდნენ უარეყოთ მადლი და საიდუმლოებების მოქმედება ეკლესიაში. და ბოლოს ასეთი სიტყვით დაასრულა მათთან პოლემიკა:

   „თუკი მეტყვით, რომ კაცთმოთნე, გულგრილი, ნელთბილი და ამასოფლის მოყვარე ქრისტიანი ვარ - შევეცდები არ შეგეწინააღმდეგოთ; თუკი მეტყვით, რომ არ ვარ მოკრძალებული სიწმინდისადმი და უღირსი ვარ ზიარების - თავს დავხრი; თუკი აღელვდებით ეპისკოპოსებისა და მღვდლების უღირსი საქციელით, რომლებიც ელაქუცებიან ერეტიკოსებს და ღორებს უგებენ მარგალიტებს - მე შენთან ერთად გავიზიარებ მღელვარებას; თუკი მეტყვი, რომ რაღაც უნდა ვიღონოთ, სერიოზული ზომები მივიღოთ მსგავსი უკანონობის წინააღმდეგ - სავსებით დაგეთანხმები! მაგრამ თუკი შემომთავაზებ დავეჭვდე ეკლესიაში თვით სიწმინდის არსებობაში, თუგინდ მინიშნებით ან „ჟესტით" გამოვხატო ეჭვი, მაშინ უმკაცრესი სიტყვით გიპასუხებ, რომლითაც ოდესღაც მაცხოვარმა მიმართა მოციქულებს, რომლებიც სულიერის სანაცვლოდ კაცობრივი განიზრახეს: განვედ ჩემგან სატანა - საცდურ ხარ ჩემდა!"

   

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება