მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > განხეთქილების რაობისათვის (ნაწილი 1)

განხეთქილების რაობისათვის (ნაწილი 1)


2-11-2018, 00:02

განხეთქილების რაობისათვის (ნაწილი 1)

 

   არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე), როგორც უკვე აღვნიშნეთ, გახლდათ შეუპოვარი მებრძოლი ეკუმენისტური მოძრაობის წინააღმდეგ. ამავდროულად, ის არა ნაკლები მოშურნეობით ებრძოდა განხეთქილების სულს, რომელმაც იმ პერიოდში იჩინა თავი „მართლმადიდებლობის დამცველთა" გარკვეულ ნაწილში. როგორც ორივე უკიდურესობის („სქიზმისა" და „ეკუმენიზმის") მოწინააღმდეგე, მამა ლაზარე ყოველთვის რჩებოდა სამეუფეო გზის მქადაგებელი.

   მამა ლაზარეს წერილმა „აღდგომა ჯვარცმის გარეშე ანუ ეკუმენიზმი" მართლმადიდებლობის ერთ ნაწილში გააჩინა აზრი: ისეთი პრინციპული მამხილებელი ეკუმენიზმისა, როგორიც არქიმანდრიტი ლაზარეა, უთუოდ მიემხრობოდა განხეთქილების მოსურნეთა რიცხვს. თავის წერილში „ნუთუ ეკუმენიზმი ჰყოფს დღეს საქართველოს ეკლესიას", მამა ლაზარე თავად უსვამს კითხვას მკითხველს: რა მოხდა? რატომ არ აღმოჩნდა არქიმანდრიტი იქ, სადაც ელოდებოდნენ მის ხილვას? სულმოკლეობა გამოიჩინა? პირველ პლანზე საკუთარი ინტერესები დააყენა? შეცვალა საკუთარი შეხედულებები ეკუმენიზმის შესახებ, ესოდენ კატეგორიულად გადმოცემული ზემოთხსენებულ წიგნში?

   სწორედ ამ და კიდევ მრავალ შეკითხვასა და ცრუბრალდებაზე მოუწია პასუხების გაცემა მამა ლაზარეს თავისი პოლემიკური წერილობით განხეთქილების მოსურნეთა მისამართით. პირველ წერილში „ნუთუ ეკუმენიზმი ჰყოფს დღეს საქართველოს ეკლესიას" არქიმანდრიტი წერს:

   „ეკუმენიზმი, ადრე თუ გვიან (როგორც ჩანს მალე) ნამდვილად გახლეჩს მსოფლიო ეკლესიას! როგორც კი ბოლომდე მომწიფდება ბოროტი ნაყოფი და ყველა ავტოკეფალური ეკლესიის უმაღლესი იერარქიის დონეზე, რომლებიც მონაწილეობენ ეკუმენისტურ მოძრაობაში, მიღებულ იქნა მართლმადიდებლობისთვის უკიდურესად მიუღებელი ლიტურგიკული „ერთობა" სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან. როგორც ჩანს, შედგება რაღაც კრება ყველა ავტოკეფალური ეკლესიების მონაწილეობით, ე.წ. „მერვე მსოფლიო კრება", რომელზეც უარყოფილი იქნება ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი პუნქტი მოციქულთა კანონებიდან, რასაც მოჰყვება გაყოფა... ამის შემდეგ გადარჩენა მოგვიწევს „ხომალდის ნამსხვრევებზე", ანუ, გავემიჯნებით რა ამ ავაზაკურ კრებას, როგორც ჩანს მცირერიცხოვანი ეპისკოპოსების გვერდით დგომით. სწორედ ეს შინაარსი იყო ჩადებული წერილში „აღდგომა ჯვარცმის გარეშე, ანუ ეკუმენიზმი", რასაც ადასტურებს წიგნის უკანა ყრდაზე მოთავსებული წარწერა:

   „ნუ დაბრკოლდება მკითხველი, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს ეს საზარელი განხეთქილება, რომელიც უთუოდ მოხდება, თუკი ეკუმენიზმის ყლოტრი განაგრძობს თავის ზრდას... ამ გაფრთხილებით მხოლოდ ის გვსურს, რომ როგორმე შორს გადავწიოთ ამგვარი ტრაგედიის შესაძლებლობა..."

   ამავე მოსაზრებას აჟღერებდა ის პიროვნებებიც, რომლებმაც უკვე ერთი თვის შემდეგ შემართებით ამოძრავდნენ საპირისპირო მიმართულებით... გაოგნებაღა დაგვრჩენია - რატომ და როგორ მოხდა პოზიციის ამგვარი რადიკალური ცვლილება. იმ ფონზე, როდესაც ახალ შემაშფოთებელ ეკუმენისტურ გამოვლინებას ადგილი არ ჰქონია, მეტიც, გარეგნული სიმშვიდეც კი იყო ამ მიმართულებით?"

   მამა ლაზარე განხეთქილების მოსურნეთა გააქტიურობის პროცესში ათონის წმინდა მთაზე იმყოფებოდა. საქართველოდან მას უკავშირდებოდნენ განხეთქილების მოსურნე პიროვნებები და არსებული უმძიმესი ეკუმენისტური ვითარების შესახებ უყვებოდნენ. გამოცდილი მოძღვარი მიხვდა, რომ მავანის მიერ ხელოვნურად იძაბებოდა ვითარება, ვიღაც აშკარად ცდილობდა ალის კიდევ უფრო ძლიერ გაღვივებას. მამა ლაზარე ამბობდა:

   „ჩემთვის ყოვლად მიუღებელი და ამაზრზენი იყო ყოველგვარი გარეგნული მიზეზის გარეშე შეცვლა საკუთარი შეხედულებებისა და მივმხრობოდი განხეთქილების მომქმედებს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ხალხის თვალში „მართლმადიდებლობის მოშურნე დამცველებად" ჩანდნენ, მით უფრო მაშინ, როდესაც იერარქები სულ უფრო დიდი სიფრთხილით იცავდნენ ეკუმენიზმს, ზოგიერთები მის ლანძღვასაც კი შეუდგა...

   ჩვენი ეკლესიისაგან განდგომილნი ძლიერ შფოთავდნენ, როდესაც მათი მისამართით ვიყენებთ სიტყვა „განხეთქილებას" ან მათ ვუწოდებთ „განხეთქილების მომქმედებად". ისინი გვპასუხობენ: „ჩვენ არ ვართ განხეთქილებაში, წმინდა მამები კრძალავენ ურთიერთობას იმ ეპისკოპოსებთან, რომლებიც გადაიხარნენ ერესისკენ და ურთიერთობენ ერეტიკოსებთან. ჩვენ კი არ ვართ განხეთქილებაში, არამედ ის იერარქები, რომლებიც არღვევენ კანონებს და ამით გვაცდუნებენ" - მაგრამ იერარქისაგან განშორება და მისი მოუხსენებლობა ლიტურგიაზე გამართლებული მხოლოდ მაშინაა და არ არის განხეთქილება, როდესაც მადლმა ნამდვილად დატოვა ის მისი დანაშაულებების გამო? ამ შემთხვევაში ნამდვილად უნდა გაემიჯნო ასეთ ეპისკოპოსს, რომელიც ჰყოფს ეკლესიას, ხოლო თავად ეპისკოპოსი ეკლესიის მიღმა აყენებს თავს, ხოლო მართლმორწმუნენი ეძებენ სხვა ეპისკოპოსს, რომელიც ჯერ კიდევ ეკლესიაშია და მისი მეშვეობით მოქმედებს სულიწმიდა. მაგრამ თუკი ქრისტიანი ამბობს, რომ მის ეპისკოპოსს ჯერ კიდევ აქვს მადლი და, რომ სულიწმიდა ჯერ კიდევ მოქმედებს ცხონების მსურველებში, მაგრამ ამავე დროს იწყებს სხვა ეპისკოპოსის ძებნას იმ „ეკლესიაში", რომელიც არ აღიარებს მადლის არსებობას ჩვენს ეკლესიაში - მაშინ ასეთი ქრისტიანი უბრალოდ ვერ ხვდება, რას იქმს. აქ საქმე არა განხეთქილებასთან, არამედ კიდევ უფრო უარესთან გვაქვს - რაღაც დაბრმავებულ სულიერ ხიბლთან. ვინაიდან ეს ადამიანები დღეს ცხადად არ უარყოფენ ღვთის მადლის არსებობას ჩვენს ეკლესიაში, მაგრამ მზად არიან გადავიდნენ იმ განხეთქილებაში, რომელიც თავიდან აცხებს მირონს მათთან გადასულებს, რითაც უარყოფს მადლის არსებობას ჩვენს ეკლესიაში. თუკი ისინი გახდებიან „მრევლი" ასეთი „ეკლესიისა", მაშინ ხვალ მოუწევთ მადლის არსებობის უარყოფის აღიარება ჩვენს ეკლესიაში გაცილებით უფრო ადრეული პერიოდიდან (სავარაუდოდ ე.მ.ს.-ში შესვლის დღიდან). შედეგად, მოუწევთ დადგომა იმ პოზიციაზე, რომ ამ წლების მანძილზე ჩვენ არ ვეზიარებოდით სულიწმიდის მადლს, აღვასრულებდით ფსევდოლიტურგიას, ვსვავდით უბრალო ღვინოს და მივიღებდით უბრალო პურს, ვფიქრობდით რა, რომ ვეზიარებოდით ქრისტეს სისხლსა და ხორცს". მაგრამ საიდუმლოებები ჩვენს ეკლესიაში ნამდვილად აღესრულებოდა (და აღესრულება), ხოლო განხეთქილების მომქმედნი თავისი ზემართლმადიდებლური განცხადებები გმობენ სულიწმიდას.

   ამ ადამიანებს მხოლოდ იმიტომ არ სურთ თქვან, რომ ჩვენს ეკლესიაში უკვე აღარ არის მადლი, რომ ჩვენ იქვე ვკითხავთ: რა დროიდან? აქ იძულებულნი გახდებიან აირიდონ პასუხი. მაგრამ ეს შეკითხვა მთავარ კითხვად რჩება. თუკი სულიწმიდის მადლმა დატოვა ეკლესია, მაშინ ეს უკვე აღარაა ეკლესია და სასწრაფოდ უნდა ვეძებოთ სადღაც ერთი, წმიდა, კათოლიკე ეკლესია, რომელშიც არის ცხონება. მაგრამ ეკლესია ერთია, და სულიწმიდა მოქმედებს მხოლოდ ამ ეკლესიაში. განგვიმარტეთ როდის, ჩვენი იერარქების რომელი დანაშაულის შემდეგ სულიწმიდამ დაგვტოვა ჩვენ, და ჩვენ შევინანეთ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ვიყავით ეკლესიის მიღმა, შევუდგებით მის ძებნას. მაგრამ თუკი სულიწმიდა მოქმედებს ჩვენი ეპისკოპოსების მეშვეობით, მაშინ რატომ და რისთვის უნდა წავიდეთ? ეკლესიაში ჩვენ არ მოვსულვართ კარგი და გულწრფელი, კეთილი ან სამართლიანი ეპისკოპოსის გამო, არამედ სულიწმიდის მადლისათვის.

   რაოდენ უცნაურად ჟღერდეს - მავანი უშვებს აზრს, რომ სულიწმიდა მოქმედებს მრავალ ე.წ. ეკლესიაში, რომლებსაც საკუთარი სინოდი გააჩნიათ და კატეგორიულად არ აღიარებენ მადლის არსებობას სხვა ეკლესიებში... მაგრამ მაშინ როგორ გავიგოთ მრწამსის მეთერთმეტე მუხლი: „მრწამს ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია?"

   როგორც ჩანს ამ ადამიანებმა დაკარგა შიში ეკლესიის საიდუმლოებების მიმართ, უკვე გადაწყვიტეს, რომ შეიძლება აირჩიო შენთვის „ეკლესია", თითქოს ეძებდნენ ბინას ან აგარაკს ქირით: „აი, შეიძლება კვიპრიანესთან გასვლა, ის ზომიერია"; „არა, ზილოტები უფრო მესიმპათიურება"; „დიახ, მათ მეტი კავშირები აქვთ", და ა.შ... ამგვარად იქმნება საკუთარი „ეკლესია". მხოლოდ საბერძნეთში ძველმესტილეების შვიდი სინოდია - რამ გაჰყო ისინი? კალენდარმა? ეკუმენიზმმა? ჩვენთანაც იმავე სურათს ვხედავთ: უკვე არსებობენ „კვიპრიანელები", რომლებიც თავიდან ნათლავენ, ჩამოდიან „ზილოტები" - თავიდან სცხებენ მირონს.

   საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად მიგვითითებენ წმ. მამათა სიტყვებზე, რომ ეპისკოპოსის ერესისადმი თანაზიარების შემთხვევაში გვმართებს მისი მოხსენების შეწყვეტა. შემდეგ მრისხანედ ითხოვენ პასუხის გაცემას შეკითხვაზე: „ეკუმენიზმი ერესია? - მოდიდა რაიმე თქვი ამის საპასუხო! როგორც წესი, დაბნეულად პასუხობენ: ერესია!" „ჰოდა, თუკი ერესია, ყველა ეკუმენისტი ერეტიკოსია! ჩვენი იერარქები - ეკუმენისტები არიან, შესაბამისად ისინი ერეტიკოსებია, რაღა უნდა ითქვას მეტი!"... საქმე ისაა, რომ ეკუმენისტები განსხვავდებიან ეკუმენისტურ იდეებში ჩაღრმავების დონით. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საკუთარი თანამონაწილეობით, საკუთარი „მადლმოსილი" დასწრებით და ფარულად აღვლენილი ლოცვით ძალუძთ ვინმე მოაქციონ მართლმადიდებლობაზე და ა.შ. ამრიგად, ეკუმენიზმი ყველა საფეხურზე როდია ერესი, არამედ გარკვეულ ეტაპზე უფრო სულიერ ხიბლს მივაკუთვნებდით (ცხადია, ყველა საფეხურზე ის ბოროტება და შხამია). ერესის შემთხვევაში კი სხვაგვარადაა: ის ყველა საფეხურზე ერესია. ერესი ეყრდნობა მცდარ დოგმატურ სწავლებას, ხოლო ეკუმენიზმი ცდილობს გვერდი აუაროს დოგმატს და სხვა გზით მიიყვანოს ერესთან. ის (ეკუმენიზმი) უფრო ცბიერია და ამით მეტად სახიფათოც: ის იმთავითვე არ ითხოვს თავისი მონაწილეებისაგან მართლმადიდებლობის ღალატს. ამდენად, ყველა ეკუმენისტს როდი ვუწოდებთ ერეტიკოსს, ის შეიძლება იყოს უბრალოდ მოხიბლული, რაც ჯერ კიდევ არ ნიშნავს მადლის დაკარგვას, თუმცა შესაძლოა მნიშვნელოვნად იბილწება უწმინდურ საკრებულოში მონაწილეობით... (გაგრძელება...)

  

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება