მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > საეკლესიო რეფორმა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

საეკლესიო რეფორმა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე


3-05-2020, 17:56

საეკლესიო რეფორმა - დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე

 

   საეკლესიო რეფორმა (რაგინდ „სათნო" მიზნებს ემსახურებოდეს) გახლავთ რევოლუციური (ძველის ნგრევის) ან ევოლუციური (ცვალებადი); ძალადობრივი ან „მშვიდობიანი" საშუალებებით დამყარებული ქაოსი მართლმადიდებელ ეკლესიაში.

   მართლმადიდებლობის რეფორმატორებს სიწმინდის გაამსოფლიურობის, დესაკრალიზაციის არარაციონალური, შინაგან სულიერ ჭვრეტას მოკლებული ნება ამოძრავებს. გაამსოფლიურობაში თანამონაწილეობით რეფორმატორი შინაგანად ზოგადსაკაცობრიო „პროგრესის" მიმდევრად გრძნობს თავს და ამ გლობალისტური მიზნის მისაღწევად არ იშურებს ძალასა და ენერგიას.

   საეკლესიო რეფორმატორებს მიაჩნიათ, რომ რეფორმებით, განმაახლებლობით გამოასწორებენ ეკლესიას, ეკლესიურ ცხოვრებას. სინამდვილეში, ყველა მათი მცდელობა არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ამქვეყნიური, გლობალისტური რელიგიის შექმნისაკენ, მისი „სრულფასოვანი" წევრობისაკენ.

   საეკლესიო რეფორმატორები, როგორც წესი, პროგრესის იდეით, სულიერად დასნეულებული ადამიანებია, რომლებიც გეგმავენ და ახორციელებენ კიდეც ამ რეფორმას.

   რეფორმატორები ქმნიან აზრს, რომ რეფორმა საყოველთაო მოთხოვნაა, სინამდვილეში მიზანი სულიერი ფერისცვალებაა და არა გარეგნული წეს-განგების მარტოოდენ მოწესრიგება. ამდენად, რეფორმა არა საყოველთაო, არამედ ერთეული, მოდერნისტულ-ეკუმენისტურად მოაზროვნე სუბიექტების, როგორც წესი, მავანის მიერ მართულების მოთხოვნაა. მათ არ სურთ ძველი, კანონიკური დოგმატური წესებით ცხოვრება და მისდამი მორჩილება და ირჩევენ მეორე გზას (ადმინისტრაციულ, დისციპლინირებულ მმართველობას), რომელიც გარეგნულად აწესრიგებს ვითარებას, ხოლო შინაგანად სრულ ქაოსსა და უწესრიგობას აყალიბებს.

   ამიტომ საეკლესიო რეფორმის (ნებისმიერ რელიგიაში) მოაქვს მხოლოდ უარესი შედეგი: კიდევ უფრო დიდი ნაბიჯებით სვლა გაამსოფლიურობისაკენ, მოჩვენებით სულიერებისაკენ. ამიტომ მათი ხედვები, ქადაგებები, მისიონერული მოღვაწეობა სულაც არ ემსახურება მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანს, არამედ მასობრივი რელიგიის წისქვილზე ასხამს წყალს, რაც მძიმედ მოუტრიალდება თავად ეკლესიას.

   ამრიგად, ეკლესიის ცხოვრების გამოცოცხლება თუ მოწესრიგება მხოლოდ და მხოლოდ სულიერი ფერისცვალების შედეგად არის შესაძლებელი და არა რეფორმებითა და განმაახლებლობით.

   რეფორმების სხვადასხვა ფორმა არსებობს: საღვთისმეტყველო რეფორმა, როდესაც დარტყმა მართლმადიდებლურ სწავლებაზე მიმდინარეობს, საღვთისმსახურო რეფორმა - ცვლილებების შეტანა ლიტურგიკულ ცხოვრებაში, ძველი წეს-განგების რეფორმა; ზნეობრივი რეფორმა - კანონების შერბილება უკიდურეს, მიუღებელ დონემდე (მაგ. მღვდლების მეორე ქორწინება და მისთ.); ადმინისტრაციული რეფორმა - ეკლესიაში ძალაუფლებას იგდებს ხელში რეფორმატორები, რომლებიც მკაცრად აკონტროლებენ სარეცენზიო და საკადრო მიმართულებას, რათა თავისი შეხედულებების პირებს მიეცეს ყველანაირი გასაქანი, ხოლო ძველმოდურად მოაზროვნენი უკიდურესად შეავიწროვონ.

   რეფორმატორებს საკუთარი პათოლოგიური საუბარი გააჩნიათ. ისინი მისაღებია მხოლოდ მათი წრისთვის, ხოლო ჭეშმარიტი ორიენტირების მქონე ადამიანს ისინი ზრდილობის გულისთვის, ან აზრის გაგებისა და სამომავლო ინტერესებისთვის იყენებენ.

   ეს იგივე ცრუმისიონერობა, ცრურელიგიურობა, ცრუაღმსარებლობაა, რომელიც ესოდენ სასურველია ამასოფლის რელიგიისთვის.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება