მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > გამაფრთხილებელი ხმა (ნაწილი 2)
გამაფრთხილებელი ხმა (ნაწილი 2)18-10-2018, 00:02 |
მამა ლაზარე განგვიმარტავს, რომ მორჩილებაზე საუბრისას წმ. ეგნატე გულისხმობს ზნეობრივ მორჩილებას, რაც სულში აღესრულება საკუთარი თავის, გონებისა და გულის მორალური სულიერი აღზრდისათვის და არა გარეგნული მორჩილება, რაც აუცილებელი და საჭიროა ყველა მონაზვნური საცხოვრისისათვის და ზოგადად ხალხთან ურთიერთობისათვის. გამოირიცხება მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ბრძანება თუ რჩევა არის აშკარად ცოდვიანი. ზნეობრივად, მთელი სულითა და გულით, სრული მორჩილებით ვინმეს რომ მიენდო, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა დარწმუნებული ხარ - გადმოგეცემა ჭეშმარიტი სწავლება, მუდმივად დადასტურებულ-დამტკიცებული მასწავლებლის პირადი, სათნო ცხოვრებით, რაც სახარებისეულ სულთან და ეკლესიის წმინდა მამებთან თანხმობაშია, ის საკამათო არ არის". მ. დორიმედონტი თავის ნაშრომში ირწმუნებოდა, რომ მოგვაწვდიდა „მნიშვნელოვან დაზუსტებებს მორჩილების სხვადასხვა ფორმისა და ხარისხის შესახებ". თუმცაღა, მამა ლაზარეს აზრით, „მის განმარტებებში ეს ფორმები უფრო ბუნდოვანი ხდება. იგი თითქოსდა განასხვავებს მორჩილებას „საკუთარი ნების მოკვეთის თვალსაზრისით" მონასტერში გარეგნული მსახურებისაგან. ამასთან აღნიშნავს, რომ წმინდა ეგნატე ამ განსხვავებებს ერთმანეთში ურევს და მორჩილს მხოლოდ გარეგნული, ქმედითი ფორმით ფარგლავს. მაგრამ აქ მღვდელმონაზონი თავად ურევს ერთმანეთში მნიშვნელობებს, როდესაც გარეგნულ, ქმედით მორჩილებას, ნების მოკვეთას, წმინდა მამათა სწავლებით, საფუძვლად შინაგანი, სულიერი მორჩილება, განსჯის მორჩილება უნდა ჰქონდეს!" შემდეგ ის წერს: „ყველაზე უფრო შედეგიანი მორჩილება, სწორედ განსჯის მორჩილებაა და არა მხოლოდ საკუთარი ნების გარეგნული მოკვეთა. მორჩილება მხოლოდ ამით განსხვავდება მონობისაგან, მიუხედავად იმისა, რომ გარეგნული ფორმით ისინი მსგავსი შეიძლება იყოს". ასეთი დაყოფა საკუთარი განსჯის უარყოფისა და საკუთარი ნების მოკვეთის ღვაწლისა უცნაურია, შენიშნავს მამა ლაზარე. წმინდა მამათა ასკეტური ნაწერები საკუთარი ნების მოკვეთაში მრავლისმომცველ ქმედებას გულისხმობენ, რომელიც მთლიანად შინაგანი კაცის გამოსწორებისკენ არის მიმართული და სულის ყველა ძალას აღძრავს, მათ შორის გონებრივ ძალასაც. ასეთივე შეხედულებებს ვხვდებით წმინდა ეგნატეს სწავლებებშიც". მამა ლაზარე მრავალ ამონარიდს გვთავაზობს წმინდა ეგნატეს თხზულებიდან, სადაც მორჩილებაზე წმინდანის სწავლება ძველი დროის წმინდა მამათა სწავლების იდენტურია და არამც და არამც არ უარყოფს მას. „ამრიგად, ვფიქრობთ, რომ წმინდა ეგნატეს სიტყვებისა და სწავლებისადმი მხოლოდ უყურადღებო დამოკიდებულებამ შეიძლება ჩაგვაგონოს აზრი, თითქოს წმინდა ეგნატე დღეისთვის მონასტერში მორჩილების აღსრულების შესაძლებლობას მხოლოდ იმ თავისებური სახის მორჩილებით შემოფარგლავს, რომელიც უფრო მსახურებაა, დაქვემდებარებაა, შემსრულებლობაა, მონასტრული შრომაა, ხოლო მორჩილებას საკუთარი ნებისა და საკუთარი განსჯის მოკვეთის გაგებით, შეუძლებლად მიიჩნევს ჩვენს დროში, ანდა იგი მორჩილების ამ ორ სახეობას არასათანადოდ განასხვავებს ერთმანეთისაგან..." როგორც უკვე აღვნიშნეთ, წმინდა ეგნატე მონაზვნისთვის ჩვენს დროშიც კი შესაძლებლად და აუცილებლადაც მიიჩნევს არა მარტო გარეგნულ და ქმედით, არამედ სწორედაც სიღრმისეულ მორჩილებას თვითნებობისა და საკუთარი მოსაზრების უარყოფით, სულიერი ხელმძღვანელისთვის გულისსიტყვების ხშირი განდობა-აღიარებით. თუმცა მასთან მართლაც ვხვდებით არცთუ მცირეოდენ სიფრთხილეს თანამედროვე „ბერ-მოძღვრისადმი" სრულიად მინდობის თვალსაზრისით. წმინდა ეგნატე მონასტრულ მორჩილებას, საკუთარი ნების მოკვეთას (მათ შორის განსჯის), თვითნებობის მოკვეთას განასხვავებს იმ საიდუმლო მორჩილებისაგან, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ბერ-მოძღვრისადმი მორჩილება ამ სიტყვის უზენაესი მნიშვნელობით. და ეს უკანასკნელი (ბერ-მოძღვრისადმი მორჩილება ისეთი სახით, როგორიც ეს იყო უძველეს მონაზონთა შორის) „ჩვენს დროს არ ეძლევა". შემდეგ მამა ლაზარე გვიხსნის წმ. ეგნატეს სწავლებას ჩვენ დროშიც შესაძლებელი და აუცილებელი მორჩილების შესახებ და იმის შესახებაც, რის მიღწევასაც იგი სათუოდ მიიჩნევს დღესდღეობით: „თქვენი სურვილი, იმყოფებოდეთ გამოცდილი ხელმძღვანელის სრულ მორჩილებაში, სულ ამაოა. ეს ღვაწლი ჩვენს დროს არ მიეცემა. ჩვენს დროს სხვა ღვაწლი მიეცა, რასაც უამრავი სირთულე და დაბრკოლება ახლავს. ჩვენ მოგზაურობა გვიწევს დღისით, არა მზის მკვეთრ სინათლეში, არამედ ღამით, მთვარისა და ვარსკვლავების მკრთალ შუქზე. ჩვენ სახელმძღვანელოდ წმინდა წერილი მოგვეცა: ამას ბოლო დროის მამები პირდაპირ ამბობენ. წმინდა წერილით ხელმძღვანელობისას სასარგებლოა მოყვასის რჩევებიც, სახელდობრ მათი, ვინც თავად ხელმძღვანელობს მამათა ნაწერებით... ჩვენს ღვაწლს ღმრთის წინაშე აქვს ფასი - მის სასწორზე აიწონება ჩვენი უძლურება, ჩვენი შესაძლებლობებიც, გარემოებები და თვით დროც". მღვდელმონაზონი დორიმედონტი კი ამბობს, რომ „მორჩილების უსაფრთხო გზაა საკუთარი ნება სხვის ნებას დავუქვემდებაროთ". აქ კი გაოგნებას ვერ ფარავს მამა ლაზარე: „სხვის ნებას დავუქვემდებაროთ? ნუთუ იმაში მდგომარეობს ღვთივსათნო მორჩილება, რომ საკუთარი ნება კიდევ სხვის ნებას ბრმად დაუმორჩილო?" მამა ლაზარეს აზრით, „საჭიროა განვასხვავოთ: დაქვემდებარება, საკუთარი ნების მოკვეთა და მორჩილება. ჩვენ უნდა დავექვემდებაროთ არა მარტო საეკლესიო, არამედ საერო ხელისუფლებასაც კი (იქ, სადაც იგი არ ეწინააღმდეგება სარწმუნოებას). საკუთარი ნების მოკვეთა გვმართებს თითქმის ყოველთვის და ყველაფერში - არა მარტო კაცთა, არამედ გარემოებათა წინაშეც (რამდენადაც ეს შესაძლებელია და არაა სულისათვის საზიანო). სულიერ საკითხებში კი, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი რელიგიური ცხოვრების მიმართულებას, შეიძლება ვენდოთ მხოლოდ სასულიერო პირებს, რომლებიც ნამდვილად მართლმადიდებლობის ერთგულნი არიან და გააჩნიათ გარკვეული სულიერი მიმართულება, კარგად უწყიან წმიდა მამათა სწავლება. მხოლოდ მათ მიმართ შეიძლება გვქონდეს ჭეშმარიტი მორჩილება. ხოლო ვინც ბრმად მიენდობა ისეთ მასწავლებელს, რომელსაც დამახინჯებულად ესმის ქრისტიანობა, უსათუოდ თვითონაც ჩავარდება იმავე ცდომოლებაში, გახდება არა ღმრთის, არამედ დაცემული ადამიანის ნების აღმასრულებელი". სწორედ ამ სულისკვეთებითაა გამსჭვალული წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის ნაშრომიც „ძღვენი თანამედროვე მონაზვნობას": „თვალნათელია, რომ დაცემული ნების მოკვდინება, ასე დიდებულად და წარმატებულად აღსრულებული სულიწმიდის ნებით, ვერ მოხდება მოძღვრის დაცემული ნების მიერ, როდესაც თავად მოძღვარი ჯერ კიდევ ვნებების ტყვეობაშია". „თუკი ბერ-მოძღვრისადმი მორჩილება თავისთავად მოიცავს საკუთარ თავში ძალას, რომელიც ყველა ნაკლულევანებას ფარავს, - გაოგნებით კითხულობს მამა ლაზარე, - მაშ რა საჭიროა წმიდა მამათა ეს გაფრთხილებები და გამონათქვამები იმ უბედურების შესახებ, რაც შესაძლოა მორჩილს შეემთხვეს, როცა იგი დაემორჩილება გამოუცდელ ან ვნებებში მყოფ მოძღვარს? რას ემსახურება ბერ-მოძღვართან დაკავშირებული ყველა განხილვა, გამოცდა, გამოძიება, მამები რომ აღწერენ? ასეთ შემთხვევაში უნდა გვესაუბრა მხოლოდ იმაზე, რომ მორჩილების აღსრულებისას მთავარია გვწამდეს: თვით უძლური და გამოუცდელი ბერ-მოძღვრისაგანაც კი, მორჩილის რწმენის შესაბამისად, მოდის, მოქმედებს ღმრთის მადლი და შიში გამოუცდელი მოძღვრის მხრიდან შეცდომების, ზიანის მიღების გამო არაფრის მომცემია". მორჩილების შესახებ კიდევ მრავალ საინტერესო სწავლებას ამოიკითხავთ ამ შესანიშნავ წიგნში. ცხადია, 300 გვერდიანი ნაშრომის სრულად გადმოცემა რამდენიმე გვერდზე შეუძლებელია. ვფიქრობთ, წიგნის ძირითადი სათქმელი მოვხაზეთ მაინც. დასკვნისთვის კი, რა თქმა უნდა, ისევ მამა ლაზარეს შეფასებას უნდა მოვუხმოთ: „დაე, მკითხველს ნუ მოეჩვენება, თითქოს ჩვენ ამ ნაშრომით იმის მტკიცებას ვცდილობთ, რომ მორჩილებამ, როგორც სულიერმა ღვაწლმა, დაკარგა ცხონების მსურველთათვის თავისი აუცილებლობა, მნიშვნელობა ჩვენს დროში, პირიქით: ამ პრობლემის არსის რკვევისას ჩვენ უფრო ნათლად დავინახეთ მისი მნიშვნელობაც, სიღრმეც და სილამაზეც!... ჩვენ შევეცადეთ, აგვეხსნა, რომ ყოველგვარი სულიერი ღვაწლი უფაქიზესი გულისმიერი მეცადინეობით აღესრულება, „სულისა და სამშვინველის გაყოფის" ზღვარზე, რასაც ყოველთვის თან ახლავს მრავალი შემაწუხებელი ძიება, ტანჯვა, წინსვლა და გულის გატეხვა... როგორც ბოლო დროის მამათა ცხოვრების მაგალითებმა გვაჩვენა, მორჩილებისა და თავის უარყოფის გზა, ღვთის ნების ძიება, გაცილებით რთული, ამაღლებული, ღრმა და მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ზედაპირულად, ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ეს ღვაწლი არანაირად არ თავსდება, არ ეტევა პრიმიტიულ ფორმულაში: „საკუთარი ნება სხვის ნებას დავუქვემდებაროთ". კიდევ ერთს დავამატებდით, მამა ლაზარეს გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მასთან ამ წიგნის შესახებ საუბრისას, ის გულისტკივილით აღნიშნავდა, „რატომ არ კითხულობს ხალხი წიგნებს ყურადღებით!" ამით იმის თქმა სურდა, რომ მის მიერ განხილული მორჩილების საკითხის არასწორი გაგება სწორედ უყურადღებოდ წაკითხვის მიზეზია.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |