მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > გამაფრთხილებელი ხმა (ნაწილი 1)

გამაფრთხილებელი ხმა (ნაწილი 1)


17-10-2018, 00:02

გამაფრთხილებელი ხმა (ნაწილი 1)

 

   არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) დიდად აფასებდა წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის შემოქმედებას. მის თითქმის ყველა ნაშრომში შენიშნავთ მრავალ ამონარიდს XIX საუკუნის ამ გამოჩენილი წმინდანის წიგნებიდან. მამა ლაზარეს ვერც კი წარმოედგინა, „თუ რას მოიმოქმედებდა ან როგორ აღიქვამდა გარშემო არსებულ რეალობას, თავის დროზე წმინდა ეპისკოპოს ეგნატეს სულიერი ცხოვრების ასკეტურ გამოცდილებას რომ არ ზიარებოდა".

   არქიმანდრიტი ძლიერ შეაშფოთა ათონის წმიდა მთაზე რუსი მღვდელმონაზვნის დორიმედონტის მიერ დაწერილმა ბროშურამ, რომელშიც გაკრიტიკებულია წმ. ეგნატეს წიგნი „ძღვენი თანამედროვე მონაზვნობას". მამა ლაზარე ჩვეული გულისხმიერებით გაეცნო ამ ნაშრომს და მის უსამართლოდ კრიტიკულ პათოსს, ცრუბრალდებებს ვრცელი წერილით უპასუხა; მეტიც: ჭეშმარიტი მორჩილების საკითხში თავად ავტორის ზედაპირული, არასწორი ცოდნაც ამხილა.

   პირველ ქვეთავში „ზრუნვით აღსავსე გამაფრთხილებელი ხმა" მამა ლაზარე მორჩილების სწავლების წმ. ეგნატესეულ ფრაგმენტებს გვთავაზობს. მათში წმინდანი განმარტავს, თუ რა არის ჭეშმარიტი მორჩილება, რამდენად აუცილებელი და მნიშვნელოვანია საკუთარი ნების მოკვეთა, სულიერი მოძღვრის წინაშე სრული გულახდილობა, პიროვნულ შეგრძნებებსა და განსჯაზე უარის თქვა, თუნდაც ისინი გარეგნულად კეთილი და კარგი გვეჩვენებოდეს და მისთ... იქვე იხილავთ მრავალი წმინდა მამის სწავლებას, რომელსაც ეყრდნობოდა წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი.

   ამის შემდეგ მამა ლაზარე წერს: „მაგრამ „ძღვენი..."-ს რამდენიმე თავში, მართლაც „ზრუნვით აღსავსე გამაფრთხილებელი ხმა" გაისმა. მაგალითად, თავში „განდეგილური ცხოვრების შესახებ" წმინდანი წერს, რომ „მორჩილება იმ სახით, როგორიც ძველ მონაზვნობაში იყო - ასეთი მორჩილება აღარ გვეძლევა ჩვენს დროში", „ასეთი მორჩილების აუცილებელი პირობა მადლმოსილი მოძღვრის არსებობაა, რომელიც სულიწმინდის ნებით მისადმი ღმრთის გულისათვის დამორჩილებულის დაცემულ ნებას მოაკვდინებს", „დაცემული ნების მოკვდინება, ასე დიდებულად და წარმატებულად აღსრულებული სულიწმიდის ნებით, ვერ მოხდება მოძღვრის დაცემული ნების მიერ, როდესაც თავად მოძღვარი ჯერ კიდევ ვნებების ტყვეობაშია"...

   სულიერი მორჩილების აუცილებლობა ყველანაირ პირობებს არ გულისხმობს: „მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიქცეს ასე, როდესაც იცის, რომ მისი სულიერი მამა სულიწმინდის თანაზიარია, რომ იგი მას ღმრთის ნების საპირისპიროს არაფერს ეტყვის, არამედ თავისი ნიჭითა და მორჩილის საზომის მიხედვით დააკისრებს ღმრთისთვის სათნოა და სულისათვის სასარგებლოს...". „დაე, გაიგონ, რომ მათი ზრახვა, აზრი და წარმოდგენა უდიდესი მონაზვნური ღვაწლის - მორჩილების შესახებ მცდარია... საშიში საქმეა - თავი სულიწმინდის ჭურჭლად წარმოადგინო, როცა სატანასთან ურთიერთობა ჯერ არ გაგიწყვეტია"... „ძველ მორჩილებს მათი მადლმოსილი მოძღვრები ღმრთის ნებას დაუყოვნებლივ და პირდაპირ აუწყებდნენ. ახლა კი მონაზვნებმა წმინდა წერილში თავად უნდა მოიძიონ ღმრთის ნება" და ა.შ.

   ერთი სიტყვით, მთელ ამ ნარატივს მღვდელმონაზონმა დორიმენტომ „ურჩობის ღმრთისმეტყველება" უწოდა. მამა ლაზარეს აზრით კი „წმ. ეგნატეს სწავლება, რომ ჩვენს დროში აღარ გვეძლევა ძველი დროის წმიდა მამათა სულიერი სიმაღლეების, მათ შორის მორჩილების, წვდომა, არა წმ. ეგნატეს, არამედ თავად დროის, თავად ეპოქის დაჟინებითი მოთხოვნაა".

   რაც დრო გადიოდა, ბერ-მოძღვრისადმი სრული მორჩილების მაგალითები სულ უფრო მცირდებოდა. XVIII ს-ში, წმ. პაისის (ველიჩკოვსკი) ეპოქაში მორჩილისადმი მოძღვრის უფრო ფრთხილი დამოკიდებულება შეინიშნებოდა.

   მამა ლაზარე წერს: „წმინდა პაისი ველიჩკოვსკის ცხოვრების აღწერა საშუალებას იძლევა, ჩვენ მიერ განსახილველ საკითხში ბევრ რამეს ნათელი მოეფინოს. მომავალი ბერ-მოძღვრის ყოველგვარი ძიება, ყველა მისი უმძიმესი თავგადასავალი და მწუხარება იმას მოწმობს, რომ კაცობრიობამაც და ქრისტიანულმა სამყარომაც სხვა ეპოქაში შეაბიჯა, აპოსტასურ ეპოქაში, სულიერი სიღატაკის ეპოქაში, სადაც თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება მხურვალე ქრისტიანული სარწმუნოებისაგან, მოშურნეობითი წვისგან და ღმრთის სიყვარულისაგან განდგომა, ნელთბილობისკენ გადახრა, ამასოფლის და საკუთარი თავის სიყვარული. სულ უფრო გასაგები ხდება გაფრთხილება, თავად ჩვენი მხსნელის მიერ ასე მწუხარებით ნათქვამი: „ხოლო მო-რაი-ვიდეს ძე კაცისაი, პოვოს-მეა სარწმუნოება ქუეყანასა ზედა?" (ლუკ. 18.8). სარწმუნოების განელების შესახებ XVIII საუკუნიდან დაწყებული თითქმის ყველა ბოლოდროინდელი მამა საუბრობდა და წერდა. წმინდა პაისიმ მრავალი ადგილი შემოიარა ჭეშმარიტი მონაზვნური სკოლის ძებნაში, მაგრამ ნანახმა მის სულიერ შიმშილს ვერ უშველა.

   წმ. პაისი ველიჩკოვსკი დიდხანს უარს ამბობდა ძმობის სულიერ ხელმძღვანელობაზე. ის განმარტავდა, რომ სხვების ხელმძღვანელობა სრულთა და უვნებელთა საქმეა, თავად კი უძლურია და ვნებების მქონე. მიუხედავად ამისა, მან ვერ შეძლო ძმათა თხოვნის აცილება.

   ბერ-მოძღვრის მიერ საძმოსთვის შედგენილ წესდებაში ხაზგასმულია მორჩილების ღვაწლის აუცილებლობა და მნიშვნელობა... მაგრამ იმავე წესდებაში ახსნილია ისიც, თუ როგორი უნდა იყოს წინამძღვარი: „მან წმინდა წერილი და მადლმოსილი მამების სწავლება უნდა შეისწავლოს და მათთან გადამოწმების გარეშე, თავისით ძმებს არაფერი შესთავაზოს - არც სწავლება, არც რჩევა; თუმცა ხშირად დამოძღვროს და ღმრთის ნება აუწყოს მათ. მორჩილების მიცემისას წმინდა წერილით იხელმძღვანელოს და ახსოვდეს, რომ ღვთის სიტყვა მისთვისაც და ძმებისთვისაც ცხონების საქმეში წინამძღოლი და გზამკვლევია; თვითნებურად, რჩევის გარეშე ნურაფერს ნუ დაიწყებს და გააკეთებს, არამედ შეკრიბოს სულიერ განსჯაში დახელოვნებული ძმები და მათი რჩევის შემდეგ, წმინდა წერილთან გადამოწმებით დაიწყოს და გააკეთოს".

   მამა ლაზარემ შენიშნა, რომ შემდგომში სახელგანთქმული ბერ-მოძღვარი - წმინდა პაისი ძალიან ფრთხილი იყო სწავლებისას - სანამ მნიშვნელოვან სულიერ შეკითხვას უპასუხებდა, სავარაუდო პასუხს, წმინდა წერილსა და წმინდა მამათა ნაშრომებში გადაამოწმებდა ხოლმე...

   ის სამწუხარო გარემოებანი, რაც ჭეშმარიტი მონაზვნის მაძიებელ წმინდა პაისის შეხვდა, საცნაურია ბევრისთვის, ვისაც კი იმავე მიზნით მოუწია მოგზაურობა დღევანდელ დროში. წმინდა პაისისა და მისი თანამოღვაწეების, მიმდევრების წყალობით, ამჟამად ჩვენ გვაქვს წიგნები, მრავალი მშვენიერი ტექსტი, რომელსაც იმ რთული ძიების გზა შეუძლია შეამსუბუქოს. ისინი ჩვენთვის შუქურასავით არიან - მღელვარე სტიქიებს გადარჩენილი სავანის მიმართულებას გვიჩვენებენ..."

   ცნობილია, რომ წმ. ეგნატეს ხშირად ადანაშაულებენ, რაკი ბერ-მოძღვარი ლეონიდ ოპტინელის მორჩილებაში არ დარჩა სამუდამოდ. მაგრამ თავად ბერ-მოძღვარმა ლეონიდემაც ხომ უცბად ვერ მოძებნა თავისი სულიერი მოძღვარი, ვინც მას სულიერად დააპურებდა...

   სულიერი ხელმძღვანელის შერჩევისა და საკუთარი ცხონების მისთვის გადაბირების საკითხში ზოგიერთმა, შესაძლოა, წმინდა პაისის (ველიჩკოვსკი) უსაყვედუროს კიდეც. ბერ-მოძღვრის პოვნის სურვილით ანთებულმა, მან მრავალი მოღვაწე მოიარა, რამდენჯერმე საკმაოდ გამოცდილი სულიერი მოძღვრის მორჩილებაშიც იმყოფებოდა, მაგრამ, რაღაც მაინც არ ჰყოფნიდა. როგორც მისი ცხოვრებიდან ჩანს, ჩუმად გაიქცა თურმე იმ მონასტრიდან, სადაც წინასწარხედვის ნიჭით გამორჩეული მამებიც კი იყვნენ...

   აღსანიშნავია, რომ ოპტინელმა ბერ-მოძღვარმა მაკარიმაც მალევე ვერ მიაგნო ისეთ ხელმძღვანელს, მის სულიერ მოთხოვნებს სრულად რომ დააკმაყოფილებდა". (გაგრძელება...)

  

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება