მთავარი > თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სევდით დამძიმებულ სულს (ნაწილი 2)
სევდით დამძიმებულ სულს (ნაწილი 2)22-10-2018, 00:02 |
ჩვენი თანამედროვე მამის ალექსანდრე ელჩანინოვის სიტყვებით: „საჭიროა სისტემატური კითხვა სულის სასარგებლო ნაშრომებისა. აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ერთადერთი მიზანი ჩვენი ცხოვრებისა. აქ საჭიროა ერთგვარი ასკეტიზმი, თავშეკავება, თავის დაძალება. ყოველი ქრისტიანი მოღვაწეა - დაიმახსოვრე ეს! კაცობრივი ბუნება იმდენად დაზიანებულია, რომ საჭიროებს მკაცრ ზეწოლას ყოველდღე და ყოველ საათს, რათა საკუთარ თავზე ძალდატანებით ჩვენი ცხოვრება სახარებისეულ ფასეულობათა შესატყვისი იყოს". მაგრამ ჩვენ მეტისმეტად მართულნი ვართ ირგვლივ მყოფ წარმართთა ცხოვრების წესით. ვცხოვრობთ თითქმის იმავე ცხოვრებით. განსხვავება მხოლოდ ზოგიერთ განყენებულ შეხედულებებშია, მხოლოდ ზოგიერთ საქციელში თუ რელიგიური რიტუალის შესრულებაში. ჩვენ იგივე ინტერესები გვამოძრავებს, ისევე ვაფასებთ მიწიერ ფასეულობებს, იმავე მანერით ვესაუბრებით ირგვლივ მყოფ ადამიანებს, ისეთივე გართობა გვახასიათებს, როგორც წარმართებს, მაშინ როდესაც ჩვენი ურთიერთკავშირი, ინტერესები, გემოვნება, მანერა, საუბრის ტონი, ჟესტები, აღარაფერს ვამბობ ურთიერთობაზე პოლიტიკურ და კულტურულ ფასეულობებთან უნდა იყოს სრულიად განსხვავებული მათგან. წარმართთათვის მიწიერი ცხოვრებით მთავრდება ყველაფერი, მეტს ისინი არ ელიან. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სიკვდილი ყველაფრის დასასრულია. ამა ქვეყნის სიამეებით ტკბობა არის ერთადერთი მიზანი მათი ცხოვრებისა. მაგრამ, ჩვენ, ქრისტიანებმა, ხომ ვიცით, რომ ადამიანში არა სხეული, არამედ სულია მთავარი, რომ მთელი ჩენი მიწიერი ცხოვრება არაფერია, თუ არა მარადისობისთვის მზადება: რომ სიკვდილის შემდეგ სული არ ქრება, არამედ მხოლოდ სხეულს ტოვებს, და თუ ამქვეყნად ღვთის მცნებებით ვიცხოვრებთ, აღვდგებით განახლებული სხეულით საშინელი სამსჯავროს დადგომამდე და მარადიულ სიხარულს დავიმკვიდრებთ. ის კი, ვინც განეშორა ღმერთს და არ შეინანა საკუთარი ცოდვები, საუკუნო სატანჯველს ვერ ასცდება". შემდეგ მამა ლაზარე ყოველივე ამის მცოდნე ქრისტიანებს გვაფრთხილებს, შეგვაგონებს, რათა ჩვენც არ გავებათ იგივე მახეში. „მაშ, უკუეთუ ყოველივე ისე გვწამს, როგორც გვასწავლის ეკლესიური სწავლება, შეიძლება განა, ჩვენი ცხოვრება ჰგავდეს ურწმუნოთა ცხოვრებას და გვქონდეს იგივე ინტერესები, გემოვნება თუ განწყობა? რა თქმა უნდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა არაეკლესიურ ადამიანს ვუყურებდეთ ცერად, ან ფარისეველივით გვძულს მათთან შეხებაც კი. მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ჩვენ უნდა გვეშინოდეს და ვერიდებოდეთ მათ ემოციებს, გემოვნებებს, ინტერესებს, სხვადასხვა ავადმყოფურ გამოვლინებებს. ჩვენ კიდეც უნდა გვიყვარდეს, გვეცოდებოდეს, პატივს ვ ცემდეთ მათ, უნდა გვსურდეს გზააბნეული წარმართების ქრისტიანულ გზაზე მოქცევა, თუ ეს შესაძლებელია. მაგრამ უნდა ვიყოთ მეტისმეტად ფრთხილად, რათა ჩვენ არ გავებათ ბადეში. ასე რომ, ვფიქრობ, უკეთუ ხშირად გავიაზრებთ, რა გველოდება უახლოეს მომავალში - სიკვდილის ჟამს და საშინელ სამსჯავროზე, შემდეგ კი მარადისობაში, თუკი გავაცნობიერებთ ამა სოფლის საქმეების ამაოებას, მაშინ უთუოდ მოვერიდებით მათთან მეგობრობას, აღარ განვეწყობით სიმპატიით, ცოდვიანი გართობებისა და მაცდუნებელი სიკეთეების მიმართ, რის შედეგადაც ცოტათი მაინც აღვენთებით მოშურნეობითა და სიყვარულით ღვთისადმი, შრომითა და ღვაწლით გავძლიერდებით, რათა გავხდეთ ზიარნი ჭეშმარიტი კეთილდღეობისა საუკუნო ცხოვრებაში. მამა ლაზარე მომდევნო თავებში უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. კერძოდ: რა არის მიზანი და არსი ჩვენი ცხოვრებისა, რას ნიშნავს ხატება და მსგავსება ღვთისა ადამიანში, როგორაა მოწყობილი ადამიანი შემოქმედის მიერ, ამა სოფლიდან მარადიულობაში გადასვლის რაობის შესახებ. რა არის საერთოდ ჩვენ ირგვლივ არსებული სამყარო, როგორია მისი სული, და როგორი დამოკიდებულება გვქონდეს მისდამი. ეს და მრავალი სხვა საკითხი მამა ლაზარესთვის ჩვეული წერის მანერითაა შემოთავაზებული, კერძოდ, მიმოიხილავს პრობლემის არსს, წარმოაჩენს აღნიშნული საკითხის მანკიერ მხარეებს და შემდეგ, წმ. მამათა სწავლების საფუძველზე, გვიჩვენებს გზას, როგორ დავაღწიოთ თავი ამა თუ იმ სულიერ პრობლემას. მაგალითად, პირველ თავში, რომელშიც საუბარია ადამიანის ცხოვრების მიზანსა და არსზე, მამა ლაზარე გვმოძღვრავს, რა ხშირად ქრისტიანი გულითა და გონებით მიეცემა მიწიერი ინტერესებისაკენ, ვოცნებობთ, ვფიქრობთ ამქვეყნიურ სამყაროზე. დიდად გვაინტერესებს, რა ხდება შორეულ ამერიკაში, ავსტრალიაში, ვივსებით ცნობისმოყვარებით, როგორ ცხოვრობენ იქ ადამიანები და მისთ... ამასთან, როგორ იშვიათად, ცივად, უგემოვნებოდ ვეკიდებით უმთავრეს საკითხს, მეცნიერებათა მეცნიერებას - ქრისტიანობას. რამდენად ცოტას ვფიქრობთ ღმერთზე, ამქვეყნად ჩვენი არსებობისა და დანიშნულების შესახებ... ჩვენ ხშირად ვეძებთ დამნაშავეებს ამა თუ იმ პოლიტიკური არეულობის მიზეზს, განვიხილავთ პოლიტიკოსების შეცდომებს, ბრალს ვდებთ ამა თუ იმ საკითხის არამართებულ გააზრებაში და ა.შ, ხოლო თავად მივეცემით ურიცხვ ვნებებსა და შეცოდებებს, ვარღვევთ ქრისტიანობის ძირეულ კანონებს, გვავიწყდება, ვის წინაშე უნდა წარვსდგეთ..." ამის შემდეგ, მამალაზარე თავის აზრს წმ. მამების სწავლებით ამყარებს, იმ უტყუარ ფუნდამენტზე, რომელზეც აგებულია მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება. ცხადია, ეს ერთობ მოკლე მიმოხილვაა ამ შესანიშნავი ნაშრომისა, თუმცა ჩვენი ამოცანაა, არქიმანდრიტის ძირითადი სწავლების წარმოჩენა, რითაც მისი სულიერი პორტრეტი მკაფიოდ წარმოჩინდება.
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |