მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > აღდგომა ჯვარცმის გარეშე ანუ ეკუმენიზმი (ნაწილი 2)
აღდგომა ჯვარცმის გარეშე ანუ ეკუმენიზმი (ნაწილი 2)13-10-2018, 00:02 |
ჩვენ უკიდურესად ვბრკოლდებით, ვწუხვართ, ვდრტვინავთ ეკუმენიზმის უამრავი მკრეხელობის (ერთობლივი ლოცვა, თანაზიარება და მისთ.) შემხედვარე... ბევრი შემთხვევა ვიცით, რომ ადამიანი სწორედ ეკუმენიზმმა დააბრკოლა და იმიტომ წავიდა ეკლესიიდან. ეკუმენისტები მზად არიან ასე სათუთად და სიყვარულით მოითმინონ მწვალებელთა ნებისმიერი მოუქნელი საქციელი, თვითონ კი ყველანაირი „ელასტიურობა" და უხერხემლობა გამოიჩინონ მათთან ურთიერთობაში... მათთვის კი, ვისაც სურს მკაცრად მისდიოს მართლმადიდებლურ მოძღვრებას, მხოლოდ დამცინავ ღიმილს იმეტებენ, თანაც გონებაშეზღუდულობას, „ელემენტარული საკითხების" არცოდნას, ფანატიზმს და ათას სხვა რამეს უკიჟინებენ. დაე, ეკუმენისტებმა წარმოგვიდგინონ იმათი სია, ვინც „მოქნილი დიპლომატიით" მართლმადიდებლობაზე მოაქციეს, ჩვენ კი იმ ადამიანთა სიას ვუჩვენებთ, ეკუმენისტების ფარისევლური საქციელის გამო რომ დაბრკოლდნენ და ჩამოშორდნენ ეკლესიას! რომელი მიზანი ამართლებს ამგვარ საშუალებებს? და მიზანი ვითომ ყველა მწვალებლის მართლმადიდებლობაზე მოქცევაა? კი მაგრამ როგორ? თუ მართლმადიდებლობის დოგმატებზე არაფერს ვიტყვით, როგორ უნდა დაგვიჯერონ, რომ ჭეშმარიტება ჩვენ გვიპყრია? მეორე მხრივ: თუ ამ საკითხებზე კამათს წამოვიწყებთ, მაშინ უკვე დაწყებულ პოლემიკას უნდა მივუბრუნდეთ, ჯერ კიდევ მსოფლიო კრებებზე რომ მიმდინარეობდა! მაგრამ, ცხადია, ეკუმენისტებს ამ კრებების ხსენებაზეც კი აცახცახებთ. ისინი მზად არიან უმალ თავიანთი, ახალი კრება მოიწვიონ, რათა ყველა ადრინდელი კრების დადგენილებას გადახედონ (რაც განახორციელეს კიდეც „კრეტის კრების" სახით). თუმცა კიდევაც რომ დავუშვათ და ჩვენი ეკუმენისტების თავგანწირული მოღვაწეობის შედეგად უცხო სარწმუნოების აღმსარებელთა მოზრდილმა ნაწილმა მართლმადიდებელ ეკლესიაში გადმოსვლა გადაწყვიტოს, გაახარებთ კი ეს ამბავი ეკუმენისტებს? არამგონია! ამდენი ადამიანის მართლმადიდებლობაზე მოქცევა ხომ იმათ მძაფრ პროტესტს გამოიწვევს, ვინც თავისი სარწმუნოების ერთგული დარჩება. მაშასადამე, ისევ მტრობა ჩამოვარდება! ისევ განყოფა, ისევ განხეთქილება? აბა რა ვუყოთ „მშვიდობას მთელ მსოფლიოში?" მამა ლაზარე ეკუმენისტებს შორის არსებულ განსხვავებასაც ხედავს, რამდენადაც ზოგიერთი ადამიანი გატაცებულია ეკუმენიზმის იდეებით: „ერთნი უარყოფენ, რომ ჭეშმარიტების „სავსება" მხოლოდ მართლმადიდებლობაშია და ფიქრობენ, რომ ის ნაწილობრივ სხვა კონფესიებშიც არის; სხვანი მართლმადიდებლობას, როგორც მორალურ - ასკეტურ მოძღვრებას, სხვა რელიგიებზე უფრო მაღლა მდგომად მიიჩნევენ, მაგრამ არ ანიჭებენ რაიმე უპირატესობას, როგორც ღმრთის მადლის მატარებელს. დანარჩენები საერთოდ არ ცნობენ განსხვავებას კონფესიებს შორის და მიაჩნიათ, რომ ჭეშმარიტება ნაწილ-ნაწილ ყველა რელიგიას ეძლევა და მათი გაერთიანება მხოლოდ ურთიერთგამდიდრებას გამოიწვევს". მაგრამ ყველაზე სახიფათო კატეგორიას ეკუმენისტებისას, მამა ლაზარეს აზრით, შეადგენენ ისეთი ეკუმენისტები, რომლებსაც სწორედ რომ რელიგიური პრობლემების გადაჭრა სურთ. ისინი ეკუმენიზმში „ახალი რელიგიის ჩანასახს ხედავენ, რომელიც ყველაზე სრულყოფილი, უნივერსალური, მისაწვდომი და ყოვლისმომცველი იქნება და მხოლოდ ის შეძლებს მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტას". მამა ლაზარე იკვლევს, თუ რა იწვევს ამგვარ მეოცნებეობას: „მიზეზი, ალბათ, პირველ ყოვლისა იმაში უნდა ვეძებოთ, რომ თანამედროვე ადამიანებმა მეტისმეტად შეიყვარეს მიწა, ეს სოფელი, საკუთარი თავი ამ სოფელში... მეორე: ადამიანის გონება რაციონალისტური გახდა, იგი შეეჩვია მხოლოდ სივრცისა და დროის კატეგორიებით აზროვნებას, ყოველივე ის კი, რაც ხილული სამყაროს მიღმა დგას, მის შემეცნებაში ვერ თავსდება... და მესამე: სულიერი სიბრმავე, გულისსიტყვების, გრძნობების, ქცევების გარჩევის ანუ სულიერი გამოცდილების უქონლობა, საკუთარი სულიერი მდგომარეობის უცოდინარობა... სწორედ საკუთარი ცოდვილობის ვერშეგრძნობისგან, სულიერ სნეულებათა მიმდინარეობისა და მისი განკურნების გზების არცოდნისაგან, საკუთარი სიკეთისა და ძალების გადაჭარბებული შეფასებისაგან იშვება დოგმატებისადმი ცივი და აგდებული დამოკიდებულება... აი რამ შობა დღევანდელი საშიში ტენდენცია ადოგმატიზმისა". დამახინჯებული მიდგომა დოგმატისადმი, როდესაც მას რაღაც განყენებულად, რეალური ცხოვრებისაგან მოწყვეტილად სახავენ, უარყოფს დოგმატებსა და მცნებებს შორის მჭიდრო კავშირის არსებობას. ამ ვითარების გამოსწორება, მამა ლაზარეს აზრით, მაშინ ხდება შესაძლებელი, როდესაც სული დოგმატების მნიშვნელობას გამოცდილებით შეიტყობს, როცა ზნეობრივ - ასკეტური საკითხებისადმი ინტერესიდან „დოგმატურ ცხოვრებაზე" გადადის და ისინი მისთვის ყველაზე ძვირფასი ხდება. და მაშინ ადამიანი დოგმატებს უკვე გულით ეკიდება და არა გონებით... და მაშინ ეს ერთი შეხედვით ცივი, დოგმატური ჭეშმარიტებები უეცრად შინაგანი ცეცხლით ნათდება და ყველა სხვა საშუალებაზე მეტად ათბობს გულს, რადგანაც ღმრთის მადლი ეფინება აღმსარებლის სულს... ეკლესიის ღვთისმეტყველება, ანუ ჩვენი სარწმუნოების დოგმატები იმის გადმოცემაა, რაც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა გამოცდილებით შეიტყვეს... დღეს კი სიტყვა „დოგმატი" ან „დოგმატური ღვთისმეტყველება" ზოგიერთს ლამის ლანძღვა-გინება ჰგონია, თითქოს დოგმატი სიცოცხლის მტერი იყოს. სინამდვილეში დოგმატის არარსებობა ყველა ცდომილებისათვის ღია კარის დატოვებას ნიშნავს. ადოგმატიზმი ქრისტიანებს აზროვნებას, ტყუილისაგან ჭეშმარიტი მოძღვრების გარჩევას ავიწყებს". მამა ლაზარეს აზრით „დოგმატი მკაცრად განსჯის იმ ქრისტიანულ საზოგადოებებს, რომლებიც ეკლესიის ხანგრძლივ ისტორიას არაფრად აგდებენ და თავიდან იწყებენ საკუთარი „ქრისტიანობის" შექმნას". და ბოლოს იგი ასკვნის: „ეკუმენიზმის ხე მთლიანად განდგომილების ნიადაგზე იზრდება, იგია ბოროტი თესლი, სწორედ ის სარეველა, რომელსაც უფლის ანგელოზები უშრეტ ცეცხლს მისცემენ. მცდარია აზრი, რომ „გარკვეული დიპლომატიის" პირობებში ამ ხეს ნოყიერი, ჩვენთვის სასარგებლო ნაყოფის გამოღებაც შეუძლია!"
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |