მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, საცდურები, ეკუმენიზმი, მთავარი გვედის ფოტო > აღდგომა ჯვარცმის გარეშე ანუ ეკუმენიზმი (ნაწილი 1)
აღდგომა ჯვარცმის გარეშე ანუ ეკუმენიზმი (ნაწილი 1)12-10-2018, 00:02 |
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე), როგორც მოგახსენეთ, გახლდათ შეუპოვარი ანტიეკუმენისტი. ცნობილია, რომ ეკუმენიზმი ეკლესიოლოგიური ერესია. მისი იდეოლოგიის თანახმად, ყველა რელიგია ღმერთამდე მიდის, თავისი წილი „ჭეშმარიტება" ყველას გააჩნია; შესაბამისად, ყველას (ყველა რელიგიის წარმომადგენელს) აქვს ცხონების საშუალება. მართლმადიდებლურ სივრცეში ეკუმენისტური იდეების შემოჭრამ ბიძგი მისცა წმიდა მამათა სწავლებისადმი უნდობლობის გავრცელებას, მართლმადიდებლობის არსის თვითნებურ განმარტებას, მისი დოგმატური სწავლებისადმი გულგრილ, უპრინციპო დამოკიდებულებას... ამ მოვლენამ მრავალი მართლმორწმუნე ქრისტიანი (სასულიერო პირები თუ ერისკაცები) ძლიერ შეაშფოთა. ცხადია, მამა ლაზარე, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული ანტიეკუმენისტი, არ და ვერც დარჩებოდა განზე ამ პროცესებისაგან, მეტიც, თავად გახლდათ ეკლესიაში შემოჭრილი დამღუპველი სწავლების წინააღმდეგ ბრძოლის მედროშე. ნაშრომში „აღდგომა ჯვარცმის გარეშე ანუ ეკუმენიზმი" საფუძვლიანადაა განხილული ეკუმენისტური იდეების მართლმადიდებლურ წიაღში გავრცელების გამო მოსალოდნელი საფრთხეები. პირველივე წინადადებიდან მოუწოდებს მამა ლაზარე მართლმადიდებელ ქრისტიანებს გაარკვიონ თავიანთი პოზიცია. „დღეს უკვე ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის გარდაუვალი გახდა, გაარკვიოს თავისი პოზიცია და გადაწყვიტოს - ვის მხარეზე დადგეს: მართლმადიდებლობის თუ ეკუმენიზმის! ამ არჩევანის თაობაზე განყენებული და ბუნდოვანი მსჯელობა აშკარა სიცრუის სახეს იღებს. ეკუმენიზმი საკმაოდ ნათლად გამოიკვეთა, საკმაოდ კონკრეტული განცხადებები გააკეთა და საკმაოდ გასაგებად გამოამჟღავნა თავისი სულისკვეთება. ამიტომ მართლმადიდებელი ქრისტიანები თავს ისე ვეღარ დაიჭერენ, ვითომც აქ არაფერიაო. მართალია, ჩვენი ეკლესიის მრავალი წევრი - ერისკაცი, მღვდელი თუ მღვდელმთავარი - აცხადებს, რომ ეკუმენიზმმა შესაძლოა დადებითი როლიც კი შეასრულოს, მაგრამ ამგვარი შეხედულება სავსებით მცდარია. ეკუმენიზმი დამანგრეველ ძალად დარჩება ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმართ. ეს აშკარა ბოროტებაა, თანაც დახვეწილი მზაკვრობით, თვალთმაქცური მომხიბლაობით გამორჩეული... ჩვენ ვეყდრნობით წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებს, საღმრთო წერილისა და წმ. მამათა გადმოცემების უამრავ მოწმობას, წმ. მოციქულთა კანონებს, დიდი სჯულის კანონს, წმ. მამათა ცხოვრების მაგალითებს, თანამედროვე ბერების, მღვდლების, ერისკაცების უმეტესობის აზრს, ამასთან ვიმოწმებთ მართლმადიდებელ მოწამეთა დიდი დასის მიერ დაღვრილ წმიდა სისხლს, ვით უცილობელ საბუთს და ვამტკიცებთ: ნებისმიერი რელიგიური ურთიერთობა მწვალებლებთან, სარწმუნოებრივ საკითხებში მათთან ერთიანობისა და კავშირის მცდელობა, მართლმადიდებლურ სწავლებასა და ყველა ჯურის მწვალებლობას შორის განსხვავებისა და დოგმატური შეურიგებლობის მიჩქმალვა და სხვა ამგვარი თვალთმაქცობანი, რაც მართლმადიდებლებს ასწავლის დამალონ მათი სარწმუნოების საფუძველთა საფუძველი, მათი სულიერი ცხოვრების არსი, ანუ ის, რომ ჭერშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებლობაშია და სხვაგან არსად, არის ქრისტეს ღალატი, ჭეშმარიტი ღმერთისაგან განდგომა! ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, მტკიცედ გვწამს და ეჭვიც არ გვეპარება, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებლობაშია - გვწამს, რომ ცხონება, ზეციური სასუფევლის დამკვიდრება, კაცის ცხოვრების მთავარი მიზნის - განღმრთობის მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ქრისტიანს შეუძლია, მხოლოდ მას, ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრების მიხედვით ცხოვრობდა, ჩვენ ეკლესიაში დაცულ საიდუმლოებებს ეზიარებოდა, მათი მადლით იყო ნასაზრდოები, სინანულის სულს ითვისებდა, ქრისტესმიერი სიმდაბლისა და სიმშვიდის სულისკვეთებით მოღვაწეობდა და არა ხიბლისა და ამპარტავნების სულისკვეთებით და მტკიცედ მისდევდა ეკლესიის წმ. მამათა მოძღვრებას..." ამის შემდეგ მამა ლაზარეს სამზეოზე გამოქავს ეკუმენისტების მზაკვრული მეთოდები: „ეკუმენიზმი უმეტესად ცდილობს მიაგნოს რაღაც განმაზოგადებელსა და გამაერთიანებელს სხვადასხვა რელიგიებსა, კულტებსა, მოძღვრებებსა და მიმდინარეობებს შორის, რისთვისაც მზაკვრულ, მაღალფარდოვან ფრაზებს, ორაზროვან განცხადებებს, არტისტულ რეპლიკებს იყენებს. ხშირად გაისმის სიტყვები: „სიყვარული", „მშვიდობა მთელ მსოფლიოში", „ურთიერთგაგება", „ჰუმანურობა", და მისთ... ეკუმენიზმის ყველაზე მარჯვე დამცველები იმაშიც კი გვარწმუნებენ, რომ „ეკლესიათა გამყოფი კედლები ვერც ზეცას სწვდებიან, ანუ ეკლესიის თავს - ქრისტეს, და ვერც ეკლესიის გულს - სულიწმიდას". დიახ, მართალია: ეს კედლები ვერც ზეცას აღწევენ, ვერც ეკლესიის „გულს", ისინი მათკენ საერთოდ არც არიან მიმართულნი. ისინი მხოლოდ შეუვალ ზღუდედ განყოფენ ჭეშმარიტ ეკლესიას - ცრუეკლესიისაგან, ზეცას - ჯოჯოხეთისაგან, ქრისტეს ერთგულთ - განდგომილი სამყაროსაგან! ეს „გამყოფი კედლები" მართლმადიდებელი სარწმუნოების დოგმატური ჭეშმარიტებებია, რომელთა მიზანიც არის გამიჯვნა ცხონების გზისა წარწყმედის გზებისაგან. ყოველი, ვინც სარწმუნოების დოგმატებს შეგნებულად ამახინჯებს, ეკლესიის ზღურბლსაც ვერ გადააბიჯებს, ცხონების გზაზე პირველ ნაბიჯებსაც კი ვერ გადადგამს - ეს „კედელი" მას დაბრკოლებად ექცევა ზეცისაკენ მიმავალ გზაზე... ეკუმენიზმის მომხრენი ხშირად გვეუბნებიან: მართლმადიდებლობისაკენ მათი მოზიდვა გვინდა, ჩვენ არ გვაქვს უფლება საკუთარ თავში ჩავიკეტოთ და მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო იღუპება, მხოლოდ საკუთარი სულის ცხონებაზე ვიზრუნოთ. კი, მაგრამ, მართლა ასეა? ვნახოთ! რა გვყოფს მწვალებლებისაგან? საიდან დაიწყო ეს განყოფა? ჩვენ გამოვეყავით მათ თუ ისინი თვითონ განუდგნენ ჭეშმარიტებას?!... და თუ ჩვენ მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში მათი დაბრუნება გვსურს, პირველ ყოვლისა, რაზე უნდა ველაპარაკოთ, თუ არა განყოფის მიზეზზე, თუ არა იმ უთანხმოებებსა და განსხვავებებზე სარწმუნოებრივ საკითხებში, რაზეც უწინ უკვე იყო დაწვრილებით მსჯელობა? მაგრამ როგორ შევძლოთ ეს, თუკი თვით „წესდება" ეკუმენისტური ყრილობებისა კრძალავს სარწმუნოებრივ დოგმატებზე კამათს? და არც არსად გაგონილა, რომ ეკუმენისტები დოგმატებზე მსჯელობდნენ. თუ ინებეს და ხელი მიჰყვეს დოგმატების კვლევას, ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ როგორღაც მიაგნონ დოგმატურ განსხვავებათაგან გვერდის ავლის გზას... შენიშნულია ეკუმენიზმის ერთი დამახასიათებელი თვისებაც: როდესაც ღმერთი ინებებს და ვინმე კათოლიკე, პროტესტანტი ან სხვა გზააბნეული სული, დიდი ძიებისა და ტანჯვის შემდეგ, მართლმადიდებლობის მიღებას გადაწყვეტს, ეს ჩვენი „სიყვარულით სავსე" ეკუმენისტები მოულოდნელად სრული გულგრილობით ხვდებიან მამისეულ სახლში დაბრუნებას მოწყურებულ კრავებს!... ვაითუ გაუნაწყენდნენ ჩვენს მწყემსებს და გართულდეს, გაჭიანურდეს „ქრისტიანთა გაერთიანების საქმე მთელ მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად". ღირს კი განა ერთი-ორი საწყალი კრავისთვის დავა - მთავარი მიზანი ხომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია! (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |