მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტეს ჯვრის საფარველქვეშ (ნაწილი 2)
ქრისტეს ჯვრის საფარველქვეშ (ნაწილი 2)9-10-2018, 00:02 |
ის, რომ ღვთის წინაშე ვერანაირი კეთილი საქმით ვერ გამართლდები, არანაირი კეთილი და ღვთისსათნო საქმე თავისთავად არავის გააჩნია, მამა ლაზარე მომდევნო ქვეთავებში წმ. თეოფანე დაყუდებულისა და წმ. ირინეოს ლიონელის სწავლებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ „უფალ იესო ქრისტეს რწმენის გარეშე არ არის ცხონება", რომ თუკი „წარმართები აღასრულებდნენ სიკეთეს სინდისის კარნახისამებრ, მაგრამ არ სწამდათ ჭეშმარიტი ღმერთი და არ ემორჩილებოდნენ მას, მაშინ ეს მხოლოდ ნაკლები ბოროტება იქნება" (წმ. ირინეოს ლიონელი). მამა ლაზარე ამხელს იმ ადამიანებს, რომლებიც არასწორად განმარტავენ პავლე მოციქულის ეპისტოლის ზოგიერთ ადგილს, თითქოს თავისთავად ადამიანურ „სიკეთეს’, ღვთის რწმენის გარეშე, შეუძლია უშუამდგომლოს ადამიანს მარადიული ცხოვრების მოპოვებაში. არქიმანდრიტი წმ. მამათა სწავლებაზე დაყრდნობით დასძენს, რომ „მოციქული არა ქველმოქმედ წარმართებზე, არამედ ღრმად მორწმუნე ადამიანებზე საუბრობს, რომლებსაც მართალი რწმენა გააჩნიათ და ამ რწმენისამებრ ცხოვრობდნენ; რომ ვერსად ვპოულობთ ისეთ ღვთივსათნო წარმართებს, რომლებიც რჯულის ქვეშ ცხოვრობდნენ, მხოლოდ სინდისის კანონით ხელმძღვანელობდნენ და ამგვარად აღწევდნენ სრულყოფილებასა და ყოვლითურთ სათნო ცხოვრებას ღმერთში... მოციქული ყურადღებას მართალი აბრაამის მაგალითზე იმ მიზნით ამახვილებს, რომ დაამტკიცოს, ღვთის წინაშე მართალი მხოლოდ სარწმუნოებით ცხონდება და არა რჯულის საქმეებით". რომაელთა მიმართ ეპისტოლის სიტყვებს: "რომელი-იგი წინასწარ განამზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა, თვისითა მით პირველთა ცოდვათა" (რომ. 3, 25), მამა ლაზარემ განსაკუთრებულად საინტერესოდ მიიჩნია, ვინაიდან საუბარია სწორედ იმაზე, თუ როგორ აცხონებს უფალი ქრისტეს მოსვლამდე მცხოვრებთ. წმ. თეოფანე დაყუდებულის სიტყვაზე დაყრდნობით, არქიმანდრიტი გვმოძღვრის, რომ „ღვთის სიმართლე, მიტევება და ცხონება ეძლევა არა განურჩევლად მადლის სიუხვისა, არამედ მას, ვინც სარწმუნოებით მიიღო ეს წყალობა... ამით წარმოჩინდა ღვთის სამართლიანობა, ვინაიდან აცხონებს მხოლოდ მას, ვინც ფლობს უფალ იესო ქრისტეს სარწმუნოებას". წმ. ირინეოს ლიონელიც ამბობს: „უფალი შთავიდა ჯოჯოხეთში; იქაც იქადაგა თავისი მოსვლისა და მორწმუნეთათვის ცოდვათა მიტევების შესახებ, ხოლო მისი ყველამ ირწმუნა, ვინც კი სასოებდა მას (ქრისტეს), ე.ი. თავისი მოსვლა ახარა მართლებს, წინასწარმეტყველებსა და პატრიარქებს, რომლებიც ჩვენთვის ემსახურებოდნენ უფალს და მიუტევა მათ ცოდვები"... აი, ვისთვის იქადაგა, - განაგრძობს მამა ლაზარე, - უფალმა ჯოჯოხეთში, ის თითქოს ამბობს: „აქ ვარ, ვისაც ელოდით, ვისზეც იმედს ამყარებდით! თქვენი ნატვრა აღსრულდა! მოვედი თქვენს გამოსახსნელად! ჩემდამი რწმენისამებრ მიგეტევათ თქვენი შეცოდებები! თავისუფალნი ხართ, მოდით ჩემთან!" სწორედ ამას ამბობს წმ. იოანე დამასკელი: ძველი აღთქმის მართლებისთვის გახდა იგი საწინდარი მარადიული ცხოვრებისა, ხოლო ურწმუნოთათვის - ურწმუნოებაში მხილებისა. მსგავსადვე უქადაგა მან ჯოჯოხეთში მყოფთაც". ანუ, იქაც მსგავსად იქადაგა, - განმარტავს მამა ლაზარე, - ნიშნავს ვინც ამქვეყნიური ცხოვრების დროს ირწმუნა მომავალი მესია და ელოდა მის მოსვლას, მათ ეხარათ ტყვეობისაგან განთავისუფლება". არქიმანდრიტი ლაზარე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას: „წმინდა წერილის, განსაკუთრებით პავლე მოციქულის ეპისტოლეების კითხვისას, უნდა ვიყოთ ყურადღებით და წაკითხული ყოველთვის შევადაროთ ტექსტის სხვა მონაკვეთებს, ეკლესიის მამათა განმარტებებს. ხშირად წმ. წერილის ღრმა, მთლიანი შინაარსის ჩაუწვდომლობას, მხოლოდ ცალკეულ სიტყვებსა და ფრაზებზე დაყრდნობას საკმაოდ განათლებული ადამიანებიც კი ჩაუგდია ღვთისმგმობ და ერეტიკულ სწავლებებში. ასეა დღესაც..." ამიტომ მამა ლაზარე გვირჩევდა წმ. მამების სწავლების გათვალისწინებით განგვემარტა წმ. წერილი. მით უფრო ძველი აღთქმის წიგნები, ვინაიდან „რჯული მართალია აკავებდა ვნებებს, თითქოს ბორკილებს ადებდა მათ - იმას არ შეეხო, ის არ იგემო... მაგრამ ცოდვისმიერი მისწრაფებებისაგან სულიერად ვერ კურნავდა" (წმ. თეოფანე). „მაგრამ, - განაგრძობს მამა ლაზარე, - უმართებულოა ვიფიქროთ, თითქოს ძველი აღთქმა მხოლოდ ამხელდა და ვერაფერს აძლევდა სიმართლის მაძიებელს... პირიქით, წმინდა წერილი ადასტურებს ძველად სიმართლის არსებობას (მათ. 5.20), ადარებს მას ახალთან; ეს კი ცხადყოფს, რომ ორივე რჯული მონათესავეა, ვინაიდან - მეტია თუ ნაკლები, სიმართლე მაინც სიმართლეა. ამრიგად, ქრისტე არ გმობს ძველ სიმართლეს, არამედ ცდილობს ის აღამაღლოს. ცუდი რომ ყოფილიყო, უკუაგდებდა მას. გვეტყვი: თუ რჯული სინამდვილეში ასეთია, დღეს რატომ ვერ შეჰყავს მას ადამიანი სასუფეველში? რჯულს არ შეჰყავს სასუფეველში ის, ვინც ქრისტეს მოსვლის შემდეგ დაიბადა, რადგან დიდი ძალის მიმღებს მეტი ღვაწლი მოეთხოვება, ხოლო ძველი აღთქმის მართლები ყველა შეჰყავდა... ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ: „მხოლოდ რჯულში დაფარული ქრისტეს საიდუმლოებების თანაზიარობით, მისი ნათელით, რომლის ხატება ნაწილობრივ იყო განცხადებული რჯულის საფარველქვეშ, ადამიანს იმ დროშიც შეეძლო გამხდარიყო ღვთაებრივი ნათლისა და ჭეშმარიტი ცხოვრების თანაზიარი, ვინაიდან ყველა სახის წეს-განგება, ძველი აღთქმის სიმბოლოები არსობრივად მიუთითებდნენ ქრისტეს გამოსყიდვისა და სიკვდილისაგან განთავისუფლების მოახლოებაზე. რჯული თითქოს ერთგვარი ხიდია, გადებული კაცობრიობის დაცემული ხომალდიდან უფალ იესო ქრისტეში ცხონების მყარი ნავსაყუდელისაკენ". დასკვის სახით მამა ლაზარე დასძენს: „ამრიგად, უფალი აერთიანებს ყველას, ვისაც სწამდა ქრისტესი სამყაროში მის გამოჩენამდე, ვინც ჩამოაყალიბა ძველი აღთქმის ეკლესია, რომელიც პატრიარქების ჟამს გარდამოცემით იმართებოდა. შემდეგ, მოსესა და წინასწარმეტყველთა დროს, ის (ეკლესია) რჯულითა და წინასწარმეტყველებებით ანუ წერილობით იმართებოდა... ის მოიცავს ყველა მართლმორწმუნეს პირველიდან ბოლომდე".
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |