მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტეს ჯვრის საფარველქვეშ (ნაწილი 1)

ქრისტეს ჯვრის საფარველქვეშ (ნაწილი 1)


8-10-2018, 00:02

 

   მრავალ მართლმორწმუნე ქრისტიანს აწუხებდა და დღესაც აწუხებს საკითხი: როგორ ცხონდებოდა ადამიანი ქრისტემდე, როდესაც მთელი მსოფლიო (ებრაელების გარდა) წარმართობაში იხრწნებოდა, ნუთუ მხოლოდ ებრაელებს ჰქონდათ ცხონების შანსი, რომლებსაც მცნებები და წინადაცვეთის კანონი მიეცათ? არსებობდა კი იესოს რწმენა კაცობრიობის მოდგმაში? ვინ იყვნენ რჯულის აღმსარებლები „წარმართები"? რისთვის მოეცათ საერთოდ ადამიანებს რჯული ძველ აღთქმაში? და მისთ.

 

   ამ და მრავალ მსგავს კითხვაზე პასუხის გაცემას მამა ლაზარე დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდა. ბოლოს, გადაწყვიტა წერილობით და დაწვრილებით განეხილა ეს თემა, რომელიც ბროშურის „ქრისტეს ჯვრის საფარველქვეშ" („Под сенью Креста Христова") სახით გამოიცა.

   მისი თარგმნაც დიდი ხნის მანძილზე ვერ ხერხდებოდა. 2016 წლის გაზაფხულზე, როდესაც მამა ლაზარემ უკვე იცოდა თავისი მძიმე სნეულების შესახებ, თქვენმა მონა - მორჩილმა ვკითხე, მისი რომელი წიგნის თარგმნას ისურვებდა. მან აღნიშნულ ნაშრომზე მიმითითა. როგორც ჩანს, მოძღვრისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო ამ წერილის ქართულ ენაზე გამოცემა.

   არქიმანდრიტი ლაზარე იკვლევს რამდენად იყო შესაძლებელი ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლის რწმენა, ძველ დროში, თან არა მხოლოდ ებრაელებისთვის, არამედ წარმართულ მსოფლიოში მცხოვრები ადამიანებისთვის? ამ საკითხის განსახილველად მამა ლაზარემ „მართლმადიდებლურ - დოგმატური ღვთისმეტყველება" (მოსკ. მიტრ. მაკარი) გამოიყენა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ „უფალ იესოს მაცხოვნებელი რწმენა, ყოველთვის არსებობდა კაცობრიობის მოდგმაში". შემდეგ მამა ლაზარე დასძენს: „ადამიანისთვის, რომელმაც დაკარგა სამოთხე და განწირულ იქნა განდევნილთა ქვეყანაში ხეტიალისთვის, მესიის მოსვლის შესახებ ცოდნა ყველა დროში მისაწვდომი გახლდათ. ყოველ მართალ სულს, რომელსაც სურდა ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება, სადაც უნდა ყოფილიყო, რომელ დროშიც უნდა ეცხოვრა, ღვთის განგებითა და წინასწარჭვრეტით, ამა თუ იმ სახით, გააჩნდა ეს მაცხოვნებელი ცოდნა, რწმენა (რომ. 8, 23-30). ამასთან, რელიგიური წეს-ჩვეულებები, ყველა დროში ღვთის მითითებით რომ აღესრულებოდა, ამ გამომხსნელი მსხვერპლის საიდუმლოებრივ, სიმბოლურ მითითებას ატარებდა. ისინი საბოლოოდ ძე ღვთისამ ჯვარზე აიტანა. სწორედ მისგან (უფლისაგან) მიიღეს მათ განმწმენდელი ძალა და მნიშვნელობა".

   მამა ლაზარე კვლავ სვამს კითხვას: „ძველ დროში, ნეტავ როგორ იყო შესაძლებელი გამომხსნელის მანუგეშებელი მოლოდინის, წეს-ჩვეულებათა სულიერ არსის გააზრება? პასუხს კვლავ „მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებაში" ვპოულობთ... საშუალებები, რომლებსაც სარწმუნოების, ისე, განსაკუთრებით, მესიის შესახებ პირველი უწყებისა და მართებული მსხვერპლშეწირვისთვის, იყო შემდეგი:

   1) გამოცხადება;

   2) სასწაულები;

   3) ხანდაზმულობა.

   მტკიცება იმისა, რომ ღვთის ჭეშმარიტი რწმენა, მეტიც, რელიგიური წეს-ჩვეულებების სულიერი აღქმა, ძველ დროში წარმართული სამყაროსთვისაც მისაწვდომი იყო, დასტურდება ნოეს, აბრაამის, მელქისედექის, იობ მრავალვნებულის და მრავალი სხვა მართლის ისტორიით...

   როგორც ჩანს, მართალი და წმინდა სულის ადამიანებს ჰქონდათ სინათლის აღქმის უნარი, მზად იყვნენ გულწრფელად ერწმუნათ მომავალი მესიის და მოეძიათ თავიანთი მხსნელი. მათი რიცხვი ყველა დროში იყო მცირე. წარღვნის პერიოდში გადარჩენის ღირსი აღმოჩნდა მხოლოდ მართალი ნოე თავისი ოჯახით... მაგრამ ბუნებრივი სიმართლის წიგნი, რომელიც საკმარისად თვალსაჩინოდ ქადაგებდა ღმერთის არსებობის შესახებ, ძირითადი ჭეშმარიტებები, ყოველი ადამიანის წინაშე გახსნილი იყო...

   გარდა ამისა, წარმართულ სამყაროშიც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინარჩუნებდნენ გარდამოცემას კაცობრიობის მოდგმის მხსნელისა და მისი  მოსვლის მოლოდინის შესახებ... წმ. წერილიდან ცნობილია, რომ ღვთის რჩეული ერის მიღმა მყოფთათვის შესაძლებელი იყო ცხონება მომავალი მესიის რწმენის გამო".

   მამა ლაზარე იმ (წარმართების) ადამიანების ცხონების შესაძლებლობაზე საუბრისას დასძენს, რომ არ უნდა გამოგვრჩეს ღვთის წინასწარმცოდნეობისა და წინასწარგანსაზღვრულობის დოგმატი...

   „ამრიგად, თუ ღმერთი ადამიანში ხედავს სურვილსა და უნარს, რომ ირწმუნოს და სათნო ეყოს ღმერთს, მაშინ უთუოდ:

   1) ან მიიყვანს მასთან ისეთს, ვინც განსწავლულია ჭეშმარიტებაში და შეუძლია მისი სარწმუნოებრივი დამოძღვრა,

   2) ან გაუგზავნის თავის მქადაგებელს (როგორც გააგზავნა ნინეველებთან წინასწარმეტყველი იონა, ევნუქთან - ფილიპე მოციქული, კორნელისთან - პეტრე მოციქული)...

   მსგავსადვე მიჰყავს უფალს ცხონებამდე ჭეშმარიტების მაძიებელი სული ყველა დროში - წარღვნამდელიც, რჯულის არსებობამდელიც, ძველი აღთქმის პერიოდშიც, ასევე მიჰყავს ჩვენს დროშიც".

   ამ მოსაზრების დასადასტურებლად, მამა ლაზარე არაერთ მაგალითს მიმართავს, მაგრამ ამავე დროს, ასკვნის:

   „ღვთისთვის განცხადებულია სულის ფარული განწყობილება, ადამიანის კეთილი საქმეები. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ უფალი ჭეშმარიტების შეუცნობელ მდგომარეობაში არ ტოვებს ცხონების მოსურნე, სიკეთის მოყვარულებს. ამავე დროს, თავისთავად სიკეთე არ არის ცხონებისთვის საკმარისი - ის მხოლოდ ამზადებს ადამიანის სულს სარწმუნოების მისაღებად, აახლოებს მას ცხონების გზასთან, მაგრამ ჯერ ვერ გამოჰყავს ამ გზაზე. ასე რომ, კეთილი საქმეების მოქმედი, მაგრამ ქრისტეს ვერშემცნობი ადამიანი ჯერ კიდევ მტრის მახეში იმყოფება".

   ამ მოსაზრების გასამყარებლად მამა ლაზარე წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის წერილს იშველიებს: „ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ ცხონების ერთადერთი საშუალება მხსნელია. რომ დაცემული ბუნების მიერ გამოვლენილი უდიდესი სათნოებები მიემართება ჯოჯოხეთში... მაშინ როგორ გსურთ, რომ წარმართნი და მაჰმადიანნი, იმის გამო, რომ კეთილებად გვეჩვენებიან, მხსნელის შეცნობისა და რწმენის გარეშე ცხონდებიან, რაც მხოლოდ ერთი გზით - მხსნელის რწმენით მოიპოვება?" (გაგრძელება...)

  

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება