მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმიდათა ცხოვრება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > კელიური ჩანაწერები (ნაწილი 2)

კელიური ჩანაწერები (ნაწილი 2)


28-09-2018, 00:01

 

   არქიმანდრიტი ლაზარე კარგად იცნობდა თანამედროვე მონაზვნური ცხოვრების პრობლემებს და სიღრმისეულად წვდებოდა დროის გამოწვევათა ძირეულ მიზეზებს. ბერმონაზვნური ცხოვრების მთავარ მტრად იგი სევდიანობისა და მოდუნების სულს მიიჩნევდა. მონასტერში მისული მრავალი ადამიანი თითქოს იწყებს დიდი „მოშურნეობით", მაგრამ არასწორი სულიერი ცხოვრების შედეგად მალე მეორე უკიდურესობაში - სევდიანობაში ვარდება. ამიტომ ამბობდა მამა ლაზარე: „სულიერის აღსრულებისას, სულმა რომ არ მოიწყინოს, ბევრი უნდა აიკრძალოს ფშვინვიერისგან! ეს კი ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია".

   მამა ლაზარე, მისი წერილებიდან როგორც ჩანს, სულაც არ იყო კმაყოფილი ბეთანიის მონასტერში არსებული ვითარებით. რაც დრო გადიოდა, იგი რწმუნდებოდა, რომ „ჩვენს პირობებში საერთო საცხოვრებელი მონასტრების მრავალრიცხოვან საძმოთა თანაცხოვრება აღარ ამართლებდა. მონასტრის ატმოსფერო, სადაც 4-5 ადამიანზე მეტი იკრიბება, ძნელად კონტროლირებადი ხდება. მართალია, 10-15 ადამიანისაგან შემდგარ საძმოს შეუძლია კარგი დახმარება გაუწიოს ახალმოსულს რაღაც ასპექტში, მაგრამ სერიოზულად რომ შეუდგე საკუთარი თავის გამოსწორებას, გარკვეული პერიოდის მერე ერთობ რთულდება... ამ პირობებში, ამ უკიდურესი სულიერი აშლილობის ჟამს, რომ შეინარჩუნო ერთიანი სულისკვეთება და წესრიგი, საჭიროა გამოცდილი, ბრძენი და, რაც მთავარია, მამაცი, მოსიყვარულე, განსჯის ნიჭით დაჯილდოებული წინამძღვარი. გარდა ამისა, ძმათა შორის ნამდვილად უნდა არსებობდეს მისდამი ნდობა და პატივისცემა. სხვაგვარად მონასტერში დაისადგურებს რაღაც უფორმო, ფარდობითი „ჰუმანურობა", რაც ჰგავს ქარისაგან გატაცებულ ღრუბელს, ხან ზემოთ რომ აიწევა, ხან წვიმად იქცევა, ხან კი ნაწილ-ნაწილ იფანტება...

   კიდევ: ცნობილი მონასტერი ტურისტების თავდასხმის ობიექტი ხდება, ის მიმზიდველია მრავალი ცნობისმოყვარე და სხვადასხვაგვარი სულიერი სნეულებებით შეპყრობილი ადამიანისათვის. შედეგად, ყველა მოწყენილია და ყველას „პრობლემები" აქვს".

   კელიურ ჩანაწერებში მონასტრებში არსებულ კიდევ მრავალ პრობლემაზეა ყურადღება გამახვილებული. მამა ლაზარეს ძირითადი სათქმელი ისაა, რომ შინაგანი - მსახურება ღვთისა ჩანაცვლებულია გარეგნულით - „მოყვასზე ზრუნვით". საბოლოოდ კი არქიმანდრიტი ასკვნის:

   „ამრიგად, რაოდენობრივად შესამჩნევი საძმოთი დაკომპლექტებული მონასტერი უცილობლად და მალევე ემსგავსება ეკლესიის ჩვეულებრივ საერო სამწყსოს, რომელიც ლამაზი ბუნების ფონზე სასტუმროთი და მოსამსახურე პერსონალით გამოირჩევა. ასეთი მონასტერი ყოველგვარი მაცდუნებელი ისრების მუდმივი სამიზნეა. ასაწევი ხიდი მუდამ ჩამოწეულია, კარიბჭე ყოველთვის ღიაა, მონაზვნების გონება და გული მუდმივად გარეგნულის ცქერისკენაა მიმართული... დამაფიქრებელია თავად ის ფაქტი, რომ მონასტრის კარი ღიაა ნებისმიერი მომლოცველისთვის, რომ ერისკაცებს ხანგრძლივად ეძლევათ მონასტერში ცხოვრების უფლება. რასთან გვაქვს საქმე? რატომ უნდა მიმაჩნდეს, რომ ვიღაცისთვის სასარგებლოა ჩვენი მონასტრის ძმობის გვერდით ცხოვრება? ეს ხომ ნიშნავს ჩვენს დარწმუნებულობას, რომ ვართ სანიმუშო მაგალითის მიმცემნი, მისაბაძები, ღირსი მონაზვნები და სხვებსაც მოვუწოდებთ ჩვენგან ისწავლონ ჭეშმარიტი ქრისტიანობა?"

   ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ მამა ლაზარე დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა მონასტრულ ცხოვრებას. ის კარგად გრძნობდა ჟამის სიმძიმე - სიმწირეს. დრო, რომელიც არც გამოცდილი სულიერი წინამძღვრებით, მოძღვრებით არაა განებივრებული, ცხადია, ურთულეს ვითარებაში ამყოფებს თანამედროვე ბერმონაზვნობას.

   კრიტიკულ შეფასებათა მიუხედავად, მამა ლაზარე ყოველთვის ფიქრობდა, რომ მონაზვნობა, გამუდმებული ლოცვის ღვაწლი, ცხოვრების ყველაზე გმირული წესია. კელიური ჩანაწერების ქვეთავი „უშიშრად" ამ სულიერი ბრძოლა - გმირობის უშიშრად გაგრძელებისკენ მოწოდებაა:

   „ჩვენ, ყველას თითქოსდა გვაქვს სურვილი გვიყვარდეს ღმერთი, მაგრამ როგორღაც სულმუდამ „არ გვცალია", გვსურს ვილოცოთ მის წინაშე - რომელიღაც საქმე ისევ დასამთავრებელია, სინამდვილეში თავის დაძვრენას ვცდილობთ, რათა გავექცეთ ლოცვას და ყველა იმ შრომას, რომელიც თვითუარყოფას მოითხოვს ჩვენგან, რადგან ეს ყველაზე მძიმე შრომაა ჩვენთვის. ეს ხომ ბრძოლაა, ჯვარცმაა, საკუთარი თავი კი მეტად გვებრალება!

   დღეისათვის გაუგონარი გმირობაა ჯვარცმა ლოცვაში, იშვიათობა! რატომ გახდა ასე აუტანელი ლოცვა? გასაგებია რატომაც! ეს სოფელი - ბებერი ჯადოქარი, დაჟინებული თვალჩაციებით ჩასცქერის ჩვენს სულს, ჰიპნოზური ძალით იზიდავს მას, ჯიუტად გვახვევს თავის ქსელში... და ჩვენც ვებმებით, სულ უფრო მეტად ვიხლართებით ამ მარყუჟებსა და ხუნდებში...

   ამ ჰიპნოზის გავლენით, თვითონაც ნელ-ნელა მივიწევთ ურჩხულის ხახისკენ. მტერი მეტად გამოცდილია თავის საქმეში - დაგვაშოროს ღმერთს და ღმრთისთვის სათნოს. როგორ დავუსხლტეთ, როგორ ვიპოვოთ საკუთარ თავში ის ძალა, ჟინი ნახტომისათვის: შორს დრაკონის ხახისაგან?!...

   გვსურს თავის დაღწევა, გაქცევა, მაგრამ რატომღაც კვლავ იმავე, მორჩილად მობორიალე ბრბოში აღმოვჩნდებით და ძველებურად იმავე ხახისაკენ მივეშურებით... და რაოდენ ძლიერია ეს ზემოქმედება სულზე, როცა უზარმაზარი ძალისხმევა, შრომა, სიფხიზლეა საჭირო, რათა გავიხსენოთ და გულით ვატაროთ ცოცხალი აზრი მოახლოებულ სიკვდილზე, საშინელ სამსჯავროზე, იმაზე, რომ ჩვენს ირგვლივ ყველაფერი უსასრულო ტრაგედიაა, რომ ადამიანები იღუპებიან. საშინელია, შემაძრწუნებელია - ყოველდღიურად ათასობით ადამიანი მიდის ჯოჯოხეთში, მარადიულ სატანჯველში და ჩვენ კვლავ ვიღიმებით? მშვიდობას, მოსვენებას აქ დავეძებთ?"

   კელიური ჩანაწერების ერთ-ერთი ქვეთავის სათაურია „გული სიყვარულს ფიქრობდა, მაგრამ..." აქ მამა ლაზარე იმ სახიფათო სნეულებაზე გვიყვება, რასაც ჰქვია მოძღვრის ვნებისმიერი დამოკიდებულება მრევლისადმი. არქიმანდრიტი განგვიმარტავს, როგორც ჩნდება ეს ვნება და როგორ ვითარდება ის სხვადასხვა, თითქოსდა „კეთილი" განზრახვით.

   „ეს იმით იწყება, რომ ადამიანი, რომელიც მანამდე მოძღვრის მოკრძალებულ და თავშეკავებულ ყურადღებას გრძნობდა, უეცრად მოძღვრის ძლიერ თანაგრძნობას ამჩნევს მისდამი... ურთიერთობის ამგვარი შეცვლა, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე გულახდილი საუბრის, ბინძური, ცოდვიანი სამყაროს მიუხედავად, თავისი უშუალო სილამაზით, თვით შემოქმედის მიერ დაწერილი ხატებით, სიწმინდით, მიმზიდველი უბრალოებით წარმოჩნდება.

   სწორედ მონანული, თავმდაბალი, ჭუჭყისაგან განწმენდილი, მოჩვენებითობის, სიყალბისა და თვალთმაქცობისაგან განშიშვლებული სული არის განსაკუთრებით ლამაზი და მიმზიდველი! ამ ვითარებაში მოძღვრის გული ყოველთვის განიმსჭვალება სითბოთი და ფაქიზი თანაგრძნობით სინანულში მყოფისადმი. ამ დროს თანალმობითა და სინაზით აღვსილ გულს იოლად უახლოვდება უწმინდური გრძნობები... მოძღვარი არცთუ ისე მალე იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ ეს სიმპათია, ამაღლებული სინაზე - გულის დაცემული მდგომარეობიდან იღებს სათავეს. ის ამქვეყნიურით, ხრწნადით იკვებება, ეს არაა მოწყალება, ეს არაა სულიერი მზრუნველობა ქრისტეში და მოძღვრული თავდადება. იმიტომ ძგერს ასე ძლიერად გული, რომ არც აღივსო ის სულიერი განცდებით, არამედ ავხორცული ვნებებით შეიკუმშა და შევიწროვდა. ის დატყვევებულია ბიწიერი, ხრწნადი მიდრეკილებებით გულისა გულისაკენ".

   მამა ლაზარე მოძღვრისთვის დამახასიათებელ კიდევ ერთ საცდურზე ამახვილებს ყურადღებას. ეს არის განცდა, როდესაც თითქოს „ვერ ვპოულობთ ჩვენი ნიჭისა და სიმდიდრის ღირსეულ დამფასებლებს". აი, რას წერს არქიმანდრიტი:

   „ყოველი მოძღვარი, მღვდელი, სულიერი ხელმძღვანელი, რომელმაც სრულიად არ უარყო საკუთარი თავი ამ სოფელში - ვერ გადაურჩება მსგავს განსაცდელს. საქმე ისაა, რომ ყველა ჩვენგანი მშვენიერი, ნიჭიერი „მუსიკოსია", რომელსაც განწყობილებისამებრ შეუძლია დაუკრას, იმღეროს ლამაზი, განსაკუთრებული, გამუმეორებელი სიმღერა, მაგრამ საქმე ისაა, საითკენ წარვმართავთ ღვთით ბოძებულ ხელოვნებას. დაცემულ ადამიანს ყოველთვის გააჩნია საცდური აქვე, ახლავე შეასრულოს ცეკვა - სიმღერა, ამით მოიპოვოს დამფასებლები, მსმენელები, ჩვენთვის ახლობელი პიროვნებები. აქ არა აქვს ადგილი სიყვარულს მოყვასისადმი. არა! აქ ადამიანი პოულობს რაღაც გასაიდუმლოებულს, მშვენიერს - და სურვილი უჩნდება კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს საკუთარი თავი, საკუთარი ოსტატობა...

   მაშასადამე, - როდესაც არ გვიყვარს ადამიანი ქრისტეში, მაშინ ჩვენ გვიყვარს არა ის, არამედ ჩვენი თავი მასში, გვსურს დავინახოთ მასში არა თავისი პიროვნება, არამედ ჩვენი გამოსახულება - როგორც სარკეში...

   მღვდელი, მით უმეტეს, თუ ის მონაზონია, თან ნაკითხი, ენერგიული, ცოცხალი აზროვნებით, მჭევრმეტყველი, მაგრამ სულიერ ცხოვრებაში გამოუცდელი - ხშირად ეძებს „ღირსეულ მოწაფეებს", ის წუხს, რომ მას არ უსმენენ, რომ არ არიან ნიჭიერი სულიერი შვილები, რომლებიც შეძლებენ ღირსეულად შეაფასონ მისი ნიჭი, დაიჭირონ მისი აზრებისა და სიტყვების მშვენიერი მდინარება, ჩაუფიქრდნენ, თანაუგრძნონ ყოველივეს, რასაც ის ასე ოსტატურად გამოხატავს, უკრავს, მღერის. და აი უეცრად გამოჩნდება ასეთი კარგი, რბილი, პლასტიკური თიხა, - და „დიდ შემოქმედებას მონატრებული ხელოვანი" იწყებს მოზელას, ძერწვას, ზედმეტის მოშორებას, კონტურების გავლებას, ფორმების მომრგვალებას. დროდადრო ის გადის, უქცერის, შემდეგ კვლავ უბრუნდება თავისი ყურადღებისა და ზრუნვის საგანს. თავდაპიროველად ორივე მხარე კმაყოფილია: მიმდინარეობს რაღაც „სერიოზული სულიერი სამუშაო"...

   მოქანდაკე კიდევ უფრო შეიჭრა როლებში. მაგრამ უკვე ხედავს, რომ „ქანდაკება", რომელსაც ის ასეთი გულმოდგინებით ძერწავდა - მას მხოლოდ თავისთვის, საკუთარი „შეხედულებისთვის" სურს. მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ „თიხას" აღარ სურს ასე იოლად დაექვემდებაროს მას. ის უკვე ეწინააღმდეგება, უკვე გრძნობს, რომ მას „ტანჯავენ". მას ურჩევნია იყოს ველური და მარტოხელა, ვიდრე მოერგოს უცხო ფორმას და დაემონოს მას. მოქანდაკე გაოგნებულია, ის ძლიერი შემართებით ადებს ახალ „მალამოს", ან „დაუმორჩილებლობისათვის" ადებს ეპიტემიას...

   აქ იწყება ბრძოლა თვით ღმერთთან - მიკერძოება იმისა, ვინც ეკუთვნის მხოლოდ მას! არა, სასწრაფოდ უნდა მისცეს ეს ადამიანი ღმერთს, ჭეშმარიტ მამას, მას ვისაც წმინდად უყვარს იგი...

   საბრალონი! ვის და საითკენ წავიყვანთ ჩვენ საკუთარი ძალისხმევით? ვიღაცამ რომ ამოწიოს ახალდარგული ვაშლის ნერგი - ნუთუ ამით დააჩქარებს მის ზრდას? ამით უბრალოდ დაუზიანებს ფესვებს...

   მაშ ასე: გავდგეთ გვერდზე, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, სანამ გვიან არ არის მოვკვდეთ ყველაფრისა და ყველასათვის, რომ გავცოცხლდეთ იმ დროს, როდესაც დაიწყებენ გაცოცხლებას და აღდგომას ისინი, ვინც არ ცხოვრობდნენ წუთისოფლისთვის. თუ ღვთის ნებით სხვა ადამიანებზეც მოგვიწევს ზრუნვა, მაშინ მხოლოდ მოვრწყოთ, გავუფხვიეროთ მიწა, მაგრამ არ შევეხოთ თვით ფესვებს, ღერძს, რტოებს. ხოლო როცა მომწიფდება ნაყოფი და ჩვენც გაგვიმასპინძლდებიან (თავად არ მოვწყვიტოთ, - ჩვენ სხვისი ბაღის მებაღეები ვართ), მოკრძალებით მივიღოთ, გადავიწეროთ პირჯვარი და მადლობა შევწიროთ ღმერთს, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, მცირედი გააზრებითაც კი, რომ ნაყოფის სიტკბოება ჩვენს ღვაწლს მივაწეროთ".

   აი ამგვარ და კიდევ მრავალ სხვა სულის სასარგებლო მოსაზრებას ვეცნობით ამ შესანიშნავ ნაშრომში. თუმცა ჩვენი წიგნის ფორმატი გვავალდებულებს, მამა ლაზარეს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი წიგნების მიმოხილვას შევუდგეთ.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება