მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ვინ არის უცდომელი ეკლესიაში (ნაწილი 2)

ვინ არის უცდომელი ეკლესიაში (ნაწილი 2)


4-10-2018, 00:02

ვინ არის უცდომელი ეკლესიაში (ნაწილი 2)

 

   ახლა, როცა გავარკვიეთ, რომ ეკლესიის უცდომელობა არ ნიშნავს ცალკეული ეპისკოპოსების, თუნდაც მათი კრების უცდომელობას, მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, თუ ჭეშმარიტების რომელი კრიტერიუმები ჩაითვლება უცდომელად, რათა უშიშრად გამოვიყენოთ ისინი სულიერ ცხოვრებაში გზამკვლევად...

   ეს უცდომელი კრიტერიუმები, უპირველესად, არის: წმინდა წერილი (ძველი და ახალი აღთქმის) კანონი და მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებანი... მხოლოდ ეს კრიტერიუმები ნამდვილად შეადგენენ საეკლესიო გადმოცემას. ჩვენ ამას ხაზს ვუსვამთ იმიტომ, რომ ეს გადმოცემა არის საეკლესიო გადმოცემა მთელ მის სისავსეში და არა რომელიმე მის ნაწილში.

   სხვა დანარჩენი გადმოცემა იმდენად არის აუცილებელი, რამდენადაც არ ეწინააღმდეგება წმიდა წერილსა და მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებს, ე.ი. უეჭველ საეკლესიო გადმოცემას.

   მაგრამ, თუ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს შეხედულებანი და მითითებანი არ შეესაბამება საეკლესიო გადმოცემას, მაშინ ვალდებულნი ვართ, სათანადოდ და პატივისცემით მივუთითოთ ჩვენს საეკლესიო და სულიერ წინამძღვრებს, რომ მათი პოზიცია მცდარია, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლურ გადმოცემას".

   არქიეპისკოპოს ქრისტოდულოსის მიერ გამოთქმული შეხედულების თაობაზე - თითქოს ძველი დადგენილებების სანაცვლოდ შეიძლებოდეს ახლის მიღება, თუ ის დოგმატურ საკითხს არ ეხება - მამა ლაზარეს ბროშურაში ვკითხულობთ:

   ა) სიტყვები „სარწმუნოების განსაზღვრება" („ოროს") და კანონი („კანონოს") მსოფლიო კრებათა განსაზღვრებებში ძალიან ხშირად ურთიერთშემცვლელ გამოთქმებად გვევლინება. ჩვენ საკმარისი საფუძველი არ გაგვაჩნია, ზუსტად განვასხვავოთ ისინი ურთიერთისაგან.

   ბ) უგუნურება იქნებოდა, დაგვეშვა, რომ ერთი განჩინება - სარწმუნოების დოგმატური განსაზღვრება - უცდომელია, ხოლო მეორე - ცხოვრების კანონი - არა, მაშინ, როდესაც ეს ორივე განჩინება გამომდინარეობს ერთიდაიმავე წყაროდან - ერთი და იმავე მსოფლიო კრებიდან.

   გ) თავად მსოფლიო კრებები გვარიგებენ და გვარწმუნებენ თავიანთი კანონების ღმრთაებრიობაში, რომ ისინი დაადგინეს „სულიწმიდის შთაგონებით". ამიტომაც მიუთითებენ მსოფლიო კრებები, განუხრელად იქნას დაცული კანონთა სრული შინაარსი და კრძალავენ მათ დამახინჯებას.

   მაგალითისთვის მითითებულია მე-6 მსოფლიო კრების მე-2 კანონი, რომელიც კატეგორიულად კრძალავს მოციქულთა და წმიდა მამათა დადგენილი კანონების შეცვლას ან უარყოფას და მათ მაგიერ სხვა კანონების გამოყენებას. მე-7 მსოფლიო კრების 1-ლი კანონი... საბოლოოდ დასძენს, რომ „წმინდა კანონების უპირობო ავტორიტეტისადმი ყოველგვარი დაეჭვება გაუმართლებელია, ვინაიდან, როგორც აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე (1716 – 1725 წწ) ვკითხულობთ, რომ „შვიდი მსოფლიო კრების კანონები და დოგმატები უნდა დავიცვათ, როგორც საღმრთო წერილი".

   არსებობს შემთხვევები, როდესაც ეკლესია, ანუ კომპეტენტური საეკლესიო ორგანო, საგანგებო შემთხვევაში დროებით აჩერებს გარკვეული კანონის მოქმედებას, რათა უფრო მეტ სარგებელს მიაღწიოს: აქ ადგილი აქვს იკონომიის პრინციპის გამოყენებას. მაგრამ ხშირად საეკლესიო იკონომიას არასწორად იგებენ, თითქოს იკონომიის დაშვება იმას ადასტურებს, რომ „კანონებს არ გააჩნია უპირობო ავტორიტეტი და არის დროებითი და ფარდობითი, როგორც ადამიანის მიერ შედგენილი... სინამდვილეში კანონები კი არ არის ფარდობითი და წარმავალი, პირიქით, ჩვენ შევიქენით გარემოზე ერთობ დამოკიდებულნი, ძალზედ წარმავალნი და ცვალებადნი, ძალზედ ფარდობითნი (პ. ბუმისი).

   ისტორიიდან ჩვენ ვხედავთ, - განაგრძობს მამა ლაზარე, - თუ ზოგჯერ იერარქიის მიერ მიღებული იკონომია ეკლესიური ერის მიერ არ იყო აღიარებული კანონიერად და დასაშვებად და ხვდებოდა დაჟინებულ წინააღმდეგობას, ასეთ შემთხვევაში იერარქია ანგარიშს უწევდა ეკლესიური ერის აზრს და აუქმებდა ამგვარ გადახრას.

   ასე XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის ეკლესიაში დადგა საკითხი ახალ კალენდარულ სტილზე გადასვლასთან დაკავშირებით... მიუხედავად საკითხის განსაკუთრებული სიძნელისა და გაუგნებლობისა, ხალხი ღირსეულად გამოვიდა ამ მძიმე მდგომარეობიდან და დაიცვა ძველი სტილი იმ დროს, როცა ძალზედ ბევრი ეპისკოპოსი (და თვით წმიდა პატრიარქიც კი) გადაიხარნენ საშიში სიახლისაკენ.

   დასკვნის სახით, მამა ლაზარე შენიშნავს: ხალხმა კარგად გაიგო ის საფრთხე, რაც რატომღაც არ მოისურვეს გაეგოთ და დაენახათ სინოდის წევრებს... შეწინააღმდეგებით მართლმადიდებლურმა სისავსემ უკვე თქვა თავისი სიტყვა და თუკი შეიკრიბება სხვა „სისავსე", დაე, თუნდაც ის იყოს მრავალრიცხოვანი და არ დაეთანხმება წმინდა კანონების განსაზღვრებებს, მაშინ ეს არამართლმადიდებლური, არაეკლესიური სისავსე იქნება, როგორც ეს ნათლად ჩანს ამ სტატიაში ყოველივე ზემოთქმულიდან.

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება