მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმიდათა ცხოვრება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > კელიური ჩანაწერები (ნაწილი I)

კელიური ჩანაწერები (ნაწილი I)


27-09-2018, 00:02

კელიური ჩანაწერები (ნაწილი I)

 

   სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო გაგრელი ახალგაზრდის ცხოვრებაში - ის (არქიმანდრიტი ლაზარე) ბეთანიის მამათა მონასტრის მორჩილი გახდა. ამ დროიდან ლაზარე აბაშიძე მრავალ შემოქმედებით ნიჭს გამოავლენს: წერისა და ხატწერის... სწორედ ხატწერის საუკეთესო ნიმუშია სვეტიცხოვლის ტაძრის კანკელის მისეული მოხატულობა. ესაა თანამედროვე ქართული ხატწერის ძველ ხუროთმოძღვრებასთან შერწყმის საოცარი ნიმუში. თუმცა, მამა ლაზარეს შემოქმედებაში მაინც წერის, სათქმელის გააზრებისა და გადმოცემის ხელოვნებას გამოვყოფდით. პირველი ჩანაწერები 1987 წლითაა დათარიღებული.

   მოგვიანებით ეს ტექსტები წიგნად („Келейные записи" - კელიური ჩანაწერები) გამოიცა.

   „ჩანაწერების" პირველივე თავში ღვთისმსახური იხსენებს პერიოდს, როდესაც ერთწლიანი მონასტრული ცხოვრების შემდგომ იძულებული შეიქმნა აფხაზეთს გამგზავრებულიყო.

   საქმე ის გახლდათ, რომ რეალურად ბეთანიის მონასტერში მცხოვრები ადამიანი, ოფიციალური დოკუმენტაციით გაგრაში დარეგისტრირებული მისამართიდან უნდა ამოწერილიყო. გაიგეს მეგობრებმა ძველი მეგობრის ჩამოსვლა და გაეშურნენ სანახავად. აი როგორ იხსენებს ამ ეპიზოდს მამა ლაზარე:

   „მათ განზრახული ჰქონდათ რაიმენაირად გადაეფიქრებინათ ჩემთვის მონასტერში დაბრუნება, „ჩემი ახალგაზრდული ცხოვრება მონასტრულ ტყვეობაში" რომ არ გამეტარებინა; როგორღაც დავბრუნებოდი „ნორმალურ", „სიცოცხლით, იმედით სავსე" ცხოვრებას და ა.შ.

   მათ მიაჩნდათ, რომ მე ცხოვრებაზე განაწყენებულმა გადავდგი ეს ნაბიჯი, რომ თითქოს დავკარგე სამყაროს საღი აღქმის უნარი, ჩავვარდი მელანქოლიაში, იქნებ სულაც სულიერ სნეულებაში. ერთი სიტყვით, ბევრი ვისაუბრეთ და ბოლოს... მაინც ვერ გავუგეთ ერთმანეთს... მათ მე ვებრალებოდი, მე კი - ისინი. ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს მრავალწლიანი პატიმრობის სევდიანი დღეების შემდეგ, როგორც იქნა მივეშურებოდი თავისუფლებისაკენ...

   მათი აზრით კი მე ვბრუნდებოდი საპატიმროში, სადაც დილით ადრე, ზარის დარეკვისთანავე უნდა ადგე, როგორც ყაზარმაში; ჭამა, ძილი და მისთანანი მონასტრის განრიგისამებრ. ყველაფერში შეზღუდვები და აკრძალვებია, არანაირი თავისუფლება, ოჰ, რა საშინელებაა! იქ ვერ მისცემ თავს გართობისა და მხიარულების უფლებას, რომ ჩამოჯდე მეგობრებთან ერთად მხიარულ სუფრაზე, უყურო ახალ ფილმს, მოუსმინო ახალ მუსიკას... ყველაფერში უნდა დაემორჩილო წინამძღვარს, წიგნებიც კი მასთან შეთანხმებით წაიკითხო. ოჰ, საშინელება!...

   თითქოს ყველა შენ გიყურებს, მაგრამ ვერ გხედავენ. ხედავენ მხოლოდ გამარტივებულ, მშრალ სქემას, რაღაც შტამპს ცოცხალი ადამიანის ნაცვლად".

   შემდეგ მამა ლაზარე თავად განმარტავს რა არის სინამდვილეში სულიერი დეგრადაცია და რა თვისებებს იძენს პიროვნებაში მორჩილებაში: ის კი არ კარგავს თავისუფლებას სწორი მორჩილებისა და სულიერი ღვაწლის პირობებში, არამედ გაცილებით მეტს იძენს ამ პირობების წყალობით.

   ამიტომ არქიმანდრიტი სვამს კითხვას: „რას მოვიაზრებთ ჩვენ ხშირად სიტყვა „პიროვნებაში"? „ინდივიდუალურობას ვგულისხმობთ?" მაგრამ პიროვნება და ინდივიდუალურობა სულაც არ არის იდენტური ცნებები. მეტიც: გარკვეულწილად საპირისპირო მნიშვნელობისაც კია... საქმე ისაა, რომ ჩვენ ვიცით დაცემულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, ვისთვისაც ხშირ შემთხვევაში უცხოა სულიერი ცხოვრება... ადამიანი რომ არ განშორებოდა ღმერთს და რომ არ ეთქვა „მე თვითონ!", მაშინ მისი ბუნება ღვთისაგან ყოველთვის მიიღებდა საკმარსა და სასარგებლოს, მაშინ პიროვნება მიიღებდა პიროვნულ თავისუფლებას, ვით განუმეორებელ „მე"-ს, გახსნილს ღვთაებრივში, სულიერში, უსასრულოდ მშვენიერში, ნეტარსა და მარადიულში... სწორედ ეს იქნებოდა პიროვნული განუმეორებლობა, მაგრამ როდესაც ჩამოვთვლით ადამიანის ინდივიდუალურ თვისებებს, „ხასიათის ნიშან-თვისებებს, მსგავსი თვისებები ხომ სხვა ადამიანებთანაც გვხვდება. ამ ნიშნით ვერასდროს შეძლებ სრულყოფილად დაახასიათო ის „პიროვნული", რაც ადამიანს აყალიბებს იმად, რაც არის სინამდვილეში".

   მამა ლაზარეს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი წერის მანერით საბოლოოდ მიჰყავს მკითხველი იმ ლოგიკურ, ჭეშმარიტ დასკვნამდე, რომ „მონასტერი არის ყველაზე იდეალური ადგილი ადამიანის მთელი თავისი დაფარული სიმდიდრითა და პიროვნული თვისებებით განტავისუფლებისათვის. აქ (მონასტერში) „გარეგნული" ადამიანი იძენს ცხოვრებისათვის ყოველივე აუცილებელს და არაფერს ზედმეტს. აქ ყველაფერი იმგვარადაა მოწყობილი, რომ ადამიანმა არ იზრუნოს სხვა არაფერზე, გარდა შინაგანი სრულყოფილებისა და ზეციურისკენ ლტოლვისა... სწორედ ეს არის ჭეშმარიტი შეცნობა და გახსნა საკუთარი პიროვნებისა, რომელიც იმსახურებს გამოავლინოს განუმეორებელი ნიჭები და შესაძლებლობები". (გაგრძელება...)

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება