მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმიდათა ცხოვრება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ბეთანია (ნაწილი 2)

ბეთანია (ნაწილი 2)


2-10-2018, 00:02

ბეთანია (ნაწილი 2)

 

   საერთოდ, ეტყობა ბეთანიაში დამკვიდრებული ბევრი წეს-ჩვეულება მამა იოანეს მიერ ათონის მთიდან იყო ჩამოტანილი. ასე მაგალითად, მათი სტუმართმოყვარეობა, მომსვლელ ხალხთან თბილი მოპყრობა და ყურადღება სავსებით შეესატყვისება წმიდა მთის სულს. მართალია, მამები თვითონ ყოველთვის მკაცრად მარხულობდნენ, მაგრამ აქ მოსულ თითქმის ყველა სტუმარს რაიმე გემრიელით უმასპინძლდებოდნენ. განსაკუთრებით სტუმრებისთვის მონასტერში მოწეული თაფლის მირთმევა უყვარდათ".

   ხელისუფალნი ჩვენს მამებს განსაკუთრებით არ აწუხებდნენ, მაგრამ კეთილმსახურ მორწმუნეთა მოძულე ეშმაკს არ ეძინა და ბეთანიელი მოღვაწე შეწუხებას სხვადასხვა მზაკვრული მანქანებით ახერხებდა. ბერ-მონაზვნებს ბევრი გაუცნობიერებელი სიძულვილით უყურებდა, ზოგს ეგონა, ბერებს დიდი ფული აქვთო. აქ რამდენჯერმე მოსულან გასაძარცვად, სავანიდან ძროხებიც გაუტანიათ. ერთხელ მამა იოანე ტაძრის იქით გაიყვანეს, ფეხებთან ესროდნენ ტყვიას და მოკვლით ემუქრებოდნენ, რაღაც ოქროს მოითხოვდნენ..." ბევრ სხვა საინტერესო ამბავს და შეიტყობთ ამ საოცარი ბერების ცხოვრებიდან.

   წიგნის ბოლო ნაწილში არქიმანდრიტი „სავანის თანამედროვე აღორძინებაზე" გვესაუბრება. აქ ნათლად ჩანს თანამედროვე ბერ-მონაზვნური ცხოვრების სულიერი და სიღრმისეული წვდომა. მამა ლაზარე რეალურად აფასებდა ძველი დროის სულიერ სიმაღლეთა წვდომის შესაძლებლობას. ის გრძნობდა, რამდენად განსხვავებული სულის, მსოფლმხედველობისა და გემოვნების ეპოქის შვილები ვართ ჩვენ და რამდენად მძიმე ამოცანის წინაშე დგას თანამედროვე ბერ-მონაზვნობა.

   „გასული საუკუნის და თვით XX საუკუნის I ნახევრის მონაზვნური სული ჩვენი თანამედროვე ბერ-მონაზვნობისთვის საოცრად შორეული და მიუწვდომელია. ალბათ, იმ მამებისთვისაც ძნელი იქნებოდა ჩვენი გაგება. ჩვენ ფიზიკურად, ფსიქიკურად, ზნეობრივად და გონებრივად გაზრდილნი, გამოკვებილნი და განსწავლულნი ვართ სრულიად სხვა მსოფლმხედველობით, სხვა ცნებებით, გემოვნებითა და ფასეულობით"...

   მძიმე სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა ასეა აღწერილი:

   „და აი, ჩვენ მოვედით დაცარიელებულ მონასტერში, ნახევრად დანგრეულ ტაძრებში, უღმრთოთა მიერ შებილწულ ბერ-მონაზონთა სენაკებში; მოვედით ასეთივე გამოფიტული და განადგურებული სულებით და ზღურბლზევე ჩამოვიცალეთ ცოდვების მძიმე ტვირთი. სავანეთა ხელახალი მოწყობა, დანგრეული კედლების განახლება, ჭუჭყისა და სიბინძურისაგან მათი გასუფთავება, ყველაფრისათვის კეთილი სახის მიცემა, არც ისე რთული აღმოჩნდა. მაგრამ შინაგანი ნანგრევების აღდგენა, საკუთარი გულებიდან სიმახინჯისა და უმსგავსობის განდევნა, სულის შინაგანი საუნჯის განწმენდა და შემკობა - გაცილებით უფრო ძნელია".

   და მამა ლაზარემ, ბუნებრივია, იგრძნო დანაკლისი - ჩვენს ირგვლივ უკვე აღარ არიან ისეთი სულიერი ხელმძღვანელები, ძველ დროში რომ იყვნენ: „ძნელია ახლა, - წერს მამა ლაზარე, - ასეთი სულიერი მამების ნახვა, რომლებიც უშუალოდ გადმოგვცემდნენ შინაგანი ღვაწლის ამ გამოცდილებას, მაგალითით და არა სიტყვით გვასწავლიდნენ „კინოვიალური" ცხოვრების ყოველ წვრილმანს, გადმოგვცემდნენ მონასტრის წესდების, მათი ცხოვრების გამოცდილებით შობილს და არა თეორიულად მოფიქრებულს".

   ამიტომ ბეთანიელი მამა ცდილობდა პრობლემის გადაჭრის საკუთარი გზა გამოენახა:

   „ჩვენი უჩვეულო დრო, ვითარება და შინაგანი მდგომარეობა ნებას არ გვაძლევს ბრმად მივბაძოთ უწინდელი ბერების ცხოვრებას, არამედ ის გვაიძულებს ვეძებოთ სწორედ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ბერ-მონაზვნური ფორმები, მოითხოვს ახალი, ძალზე რთული, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემებისა და საკითხების გადაწყვეტას, რომლებზეც პასუხის მოძებნა არც ისე ადვილია. ძველი შორეულ წარსულში დაწერილ წიგნებში".

   მიუხედავად ამ მძიმე ვითარებისა, რომელშიც მოღვაწეობს თანამედროვე ბერ-მონაზვნობა, მამა ლაზარე არასდროს მისცემია სასოწარკვეთას, პირიქით: „ისე, როგორც არასდროს, იგი ბერ-მონაზვნობა სასარგებლო, ყველაზე ღირსეული და აუცილებელია სწორედ დღეს, ამ ეპოქაში, როცა მთელი ქვეყნიერება მზაკვრული დემონური სიცრუითაა შეცდენილი".

 

 

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება