მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმიდათა ცხოვრება, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ბეთანია (ნაწილი 1)
ბეთანია (ნაწილი 1)1-10-2018, 00:02 |
ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელმაც მამა ლაზარესადმი, ვით სულიერი მწერლისადმი, უდიდესი ინტერესი გამოიწვია, იყო „ბეთანია - სახლი სიგლახაკისა". წიგნი მრავალჟანრობითი შინაარსისაა. მასში არქიმანდრიტი მხატვრულად აღწერს ბეთანიის მონასტრის ისტორიას, ძეგლის არქიტექტურულ და ფერწერულ სიდიადეს: „ოდესღაც ბეთანიის მოხატულობა არაჩვეულებრივად მდიდრული და მშვენიერი იყო - ფრესკების ყველა საღებავი ძალზე ძვირფასია, ფერები ცოცხალი და ღრმაა: მკვეთრი ალისფერი სინგური, ბევრია - იშვიათად მკვეთრი, ლამაზი, მუქი-ლურჯი ფერის ლილა - ქვა... საერთოდ ღრმა, მრავალგვაროვან ფერთა დიდებული პალიტრაა. ოდესღაც აქ მხოლოდ ათორმეტი დღესასწაული კი არ იყო წარმოდგენილი, არამედ ზედმიწევნით იყო გამოსახული უფლის ვნებისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის დღესასწაულთა ციკლი... როცა დღეს - განაგრძობს მამა ლაზარე, - ღმრთისმსახურებაზე დგახარ ნახევრად ცარიელ ტაძარში და შეჰყურებ გახუნებულ ფრესკებს, წარმოსახვა უნებლიეთ ხატავს მათ უწინდელ დიდებულებასა და სიმშვენიერეს, მთელ მდიდრულ შემკულობას, მამათა დასს, მოწიწებით რომ უსმენენ ღმრთისმსახურების ძველ საგალობლებს, ღირს იღუმენს საკურთხეველში მღვდელმონაზვნებთან ერთად, სადღაც ჩრდილოეთის სვეტთან მდგარ სამეფო პირებს: ოდესღაც თვით თამარ მეფეც იდგა აქ... და უეცრად, რა უბადრუკად, საწყლად და დაცარიელებულად მოგვეჩვენება ჩვენი დღევანდელი დრო! როგორ მოუძლურდა და გაუფერულდა ჩვენი რწმენა! ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებაში დღეს ყოველივე გახდა რაღაც ზედაპირული, ნაჩქარევი, ყველაფერი კეთდება საჩვენებლად, უხალისოდ, ღმრთის სათნო-ყოფის გარეშე. უკვე აღარავინ დახატავს ასეთ ღრმა, ასეთ სულიერად შინაარსიან წმიდა გამოსახულებებს... ძველი ფრესკები კი სულ უფრო და უფრო ფერმკრთალდება და ქრება... თითქოს წმიდა გამოსახულებანი ნეგატივებად ქცეულაო. იქნებ ეს იმის გამო მოხდა, რომ ჩვენი სამყარო ნეგატიური გახდა სიწმიდეთა მიმართ? ახლა ხომ შავი თეთრად იწოდება, თეთრი კი - შავად! ფრესკებზე გამოსახული წმიდა ფიგურები თითქოსდა კედლის სიღრმეში იმალებიან უფრო მეტად გარყვნილი კაცობრიობისაგან". განსაკუთრებული ინტერესით იკითხება XX საუკუნეში მოღვაწე მამების ცხოვრებისეული ეპიზოდები. ცენტრალური ადგილი უკავია არქიმანდრიტების იოანესა (მაისურაძე) და გიორგის (მხეიძე) სულიერი თვისებების წარმოჩენას. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მათი წმინდანად კანონიზაციის საკითხში არქიმანდრიტი ლაზარეს ამ ნაშრომმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ახლადკანონიზებული ბეთანიელი მამების ურთიერთისყვარულსა და თანაგრძნობას მამა ლაზარე ამგვარად აღწერს: „ბეთანიაში მამა იოანე და მამა გიორგი აღსასრულამდე ერთად იყვნენ. ისინი ცხოვრობდნენ მამა სპირიდონის დროს აშენებულ ორსართულიან სახლში, სადაც ოთხი სენაკი იყო. დიდი შრომა უწევდათ. ჯერ კიდევ მამა სპირიდონის გაშენებულ, მოზრდილ ბაღში ახლა ბოსტანი მოაწყვეს და ვაზიც ჩაყარეს. მძიმე სამუშაოს ძირითადად მამა იოანე ასრულებდა. მამა გიორგი სნეულებებისაკენ იყო მიდრეკილი. მისი ჯანმრთელობის გამო მამა იოანე ძალზე შიშობდა და ხშირად ამბობდა: „ნეტავი, არ მომიკვდეს ჩემი გიორგი, ვაი თუ მომიკვდესო" და ქალაქში დადიოდა წამლებისთვის. მაგრამ მამა გიორგიმ თავის სულიერ ძმაზე მეტხანს იცოცხლა - მისი გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ აღესრულა". არქიმანდრიტი ლაზარე ამ წმინდა მამების სულიერ თვისებებს აღწერს, რომლებიც მათ ათონის წმინდა მთაზე ხანგრძლივი ბერული ცხოვრებით შეიძინეს: „მამა გიორგის პიროვნებაში საცნაური იყო ერთგვარი ბერ-მონაზვნური სიმკაცრე, განათლებულობა და ასკეტიზმი. მამა იოანე გაცილებით უბრალო და რბილი ჩანდა. მასში ყოველთვის უფრო კეთილზე კეთილ, უწმინდეს ანგელოზს ხედავდნენ და არა მკაცრ ასკეტს. ახლაც კი, როცა ამ ბეთანიელ ბერებს იხსენებენ, მამა გიორგის მრავალი ამაღლებული სიტყვით აქებენ, მამა იოანეზე კი მხოლოდ ამას ამბობენ: „ჰო, ის ბერი, მართლაც ღვთის ანგელოზი იყო". რა თქმა უნდა, მისი ლოცვითი ღვაწლი და მოსაგრეობა, ღრმა სულიერი სიბრძნე და გამოცდილება ადამიანთა თვალთაგან სრულად დაფარული იყო... მისი გარეგანი უბრალოებისა და ალერსიანობის გამო, რაც ათონის მთის საბერმონაზვნო სკოლის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა". (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |