მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ლავდიკიის ეკლესიის ანგელოზს (ნაწილი 2)
ლავდიკიის ეკლესიის ანგელოზს (ნაწილი 2)24-09-2018, 00:02 |
ცრურელიგია, ისევე როგორც ცრუმეცნიერება, გარკვევით არაფერს ამბობს ამ „სასწაულთმოქმედი ძალების" წარმომავლობაზე, არამედ განაწყობს ადამიანს თაყვანი სცეს და რაღაც ღმრთაებად მიაჩნდეს მისთვის სრულიად უცნობი „სულიერი" არსება. ნუ გვეგონება, თითქოს ეშმაკი ყოველთვის ხელს უშლის „სულიერის", რელიგიურის, „ღმრთაებრივის" ძიებას: იგი უფრო ხშირად სწორი მიმართულებით ძიებას, ჭეშმარიტი ღმერთის შემეცნებას აბრკოლებს, ხოლო ამაღლებულისადმი უთავბოლო ლტოლვას საკუთარი მიზნებისათვის იყენებს... ასე დაიმორჩილებს ანტიქრისტე მეცნიერებისა და რელიგიის მაგიით თითქმის მთელ კაცობრიობას, და რადგან საკუთარ თავს ღმერთკაცად გამოაცხადებს, თაყვანისცემასაც ორმაგს მიაგებენ: როგორც „ღმრთაებრივ სასწაულმოქმედს" და როგორც „გენიალურ ორგანიზატორს"... ამრიგად, ეშმაკი სრულიადაც არ არის ყოველგვარი რელიგიის წინააღმდეგი - პირიქით, სწორედ იგია რელიგიათა უმრავლესობის ფუძემდებელი. ეშმაკი მართლმორწმუნე ქრისტიანებსაც პირდაპირ ურწმუნოებად ქცევას კი არ უპირებს, არამედ არასწორი სარწმუნოებისაკენ მათ გადახრას ცდილობს: მას სჭირდება რელიგია, ოღონდ რაც შეიძლება უნივერსალური, ამორფული, ადოგმატური, ბუნდოვანი, რათა სულ უფრო მეტი ადამიანი მიიზიდოს ანტიქრისტესა და მისი სახით კი სატანის თაყვანისცემისაკენ. აი, რატომ გაისმის დღეს ასე ხშირად ახალი რელიგიის მაშენებელთა რიგებში უკმაყოფილება და ჩივილი სარწმუნოების დოგმატების მისამართით. სიტყვა „დოგმატი" „დოგმატური ღვთისმეტყველება" ზოგს ლანძღვა-გინებად ჩაესმის, თითქოს სიცოცხლის მტერი იყოს... ადოგმატიზმი ქრისტიანებს აზროვნებას, ჭეშმარიტი მოძღვრების ტყუილისაგან გარჩევას ავიწყებს, მაგრამ მთლიანად არ ართმევს ღმერთისა და რაღაც სულიერის, მისტიურის რწმენას, რაც სწორედ მომავალი ანტიქრისტეს წისქვილზე ასხამს წყალს". მართლმადიდებელი ქრისტიანის წინაშე დადგება საკითხი: როგორ უნდა ვიცნოთ მოსული ანტიქრისტე, თუკი ასეთი ცბიერებით იქნება ის შენიღბული? სოლოვკელმა ბერმა ზოსიმემ უპასუხა: „როდესაც შეიტყობთ, სოფლად ქრისტე მოვიდაო, იცოდეთ, რომ ეს ანტიქრისტეა? რა ზუსტი პასუხია! - შენიშნავს მამა ლაზარე. ეს სოფელი ვერ იცნობს ანტიქრისტეს: იგი მას ქრისტედ აღიარებს და ღმერთად გამოაცხადებს. როდესაც ხმა გავარდება, ქრისტე მოვიდაო, ეს იქნება სარწმუნო ნიშანი, რომ ანტიქრისტე გამოცხადდა და შეუდგა თავის საქმეს". ნიშანი, რომლის გამოც მავანნი ანტიქრისტეს ქრისტედ აღიარებენ, მამა ლაზარეს თქმით, არის გარეგნული ღვთისმოსაობის ქვეშ დაფარული ამპარტავნება, თავდაჯერებულობა და თვითკმაყოფილება. ამასთან, იქადაგებენ რა გამიწიერებულ „ქრისტიანობას", სინამდვილეში სოფელს ქრისტესაგან განაშორებენ და ანტიქრისტეს გზას შეუყენებენ. „და აი, თუკი ქრისტიანი არ გაივლის სარწმუნოების საწყის ეტაპს, თუ ვერ დაინახავს საკუთარი ცოდვის სიღრმეს, თუ ღმერთისკენ სავალ გზას ამ ცოდვების დაძლევით კი არ გაკვალავს, არამედ შეეცდება გვერდი აუაროს მას, მაშინ სულ სხვა განწყობა, სხვა სულისკვეთება, მთელი თავისი გარეგნული და შინაგანი მუშაობის სხვა მიმართულება გაუჩნდება... ამგვარად, ვხედავთ, როგორ მეჩხერდება ქრისტიანობის წყალსატევი, რომელსაც სულ უფრო მეტ სივრცეზე ჭიმავენ. არც ერისკაცებს, არც ბერებს, არც მღვდლებსა და მღვდელმთავრებს შორის თითქმის აღარ ისმის საუბრები ვნებებთან ბრძოლის, შინაგანი საქმის, თვით გარეგნული ღმრთისმოსაობის შესახებაც კი - არა, გარშემო მხოლოდ მშენებლობებზე, ხელდასხმებზე, აღკვეცებზე, საზეიმო სხდომებზე, რაღაც საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, მანქანებზე, მსვლელობებსა და მოგზაურობებზე, ხალხის „ევანგელიზაციასა და სხვა ამგვარ თემებზეა ლაპარაკი". საბოლოდ, ორი მიმართულება შეიქმნება თვით მართლმადიდებელ ეკლესიაში: ერთნი ჭეშმარიტების ერთგული დამცველი ქრისტიანები, მეორენი საპირისპირო სულისკვეთების მქონენი. „და თუმც, - დასძენს მამა ლაზარე, - ეს ორი მიმართულება ჯერჯერობით ახერხებს თანაარსებობას, მაგრამ მოვა დრო, როდესაც განყოფა მოხდება და მაშინ უძლურ ქრისტიანთა დიდი ნაწილი ცრუეკლესიის მხარეს აღმოჩნდება, ანტიქრისტეს ქრისტედ აღიარებს და მასთან ერთად სასტიკ დევნას დაუწყებს ჭეშმარიტ ქრისტიანთა მცირე სამწყსოს. უკვე დღესაც კი, თუმცა ეს ადამიანები ფორმალურად ქრისტიანებად ითვლებიან, სულით სულ უფრო ხშირად მოგვაგონებენ ერეტიკოსებს. მათში ხან პროტესტანტული სული იცნობა - განსაკუთრებით საღმრთო წერილისა და წმ. მამათა გადმოცემისადმი თავისუფალ მოპყრობაში. ეკლესიის მოძღვრების თვითნებურ სწავლებასა და გადასხვაფერებაში და იმ ეჭვის მიღებაშიც კი - მართლა მხოლოდ მართლმადიდებლობაშია ჭეშმარიტება თუ არა? სხვებში კათოლიციზმის სული ჩანს: სარწმუნოებისა და მორჩილების საკითხებისადმი შეგნებული, თავისუფალი, ყოველთვის გონივრული დამოკიდებულება იერარქიისადმი ბრმა, მონური დაქვემდებარებით იცვლება..." და ბოლოს, მამა ლაზარე, წმიდა მამათა სწავლებაზე დაფუძნებით, ამბობს: „წმ. მამათა ყველა სწავლებამ ანტიქრისტეს შესახებ, მრავალი ფილოსოფოსისა და მოაზროვნის ვერსიამ თუ ვარაუდმა უნდა შეგვაშფოთოს: აშკარაა, რომ ახლოვდება ყველაზე დახვეწილი, ეშმაკურად მოფიქრებული ტყუილის დრო, როდესაც უდიდესი ბოროტება საოცრად მშვენიერი, კეთილი, ზნეობრივი სახით მოგვევლინება. დღეს უკვე იქმნება აზროვნების ტიპი, ცხოვრების წესი, საქმიანობის მიმართულება, რელიგიის სულისკვეთება, რომლებიც დემონურ ხიბლს - ანტიქრისტეს გამეფების წინაპირობას შეესაბამებიან. ხვალ გაირკვევა, რომ ბევრი რამ, რასაც დღეს ტაშს ვუკრავთ ან თავშეკავებული ღიმილით ვეთანხმებით, თურმე მხოლოდ კაცთა მოდგმის მტრის მიერ დაგებული ხაფანგი და დახვეწილი მზაკვრობა ყოფილა".
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |