მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ლავდიკიის ეკლესიის ანგელოზს (ნაწილი 1)

ლავდიკიის ეკლესიის ანგელოზს (ნაწილი 1)


21-09-2018, 00:02

 

 

   არქიმანდრიტმა ლაზარემ არა მხოლოდ ზნეობრივ-სულიერი ნიშნით სასარგებლო საკითხავებით დაგვამახსოვრა თავი. მის ნაშრომებში ვპოულობთ ასევე ესქატოლოგიური, ეკლესიოლოგიური საღვთისმეტყველო-პოლემიკური შინაარსის წიგნებს, რომლებიც ესოდენ დროული იყო სულიერ საკვებს, მართებულ ხედვას მოკლებული ქრისტიანული სარწმუნოებისათვის. ესქატოლოგიური (ბოლო ჟამის) სულისკვეთების, შინაარსის გამომხატველი ნააზრევი ეპიზოდურად თითქმის ყველა ნაშრომში მოიძებნება, მაგრამ სრული ანალიზი დროის სულისა, რომელსაც საბოლოოდ ანტიქრისტეს გამეფება მოჰყვება, მამა ლაზარემ „ლავდიკიის ეკლესიის ანგელოზის" ნაკვლევში შემოგვთავაზა.

   გამოცხადების წიგნიდან ცნობილია, რომ ლავდიკიელ ქრისტიანებს მაცხოვარი ნელთბილობას საყვედურობს. მეტიც, არ ერთი საქებარი სიტყვა არ გაჟღერებულა მათი მისამართით. არქიმანდრიტი ლაზარე სწორედ ამგვარ ზედაპირულობას ამჩნევს თანამედროვე ქრისტიანებში და სულაც არ იხიბლება მოჩვენებითი „აღორძინებით", რომელიც ახასიათებდა მეოცე საუკუნის დასასრულის პერიოდს. ის წერდა: „ათეიზმისა და მატერიალიზმის პირქუში ზამთრის შემდეგ მოულოდნელად თითქოს ყინულის დნობის პერიოდი დადგა: ადამიანთა სულებში ღმერთის რწმენამ გაიღვიძა... მრავალმა დაიწყო რაღაც „სულიერი", „ნივთიერზე ამაღლებული ძალების ძებნა, რომლებსაც ძალუძთ შთააგონონ, სტიმული მისცენ მათ ცხოვრებას, დაცარიელებულ, გატლანქულ არსებობას. ასე თუ ისე, მართლმადიდებლურ ტაძრებში ხალხი მოვიდა, მრევლი გაიზარდა, ეკლესია-მონასტრები ნანგრევებიდან აღსდგა და ახლადმოქცეული ქრისტიანების მთელი არმიაც შეიქმნა.

   მაგრამ მოჰყვება კი ამ „გაზაფხულს" „მშვენიერი ზაფხული?" - კითხულობს მამა ლაზარე, - იქნებ მარტოოდენ მაცთური დათბობა, წინ კი კიდევ უფრო სასტიკი ზამთარი გველის? ბევრი რამ დადნა! ბევრიც გაცოცხლდა! თუმცა გაცოცხლდა არა მარტო კარგი და კეთილი. ეკლესიას ახალი ხალხი მოაწყდა - მათ თან მოიტანეს კაცობრივი უძლურებები, სნეულებები, ცოდვები: ამპარტავნება, ეგოიზმი, ურჩობა, კვლავ წამოიმართნენ თითქოს უკვე მივიწყებული მწვალებლობები, ცრუმოძღვრებები, ცრურწმენები - ისინი გამდნარი წყლებივით შემოადგნენ ეკლესიას. უცებ აღმოჩნდა, რომ ჩვენი მართლმადიდებლობა უკიდურესი საფრთხის წინაშე დადგა - უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე! რამდენნაირ არასწორ აზრს არ გაიგონებთ, რა და რა მწვალებლობებსა და ცრუმოძღვრებებს არ იცნობთ დღეს ჩვენი ენაწყლიანი ძმების საუბრებში და, რაც ყველაზე სავალალოა, მრავალი სამღვდელო პირის განცხადებებში!"

   მამა ლაზარე შენიშნავდა, რომ თანამედროვე ეპოქას რაღაც განსაკუთრებული განურჩევლობა, გულგრილობა ახასიათებს სარწმუნოებრივი საკითხების, სწავლების მიმართ; თავისი „სულიერი" ძიებების დასაწყისშივე მიზნად არ ისახავენ ჭეშმარიტებისა და ჭეშმარიტი ღმერთის ძიებას, ამიტომ გაოცებული დასძენს:

   „საოცარია თანამედროვე ადამიანის ასეთი უპრინციპო განურჩევლობა სარწმუნოებრივ საკითხებში - და სწორედ ეს განურჩევლობაა განსაკუთრებით ხელსაყრელი და აუცილებელი იმისთვის, ვინც გზას უმზადებს ცრუქრისტეს, ცრუმესიას...

   თითქოს ფარდა კვლავ იწევა და სცენაზე ახალი ცვლილებები ხდება: ისევ „ამაღლებული", ახალი „სულიერი" იდეალების ძიება, ოღონდ ეს ძიება ამჯერად ბევრად უფრო ქაოსური და უპრინციპოა, ვიდრე გასული საუკუნის დასაწყისში. თუმცა, ვითომ დეკორაციების ცვლა ასეთი შემთხვევითი და არათანმიმდევრულია? ადამიანის სული კი მართლა ეძებს ჭეშმარიტებას? თუ ეს სინამდვილეში ჭეშმარიტების დავიწყება, მისგან განდგომა და უღრან ტყეში გაქცევაა?! კაცობრიობის ამ, თითქოს შემოქმედებით ძიებაში ვიღაცისაგან დაპროგრამებული მიმართულება ხომ არ ჩანს?"

   არქიმანდრიტი ორი ძირითადი საფრთხის, ორი მცდარი გზის არსებობის შესახებ გვესაუბრება, რომლის შესახებაც გვაუწყა წმინდა წერილმა და წმინდა მამებმა:

   „საღმრთო წერილიდან და წმიდა მამების წინასწარმეტყველებებიდან ჩანს, რომ ბოლო ჟამს სოფლისმოყვარეთა, „მიწიერი სამოთხის" მონატრულთა, მამონას თაყვანისმცემელთა ნაკადი ნიაღვარივით მოაწყდება და წალეკავს მთელ დედამიწას. ეს მიმართულება თავის მეუფესაც იპოვის - მსოფლიო მბრძანებელს, ანტიქრისტეს, რომელიც მთელ თავის ხელმწიფებას, გავლენასა და მომხიბლაობას ორ სვეტზე დაამყარებს: ერთი მხრივ, ამსოფლიური კეთილდღეობა, ხორციელი სიკეთეები და მატერიალური სიუხვე, რომელსაც დახვეწილი მეცნიერება და ტექნიკა, მარჯვე პოლიტიკა და დიპლომატია ქმნის; მეორე კი - „მისტიკა", ბუნდოვანი და უნივერსალური რელიგია, რომელიც მართლაც „ოპიუმი იქნება ხალხისათვის": იგი თავბრუს დაახვევს ადამიანებს საამო შეგრძნებებით, მათ გულებში ამ დიდი ჯადოქრისადმი აღტაცებისა და მოწიწების გრძნობის დათესავს... ამიტომ მცდარი აზრი, თითქოს ერთი მხრივ, XX საუკუნის საერთო გატაცება რელიგიური ძიებებით, მისი „მოშურნე" მისწრაფება რაღაც „სულიერის", „არაამქვეყნიურის" შეცნობისკენ და, მეორე მხრივ, თანამედროვე ადამიანის სკრუპულოზური ჩაღრმავება ნივთიერების ბუნებაში, მეცნიერებისა და ტექნიკის ყველა „სასწაული" - მოკლედ თითქოს ყველა ეს პროცესი შემთხვევითი და ურთიერთსაპირისპიროა: არა, მათ სავსებით მიზანდასახულად მიჰყავთ კაცობრიობა ერთი მიზნისაკენ და კარგად ავსებენ ერთმანეთს. ეს მიზანი კი გახლავთ ახალი რელიგიის შექმნა, რომელიც თავის თავში გააერთიანებს ადამიანის მშვინვიერი მოღვაწეობის ამ ორივე მრუდე მიმართულების - ცრურელიგიისა და ცრუმეცნიერების - „მიღწევებს"... (გაგრძელება...)

  

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება