მთავარი > თანამედროვე მამები, საცდურები, სიძვა, მთავარი გვედის ფოტო > ბაბილონის სახმილში (ნაწილი 2)

ბაბილონის სახმილში (ნაწილი 2)


19-09-2018, 00:02

ბაბილონის სახმილში (ნაწილი 2)

 

 

   დღესდღეობით საკმაოდ მრავალნი შეგნებულად თუ შეუგნებლად თანამონაწილენი გამხდარან ამ ახალი „ბაბილონის სახმილის" განხურვებისა! მაგრამ განაღა არ ვიცით, რა ელის მოყვასის დამაბრკოლებელს? ნუთუ უფლის სიტყვანი დაგვიწყებია: „რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმჯობეს არს მისსა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა. ვაი, სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიედცა მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური" (მათ. 18. 6-7).

   ვაი შენდა, დედაკაცო, როცა გამომწვევად გამოწყობილი მამაკაცთა საზოგადოებაში ჩნდები! თავს ნუ იტყუებ: როცა თითქმის შიშველი დადიხარ ან ტანზე მჭიდროდ მოტმასნილ ტანსაცმელს იცვამ და ცდილობ შენი სხეულის მშვენიერებანი უკეთ გამოაჩინო, იცოდე, რომ შენში აშკარად სიძვის ვნება ჩაბუდებულა, შენ ხარ საცდური, რადგან ცდილობ, კაცების გულში ბილწი გულისთქმა გამოიწვიო, და ამისათვის ვაი შენდა!"

   ამ შემთხვევაში, შესაძლოა, სხვისი განგებ ცდუნების განზრახვა არ გქონია, მაგრამ, ეს დანაშაულს არ ამსუბუქებს. შეფარული, თითქმის გაუცნობიერებელი ბილწი გულისთქმაც კი შხამია, რომელიც წამლავს ჩვენს გულებს, ხოლო საქციელში გამჟღავნებული ეს სიძვის ვნება ცდუნების საბაბი ხდება მოყვასისათვის...

   ადამიანის სულის მოშხამვა მცირე ცოდვა როდია. უფალი ამბობს: „ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა შინა თვისსა" (მათ. 5. 28). ე.ი. შეიძლება ითქვას: შენ, დედაკაცო, ეროტიკულად მიმზიდველ ტანსაცმელში გამოწყობილი გახვედი გარეთ, ქალაქში ნახევრად შიშვლად მოსიარულემ ხორციელი სილამაზე მრავალს უჩვენე და შენი მომხიბვლელი გარეგნობით უამრავი მზერა დაატკბე. მაშ იცოდე, დღეს შენ მრავალთან იმრუშე! და ვაი შენდა, რადგან ცდუნება შენი სახით მიმოდიოდა ქუჩებში დღეს!"

   ზოგიერთი საკუთარი უზნეო ჩაცმულობის გასამართლებლად სიცხეს იმიზეზებს, თითქოს ეს იყოს ამგვარი ჩაცმულობის მიზეზი. ამ არგუმენტის გასაბათილებლად მამა ლაზარე დასძენს:

   „ამბობენ: ცხელა! დახუთულობაა! რა გაეწყობა, შეიძლება თავისუფალი, მსუბუქი ტანსაცმლის შეკერვა, ის გამოყვანილ, მჭიდრო სამოსზე გაცილებით გრილი იქნება. თანაც ჩვენი კანი დაცული იქნება მზის მავნე სხივებისაგან. ამასთანავე, ზაფხულში ასი და ორასი წლის წინათაც ცხელოდა, მაგრამ ჩვენი წინაპრები სახლში „შორტებით" და საცურაო კოსტუმით სიარულს ვერასოდეს გაბედავდნენ, ქუჩაში გასვლაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

   „არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა" - გვამცნობს სჯულის მეათე მცნება (გამოსვლ. 20. 17), მაგრამ თავად ქმრები იძლევიან ამ მცნების დარღვევის საბაბს, როცა საკუთარ ცოლებს თითქმის შიშვლებს დაატარებენ ქუჩებში! როგორც წესი, კაცს ერთობ უნდა აღაშფოთებდეს, თუ მისი ცოლი სხვა მამაკაცებს „ეკეკლუცება" და მითუმეტეს, თუ ის სხეულის შიშველ ნაწილებს არ მალავს მათთან. მაგრამ ვაი რომ, ყველაფერი თავდაყირა დამდგარა დღეს! დღევანდელ კაცებს სირცხვილი, რიდი და ღირსება დავიწყებიათ, ქალაქის ქუჩებში ლამის საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი დაჰყავთ ცოლები და ნებას რთავენ, რათა უცხოთა მზერამ ავხორცულად შეაფასოს მათი „ქალური მომხიბლაობა"! გსურდეს, ქუჩებში კაცები ფიქრით მრუშობდნენ შენს მეუღლესთან, ეს ხომ სუტინიორობას ჰგავს?!..."

   ამ და მრავალ სხვა შეგონებას ვპოულობთ ამ შესანიშნავ ნაშრომში. დასკვნის სახით, მამა ლაზარე ქრისტიანულ კულტურისაკენ სწრაფვას ურჩევს საზოგადოებას:

   „და აი: სამყაროს მოევლინა ქრისტიანობა, თან მოიტანა ჭეშმარიტი კულტურის სხივი, ახალი ერის განთიადი, აღთქმული მიწის ნაყოფი, ზეთისხილის რტო საუკუნო ცხოვრების რწმენისა და არჩევანის თავისუფლება დაგვიტოვა. ჩვენ გვაქვს ცოდნა, ყოველ ჩვენგანს ესმის ძახილი: გვიხმობს უფალი - „ნათელი მხიარული" ზეციურ სიხარულში. გვიხმობს სატანაც - დაცემული ანგელოზი, ჯოჯოხეთის ჯურღმულისაკენ და წყვდიადის უფსკრულისაკენ გვეპატიჟება. ესეც ჩვენი თავისუფლება! თავისუფლება - ალაგმო შენი გულისთქმები, თავისუფლება - ვნების დამჭერი ეს აღვირი ჩამოიგლიჯო და მასთან ერთად დამღუპველი ლტოლვის სამოსი, თავისუფლება - იმხიარულო, იცინო, პირად ცხოვრებას წაეთამაშო, ფეხქვეშ გათელო, გახრწნა ყოველი, კიდევ თუ შენში ღირსეული და ლამაზი დარჩა რაიმე ამ წუთიერ და სწრაფმავალ სიცოცხლეში და საუკუნო ტანჯვითა ზღვავდე ნეტარების ამ უბადრუკი მოჩვენებისათვის, თავისუფლება - ხანმოკლე დროში დაითმინო ვნებათა ცეცხლი, ცდუნების ალი, არ მოტყუვდე ტკბილი სიცრუით და სირინოზის მომნუსხველი სიმღერით და უბადრუკი, წუთიერი „სიამოვნება" არ გაცვალო შენს საკუთარ პირმშოობაზე! თავისუფლება - აირჩიო მარადიული სიცოცხლე ან საუკუნო სიკვდილი!

   სწორედ ამ თავისუფლების წინაშეა საცდური „რამეთუ უნებლიედცა მომავალ არიან საცთურნი", რათა ჩვენი არჩევანი გამოიცადოს, მაგრამ მიუხედავად ამისა: „ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური".

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება