მთავარი > თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სულის ფარული სნეულებანი (ნაწილი 2)

სულის ფარული სნეულებანი (ნაწილი 2)


15-09-2018, 00:02

სულის ფარული სნეულებანი (ნაწილი 2)

 

 

   შემდეგ მამა ლაზარე სვამს კითხვას: „მოშურნე" ქრისტიანებს უნდა ეშინოდეს თუ არა ჯოჯოხეთის. ამ ქვეთავში მოძღვარი შეგვაგონებს: „როდესაც გვამხელენ, საჭიროა ყოველთვის დავუფიქრდეთ და მრავალგზის მივუსადაგოთ ეს მხილება საკუთარ თავს - სრულიად შესაძლებელია, რომ იგი შემთხვევით არ იყოს.

   რა ხშირად, რა ძალით ცდილობს მტერი ჩვენს მოტყუებას სულიერ ბრძოლაში! წმიდა მამები ამბობენ, რომ ბოროტი სულები ასეთ ხერხსაც მიმართავენ: აღარ იყენებენ ვნებათა აღმაგზნებელ თავიანთ იარაღს და თითქოს განეშორებიან კაცს. ამგვარად, ყველა ბრძოლა წყდება და სულიერი სნეულებები შეუმჩნეველი ხდება. მაგრამ როდესაც კაცი მოდუნდება და თავს უსაფრთხოდ მიიჩნევს, სწორედ მაშინ ჩაასობს მტერი თავის მოწამლულ ისარს სულის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილში, სადაც აღანთებს ყველაზე მწველ, რომელიღაც მალულ, მაგრამ ძალაშეძენის და დაკმაყოფილებას მოწყურებულ ვნებას. და საბრალო კაცი ვერ უძლებს ამ ბნელი ძალის უეცარ შემოტევას მის სულში და ადვილად ეცემა".

   არქიმანდრიტი წმიდა მამების მაგალითზე დაყრდნობით, რომლებმაც ჩვენგან განსხვავებით, მიაღწიეს ანგელოზებრივ მდგომარეობას, შეეძლოთ საოცარი სასწაულების აღსრულება და ა.შ. სიკვდილის წინ უნუგეშოდ დასტიროდნენ თავს და გულწრფელად მიაჩნდათ, რომ ჯოჯოხეთში დაისჯებოდნენ. მით უფრო ჩვენ ყოვლითურთ უბადრუკთ, გლახაკთ გვმართებს ჯოჯოხეთის შიში.

   „წმიდა მამებისთვის მაცხოვნებელი და უსაფრთხო არის მხოლოდ გზა - თვითგანკითხვისა, თავისადმი უნდობლობისა და საკუთარი თავის ყველაზე დიდ ცოდვად და ყოველგვარი ტანჯვის ღირსად მიჩნევისა. თუ სულიერი ცხოვრების სწორ გზას აირჩევ, შეუძლებელია, არ განვლო იგი საკუთარი სულის ცხონების გამო შიშითა და ძრწოლით; ყველა, ვინც ცხონდა, ამ გზით ვიდოდა!..."

   წმიდა მამათა სწავლებაზე დაყრდნობით, არქიმანდრიტი ლაზარე გვაფრთხილებს, რომ დემონებს შეუძლიათ, ერთი შეხედვით, სიკეთის შემოთავაზებით გაგვაბან თავიანთ მახეში:

   „კეთილ საქმეთა და განზრახვათა ნიღბის ქვეშ ხშირად იმალება ძალზე სახიფათო და მავნე რამ... ეშმაკები გვთავაზობენ, ერთი შეხედვით, რაღაც ძალზე სასარგებლოს, ნათელსა და საგმიროს. ქრისტიანები გაცილებით ხშირად ეცემიან ყალბი სათნოებებით ცდუნებულნი, ვიდრე აშკარა ცოდვებით შეცდენილნი. ამასთან ამ ყალბი სათნოებებით ცდუნებისაგან თავის დაღწევა ბევრად ძნელია, ვიდრე წამოდგომა რაიმე აშკარა ცოდვით დაცემის შემდგომ, რადგან პირველ შემთხვევაში ყოველთვის არ ჩანს თავად მიზანი".

   გარდა ამისა, საფუძვლიანად განსხვავდება ერთმანეთისაგან სახარებისეული სიკეთე და კაცობრივი სიკეთე. ერთი შეხედვით, ურწმუნო თუ სხვა რჯულის ადამიანებიც აღასრულებენ სიკეთეს, სანაქებო საქმეებს, გასცემენ მოწყალებას და მისთ; გასაოცარი გმირული საქმეებიც კი გვხვდება, მაგრამ საკითხავია რა ფასი აქვთ მათ ღვთის წინაშე.

   მამა ლაზარე ამგვარად განმარტავს მრავალთათვის დილემად ქცეულ ამ საკითხს.

   „მართლაც, უცნაურია, კაცი აღასრულებს მაღალ ღვაწლს, სწირავს სიცოცხლეს მოყვასისათვის, კვდება, რათა სხვამ ბედნიერად ცხოვრება შეძლოს; - და განა შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს ასეთი გმირის სულის ცხონება; ნუთუ შეიძლება, მას ჯოჯოხეთი ემუქრებოდეს? განა ასეთი საქციელი არ ჩამორეცხავს კაცის ყველა ცოდვას?

   ეს ყველაფერი სასტიკად ჟღერს, მაგრამ შევხედოთ ამას სხვა მხრიდან: თუ კაცი გმირობის ჩასადენად ძალას არ იღებს ქრისტიანული სარწმუნოებიდან, არ მოქმედებს ქრისტეს გულისთვის და სახარებისეული სწავლების თანახმად, თუ ეს თავგანწირვა აღესრულება არა უფლის ძალითა და სახელით, მაშინ გამოდის, რომ ცხონება კაცს შეუძლია სარწმუნოების, ქრისტეს მიერ გამოსყიდვის გარეშე; რომ დაცემულ ადამიანს შემორჩა ის ძალა და სიწმიდე, რაც საკმარისია მისი განცხოველებისათვის, რათა თვითონ დააღწიონ თავი ბორკილებს. მაშ, რატომ გახდა საჭირო გოლგოთის საშინელი მსხვერპლი, ქრისტეს სწავლება, სახარება, ეკლესია? რაღად გვინდა საიდუმლონი, ლოცვა, მარხვა, ქრისტიანული მოღვაწეობა?...

   საქმე ისაა, რომ კეთილი, მშვენიერი, სანაქებო საქმეების კეთება და სარწმუნოების საქმეთა აღსრულება ერთი და იგივე არ არის! სარწმუნოების, ღმერთის გარეშე აღსრულებული საქმეები ეკუთვნიან ამა სოფელს და მისგანვე იღებენ საფასურს... ხოლო სარწმუნოების საქმეები შინაგანად ეძღვნება ღმერთს..."

   მამა ლაზარე ამხელს იმ მოხიბლულ ქრისტიანებსაც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჭეშმარიტად უყვართ ღმერთი. ის წერს: „რა თქმა უნდა, ენა არავის მოუბრუნდება, თქვას: „მე ღმერთი არ მიყვარს", მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ხშირად ეს ასეა!... აქ იმალება სიყვარული უფრო საკუთარი თავისადმი და არა ღმრთისადმი... ყველაფერს, რასაც თითქოს ღმრთისათვის, ღმრთის სიყვარულით ვიქმთ, სინამდვილეში ჩვენს თავზე დიდი წარმოდგენების დასაკმაყოფილებლად ვაკეთებთ".

   იმავე აზრებს ავითარებს მოძღვარი მოყვასის სიყვარულთან მიმართებაშიც: „მოყვასისადმი სიყვარულის მცნება არის საფუძველი ღმრთისადმი სიყვარულის მცნებისა. მაგრამ, არის კი ერთი და იგივე ის სიყვარული, რისკენაც მოუწოდებს სოფელი, და ის, რასაც ასწავლის ეკლესია? ოდნავადაც არა..."

   კიდევ მრავალი სულის სასარგებლო შეგონებას გაეცნობით მამა ლაზარეს ამ შესანიშნავ წიგნში. გამოვყოფდით ხიბლის სხვადასხვაგვარ გამოვლინებებს. მაგალითად, რამდენად სასარგებლოა დამწყებმა ქრისტიანმა მოყვასთ ასწავლოს სარწმუნოების საქმეები. არქიმანდრიტი წერს: „ჩვენს დროში ჩვეულებრივი გახდა - ყველამ ასწავლოს და ჭკუა დაარიგოს მოყვასს. თუმცა ძალზე ხშირად მასწავლებლები ხდებიან ისინი, ვისაც რამდენიმე ნაბიჯიც არ გადაუდგამს ქრისტიანულ ცხოვრებაში და მხოლოდ ოდნავ შეღებული კარიდან თუ შეხედეს მას...

   ხშირად შეინიშნება ასეთი შემთხვევებიც: ახალმოქცეული კაცი, რომელმაც ცოდვითი ცხოვრება სულ ახლახან მიატოვა, მაშინვე იწყებს მოყვასთა სწავლებას, გამოსწორებას, ძალდატანებით მათ მოქცევას, მათი სულების ცხონებას; მაგრამ გადის ცოტა ხანი და თავადვე ეცემა, უბრუნდება ადრინდელ ცოდვით ცხოვრებას. ისინი კი, ვისაც ამხელდა, დაინახავენ რა მას ასე გასაცოდავებულს, ჩათვლიან, რომ ქრისტიანობა უსარგებლოა და უძლური და კიდევ მეტად უკუიქცევენ პირს ეკლესიისაგან, ღმრთისაგან".

   ახალდამწყები ქრისტიანისთვის არც მაღალ სულიერ თემებზე მსჯელობაა სასარგებლო:

   „ჩვენი გონება იმდენად არის დაავადებული და დაზიანებული, რომ სწორედ მას არ უნდა მიეცეს თავისუფლება სულიერ საკითხთა გადასაწყვეტად; სწორედ მარტივი, თითქმის ბავშვური რწმენით უნდა მივიღოთ ეკლესიისა და წმიდა მამათა მიერ უკვე ნაქადაგები და ზედმიწევნით განმარტებული გზა - სულიერი მეცნიერება. ძალზე სახიფათოა, თუკი ვინმე, ვისაც ჯერ თავად სარწმუნოების საფუძვლებიც არ ესმის, გაკადნიერდება და განუწმენდელი გონებით შეეცდება ღრმა ჭეშმარიტების შეცნობას".

   წიგნის ბოლო ნაწილში მამა ლაზარე განგვიმარტავს „ხიბლის რა სახეები გვხვდება ლოცვითი წვრთნის დროს", „რა იწვევს ცრემლს და როდის არის ის სწორი", „რას ნიშნავს განუსჯელად შრომა", „როდის არის სიმდაბლე ყალბი"...

   ამ და მრავალ სხვა სულიერ მარგალიტს იპოვით ამ შესანიშნავ ნაშრომში. ზემოთქმულიდან მკითხველმა უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ მართლმორწმუნე ქრისტიანი ნაკლებად უნდა ენდოს საკუთარ გონებას, გულს, კეთილ საქმეებს და მისთ..., რათა აღმოვაჩინოთ ჩვენი სულის უამრავი სნეულება.

 

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 

 


უკან დაბრუნება