მთავარი > თანამედროვე მამები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სულის ფარული სნეულებანი (ნაწილი 1)
სულის ფარული სნეულებანი (ნაწილი 1)14-09-2018, 00:02 |
არქიმანდრიტ ლაზარეს (აბაშიძე) ნაშრომებს შორის თავისი შინაარსითა და სულიერი სიღრმით უთუოდ გამოვარჩევდით წიგნს „სულის ფარული სნეულებანი". სწორედ ამ ნაშრომით გაიცნო და შეიცნო მასში (მამა ლაზარეში) მორწმუნე საზოგადოებამ (როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის მიღმა) მამებისეული სულისკვეთების მქონე სულიერი მწერალი, რომელიც არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც ჩაწვდა წმინდა მამების სწავლებას. თავად მამა ლაზარე ამ წიგნის გადმოქართულებას დიდი ხანი ელოდა. ის ხანდახან ჩვეული იუმორით გვეუბნებოდა: „სანამ ეს წიგნი ითარგმნება, ის უკვე აღარ იქნება „ფარული" სნეულება". ქართულ ენაზე წიგნის გამოცემა 2009 წელს გახდა შესაძლებელი. ამ შესანიშნავი ნაშრომის მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ თავად ავტორი პირველივე თავში გვესაუბრება: „ამ წიგნის მიზანია, ძველი და ბოლო დროის წმიდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით, გამოვააშკარაოთ სულის სნეულებათა ზოგიერთი ფარული მახე, ჩვენი დაცემის სიღრმე და ბოროტ სულთა მზაკვრობა და ამის წარმოჩენით გავაფრთხილოთ და გამოვაფხიზლოთ ახალდამწყები ქრისტიანები, ყურადღება გავუმახვილოთ და შიში შთავუნერგოთ მათ. აგრეთვე, განვიხილოთ ზოგიერთი გარეგანი სათნოებაც და ცხადვყოთ, სულის რა ფარული მოძრაობა შეიძლება იმალებოდეს მათ მიღმა". მამა ლაზარე იმ საფრთხეების შესახებ გვაფრთხილებს, რომლებიც ახალმოქცეულ ქრისტიანს აშკარა ცოდვით დაცემების შემდეგ ემუქრება. ის წერს: „აი, ახალმოქცეული აღიარებს თავის ადრინდელ მძიმე ცოდვებს, დაიწყებს ეკლესიაში სიარულს, აღსარების დროს კიდევ რამდენჯერმე გაიხსენებს რაღაცას წარსულიდან, ცოტათი ისწავლის ლოცვას, გარეგნულად შეუდგება წესიერ ცხოვრებას, მაგრამ ამის შემდგომ მისთვის გაუგებარი ხდება - რა შეინანოს, და იწყებს ფიქრს: „თითქოს ნორმალურად ვცხოვრობ, ისეთს არაფერს ვაშავებ. კი, მომდის ხოლმე სხვადასხვა უჯერო გულისსიტყვა, გულში თავს წამოყოფს ზოგიერთი ვნება - ეს ხომ ყველას ემართება. სამაგიეროდ ახლა კეთილ საქმეებს ვიქმ"... ასე შეიძლება მათ თავიდანვე ჩამოუყალიბდეს უგრძნობელიობა საკუთარ სნეულებათა მიმართ და თუ აქედანვე არ შეეჩვევა საკუთარი სულის უძლურებებზე დაკვირვებას, მაშინ მისი სული ვერ შეითვისებს შინაგან სინანულს, ურომლისოდაც სწორი გეზი არ ექნება მთელ მის შინაგან ცხოვრებას - იგი გადაუხვევს და დაადგება დამღუპველი ხიბლის მცდარ გზას". ამიტომ შეგვაგონებს: „ნება არ მივცეთ, თავი მივიჩნიოთ ცხონებულად, საფრთხეგამოვლილად მაშინ, როცა ბრძოლის გზას ეს არის დაადგა. ამისთვის კი აუცილებელია: ახალმოქცეული შეინანებს თუ არა ჩადენილ ცოდვებს, მაშინვე გავაცნოთ სწავლება შინაგან ვნებათა სივერაგის შესახებ. თვალნათლივ დავანახოთ სულის შინაგანი, ცოდვის მიერ დაზიანებული ის ღრმა, ბნელი სამყარო, რომელიც ხშირად სათნოებებითა და სიმართლითაა შენიღბული, და რასთან ბრძოლა ჯერაც წინ აქვს". შემდეგ მამა ლაზარე სვამს შეკითხვას: რა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სულიერი ცხოვრების დასაწყისში? და თავად პასუხობს, რომ „ამ ცოდნას მართლმადიდებლობა გვაძლევს! თავად ეს წმიდა სიტყვა უკვე ბევრს გვეუბნება: მართლად ვადიდოთ ღმერთი, ანუ სწორად შევიცნოთ უზენაესობა და დიდებულება უფლისა... მაგრამ ეს ცოდნა განუყოფლად დაკავშირებულია იმასთან, რომ სწორად და მართლად გავაცნობიეროთ საკუთარი დაცემა, არარაობა, უღირსობა." „ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი ამპარტავნული აზროვნება, თუ მყისვე არ დავიწყებთ მის მოშთობასა და დათრგუნვას, უსათუოდ მოახერხებს, დაამახინჯოს სწორი შეხედულება ჩვენსავე თავზე და საკუთარი დაცემა წარმოგვიდგინოს არც ისე ღრმად, ხოლო კარგი თვისებები - გაცილებით ბრწყინვალედ და საიმედოდ, ვიდრე ეს სინამდვილეშია". მაგრამ სად, ვისთან ვისწავლოთ სინანული, თავის დამდაბლება, საკუთარი უღირსობის ხედვა და მისთ... არქიმანდრიტი გვმოძღვრავს: „სინანულის სწორი განწყობა შეიძლება ვისწავლოთ, ასე ვთქვათ, „ხელიდან ხელში", რაც ნიშნავს, ვიპოვოთ თავმდაბალი მოძღვარი, რომელსაც თავად ექნება შემუსვრილი და მონანული სული და ჩვენი ღატაკი სულისთვის პირდაპირ მისგან გადმოვიღოთ ეს ღრმა, მაცხოვნებელი, განმაცხოველებელი სულთქმა და სიხარულით აღსავსე სასოება უფლის გამოუთქმელი გულმოწყალების მიმართ. თუ ვერ შევხვდებით ასეთ მასწავლებელს, შეიძლება (მაგრამ ეს უკვე რთულია) ეს სწორი განწყობა სინანულისა ვისწავლოთ ეკლესიის წმიდა მამათა გულდასხმით კითხვით, განსაკუთრებით ვეცადოთ, მათგან გადმოვიღოთ უკიდურესი უნდობლობა საკუთარი თავისადმი, ყველაფერში ფრთხილი დამოკიდებულება საკუთარი სულის ყველა მოძრაობისა და გრძნობის მიმართ." მამა ლაზარეს სურს, წმინდა მამების სწავლებაზე დაყრდნობით (განსაკუთრებით უყვარდა წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის სწავლების ციტირება - ავტ.) დაგვანახოს, რომ სწრაფად სულაც არ იკურნება სული: „საჭიროა, მოთმინებით ვიტვირთოთ სინანულის ღვაწლი და აუჩქარებლად დაველოდოთ განკურნების ნიშნებს. ძალზე მნიშვნელოვანია აუჩქარებლობა! დღეს ეს მრავალს აბრკოლებს. მცირე სინანულისთვის მაშინვე მოველით უდიდეს წყალობას, ერთხელ წამოვიტირებთ საკუთარ თავზე და გვგონია, რომ უკვე განვიწმინდეთ და განვსპეტაკდით; მოველით ანგელოზების ხილვასა და ჩვენდამი განსაკუთრებული საღმრთო კეთილნებობის ნიშნებს, თითქოს უკვე ღირს-ვიქმენით სულიწმიდის მრავალი ნიჭისა. აქედან იბადება ხშირი ცდუნება... ამრიგად, ვნებები სწრაფად არ აღმოიფხვრება. მაგრამ მნიშვნელოვანია შევნიშნოთ ისიც, რომ ხშირად ჩვენთვის არც არის სასარგებლო, მალე განვთავისუფლდეთ მათგან. რა თქმა უნდა, უფალს ხელეწიფება მყისიერად განგვწმინდოს ყველა ჩვენი უძლურებისაგან, მაგრამ მისთვის სათნოა ჩვენი სიმდაბლე, სინანულის ლოცვა". „სულის ფარული სნეულებების" ერთ-ერთ თავში მამა ლაზარე ჩვენი დროის თავისებურებებს ახასიათებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა დოზის სულიერი საზრდოს მიღების შესაძლებლობა დაგვრჩა ამჟამინდელ ქრისტიანებს. აქაც არქიმანდრიტი წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის წერილების ამონარიდების გამოყენებით სვამს ზუსტ დიაგნოზს ჩვენი დროის სულისკვეთებისას. „ჩვენს დროს უკვე აღარ ახასიათებს სულიერი საზრდოს სიუხვე, ის ბრწყინვალება და კეთილსურნელება, რითაც აღსავსე და მოფენილი იყო ადრინდელ ქრისტიანთა ცხოვრება. ჩვენ უფრო მეტად უძლურება და მწუხარება დაგვრჩა, ამიტომაც ყველაზე მაცხოვნებელი ჩვენთვის იქნება: მოუკლებელი თავმდაბლობითი ლოცვა და საკუთარ სიგლახაკეზე სულთქმა; ძალზე მოკრძალებული თავმდაბლური შეფასება საკუთარი შრომისა და საქმიანობისა; უაღრესად შემწყნარებლური და გულმოწყალე დამოკიდებულება ახლობლების მიმართ; უდრტვინველი მადლიერებით მიღება ყოველივესი, რაც შეგვემთხვევა; ღმრთის წყალობისადმი სრული სასოება და არავითარ შემთხვევაში ჩვენს კეთილ საქმეთა იმედად ყოფნა; საკუთარ თავში რაიმე ამაღლებულის არ მოლოდინი". „ღატაკნი და უპოვარნი ჩვენი მდგომარეობის სიმბოლური სახენი არიან, ნამცეცები და ცარიელი თეფშები - თანამედროვეობის სულიერი შიმშილია; თავმდაბლად მადლიერება, ყოველგვარი მდიდრული სულიერი საკვებისა და ძღვენის მისაღებად საკუთარი უღირსობის აღიარება - მაგალითია იმისა, თუ როგორი სულიერი განწყობა უნდა გვქონდეს". „ახლა ყოველი მორწმუნის წინაშე დგას რთული ამოცანა: კაცთა ცრუ საქმეებისა და სიტყვების ამ ქაოსში, სიმართლისა და სიყალბის ამ ნარევში მოიძიოს, გამოარჩიოს ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელსაც ძალუძს სულის ცხონება და განკურნება". „ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ წმიდა მამათა ნაწერების სწორად გაგება და საკუთარი ცხოვრებისათვის მათი მისადაგება; გავითავისოთ მათი სული, რადგან ეს - სახარებისეული სულია. მამებმა თავიანთი ცხოვრებით, საქმით, სიტყვით, გრძნობით განახორციელეს სახარებისეული სწავლება, ნათლად შეითვისეს და ზედმიწევნით განმარტეს იგი თავიანთ წიგნებში. სახარებისეული მცნებების გაგებასა და მით უფრო აღსრულებას ამ მამათა გამოცდილების გარეშე ჩვენ საერთოდ ვერ შევძლებთ - გზის დასაწყისშივე უეჭველად დავიბნევით. თავად წმიდა მამათა სიტყვაც ძალზე ძნელად მოდის ჩვენამდე, აღარ გვესმის მათი. წმიდა მამათა მოღვაწეობა ჩვენს ძალებს ბევრად აღემატება; რწმენის შეუძლებლობა, რაც მათ სასწაულების აღსრულების ძალას სძენდა, ახლა აღარ გვხვდება; მათი უბრალოება, გულის და გონების სიწმინდე მიუწვდომელად გვეჩვენება. ამა სოფლიდან მათი განდგომა, საზრუნავისაგან განშორება, ხორციელის უარყოფა და ზეციურისკენ სწრაფვა თითქმის აღარ შეგვიძლია და, მიუხედავად ამისა, წმიდა მამათა სული, მათი შინაგანი ღვაწლი, შრომის მთავარი მიმართულება და მიზანი ჩვენთვისაც აუცილებელია. ჩვენ არ შეგვიძლია ისე მხნედ სვლა, როგორც ისინი ვიდოდნენ, ზიდვა ისეთი მძიმე ტვირთისა, მიღწევა ისეთივე სიმაღლეებისა, მაგრამ შეგვიძლია და გვმართებს კიდეც - ვიაროთ იმავე მიმართულებით, ისეთივე მიზნის აღსასრულებლად, მამათა საზომებით განვსაზღვროთ რაიმეს ღირებულება და სარგებელი, ფუჭად და საზიანოდ მივიჩნიოთ ის, რასაც გაურბოდნენ ისინი". (გაგრძელება...)
დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |