მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა და ოკულტიზმი (ნაწილი 7)

მართლმადიდებლობა და ოკულტიზმი (ნაწილი 7)


21-08-2018, 00:02

მართლმადიდებლობა და ოკულტიზმი (ნაწილი 7)

 

 

   ოკულტიზმის საფუძველი სატანურ ხიბლზე დაფუძნებული ამპარტავნებაა, რომლის მქადაგებელი სვამი ვივეკანანდა ასე წარმოაჩენს თავის მრწამსს: „ჩვენ, ინდოელები ადამიანის თაყვანისმცემელნი ვართ; ჩვენი ღმერთი ადამიანია".27 ოკულტიზმით გატაცებულებს უჩნდებათ განსაკუთრებულობის გრძნობა, ბევრ მოვლენაში ამჩნევენ თავისი ცოდნის დადასტურებას, რადგან მათ სულიერ მეგზურებს (დაცემულ ანგელოზებს) დიდი გამოცდილება აქვთ დაგროვილი მიწიერ და მშვინვიერ სფეროში; ამიტომაც მეტად ძნელია ოკულტიზმის ხლართებიდან თავის დაღწევა.

 

 

● ● ●

  

   შტაინერი თავის ლექციებში ისეთ სურათს გვიხატავს, თითქოს წარმართული რელიგიები თავიდან ჭეშმარიტებას ქადაგებდნენ, ხოლო შემდეგ, ბოროტ ძალთა გავლენით მოხდა მათი გაყალბება. განსაკუთრებული პატივით მოიხსენიებს იგი ზარათუსტრას, რომლის მიერ ქადაგებული რელიგიის (ცეცხლთაყვანისმცემლობის) მხილებისათვის მრავალი ქრისტიანი ეწამა; მათ შორის - წმიდა დედოფალი შუშანიკი, წმიდა ევსტათი მცხეთელი, წმიდა აბიბოს ნეკრესელი. ანტროპოსოფიის ფუძემდებელი გულუხვად უძღვნის ქება-დიდებას ქრისტიანობის ვერაგ მტერს, წარმართობის დიდ ქომაგს, იმპერატორ იულიანე განდგომილს;28 როგორც შტაინერი ამბობს, იულიანე მისტერიათა იდუმალ სიბრძნეს ყოფილა ნაზიარები და ამ „ბრძენკაცს" დაუპირისპირდა „მშვინვიერი ხალხი", მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები; ხოლო მათ, როგორც ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, იულიანესეულ „სიბრძნესთან" ზიარებას ტანჯვა-წამება და ქრისტესთან ზიარება არჩიეს.

   წმიდა წერილის მიხედვით წარმართულ რელიგიებს შორის არსებითი განსხვავება არ არის: „ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან" (ფსალმ. 95, 5); „რომელსა-იგი უგებენ წარმართნი, ეშმაკთა უგებენ და არა ღმერთსა. ხოლო მე არა მნებავს თქუენი ეშმაკთა ზიარებაი" (1 კორ. 10, 20). როგორც ერთი იყო ჭეშმარიტი სარწმუნოება მაცხოვრის მოსვლამდე, ასევე ერთი ჭეშმარიტება იქადაგეს მოციქულებმაც: „წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს" (მარკ. 16, 15).

 

 

● ● ●

  

   ანტროპოსოფიის რაობა ყველაზე ცხადად შტაინერის იმ ლექციებშია წარმოჩენილი, რომლებშიც იგი წმიდა წერილის განმარტებას ცდილობს. მისთვის იაჰვე (იეღოვა) მთვარის ღმერთია, ამავე დროს იგი ქრისტეს აჩრდილიცაა; ქრისტეს მზის ღმერთად მიიჩნევს, იესოს - ადამიანად. აი რას ამბობს „ნათელმხილველი" მოძღვარი თავის მეცნიერულ-მჭვრეტელობითი მეთოდებით შეძენილი „უნივერსალური" ცოდნის გამომზეურებისას: „ვარსკვლავები ღმერთებისაგან მიტოვებული სხეულებია - მას შემდეგ, რაც მათმა განვითარებამ უფრო მაღალ საფეხურს მიაღწია, მხოლოდ ქრისტემ არ დატოვა ამქვეყნიური სიკვდილის შემდეგ ასეთი ფიზიკური ვარსკვლავი... იგი გადადის ადამიანთა სულებთან ერთად იუპიტერის ყოფიერებაში, როგორც სული; ამაშია განსხვავება ქრისტესა და პლანეტების სხვა სულებს შორის".29 ერთ-ერთ ლექციაში ქრისტე წარმოდგენილია როგორც თორმეტი ბოდჰის ატვას სულიერი წინამძღვარი. ეს ბოდჰის ატვები დროდადრო ბუდას სახით ევლინებიან კაცობრიობას - „სამიათასი წლის შემდეგ გამოჩნდება მაიტრეია ბუდა და იგი ყველგან იქადაგებს იმას, რაც დღეს არ შეიძლება ითქვას განცხადებულად".30 შტაინერს სულიერი სამყაროს ჭვრეტისას ეუწყა (როგორც თვითონვე ამბობს სახარების განმარტებებში და ლექციათა ციკლში - „მეხუთე სახარება", „გოლგოთის მისტერია"),31 რომ პალესტინაში ერთდროულად ცხოვრობდა ორი იესო, რომელთაგან ერთ-ერთში ჩასახლდა ზარათუსტრა; შემდეგ იგი რატომღაც მეორე იესოში გადასახლდა, რის შემდეგაც პირველი გარდაიცვალა. იორდანეზე ნათლისღებისას ზარათუსტრამ დატოვა იესოს სხეული და მასში მზის ღმერთი - ქრისტე ჩასახლდა (რომელიც ღმერთებმა ადამიანთა დასახმარებლად მოავლინეს). ამას გარდა, ამ ლექციებში აღწერილია მრავალი ისეთი მკრეხელობა, რომელთა გაცნობა აღარც არის საჭირო, იმდენად შემაძრწუნებლად მოქმედებენ ქრისტიანის სულზე. ამ ყველაფერს (რაც მხოლოდ დემონთა მიერ მოხიბლულ გონებას შეიძლება ეზმანებოდეს) ანტროპოსოფია უწოდებს სულიერ, საიდუმლო ქრისტიანობას, რომელიც მიუწვდომელია მშვინვიერი, სულიერად გაუნათლებელი ხალხისათვის. მე მგონია, ყველა მართლმორწმუნისათვის ცხადია, რომ უფლის სამწყსოს არაფერი აქვს საერთო ამ აშკარად სატანურ მკრეხელობასთან. ნამდვილად სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანი ეკლესიაში დადის, ლოცულობს, მარხულობს და ამავე დროს სულიერად ავადმყოფი, ღვთისმგმობი შტაინერისა და მისი მსგავსი მოძღვრების წიგნებში სულიერ სარგებელს ეძიებს. აი ასე აფრთხილებდა წარმართებით გარშემორტყმულ რჩეულ ერს უფალი: „უკუეთუ აღვინმე-დგეს შენ შორის წინასწარმეტყუელი ანუ ჩუენებისმხილველი, და აჩუენოს რაიმე სასწაული საცთურებისაი თქუენ შორის და თქვას: მოვედით და მივიდეთ ჩუენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ, თქუას: ვმსახურებდეთ მათ. ნუ ისმენთ სიტყუასა მას წინასწარმეტყუალისათა, ნუცა მის ჩუენებისმხილველისათა, რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქუენ უფალი ღმერთი თქუენი, გიყუარდეს თუ თქუენ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა. არამედ შენ უფალსა ღმერთსა შენსა ხოლო შეუდეგ და მისა გეშინოდენ და მცნებათა მისთა იმარხევდით და ხმისა მისისა ისმინეთ და მას მხოლოსა შეეყვენით" (2 სჯულ. 13, 1-4).

 

 

● ● ●

  

   ანტროპოსოფიის მიმდევრები ამბობენ, რომ სასარგებლოა ამ „მეცნიერების" მიერ დაგროვილი გამოცდილება პედაგოგიკაში, მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში... ხოლო ჭეშმარიტ ქრისტიანს ურჩევნია მშიერი და სნეული იყოს ღმერთთან, ვიდრე მაძღარი და ჯანმრთელი ეშმაკებს ემონებოდეს; როგორ ამაღლდებიან სულიერად შტაინერის პედაგოგიკით „გონებაგახსნილი" ბავშვები, როდესაც ეს გონება მკრეხელური სწავლებებით ექნებათ მოწამლული? თუ რა სიბრძნემდე და ნათელმხილველობამდე მიჰყავს ადამიანი ამპარტავნებაზე დაფუძნებულ მედიტაციებს და „სულიერ ვარჯიშებს", კარგად ჩანს შტაინერის ნააზრევის განხილვისას. ჭეშმარიტი სულიერი ნათელი მხოლოდ მაცხოვრის მოძღვრებაშია - „მე ვარ ნათელი სოფლისაი, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისაი" (იოანე 8, 12). იესო ქრისტეს მიერ მონიჭებული ნათელი მოძღვრება არ არის ბნელში დაფარული, ყოველი გულწრფელი მაძიებელი ჰპოვებს მას წმიდა წერილში და წმიდა მამათა წიგნებში; ჭეშმარიტება მხოლოდ მათგანაა დაფარული, ვინც თავად უკეტავს მას გულის კარებს; მის შესაცნობად არ არის აუცილებელი დახვეწილი ინტელექტი და ენციკლოპედიური ცოდნა, არც მისტერიათა ზღაპრობასთან ზიარება; ჭეშმარიტი სიბრძნის ნათელს ყველაზე უკეთ ბავშვურად წრფელი გულები გრძნობენ: „აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩვილთა" (მათ. 11, 25).

 

 

 

ვლადიმერ წამალაშვილი 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

27 Иеромонах Серафим Роуза. „Православние и религия будущего", Москва, 1992, стр. 30.

28 რ. შტაინერი, „სამგვარი მზე და ქრისტეს აღდგომა".

29 Р. Штейнер. „Чудеса мира. Исцеления души, откроьения духа". Лекция IV.

30 იქვე, ლექცია I.

31 Р. Штейнер Из исследования Акаши, Пятое евангелие, Мистерия Голгофи. Дорнах, 1967.

 


უკან დაბრუნება