მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა და ოკულტიზმი (ნაწილი 6)

მართლმადიდებლობა და ოკულტიზმი (ნაწილი 6)


20-08-2018, 00:02

მართლმადიდებლობა და ოკულტიზმი (ნაწილი 6)

 

 

   შტაინერი იზიარებს წარმართობაში გავრცელებულ სწავლებას სულთა გადასახლების (რეინკარნაციის) შესახებ, რომელიც უარყოფს სახარების სწავლებას საყოველთაო აღდგომაზე, განკითხვაზე, მარადიულ სასუფეველსა და მარადიულ სატანჯველზე. ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ღვთის სათნოდ მცხოვრები ადამიანის სული სხეულის სიკვდილის შემდეგ ნეტარებაში, სამოთხეში დაემკვიდრება, ხოლო ცოდვილი კაცის სული ჯოჯოხეთში დაიტანჯება. უფლის მეორედ მოსვლისას ადამიდან მოყოლებული ყველა მიცვალებული, აღსდგება მკვდრეთით, ცოცხლად დარჩენილებთან ერთად წარსდგება საშინელ სამსჯავროზე და სამუდამოდ დაიმკვიდრებს სასუფეველს ან სატანჯველს. წმიდა ეკლესიის სწავლებით ტანჯვაცა და ნეტარებაც მარადიული, დაუსრულებელი იქნება; ამ სწავლებას ამტკიცებს წმიდა წერილი, მეხუთე მსოფლიო კრების დადგენილება და მრავალი წმიდა მამის მოწმობა. აი რას ამბობენ ამ საკითხზე ეკლესიის დიდი მნათობნი: წმიდა მაქსიმე აღმსარებელი - „რომელთა დაიმარხეს მართალი სარწმუნოებაი და ქმნეს საქმენი კეთილნი, წარვიდენ ცხოვრებად საუკუნოდ, ხოლო ცოდვილნი და შეურაცხმყოფელნი სარწმუნოებისანი სატანჯველად მიეცნენ საუკუნოდ".22 წმიდა თეოდორე სტუდიელი - „და გუესმას მსაჯულისა მისგან და ღმრთისა და მეუფისა ყოველთასა საშინელი და მოუთმენელი ხმაი, ვითარმედ „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, განმზადებულსა ეშმაკისათვის და ანგელოსთა მისთათვის" (მათე 25, 41) ...და ესე არა მცირედ ჟამ, არცა ერთ წელ, არცა ას წელ, არცა ათას წელ, რამეთუ არცათუ არს დასასრული სატანჯველთა, ვითარ იგი ჰგონებენ ოროგინეანნი, არამედ დაუსრულებელ არიან და სამარადისო განჩინებისაებრ უფლისა";23 წმიდა იოანე დამასკელი - „ამრიგად ჩვენ ყოველნი მკვდრეთით აღვდგებით, რადგან ჩვენი სულები ხელმეორედ შეუერთდებიან ჩვენს სხეულებს, რომელნიც უკვდავნი შეიქმნებიან და უხრწნელებასაც შეიმოსავენ, და ასე წარვსდგებით ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე. ეშმაკი და მისი დემონები, ასევე ეშმაკის კაციც, ანუ ანტიქრისტე, უკეთური და ცოდვილი ადამიანებიც მათთან ერთად მიეცემიან „საუკუნო ცეცხლს", არა ნივთიერს, როგორიც აწ გვაქვს და ვიცით, არამედ ისეთს, როგორიც მხოლოდ ღმერთმა უწყის. ხოლო სათნონი ღმრთისა და სიმართლის მოქმედნი განათლდებიან ვითარცა მზე და მარადის ანგელოზებთან იქნებიან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან, მარადის ჭვრეტენ მას და თვითონაც მოიხიბლებიან მის მიერ, და დატკბებიან მისგან მომდინარე სიხარულით, და მარადის განადიდებენ მას მამითურთ და სულიწმიდითურთ, დაუსრულებლად, უკუნითი უკუნისამდე, ამინ".24

   შტაინერის ლექციებში ნახსენები ბუნების და კაცობრიობის შემოქმედი სულიერი არსებები, კაბალისეული ადამ-კადმონი, ზღაპრული ისტორიები ევოლუციაზე, დედამიწისა და პლანეტების წარმოშობაზე, ადამიანის აგებულებაზე სრულიად უცხო და მიუღებელია ქრისტიანობისათვის, ისინი ცხადი და ფარული წარმართობის კითვნილებაა; ხოლო ჩვენ, ქრისტიანებს, როგორც წმიდა იოანე დამასკელი ამბობს: „არცა ხელ-გვეწიფების უკუე გარეშე მისსა, რომელი საღმრთოთა წერილითა ძუელისა და ახლისა სჯულისათა გუასწავეს და გვაუწყეს, უმეტესი რაიმე თქუმად ანუ მოგონებად".25

 

 

● ● ●

  

   შტაინერის სწავლება სულიერი სრულყოფის გზების შესახებ წარმოადგენს დაცემულ სულებთან ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების თანამედროვე ვარიანტს. იგი თავის მიმდევრებს სთავაზობს მედიტაციებს, ევრიტმიას (ცეკვის სახეობა), მუსიკას, მხატვრობას, მისტერიებში მონაწილეობას, მიცვალებულთა სულებთან საუბარს. მის ლექციებში შეხვდებით საუბრებს მოთმინებაზე, სიმდაბლეზე, სიკეთეზე, ვნებებთან ბრძოლაზე, მაგრამ სამწუხაროდ, ყველამ არ იცის, რომ ამ ბრძოლაში ღმერთის გარეშე ვერავინ გაიმარჯვებს, ხოლო მის შეწევნას არასოდეს ითხოვს ის, ვისაც მიაჩნია, რომ თავადვეა ღმერთი. ანტროპოსოფიის მიმდევარმა კიდეც რომ ითხოვოს უფლის შეწევნა, მისი ვედრება უძლური იქნება, რადგანაც წმიდა წერილის თანახმად, ორგული კაცის ლოცვას ღმერთი არ შეისმენს. წმიდა ლოცვას შემუსვრილი გული სჭირდება, საკუთარი უმწეობის განცდა, სულის სიგლახაკე, ღმერთზე სწორი წარმოდგენა, ხოლო ყოველივე ამას ებრძვის სიამაყისა და სიცრუის სული, რომლითაც სუნთქავს შტაინერის ყველა სწავლება.

   არსებობს მრავალი მოძღვრება, რომლებიც ქადაგებენ ასკეტიზმს, სიკეთისა და სიმართლის მსახურებას, მაგრამ საფუძვლად სატანური ამპარტავნება უდევთ. ამ ცოდვამ დასცა და ეშმაკებად აქცია ნათლის ანგელოზები, რომლებიც დაუღალავად შთააგონებენ ადამიანებს, რომ ისინი ღმერთის სწორნი არიან და თუკი მოინდომებენ, ყველაფერს საკუთარი ძალებით მიაღწევენ. აი რას ამბობს ამ ცოდვაზე წმიდა იოანე ოქროპირი: „ყველა უდიდესი უბედურება, მთელი სამყაროს მაჭირვებელი, ამპარტავნებისაგან წარმოიშვა. ასევე ეშმაკიც, რომელიც უწინ არ იყო ასეთი, ეშმაკად ამპარტავნებამ აქცია, რაზედაც მიუთითებდა პავლე, როდესაც სთქვა: „რაითა არა განლაღნეს და სასჯელსა შევარდეს ეშმაკისასა" (1 ტიმ. 3, 6). აგრეთვე პირველი ადამიანი, ეშმაკის მიერ დამღუპველი იმედით ცთუნებული, დაეცა და მოკვდავი გახდა; მას ეგონა, რომ ღმერთი გახდებოდა, მაგრამ რაც გააჩნდა, ისიც დაკარგა".26 ეს ერთი ცოდვა (დასაბამი ყველა სულიერი სნეულებისა) საკმარისია ადამიანის დასაღუპად სხვა ცოდვების გარეშეც. ოკულტიზმით მოხიბლულთა ასკეტური ღვაწლი მხოლოდ ამპარტავნების გაღვივებას ემსახურება, ხოლო ამ მოღვაწეობით შეძენილი მაგიური ძალები ნიშანია დემონთა სამფლობელოსთან მჭიდრო კავშირის დამყარებისა. მართალია, ამპარტავნებისაგან შობილი ანტროპოსოფია სიკეთისა და სულიერი სინათლის მსახურებას იჩემებს, მაგრამ როგორც წმიდა პავლე მოციქული ამბობს: „თვით იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა" (2 კორ. 11, 14).

   მხოლოდ „ჭეშმარიტი ნათლის" მიერ დაარსებულ მართლმადიდებელ ეკლესიას უპყრია უცთომელი სწავლება სულიერი ცხოვრების შესახებ, იგი დაფუძნებულია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სიმდაბლესა და სინანულზე. წმიდა წერილი ასე აღწერს ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას: „ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან. მიეახლენით ღმერთსა და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ხელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი ორგულნო. დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად. დამდაბლდით წინაშე უფლისა და აღგამაღლნეს თქუენ" (იაკობი 4, 6-10). ქრისტიანი გრძნობს თავის უმწეობას, სულიერ სნეულებას, იცის რომ ყოვლისშემძლე შემოქმედის გარეშე განწირულია და სიკვდილის წუთამდე ითხოვს მისგან შემწეობას. მართლმადიდებელი ეკლესიის შვილები არ ეძიებენ საიდუმლო, ელიტარულ ცოდნასა და „ზებუნებრივ ძალებს"; მათი მიზანია სულის განწმენდა, განკურნება, ღვთის ნების ძიება და აღსრულება. თუკი რაიმე ნიჭებია საჭირო, უფალი თავად უბოძებს ღირსეულთ, ხოლო მართლმორწმუნენი ამგვარი პატივის ღირსად თავს არასოდეს მიიჩნევენ და ყოველ სასწაულს, გამოცხადებას, სულიერ განცდებსა და ხილვებს დიდი სიფრთხილით ეკიდებიან. ქრისტესმიერი ცხოვრების გზა დაწვრილებით არის აღწერილი წმიდა წერილში და წმიდა მამათა წიგნებში; იქ ვერ ნახავთ ამპარტავანი სულის მაამებელ ზრაპრებს სულის გადასახლებაზე, ძველ ცივილიზაციებზე, აურებზე, ჩაკრებზე... წმიდა მამები გადმოგვცემენ იმ ჭეშმარიტ მოძღვრებას, რომელიც თავად ჭეშმარიტებისაგან ეუწყათ; ისინი გვასწავლიან იმ ცხოვრებას, რომლის საფუძველია საკუთარი ნების უარყოფა, სინანული, საკუთარი უღირსების ჭვრეტა, სიკვდილსა და საშინელ სამსჯავროზე ფიქრი, ღვთისა და მოყვასისათვის თავგანწირვა... ასეთ მოღვაწეს ღმერთი მიანიჭებს ჭეშმარიტ სიმდაბლეს, რომელიც შეუმჩნევლად იშვება კაცის გულში, რომელმაც ათქმევინა წმიდა მამამთავარ აბრაამს: „მე ვარ მიწაი და ნაცარ" (დაბადება 18, 27). (გაგრძელება...)

  

 

 

 

 

ვლადიმერ წამალაშვილი 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 


 

22 თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის შრომები. II, თბ. 1990. გვ. 38.

23 ტრიოდიონი, თბ. 1901, გვ. 290.

24 სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა, წიგნი IV, თბ. 1992, გვ. 365.

25 „წინამძღვარი", თავი 2.

26 Творения Св. Иоанна Злотоуста, т. 7. СПБ. 1901, стр. 150.

 


უკან დაბრუნება