მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა და ოკულტიზმი (ნაწილი 5)

მართლმადიდებლობა და ოკულტიზმი (ნაწილი 5)


17-08-2018, 00:02

მართლმადიდებლობა და ოკულტიზმი (ნაწილი 5)

 

 

   ეკლესიის წევრთათვის არსებობს ერთი, საერთო სიბრძნე, ერთი ღვთისმეტყველება, რომელშიც არაფერია საიდუმლო და აკრძალული. მართალია, განსხვავებულ სულიერ სიმაღლეზე მყოფი მორწმუნენი წმიდა წერილში სხვადასხვა სიღრმეებს გულისხმაჰყოფენ, მაგრამ მათ მიერ მიღებული ცოდნა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ეკლესიის სწავლებას, და თუ ასეთი რამ ხდება, მაშინ ცხადია, რომ ეს ცთომილებაა, რომელიც ქრისტეს შეწევნით უნდა დავძლიოთ, ხოლო ვინც თავის უარყოფას ვერ შეძლებს, იგი ქრისტეს ვერ შეუდგება, მისი მოწაფე ვერ გახდება. არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა ცოდნა არ არის აუცილებელი კაცის ცხონებისათვის. მათ შესახებ მამათა წიგნებში შეიძლება განსხვავებული აზრები შეგვხვდეს, რადგან მათზე არ უმსჯელია მსოფლიო ეკლესიას; ხოლო რაც შეეხება საყოველთაოდ აღიარებულ, დოგმატურ სწავლებას (რომელიც აუცილებელია ადამიანის ცხონებისა და სულიერი სრულყოფისათვის), მისი აღიარება სავალდებულოა ყველა მართლმორწმუნისათვის, წმიდა ეკლესია ამ სწავლებაზეა დაფუძნებული. შეუძლებელია ეკლესიის წევრთათვის არსებობდეს ისეთი საიდუმლო (ეზოთერული) ცოდნა, რომელიც დოგმატური სწავლებისაგან განსხვავებულია, ასეთ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა ჭეშმარიტების გარჩევა სიცრუისაგან, შეუძლებელი იქნებოდა მართლმორწმუნეთა გამაერთიანებელი ერთი ღვთაებრივი სიბრძნის არსებობა. ამგვარი მიდგომა (როდესაც მოძღვრებას არ გააჩნია მყარი საფუძველი, გამოკვეთილი, ნათელი სახე) ახასიათებს დემონური სიცრუისა და სიბნელის სულით გაჟღენთილ მოძღვრებებს, ორპირობა და მერყეობა ქრისტიანობისათვის უცხოა. წმიდა ბასილი დიდი ბრძანებს: „ჭეშმარიტი იგი სიტყუაი და გონებისაგან კეთილისა გამომავალი მარტივ არს და ცხად და მარადის ერთსა ზედა ჰგიეს, ხოლო გულარძნილსა მას და ხელოვნებით თქუმულსა მრავალი თხზნილებაი აქუს და მრავალსახედ შეიცვალების და ჰქონან ურიცხუნი მოქცევანი, რამეთუ სათნოყოფად მსმენელთა იცვალებს ფერსა თვისსა".17 სიცრუეს შეთვისებული ადამიანის სახეს ნათლად წარმოაჩენს წმიდა ირინეოს ლიონელის სიტყვები, რომლებითაც იგი ქრისტიანობის ადრეულ მტრებს, გნოსტიკოსებს ამხილებდა: „როდესაც მწვალებლებს წმიდა წერილიდან ამხილებენ, მაშინ ისინი ადანაშაულებენ თვით წმიდა წიგნებს, თითქოს ისინი სცდებოდნენ, არ გააჩნდეთ ავტორიტეტი, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ, და ამბობენ, რომ ამ წიგნებიდან ჭეშმარიტება ვერ განეცხადება მათ, ვინც არ იცის გადმოცემა... როდესაც ჩვენ მათ კვლავ იმ გადმოცემაზე მივუთითებთ, რომელიც მოციქულებისაგან მოედინება და ეკლესიაში ინახება ხუცესთა მემკვიდრეობის საშუალებით, მაშინ ისინი გადმოცემას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ არა მარტო მღვდლებზე, არამედ მოციქულებზე ბრძენნიც არიან; და რომ მათ წმიდა ჭეშმარიტებას მიაკვლიეს".18

 

 

● ● ●

  

   სხვადასხვა წარმართულ მოძღვრებაში გვხვდება ერთმანეთის მსგავსი სწავლებები, რასაც ოკულტისტები ამ შეხედულებათა ჭეშმარიტების დამამტკიცებელ საბუთად მიიჩნევენ. ამას გარდა, ისინი იშველიებენ ზოგიერთი ქრისტიანი ავტორის მიერ წარმართული მსოფლმხედველობის ზეგავლენით გამოთქმულ მოსაზრებებს (რომლებიც უარყოფილია ეკლესიის მიერ) და ირწმუნებიან - ის იდეები, რომლებიც წარმართთა სიბრძნეში მოიპოვება, ქრისტიანული ეზოთერმიზმის მიერაც არის აღიარებულიო. მართლმორწმუნეთათვის ადვილი მისახვედრია, რომ დაცემულ ანგელოზებს შეუძლიათ შთააგონონ ერთნაირი აზრები დროითა და მანძილით დაცილებულ ადამიანებს; გარდა ამისა, ყოველთვის არსებობდა კავშირი დიდი მანძილით დაცილებულ ქვეყნებს შორის, რაც შესაძლებელს ხდიდა მათ შორის მიწიერი თუ სულიერი ცოდნის გაზიარებას. რაც შეეხება ზოგიერთი ქრისტიანი მოღვაწის ნაწერებში მცდარი აზრების არსებობას, ისინი ეკლესიის სწავლებას არ წარმოადგენენ და ამგვარი პიროვნული ცთომილებები არ გამოდგება ოკულტური იდეების გასამართლებლად.

   წმიდა ეკლესიის უცთომელი (წმ. მამათა ერთობაში განცხადებული) გონება ყოველთვის ამხილებდა და ქრისტეს სხეულიდან განაშორებდა იმ ღვარძლს, იმ სნეულებას, რომელსაც „ბჭენი ჯოჯოხეთისანი" დაუღალავად თესავენ ღვთისმოყვარეთა დასაღუპად. წმიდა მოციქულებმა და მათმა მემკვიდრეებმა, უფლის მიერ განბრძნობილებმა და განმტკიცებულებმა, სიცოცხლეც არ დაზოგეს იმისათვის, რომ უმწიკვლოდ დაეცვათ და ჩვენამდე მოეტანათ მაცხოვრისაგან მიღებული ჭეშმარიტება. სიცრუესთან ზიარება (ხელოვნებაში, ასკეტიკაში და განსაკუთრებით სარწმუნოებაში) განაშორებს კაცის სულს სიმართლისა და ნათლის წყაროს - წმიდა სამებას. უფალი ბრძანებს: „მე ამისათვის შობილ ვარ და ამისათვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი ყოველი, რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს ისმინოს ხმისა ჩემისაი" (იოანე 18, 37). ჭეშმარიტების გულწრფელი მაძიებელნი ისმენენ ამ წმიდა ხმას და იმ სამწყსოს შეადგენენ, რომელსაც ანუგეშებს ჩვენი ცხონებისათვის ჯვარცმული მაცხოვარი: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი" (ლუკა 12, 32).

 

 

● ● ●

  

   როგორ შეიძინა რუდოლფ შტაინერმა ის „საიდუმლო ცოდნა", რომელიც მის წიგნებშია აღწერილი? ერთის მხრივ სხვა „მოძღვრებს" დაესესხა, ხოლო მეორეს მხრივ თავად მოიპოვა „სულიერ სამყაროსთან" ურთიერთობით. ასეთი „სულიერი" გამოცდილება მართლმორწმუნეთათვის არ არის რაიმე ღირებულების მქონე, რადგანაც იგი წმიდა ეკლესიის გარეთ მდგომი, წარმართულ მსოფლმეხდველობაზე დაფუძნებული „სულიერი ცხოვრების" ნაყოფია. მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ბოროტი ანგელოზები არათუ ეკლესიის შეწევნას მოცილებულ, არამედ თვით სულიერ ბრძოლაში გამოცდილ, წმიდა ეკლესიის წიაღში მყოფ ქრისტიანებსაც გამუდმებით უგებენ საცთურს. ამას აკეთებენ სიკეთის ნიღაბს ამოფარებული, ათასწლეულების გამოცდილებით აღჭურვილი, ბოროტებას მოწყურებული სულიერი არსებები, რომელთა სივერაგე და დაუნდობლობა ძნელი წარმოსადგენია გამოუცდელი კაცისათვის. მხოლოდ სულიერი სრულყოფის მაღალ საფეხურზე მყოფი, ეკლესიის მადლით შემოზღუდული წმიდა მამები განარჩევდნენ ღვთაებრივ გამოცხადებას ეშმაკისეული ხიბლისაგან. ამ სიტყვების სიმართლეში ცხადად დავრწმუნდებით თუ განვიხილავთ იმ „საიდუმლო სიბრძნეს", რომელსაც ანტროპოსოფიის ფუძემდებელი ეზიარა.

   რუდოლფ შტაინერის წიგნში „იდუმალმეტყველების ნარკვევი" ვკითხულობთ: „იდუმალმეტყველება სულაც არ ამბობს, რომ „მე" არის ღმერთი, არამედ მხოლოდ იმას, რომ იგი და ღვთაება ერთი გვარისა და არსებისანი არიან... თუ აუცილებელია შედარების მოტანა, შეიძლება ითქვას: რა დამოკიდებულებაშიცაა წვეთი ზღვასთან, იმავე დამოკიდებულებაშია „მე" ღმერთთან. ადამიანს ძალუძს ჰპოვოს თავის თავში ღვთაებრივი, რამეთუ თვით პირვანდელი მისი არსება აღებულია ღვთაებრივიდან".19 ამ სიტყვებში ცხადადაა წარმოჩენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულება, რომელზედაც დაფუძნებულია ოკულტიზმი, იოგა და თითქმის ყველა ახალწარმართული მოძღვრება. ამ სწავლების მიხედვით არ არსებობს არსებითი განსხვავება ადამიანსა და ღმერთს შორის, ადრე თუ გვიან პიროვნება გაქრება უპიროვნო ღმერთში, ისევე როგორც ზღვაში ჩავარდნილი წყლის წვეთი. ქრისტიანული სარწმუნოების მიხედვით ადამიანური არსება (ანუ ბუნება) განსხვავდება ღმერთის არსებისაგან. ადამიანი (ისევე როგორც მთელი სამყარო) ქმნილებაა, ხოლო ღმერთი - ერთადერთი დაუსაბამო არსება, სამყაროს შემოქმედი. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: „ერთსა ღმრთეებასა აღვიარებ წმიდისა სამებისასა... დაუსაბამოსა და დაუსრულებელსა, დაუბადებელსა, უხილავსა, გარეშემოუწერელსა, მოუგონებელსა, უსაზღვროსა, უცვალებელსა, უკვდავსა, უვნებელსა, ყოველთა დამბადებელსა და მპყრობელსა და განმგებელსა, ცისა და ქვეყანისა და ზღვისა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არარაისაგან არსად მომყვანებელსა, შემოქმედსა და დამბადებელსა".20 წმიდა იოანე ოქროპირი „დაბადების" შესახებ წარმოთქმულ სიტყვაში ასე ამხელს შტაინერის წინამორბედებს: „ზოგი უგუნური... ბედავს იმის თქმას, რომ სული ღვთაებრივი ბუნებისაგან წარმოიშვა. ჰოი სიცოფე! ჰოი სიბორგილე! წარწყმედის რამდენი გზა გამოუჩინა ეშმაკმა იმათ, ვისაც მისი მსახურება სურს".21 ქრისტიანული სწავლებით ადამიანი ვერასოდეს გახდება არსებით (ბუნებით) ღმერთი, თუმცა აქვს შესაძლებლობა ღვთის წყალობით მიუახლოვდეს შემოქმედს, რასაც წმიდა მამები მადლით განღმრთობას უწოდებენ. (გაგრძელება...)

  

 

ვლადიმერ წამალაშვილი 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

17 ბასილი კესარიელის „სწავლათა". ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, თბ. 1983, გვ. 128.

18 "Ранные отцы церкви” Брюссель, 1988. ув. 629.

19 Р. Штейнер, „Очерк тайноведения", Москва, 1916, стр. 49.

20 ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლები, კიმენი, ტ. 1, თბ. 1918, გვ. 85.

21 Творения Св. Иоанна Злотоуста, т. 4. СПБ. 1898, стр. 103.

 


უკან დაბრუნება