მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, იდეოლოგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლობა და ოკულტიზმი (ნაწილი 1)

მართლმადიდებლობა და ოკულტიზმი (ნაწილი 1)


13-08-2018, 00:02

მართლმადიდებლობა და ოკულტიზმი (ნაწილი 1)

 

 

„... არს იგი მსგავს წამალთა მათ მაკუდინებელთა, რომელნი შეიზავებიან თაფლითა და არიან იგინი სახილავად კეთილ და ტკბილ არნ გემოისხილვითა და საგონებელ არნ იგი, ვითარმედ კეთილ არს, და არნ იგი წარსაწყმედელ მათა, რომელნი მიეახლნიან მას".

 

წმიდა გრიგოლ ნოსელი 

 

  

   ამ ბოლო წლებში მართლმადიდებელი ქრისტიანები მეტად საგულისხმო მოვლენის მომსწრენი ვხდებით: ჩვენს გარშემო ზნეობრივი ღირებულებების არნახული გაუფასურების პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს ოკულტიზმისა და მაგიის გავრცელება ყველანაირი საშუალებით. ინერგება ცხოვრების ახალი წესი, რომელიც ადამიანში ყოველგვარი სიწმიდის ჩაკვლას ესწრაფვის. ჭეშმარიტებისაგან საკუთარი სურვილით განშორებული, სულიერად დაუძლურებული საზოგადოების უსუსურობით გაკადნიერებული დემონები და მათი მსახურები უკვე აშკარად და თავხედურად უქადაგებენ დედამიწის მკვიდრთ იმ ცოდვებს, რომელთა გამოც მრავალჯერ სასტიკად დასჯილა ადამის მოდგმა.

   არსებობს სექტები, რომლებიც დაუფარავად ემსახურებიან ბოროტებას, მათი გამოცნობა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს; მაგრამ წმიდა ეკლესიის წევრთათვის განსაკუთრებით საშიშია ისეთი მოძღვრებანი, რომელნიც სიკეთის ნიღაბს ამოფარებულნი, შეუმჩნევლად თესავენ სიცრუეს მცირედმორწმუნეთა გულებში, წმიდა ეზეკიელ წინასწარმეტყველის წიგნის მერვე თავში აღწერილია ამგვარი ხილვა: წინასწარმეტყველს უფალი დაანახებს, რომ იერუსალიმის ტაძარში მოთავსებულია წარმართული კერპი, ტაძრის გალავნის საიდუმლო ოთახების კედლები მოხატულია უცხო, წარმართთა ღმერთების გამოსახულებებით; ებრაელი ერისაგანნი წმიდა ტაძარში ფარულად თაყვანს სცემენ ცრუ ღმერთებს; უფალი ამბობს, რომ ამ ცოდვის გამო აღარ შეისმენს მათ ლოცვებს: „...და მეცა უყო მათ გულისწყრომით; არა ერიდოს თუალი ჩემი, არცა შევიწყალო. და უწოდდენ ხმითა დიდითა ყურთა ჩემთა, და არა შევისმინო მათი" (ეზეკ. 8; 18). წმიდა წერილის ამ ადგილიდან (მიუხედავად მისი სიმბოლური მნიშვნელობისა) ცხადად ჩანს, რომ უფლის წყალობას მხოლოდ მისი ერთგულნი მიიღებენ. წმიდა ილია წინასწარმეტყველი ასე მიმართავდა სულიერ ორგულებაში ჩავარდნილ თანამემამულეებს: „ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას, და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა" (3 მეფ. 18, 21). ახალ აღთქმაში იმავე სენით შეპყრობილთ წმიდა პავლე მოციქული ამხილებს: „ვერ ხელ-ეწიფების სასუმელი უფლისაი სუმად და სასუმელი ეშმაკთაი; ვერ ხელ-ეწიფების ტაბლასა უფლისასა ზიარებაი და ტაბლასა ეშმაკთასა" (1 კორ. 10, 21). როგორც ვხედავთ, კაცთა მოდგმის მტერი ყოველთვის ცდილობდა მართლმორწმუნეთა სულის ამღვრევას; ქრისტეს ეკლესიის პირველ მტერთაგანნი, გნოსტიკოსები ცდილობდნენ „უნივერსალური" მოძღვრების შექმნას, რომელშიაც ქრისტეს სახელიც იქნებოდა ნახსენები. მათ განსაქიქებლად დაწერილ ვრცელ ნაშრომში წმიდა ირინეოს ლიონელი ასე ამხილებს სიმონ მოგვის სულიერ შთამომავლებს: „უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჭეშმარიტებაა და სიცრუე არ არის მასთან. მოციქულებიც, ჭეშმარიტების მოწაფეები, უცხო არიან ყოველგვარი სიცრუისაგან, რამეთუ სიცრუე ვერ უერთდება ჭეშმარიტებას, როგორც სიბნელე სინათლეს, არამედ ერთის ყოფნა გამორიცხავს მეორეს".2

 

 

● ● ●

  

   იმ ცრუ სწავლებებს, რომლებიც, სიკეთის ნიღაბს ამოფარებულნი, საიდუმლო სიბრძნისა და სულიერი ძალების დაუფლებას ჰპირდებიან თავის მიმდევრებს, ზოგადად ოკულტიზმს უწოდებენ. ამ სახის მოძღვრებებია: თეოსოფია, ანტროპოსოფია, ძენ-ბუდიზმი, იოგას ნაირსახეობანი, რაკნეშის და გურჯიევის სისტემები. მიუხედავად გარეგნული განსხვავებებისა, ამ მოძღვრებათა საშუალებით მაცდური სული ცდილობს ბოროტება სიკეთედ წარმოადგინოს, წარმართული და მწვალებლური ზღაპრები - საიდუმლო სიბრძნედ, დემონებთან დაახლოების გზები - სულიერ ცხოვრებად. ოკულტიზმის არსის წარმოსაჩენად მოვუსმინოთ ამ საცთურის მქადაგებელს კარლ ბრანდლერ ბრახტს: „სწავლების ბოლოს ის (ოკულტისტი, ვ. წ.) უკვე ისეთი ძალების მფლობელი იქნება, რომ სწორი გამოყენების შედეგად დაცული იქნება ყოველგვარი უბედურების, ავადმყოფობისა და ტანჯვისაგან. მოწაფე დარწმუნდება, რომ ადამიანი არც თუ ისე უსუსურია, არამედ უხვადაა დაჯილდოებული იმ ძალებით, რომელთა საშუალებითაც ყოველგვარი საშიშროებისაგან თავს დაიცავს. დაინახავს, რომ ვერანაირი მიწიერი უსიამოვნებანი მას ვეღარაფერს ავნებს".3 „მასწავლებლის მნიშვნელობა - უსაზღვროა. მისი ცოდნა სწვდება ყველაფრის შინაგან, დაფარულ ბუნებას და სწორად მსჯელობს ყოველივეზე, რაც არსებობს, უარსებია და იარსებებს კიდეც, რომელიც დამოკიდებული არ არის დროსა და სივრცეზე. მასწავლებელი, რომელმაც ამგვარ ზნეობრივ სიმაღლეს მიაღწია, რა თქმა უნდა აღარ განიცდის ახალ განსხეულებას. მის მორჩილებაშია მატერია და ამიტომაც შეუძლია თავისი სხეულის სიცოცხლის უნარი გაახანგრძლივოს იმდენ ხანს, რამდენიც მოესურვება, ასევე შეუძლია მიატოვოს ეს სხეული მაშინ, როცა კი მოისურვებს და ამისათვის მას სრულიადაც არ სჭირდება სიკვდილი სხვა ადამიანებივით. მისი სული - ყოველთვის თავისუფალია, რადგან დაამარცხა თვით სიკვდილიც კი".4

   ამგვარი სულისკვეთების მქონე მომხიბლავი მოძღვრებები აბრუებენ კაცის გონებას, კლავენ სულში ღვთის შიშსა და სინანულს, აღვივებენ ამპარტავნებას და ღმერთად გახდომის მსურველს ეშმაკთა მსახურად აქცევენ (რასაც იგი სიკვდილამდე შეიძლება ვერც მიხვდეს). ეს სწავლებები ნერგავენ აზრს, თითქოს რელგიებში არსებობს დაფარული, ეზოთერული (შინაგანი) სიბრძნე და ჭეშმარიტება ყველა რელიგიაზე მაღლა დგას; ადამიანს, მათი სწავლებით, შეუძლია საკუთარი ძალით მიაღწიოს სრულყოფილებას, ვინაიდან იგი თვითონ არის (შინაგანი არსებით) ღმერთის ნაწილი. ასეთი აზრები ახლობელი და იოლად მისაღებია მათთვის, ვინც „დამბადებელისაგან... განიშორა გული მისი" (ზირ. 10, 14), და რადგანაც ასეთი სულიერი განწყობილება სულ უფრო მეტი ადამიანის გულს იპყრობს, ჩვენ თვალწინ ხდება შენიღბული წარმართობის აყვავება და ქრისტიანობის გაყალბება. ყოველივე ამაში არც არაფერია უცნაური და საკვირველი, ყველაფერი ისე ხდება, როგორც წმიდა წერილი და წმიდა მამები გვასწავლიან, მეოთხე საუკუნეში მოღვაწე წმიდა ეფრემ ასური ასე აღწერდა მომავალს: „...ხოლო მე გეტყვი თქუენ საყუარელნო, ვითარცა-იგი პირველად ჟამად-ჟამად შეჰყვა სიბრმე ისრაელსა, ვითარცა წმიდა მოციქული იტყვის, ეგრევე სახედ მოიწიოს ყოველთა ქრისტიანეთა ზედა, და ჟამად-ჟამად შეჰყვა სიბრმე ისრაელსა, ვითარცა წმიდა მოციქული იტყვის, ეგრევე სახედ მოიწიოს ყოველთა ქრისტიანეთა ზედა, და ჟამად-ჟამად შემოხდეს საცთური სოფელსა შინა, და განქარდეს სარწმუნოებაი, მოოხრდენ ეკლესიანი, დაირღუენ საკურთხეველნი, შემცირდენ წმიდანი, და განმრავლებითა მით უშჯულოებისაითა განხმეს სიყუარული მრავალთაი. მას ჟამსა რბიოდიან ყოველნივე და ეძიებდენ სიტყუასა ღმრთისასა და არა ჰპოვებდენ, რამეთუ დაძუელდენ ყოველნი წიგნნი, მოისრნენ მოძღუარნი, და თუ ვინმე იპოოს მას ჟამსა შინა და ჰმოძღურიდენ, კაცად-კაცადმან ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი თვისნი გარე-წარიქცინენ და ზღაპრებასა მიექცნენ".(გაგრძელება...)

  

 

 

 

 

ვლადიმერ წამალაშვილი 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

 

 

 

 

 

1 შატბერდის კრებული, თბ. 1979, გვ. 103.

2 "Ранные отцы церкви” Брюссель, 1988. ув. 634.

3 კარლ ბრანდლერ ბრახტი, ოკულტიზმი, თბ. 1991, გვ. 9.

4 იქვე, გვ. 302.

5 თ. იმნაიშვილი, საკითხავი წიგნი ძველ ქართულ ენაში, II, თბ. 1966. გვ. 45.


 


უკან დაბრუნება