მთავარი > კალენდარი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > კალენდრის გრიგორიანული რეფორმა, როგორც პაპის ექსპანსიის საშუალება (ნაწილი 3)

კალენდრის გრიგორიანული რეფორმა, როგორც პაპის ექსპანსიის საშუალება (ნაწილი 3)


12-08-2018, 00:01

კალენდრის გრიგორიანული რეფორმა, როგორც პაპის ექსპანსიის საშუალება (ნაწილი 3)

 

   მართლმადიდებლური პასქალია ახალი აღთქმის იმ მოვლენათა თანმიმდევრობის გათვალისწინებითაა შექმნილი, რომელნიც იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო დღეებს უკავშირდებიან. უფლის ჯვარზე აღსრულების წელს იუდეური პასექი პარასკევსა და შაბათს დაემთხვა. პარასკევს, 14 ნიშანს (რომელიც, როგორც მაშინ, ასევე დღეს, ეკლესიური ათვლით ხუთშაბათ საღამოს იწყება) მაცხოვარი ჯვარს აცვეს, ხოლო ახალი კვირის პირველ დღეს 16 ნიშანს, დილაუთენია - აღდგა.

   ამიტომაც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ვნება, სიკვდილი და აღდგომა იუდეურ პასექს განუყრელად უკავშირდება. რის გამოც პირველივე საუკუნიდან ქრისტიანობაში ტრადიციად ჩამოყალიბდა წმ. პასექის იუდეველთა პასექის იუდეველთა პასექის შემდეგ დღესასწაულობა. რაც მოციქულებმა კიდეც უკვდავყვეს საკუთარი განწესებით (წმ. მოციქულთა მე-7 კანონი).

   სახარების მიერ მოთხრობილ მოვლენათა თანმიმდევრობის შეცვლა მათ დამახინჯებას ნიშნავს მისტიურ პლანში, ახალი აღთქმისეული პასექი წარმოადგენს ძველი აღთქმისეული ტარიგის (კრავის) მსხვერპლშეწირვის ახლით შეცვლის სიმბოლოს, რომელიც მიანიშნებს ჩვენი მაცხოვნებელი უფლის იესო ქრისტეს მიერ გამომხსნელი მსხვერპლის შეწირვას, როგორც ტარიგისა, რომელმან: „აღიხუნა ცოდვანი სოფლისანი" (იოან. 1, 29). თუმცა კი, ძველ ეკლესიაში, მარტოოდენ წმიდა ასტრონომიული მიზეზთა გამო, ქრისტიანული და სინაგოგის პასექის ურთიერთდამთხვევის იშვიათ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, მაგრამ, ის კი სრულიად მიუღებელია, რომ წმ. პასექი ებრაულს უსწრებდეს წინ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მარტო 1851-1950 წლების პერიოდში გრიგორიანული კალენდრის მიმდევრებმა იუდეველებზე უწინ 15-ჯერ (თხუთმეტჯერ) იდღესასწაულეს პასექი, ასევე მათთან ერთადაც არაერთხელ მოუწიათ დღესასწაული, მაგ: 1823 წლის 1 აპრილს; 1927 წ. 17 აპრილს 1954 წ. 18 აპრილს და 1981 წ. 19 აპრილს.

   გრიგორიანული კალენდრის მიმდევრები იუდეველებზე უწინ ან მათთან ერთად დღესასწაულობენ რა პასექს, ამით ეკლესიის ერთ-ერთ ძირითად კანონს არღვევენ. ისინი ყოველმხრივ უგულებელსყოფენ მოციქულთა მე-7 კანონს, ნიკეის კრების განჩინებასა და ანტიოქიის ადგილობრივი კრების პირველ კანონს.

   ნიკეის მსოფლიო კრების (325 წ.) 318 წმ. მამამ პასექის შესახებ მიიღო განჩინება („ოროსი-ი"), რომელიც კრძალავს მის აღნიშვნას იუდეველებთან ერთად, რასაც ანტიოქიის კრების I კანონი ცხადლივ იმოწმებს: „ყველა ვინც გაბედავს და დაარღვევს ნიკეაში შეკრებილი წმიდა და დიდი კრების განსაზღვრებას (რომელიც შედგა კეთილმსახური და ღვთისმოყვარე მეფის კონსტანტინეს იქ ყოფნის დროს), საცხოვნებელი აღდგომის წმ. დღესასწაულის გამო, უზიარებელი და განდევნილი უნდა იყოს ეკლესიიდან. თუ ეკლესიის ზედამდგომელი ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი ამ განსაზღვრების შემდეგ ერთის გზის გასამრუდებლად და ეკლესიის შემაშფოთებლად გაბედავს განცალკევებით და ურიებთან (იუდეველებთან) აღდგომის აღსრულებას, მას წმიდა კრება ამიერიდან უცხოდ ჩათვლის, როგორც არა მარტო თავისი ცოდვის, არამედ მრავალთა გახრწნის და გზის გამრუდების საბაბს, და არა მხოლოდ მათ განკვეთს მღვდელმსახურებისაგან, არამედ იმათაც, ვინც გაბედავს მათთან ურთიერთობას მათი განკვეთის შემდგომ. განკვეთილები კარგავენ გარეგან პატივსაც, რომელიც წმ. კანონმა და ღვთის საკურთხეველმა მიანიჭა მათ".

   საეკლესიო იულიანური კალენდარი მტკიცედ უპყრიათ რუსეთის საზღვარგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, მოსკოვის საპატრიაქროს, წმიდა ათონის მთის მონასტრებს, აგრეთვე იერუსალიმის, საქართველოს, სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიებსა და წმ. მამებისეული ანდერძის ყველა მოშურნეს, რომელნიც მრავალგვარ დაწოლათა მიუხედავად, ახალი სტილის მიღებაზე უარს ამბობენ.III  

   როგორც ცნობილია, თავის დროზე, რუსეთში კალენდარული რეფორმის გატარებისათვის შექმნილი კომისიის საბოლოო დასკვნაზე გადამწყვეტი ზეგავლენა განთქმული მეცნიერის ვ.ვ. ბოლოტოვის მოხსენებამ მოახდინა. თავის მოხსენებაში იგი ერთგან ამბობს: „მე კვლავაც იულიანური კალენდრის თავგამოდებულ მომხრედ ვრჩები. მისი, არაჩვეულებრივი სიმარტივე წარმოადგენს კალენდართან მისსავე მეცნიერულ უპირატესობას ნებისმიერ შესწორებულ კალენდართან შედარებით"...

   იულიანური კალენდარი, რომელსაც გააჩნია მასში ბუნებრივად მოცემული შინაგანი ციკლურობა, გრიგორიანული კალენდრისაგან განსხვავებით, მარადიულ კალენდარს წარმოადგენს. მართლმადიდებელი ეკლესია საუკუნეობრივად ინახავს რა წმ. მამათაგან ნაანდერძებ, კურთხეულ იულიანურ კალენდარს, იგი ფსევდო-მეცნიერული სიახლის წარმავალი სიცრუისაგან დაუმორჩილებელი აღმოჩნდა, ამიტომაც არაა შემთხვევითი, რომ იგი ბიოკალენდართან და პერიოდული დროის კოსმიურ კანონზომიერებებთანაა თანახმიერებაში.

   იულიანური კალენდრის ღირსებები მკვლევართა უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, რომელთა ვარაუდით „მომავლის ჰიპოტეტური კალენდარი მაინც მოიაზრება როგორც იულიანური კალენდარი".15 იგი კოსმიურ საათთა პულსაციებთან აშკარადაა დაკავშირებული და საკუთარი დროისმიერი განგრძობილებით (365 დღე, 6 სთ.) ძალზედ ახლო დგას დედამიწისათვის ორ ძირითად ასტრონომიულ სიდიდესთან - ტროპიკულ წელიწადთან (365 დღე; 5 სთ; 48 წთ; 46 წმ.) და სიდერულთან (365 დღე; 6 სთ; 9 წთ; 9 წმ.). ეს ფაქტი მით უფრო მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ დედამიწაზე ბიოთერმული მდგომარეობა სწორედ ამ ორი ასტრონომიული წლით განისაზღვრება.

   ამის გარდა, იულიანური კალენდარი, უკვე ათას ხუთას წელზე მეტი ხნის განმავლობაში ევროპის ხალხთა ცხოვრების რიტმის განმსაზღვრელად გვევლინებოდა, რაც ნაწილობრივ კაცობრიობის გენეტიკურ სტრუქტურაშიც აისახა. უკანასკნელ წლებში, სხვადასხვა დონის ბიოლოგიურ ობიექტებზე ჩატარებული მრავალრიცხოვანი მეცნიერული ექსპერიმენტების თანახმად ცოცხალი მატერია, და მასთან ერთად ადამიანიც, გეომაგნიტური ველის უმნიშვნელო რხევების მიმართაც კი უკიდურესად მგრძნობიარე აღმოჩნდა; ამასთან დედამიწის მაგნეტიზმის მაჩვენებლები ძალზედ მკაფიო პერიოდულობით ხასიათდებიან და ამავე დროს, ბუნიაობა და ნაბუნიანობასთან არიან კავშირში. „ადამიანი, ყოველივე ცოცხალთან ერთად, კოსმიური ბუნების ფიზიკურ ველთა რხევათა ტაქტზე ვიბრირებს. ეს ვიბრაციები ბუნიაობის მოვლენის თანმხლებ მუდმივ რხევებთანაა კავშირში, რაც გრიგორიანულ კალენდარში სწორი პერიოდულობით არ აისახება, ეს გარემოება კი დაკავშირებულია გამოუცნობ, მაგრამ უცილობლად არსებულ „თერაპევტულ ეფექტთან"."16

   გრიგორიანული კალენდარი, რომლის კიხედვითაც ცხოვრობს თანამედროვე კაცობრიობა, არასწორსა და აკოსმიურ რითმს იძლევა, რის გამოც, სრულიად გასაგებია, რომ ვინაიდან იგი ძალზედ ხანგრძლივი დროის მანძილზე ადამიანის მიერ გამომუშავებულ ბიოსაათსა და ბიოკალენდარს არ ეთანხმება და მაშასადამე მათთან წინაღმდეგობაში მოდის და შესაძლოა კიდეც არღვევს მათ.IV

   ყურადღებას ის ფაქტიც იმსახურებს, რომ ვ.ი. ვერნადსკის მოსაზრებათა თანახმად, დედამიწის ნოოსფერო ყალიბდებოდა - და როგორც ჩანს მომავალშიც ჩამოყალიბდება - იულიანური კალენდრის შესატყვის რიტმში, რის გამოც „კაცობრიობისათვის ძალზედ საჭიროა, რათა ეს, მრავალი ასპექტით, უნიკალური ერთობა არ გაიფანტოს".

   რომის ტახტი, რომელიც მსოფლიო ეკლესიისაგან განდგა, შესაბამისად, სამყაროსეულ ჭეშმარიტებასაც განუდგა. პაპიზმმა გეოცენტრიზმზე დაფუძნებული საკუთარი მსოფლმხედველობის თავზე მოხვევისას, ამ საკითხის მეტაფიზიკური მხარეც უყურადღებოდ დატოვა. დედამიწა არსობრივად მართლაც წარმოადგენს სამყაროსეული შენობის ცენტრს, როგორც ღვთის განხორციელების ადგილი, მაგრამ არა ასტრონომიული, არამედ სულიერი გაგებით.

   დროც ღვთის ქმნილებაა. უფალი განწმენდს და აკურთხებს მთლიან ქმნილებას, რომელიც ზეციური ყოფიერების თანაზიარი ხდება. ამიტომაც საეკლესიო იულიანურ კალენდარზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, როგორც ნაკურთხი დროის ხატზე, ხოლო საეკლესიო კალენდრის პროფანაცია განიხილება, როგორც სიწმიდის მკრეხელური შებღალვის მცდელობა და ზეციური სასუფეველისაგან კურთხეული ქმნილების ჯოჯოხეთის სამეუფოში ჩანთქმის ცდა.

   ქრისტეს ეკლესია დროისმიერსა და მარადიულს აერთიანებს რაც უპირველეს ყოვლისა, ევქარისტიის სადუმლოში ხორციელდება. დროში არსებული ეკლესია, თავის წიაღში ქრისტეს რეალური მყოფობით, ისევე გარდაქმნის და ახდენს დროის ფერისცვალებას, როგორც მთლიანად სამყაროს.

   რაც შეეხება იულიანურ კალენდართან დაკავშირებულ ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულებათა არსებობას, ჩვენის აზრით, მის სასარგებლოდ ერთ-ერთ დამატებით არგუმანეტად უფლის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის ყოველწლიური გარდამოსვლაც ჩაითვლება, რადგანაც ეს სასწაული, მრავალათასიანი მლოცველების თვალწინ, სწორედ რომ იულიანური კალენდრის მიხედვით დიდ შაბათს აღესრულება. ამაში ჩვენ ორი ათას წლიანი დროის ხატის მისტიურ კურთხეულობას ვჭვრეტთ.

   დასასრულს აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეკლესიისათვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხზე, კერძოდ მართლმადიდებლური პასქალიისა და იულიანური კალენდრის თაობაზე მრავალი შრომა შეიქმნა საუკუნეების მანძილზე, რომელთაგან მხოლოდ ზოგიერთზე გავამახვილებთ ყურადღებას, (ქვემოთ ჩამოთვლილ შრომათა გარდა აღსანიშნავია ლუდმილა პერეპიოლკინასა და გენადი მოგილევცევის სტატიები; აგრეთვე ა.ნ. ზელინსკის ორი ნაშრომი, რომელთა საინტერესო მიგნებები და არგუმენტები ზემომოყვანილ სტატიაშია ასახული) მათ შორის:

   - Иеромонахь, матфей Властарь. „Алфавитная Синтагма". (Канонический сборник XIV в.), изд. Таврическая Гувернская Типография. Симферополь 1892 г. (переводь с греческого);

   - Д. О. Голубинский, О Пасхе и Юлианскомь календаре". Богословский Вестникь, № 4, 1802, с. 73-88;

   - Д. О. Голубинский, Вопрось обь уравнений гражданского года св. астрономическимь", М. 1809;

   - Е. А. Предтеченский. Церковное время счисление и критический обзорь существующих правиль определения Пасхи, СПБ., 1892;

   - В. В. Болотовь, Дакладь на заседании комисии по вопросу о реформе калетдаря в росии при Рускомь астрономическомь обьществе 31 мая 1899 г. Постановления Комисии по вопросу о реформе календаря в Росии. Приложение V, СПБ., 1900, с. 31-49;

   - И. И. Соколовь, О соединении Восточной Западной церкви", СПБ., 1911;

   - Д. А. Лебедевь, Календарь и Пасхалия", М. 1924;

   - Н. Н. Глубоковский, О реформе календаря". Православный миссионерь №№ 5, 6, Пловдивь, 1943 (на болгарскомь языке). Переводь на русскомь языке...

   - А. И. Георгиевский, О церковномь календаре". М. 1948. კალენდარულ საკითხთან დაკავშირებული, ზემოხსენებული რუსულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის გარდა, მთელი რიგი მეცნიერული შრომებია შექმნილი ბერძნულ, ბულგარულ, სერბულ და სხვა ენებზე, რომლებშიც მიცემული საკითხი ობიექტურადაა გადაწყვეტილი მართლმადიდებლური პოზიციებიდან.

 

 

 

 

 

 

15 Г. Могилевцевь, цит. Соч. Стр, 36.

16 იქვე გვ. 36.

 

 

 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

Xareba.net - ის რედაქცია 

 

 

 

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:

 

   III. როგორც ცნობილია, რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიასთან (რომელიც რევოლუციის შედეგად სამშობლოდან დევნილი, საზღვარგარეთ აგრძელებს არსებობას), მთელი რიგი ხელის შემშლელი მიზეზების გამო, სხვა ავტოკეფალურ ეკლესიებთან ერთად, საქართველოს ეკლესიის ოფიციალური, ევქარისტული კავშირი არ აქვს, რაც საქმეში ბოლომდე ჩაუხედავ ცალკეულ პირს მიზეზს აძლევს, საქმის საფუძვლიანად გამოკვლევის გარეშე გაავრცელოს ეჭვები იმის თაობაზე, რომ ხსენებული საზღვარგარეთის ეკლესია (თავის მთლიანობაში და არა, ვთქვათ რომელიმე ცალკეული არათანმიმდევრული მორწმუნის სახით, რომელთა არსებობაც ვერ გამოვრიცხავთ), თითქოს დანარჩენ მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიებს მადლმოკლებულ ანუ ოდენ ერეტიკულ საკრებულოებად მიიჩნევს. ვფიქრობთ, რომ ამგვარი ეჭვის გაქარწყლებაში დადებით როლს შეასრულებს მათ ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში დაბეჭდილი თუნდაც ზემოთ მოყვანილი სიტყვები, როცა საქართველოს, სერბეთის და სხვა ეკლესიების წევრი გულწრფელი აღმსარებლები „წმ. მამებისეული ანდერძის მოშურნეებად" არიან სახელდებულნი, რასაც არ იტყოდნენ, მადლმოკლებული ეკლესიის წევრებად რომ მიაჩნიათ ზემოხსენებული აღმსარებლები.

   IV. ადამიანის ბუნებრივ ბიოლოგიურ მდგომარეობაზე და საერთოდ მისი ფსიქო-ფიზიკური ცხოვრების ნორმალურ მიმდინარეობაზე ალბათ ანალოგიურად გარკვეულ უარყოფით ზეგავლენას ახდენს დროის ობიექტური აზომვის ხელოვნურად დამახინჯების ის ფორმა, რომელიც მრავალი წელია ჩვენშიც დამკვიდრდა: წლის გარკვეულ პერიოდებში საათის ისრის წინ და უკუღმა გადაწევ-გადმოწევის სახით, რაც თავისებურად ასე ვთქვათ „გაკვრით" აღდგომის დღესასწაულსაც კი შეეხო, როცა ლიტანიობის „ძვ. სტილით" 12 საათზე დაწყების მოშურნეები, ნამდვილ დროსთან თანაშეზომილობის მიზნით, „ხელოვნური დროის" პირველ საათზე ვიწყებთ დღესასწაულს.

   აქვე დავძენთ, რომ თუნდაც სიმბოლური თვალსაზრისით, ბიორითმების დამრღვევ გრიგორიანულ კალენდარსა და იულიანურს შორის შესაძლოა ისეთივე მიმართება დავინახოთ, როგორც მაგალითად ბგერათა ჰარმონიის სფეროში - თანამედროვე როკ-მუსიკასა და ვთქვათ, კლასიკურ მუსიკას შორის არსებობს.

 


უკან დაბრუნება