მთავარი > კალენდარი, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > კალენდრის გრიგორიანული რეფორმა, როგორც პაპის ექსპანსიის საშუალება (ნაწილი 2)
კალენდრის გრიგორიანული რეფორმა, როგორც პაპის ექსპანსიის საშუალება (ნაწილი 2)11-08-2018, 00:01 |
ყურადღებას ის ფაქტიც იმსახურებს, რომ პაპ გრიგოლ XIII-ის გამოჩენილმა თანამედროვეებმა, მათ შორის ისეთმა ცნობილმა სწავლულებმა, როგორიცაა ქრონოლოგი ჯოზეფ სკალიგერი, მათემატიკოსი ცელსი, ასტრონომები იოსებ ბეთანალი და მესტლინი (ეს უკანასკნელი იყო უდიდეს მეცნიერთა კეპლერისა და გალილეის მასწავლებელი), უარყოფითი შეფასება მისცეს დამუშავების პროცესში მყოფ კალენდარული რეფორმის პროექტს. რეფორმის პროექტი თვით უაზრო წამოწყებადაც კი შერაცხეს მაშინდელი ევროპის ბევრმა უნივერსიტეტმა, მათ შორის ვენისა და სორბონოს უნივერსიტეტებმა. თავის მხრივ, გრიგორიანული კალენდრის შემოქმედებმა, მათ შორის ძალაუფლების მოყვარე, გავლენიანმა იეზუიტმა მათემატიკოსმა ქრისტეფორე კლავიუსმა, რეფორმაში მონაწილობისაგან ჩამოიშორეს იმდროინდელი ყველა გამოჩენილი ასტრონომი და ქრონოლოგი, რომლებმაც კი რაიმე სახით გამოთქვეს თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ცხოვრებაში დასანერგი კალენდარული სიახლის მიმართ. რომის ამგვარი პოლიტიკის შედეგად, კალენდარული რეფორმის ინიციატორთა გარშემო ისეთი ადამიანები გაერთიანდნენ, რომელთაც ასტრონომიის სფეროში ზედაპირული, დილეტანტური ცოდნა გააჩნდათ, დაწყებული კლავიუსისაგან, რომელიც ალფოსინის უზუსტო ტაბულას იყენებდა (მას მესტლინი და სხვა გამოჩენილი მეცნიერები უნდობლად ეკიდებოდნენ) და დამთავრებული ვინმე ექიმ ლილიოთი, რომელსაც 300 000 წლიანი ციკლი ჰქონდა მოგონილი; ბუნებრივია, რომ ამგვარი „აღმოჩენა", რომელმაც თავის დროზე დიდი აურზაური გამოიწვია, არასწორი აღმოჩნდა და ამიტომაც არც არასოდეს არ იქნა გამოქვეყნებული. სამწუხაროდ, დღეს ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მისი შექმნის დროს გრიგორიანული რეფორმა „პროვინციულ და უბადრუკ ხასიათს ატარებდა".9 ცნობილია, რომ თავის დროზე დიდმა მეცნიერმა კოპერნიკმაც უარი თქვა კალენდარული რეფორმის მომზადებაში მონაწილეობაზე, რომლისათვის მზადებაც უკვე 1514 წლის ლატერანულ კრებაზე დაიწყო. ხოლო ოცდაათი წლის შემდეგ, კერძოდ, 1543 წელს გარდაცვლილი სახელოვანი მეცნიერი კვლავ ანგარიშგასაწევ ოპონენტად რჩებოდა საზოგადოებაში მისი მეცნიერული იდეების გავლენის გამო. კოპერნიკის ობიექტურმა, მეცნიერულმა დასკვნებმა გრიგორიანული კალენდრის ფართოდ რეკლამირებული ე.წ. მეცნიერული სტილი 1582 წლის ამბების დროსაც ძირში შეარყია.10 მართლაცდა, თუკი სინამდვილეში მზე კი არ ბრუნავს დედამიწის გარშემო, არამედ პირიქით, მაშინ ტროპიკული წელიწადი არც უნდა იყოს სავალდებულო ეტალონი თვით სამოქალაქო წელიწადისთვისაც, რაც აქარწყლებს ბრალდებას იულიანური წელიწადის უზუსტობის თაობაზე. კოპერნიკის სწავლება გრიგორიანული რეფორმის ფსევდომეცნიერულობას მხილებით ემუქრებოდა, ამიტომაც არაა შემთხვევითი, რომ 1616 წელს პაპმა პავლე V-მ კოპერნიკის იდეა განსაჯა, როგორც წმიდა წერილთან არათავსებადი, ხოლო კოპერნიკის წიგნი „ციურ სხეულთა ბრუნვის შესახებ" - სადაც მან თავისი თეორია წარმოადგინა, პაპის 1616 წლის 5 მარტის დეკრეტით იქნა აკრძალული „კათოლიკური ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ მსგავს სწავლებათა გავრცელების აღკვეთის მიზნით". ყველა ეს ფაქტი გრიგორიანული რეფორმის შემოქმედთა რეტროგრადობაზე ფიქრის საფუძველს გვაძლევს, რომლის ერთ-ერთ შედეგსაც წარმოადგენდა „მაშინდელ ევროპაში კოპერნიკისეული იდეის განვითარების შეფერხებისა ან, შესაძლებლობის შემთხვევაში, სრული კონსერვაციის მცდელობა.11 რეფორმაციის შედეგად შერყეული რომის ტახტის ავტორიტეტის განსამტკიცებლად და გავლენის სფეროთა მოპოვებისათვის ბრძოლის გამო, პაპის ემისრები ყველა მეთოდით ნერგავდნენ თავის კალენდარს, რომელსაც უტყუარ „მეცნიერულ" მოვლენად ასაღებდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ მაშინდელ გონებათა შთანმთქავმა რაციონალიზმმა, იეზუიტურ პროპაგანდასთან ერთად, თავისი საქმე გააკეთა. ყველასა და ყველაფრის საწინააღმდეგოდ, გრიგოლ XIII-ის კალენდარმა პროგრესულობის რეპუტაცია დაიმკვირა და უცილობელ დროის აღმნიშვნელად მოევლინა ევროპულ საზოგადოებას.12 ძალაუფლებისაკენ სწრაფვა ყოველთვის დაკავშირებულია თავად დროზე ძალაუფლების მოპოვების სწრაფვასთან. ისტორიას ძალაუფლების ამგვარი „მიტაცების" მრავალი მაგალითი აქვს; ჩვენთან დროით ახლო ასეთ ისტორიულ მოვლენად შეგვიძლია საფრანგეთის რევოლუცია და მისი „თერმიდორი" დავასახელოთ.13 (ამ ვთქვათ, საბჭოთა რეჟიმის მიერ დროის ჯერ ერთი, შემდეგ ორი საათით უკან გადაწევის ფაქტი - მთარგმნ. შენიშ.). რომი, საკუთარი პრიმატისა და მსოფლიო მისიის განმტკიცებისთვის ზრუნვისას, წავიდა „მეცნიერული სიცხადის, ეკლესიური გადმოცემისა და კანონების წინააღმდეგ. როგორც ცნობილია ადამიანური ვნებები გონებას, ლოგიკას, ცოდნას დათრგუნვისაკენ უბიძგებენ, რაც შეიძლება არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანს შეემთხვეს, არამედ მთელ საზოგადოებას, ხალხს და თვით მთელ დამოუკიდებელ (ადგილობრივ) ეკლესიასა და კულტურას". პაპიზმის ორგანიზებულმა რელიგიურ-პოლიტიკურმა ძალამ შეძლო საკუთარი კალენდარული სტილი პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის თავს მოეხვია, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ მეტყველებს მის სასურველობასა და უცთომელობაზე. „არა თუ ძალაში [ძალმომრეობაში], არამედ სიმართლეში იხილვება ღმერთი"I - თქვა წმ. კეთილმორწმუნე დიდმა მთავარმა ალექსანდრე ნეველმა. გრიგორიანული რეფორმით გამოწვეული ჟამთაღრიცხვის პრობლემა დღესაც გადაუწყვეტელი რჩება. აი, უკვე საუკუნეა არ წყდება ლიტურგიკული ცხოვრების განაწესთან დაკავშირებული უთანხმოება და განკერძოება, რამაც ეკლესიისაგან არამართლმადიდებელი დასავლეთის განყოფა კიდევ უფრო გააღრმავა. ამას ზედ დაერთო უახლოეს წარსულში ზოგიერთი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ „შესწორებული იულიანური კალენდრის"II მიღება, რამაც უკვე თვით ეკლესიაში შიდააშლილობა გამოიწვია.14
9 გრიგოლ XIII-ის საკალენდარო რეფორმა 1582 წელს გატარდა. მთარგმ. 10 იხ. იქვე, გვ. 35. 11 იხ. იქვე, გვ. 35. 12 იხ. ლუდმილა პერეპიოლკინას ზემოთ დასახელებული ნაშრომი. 13 Архиепископ Виталий (устинов), предисловце к канадскому изданию книги А. Н. Зелинского „Констуктивные принципы древнерусского календаря", Монреаль 1884 г. Стр. 6-7. 14 დაწვრილებით იხილეთ ლუდმილა პერეპიოლკინას ზემოთ დასახელებული ნაშრომი, გვ. 129-134.
წიგნიდან „ლიმონარი 2" Xareba.net - ის რედაქცია
შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი:
I. ჩვენის მხრივ საჭიროდ მიგვაჩნია ავღნიშნოთ, რომ, როგორც ცნობილია მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობიდან რომის ადგილობრივი ეკლესიის გამოყოფის შემდეგ, ამ უკანასკნელმა საკუთარი თავი მსოფლიო ეკლესიად მიიჩნია, რაც უპირველეს ყოვლისა იმაში გამოიხატა, რომ დაარღვია ქრისტეს მიერ დაწესებული ეკლესიის ღმრთაებრივი ორგანიზმის იერარქიული სტრუქტურა, როცა რომის პაპი ეკლესიის „ხილულ თავად" და „ქრისტეს მოადგილედ" გამოაცხადა. რითაც არც მეტი, არც ნაკლები, მისტიურ-ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით რომის პაპმა (თავის წარმოდგენაში) ქრისტეს ადგილი დაიკავა (1 კორ. 12, 27; ეფეს. 5, 23); ხოლო მოგვიანო ხანაში ამგვარ მწვალებლურ პოზიციას დოგმატურ - შინაარსობრივი გაფორმებაც მოყვა 1870 წლის ვატიკანის „მსოფლიო" კრების 18 ივლისის სხდომაზე, როცა პაპის უცთომელობა „ყველა ქრისტიანისათვის" სავალდებულო დოგმატად გამოცხადდა, მისი ყველა უარმყოფელი კი - ერეტიკოსად. მაშასადამე, პაპიზმისათვის ნიშანდობლივი მწვალებლური ნიბლის თანახმად, პაპს უკავია ქრისტეს რეალური (და კაცთათვის მიუწვდომელი) ადგილი და შესაბამისად - დედამიწაზე ქრისტეს მაგიერ თვითონაა აღჭურვილი ქრისტეს ძალაუფლებით - უცთომელობით. ე.ი. მათი მისტიურ-ილუზორული სწავლებით პაპის ტახტი ცხადდება სამყაროს ცენტრად და მმართველ თავად. (ამ კონტექსტში ასევე არაა შემთხვევითი პაპიზმის სწავლება პაპის მსოფლიო საერო ძალაუფლების შესახებაც). ამგვარი ფსევდოსაღმრთისმეტყველო დასკვნების ჭრილში ადვილი დასანახია, რომ ასე ვთქვათ „სივრცითი სამყაროს" მეუფედ გამოცხადების შემდეგ (თუ მოუნანიებლობის შემთხვევაში, ეს ამპარტავნული ვნებითი განწყობა თავისი გზით, თანმიმდევრულად განვითარდებოდა - რაც სამწუხაროდ ასეც მოხდა), „ღმერთი - პაპი" თავის თავს „დროითი სამყაროს" ან უბრალოდ თვითონ დროის მეფედაც განჭვრეტდა (ვინაიდან ასეთია ამპარტავნობის ვნების „ლოგიკა"). როგორც ჩანს გრიგოლის კალენდარული რეფორმის მთავარი სულიერ-ენერგეტიკული წყარო და შინაგანი მოტივი სწორედ დროზე მეუფების წყურვილს წარმოადგენდა, რომელიც ისეთივე ილუზორულია, როგორც ვთქვათ მზის მოძრაობა უძრავი დედამიწის გარშემო. II. „შესწორებული იულიანური კალენდარი" (ანუ ახალი სტილი) სინამდვილეში თითქმის ზუსტად იმეორებს გრიგორიანულ კალენდარს რელიგიური დღესასწაულების დროის განსაზღვრის საქმეში. იმ იერარქებმა, რომლებმაც მართლმადიდებლური დღესასწაულების აღნიშვნის დრო „შესწორებულ" ანუ ფაქტობრივად იგივე გრიგორიანულ კალენდარს მოარგეს, ანტიოქიის I კანონის გამო (რაც მათ აშკარა ღვთისმებრძოლობაში ამხელდა) ვერ გაბედეს აღდგომის დღის შესაბამისად „ახალი სტილით" განსაზღვრა, რის გამოც იმ ადგილობრივ ეკლესიებში სადაც „შესწორებული" კალენდარი დაინერგა, ყველა საეკლესიო დღესასწაული „ახალი სტილის" მიხედვით იდღესასწაულება, ხოლო აღდგომას (და მასზე უშუალოდ დამოკიდებულ დღესასწაულებს) კვლავ ძველი საეკლესიო კალენდრის (ანუ ნამდვილი იულიანური კალენდრის) მიხედვით დღესასწაულობენ, ხოლო ამ ორი კალენდრის (ძველი და ახალი სტილის) ხელოვნურმა შეჯერებამ ბუნებრივია, რომ ამა თუ იმ დღესასწაულისა და მარხვის მიმდინარეობის თანმიმდევრული წესრიგი მნიშვნელოვნად დაარღვია, რამაც თავის ლოგიკურ შედეგად მეახალსტილე ადგილობრივ ეკლესიათა შინაგანი, ლიტურგიკული ცხოვრების რიტმის აღრევა მოიტანა. ამის საილუსტრაციოდ მოვიყვანთ ერთ მაგალითს: როგორც ცნობილია პეტრე-პავლობის მარხვის დაწყების დრო შემდეგნაირად იანგარიშება, კერძოდ - აღდგომიდან 7 კივირის (49 დღის) შემდეგ. სულთმოფენობის დღესასწაული დგება, რასაც მოჰყვება ერთკვირიანი (ე.ი. 7 დღიანი) მსგეფსი, რომლის გასვლის შემდეგაც პირდაპირ იწყება ზემოხსენებული მარხვა, რომელიც ყოველთვის ერთ რიცხვში მთავრდება - თავმოციქულთა დღესასწაულით, მაგრამ აღდგომის დღესასწაული მოძრავია ე.ი. ყოველ ახალ წელიწადს სხვადასხვა რიცხვს (დღეს) ემთხვევა, ამიტომაც ასევე მოძრავ დღესასწაულს განეკუთვნება სულთმოფენობაც და შესაბამისად მისი მომდევნო მსგეფსის კვირა. მაშასადამე მარხვის დასაწყისიც მოძრავია, ხოლო თავად პეტრე-პავლობის დღესასწაული უძრავია ე.ი. ყოველთვის ერთ რიცხვში (ძვ. სტ. 29 ივნისი, ახ. სტ. 12 ივლისი) აღესრულება. ამის გამო მოძრავ აღდგომის დღესასწაულსა და უძრავ პეტრე-პავლობის დღესასწაულს შორის მოქცეული მარხვაც სხვადასხვა წელს, თავისი ხანგრძლივობით ცვალებადია, კერძოდ, აღდგომა რაც უფრო უახლოვდება 29 ივნისს, მარხვაც მით უფრო ხანმოკლეა; პირუკუ შემთხვევაში კი - მისი ხანგრძლივობა იზრდება. სწორედ ამის გამოა, რომ მაგალითად 1985 წელს აღდგომამ მოუწია რა ძვ. სტილით 1 აპრილს, ხსენებული მარხვა 4 კვირა და 4 დღე ე.ი. მთელი 32 დღე გრძელდებოდა (მარხვის ბოლო დღეს, დღესასწაულის წინა დღე ანუ 28 ივნისი წარმოადგენს); ხოლო 1986 წელს აღდგომამ მოუწია 21 აპრილს, მარხვა კი გაგრძელდა 1 კვირა და 5 დღე, ანუ სულ 12 დღე. რაც შეეხება „შესწორებული" იულიანურ, კალენდარს მიდევნებულთ, მათი კალენდრის მიხედვით 29 ივნისი, ძვ. სტილთან შედარებით, 13 დღით ადრე უწევს. მაშასადამე ძვ. სტილით აღსრულებული აღდგომის შემდეგ, ისინი თავმოქცეულთა დღესასწაულს უკვე ახ. სტილის მიხედვით უნდა შეხვდნენ (წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უძრავი დღესასწაულიც ძვ. სტილზე უნდა დატოვონ, მაშინ კი თვით მათთვისვე გაუგებარი გახდება ახ. სტილის ფუნქცია და შემოღების მიზანი) მაგრამ ზოგიერთ წელს „მოძრავი" აღდგომა იმდენად უახლოვდება მოციქულთა „უძრავ" დღესასწაულს, რომ, როგორც დავინახეთ, მაგ: 1986 წელს მარხვისათვის სულ 12 დღე რჩებოდა, მაგ. 2002 წელს კი მარხვის ხანგრძლივობა სულ 11 დღე იყო, ხოლო ახ. სტილის მიხედვით, ამ წლებში, უძრავ დღესასწაულს თუ კიდევ 13 დღით უკან გადმოვწევთ და ხელოვნურად კიდევ უფრო დავუახლოვებთ აღდგომის ძვ. სტილით განსაზღვრულ დღეს, მაშინ... ღვთისაგან დაწესებული მარხვა სრულიად გაქრება და შესაბამისად ყველაფერი უკუღმართ ხასიათს მიიღებს - მეახალსტილეებს (არარსებული სურვილის შემთხვევაში) მხოლოდ დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ მოუწევთ ის მარხვა, რომელიც დღესასწაულს წინ უნდა უძღოდეს), რაც იმას მოგვაგონებს - კაცმა რომ ბრძოლაში გამარჯვება იზეიმოს და მხოლოდ ამის შემდეგ წავიდეს ჯერ არგარდახდილ ბრძოლაში). უფალი ერთგან დაცემულ ანგელოზებზე ამბობს: „ესე ნათესავი არარაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვით" (მათე 17, 21). უფალმა მარხვა სულის ხსნისათვის დააწესა, ხოლო მოდერნისტმა მღვდელმთავრებმა იგი თავისი ბრძნობით „შესწორებული" კალენდრის წიაღში უკვალოდ შთანთქეს. საინტერესოა იგივე სულისკვეთების მქონე ნოვატორები რა ახალ მანქანებას გამოიგონებენ დანარჩენ მარხვათა განსაქარვებლად, რითაც დაცემულ ანგელოზს სრული თავისუფლება ეძლევა ქრისტესგან განშორებულ სულთა ჯოჯოხეთის წიაღში შთასანთქმელად?!
აქვე იმასაც დავძენთ, რომ მარხვის ნებაყოფლობითი „გაქრობის" თავიდან ასაცილებლად მეახალსტილეებს ორი უპერსპექტივო გზა რჩებათ: 1) თვით თავმოციქულთა დღესასწაული ერთხელ და სამუდამოდ დაწესებული დღიდან სხვა დღეს გადაიტანონ; რაც შეუძლებელია, რადგანაც სწორედ ეს იქნება უზუსტობა ანუ აშკარა რელიგიური ცდომილება და საეკლესიო ტრადიციის უგულებელყოფა, ან 2) მარხვის მაგიერ მსგეფსი უგულებელყონ, რაც მათ მეორე უკიდურესობაში გადააგდებს, ვინაიდან, თავისი შინაგანი უძლურების გამო, ადამიანის ამქვეყნიური ყოფიერება შრომა - დასვენების, დაძაბულობა - შვების ურთიერთმონაცვლე პროცესებისგან შედგება. ამიტომაც ეკლესია, ითვალისწინებს რა ადამიანის ფაქტობრივ მდგომარეობას, კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე, დიდი მარხვის დაწყებისა და დასასრულის შემდეგ, მსგეფსს აწესებს, ასევე თავმოციქულთა, შედარებით ადვილად სატვირთველი, მარხვის დაწყებასაც მსგეფსს უმოძღვრებს წინ, რისი უგულვებელყოფაც ადამიანის სულიერ ძალთა თანდათანობით გამოფიტვამდე მიგვიყვანს და ისეთივე შეუსაბამობა იქნება, როგორც მაგალითად: დასვენების დღის გარეშე, 7 დღიანი სამუშაო კვირის დაწესების მცდელობა. უკან დაბრუნება |