მთავარი > შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე ქრისტიანების შესახებ
თანამედროვე ქრისტიანების შესახებ28-06-2018, 00:01 |
როდესაც თანამედროვე ქრისტიანი საუბრობს ღმერთზე, გულისხმობს რაღაცას, რაც შორს ზეცაში იმყოფება მისთვის, უცნობი, გაუგებარი, მიუწვდომელი არსება. ის (ღმერთი) მარტოოდენ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაშია მისაღები. ხშირად მას (ღმერთს) მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ. მაგრამ ამგვარ რწმენას არ მოაქვს არსებითი ცვლილებები ქრისტიანის ცხოვრებაში. ასეთი ქრისტიანი შეიძლება კვირაობით დადის ეკლესიაში, თავის ბიბლიოთეკაში ულაგია სულიერი წიგნები, სასტუმრო ოთახში ძველი ხატები, ხელში ფსკვნილი, შეიძლება მოწყალებასაც გასცემდეს, მაგრამ ის თავიდან ტერფამდე ჩაფლულია ეგოიზმში, ვერცხლისმოყვარებასა და კომფორტისაკენ ლტოლვაში, ის მუდამ აღშფოთებული და მოუსვენარია. ეს არ არის ცხოვრება ქრისტეში. აქ სიკვდილის სურნელია. რით განსხვავდება თანამედროვე ქრისტიანი სხვა ადამიანებისაგან? თუკი მას არა აქვს მოთმინება, სიმშვიდე, სიხარული, უბრალოება, და რაც მთავარია სიმდაბლე, ე.ი. მან ვერ გაიაზრა რას ნიშნავს ცხოვრება ქრისტეში, რაც არსებითად ფერს უცვლის და აკეთილშობილებს ადამიანს, თუგინდ ის ყოველდღიური სიძნელეების მორევში იმყოფებოდეს. ასეთი ქრისტიანის ცხოვრება უგუნურ და უშინაარსო არსებამდეა დაყვანილი. ადამიანი არ შეიძლება მარტოოდენ პენსიის, მეორე ბინისა თუ ახალი ავტომობილის შეძენამდე იქნეს დაშვებული. ჩვენ არ ველით კარდინალურ ცვლილებებს, უიმედოთ ვმოქმედებთ, ვერ ვხედავთ ღვთის განგებას საკუთარ ცხოვრებაში; მუდამ ვჩქარობთ და ვასკვნით, რომ ცხოვრება პირქუში და სიხარულს მოკლებულია. ქრისტიანმა, პირველყოვლისა, სახარებას უნდა უგდოს ყური, რომელიც მოუწოდებს გარისკოს კომფორტით, უმთავრესის შესაძენად. თანამედროვე „ქრისტიანების" გარკვეული კატეგორია ამბობს: მადლობა ღმერთს არ ვაკეთებ რაიმე საშინელებას, რაიმე სასირცხვილოს. ეს აზრი ბოროტისაგანაა, ვინაიდან ჩვენ პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე არა მხოლოდ ცუდის კეთებისათვის, არამედ იმისათვისაც, რომ არ შევიყვარეთ სათნოებები. დღეს ქრისტიანებს ორმაგი ცხოვრების წესი ჩამოუყალიბდათ, ყოველთვის როდი ცხოვრობენ სიწმინდითა და სიმართლით. მსგავსი გაორება უდიდესი ტკივილია. ქრისტიანი არ შეიძლება გარეგნულად გამოიყურებოდეს ერთგვარად, სინამდვილეში იყოს სხვაგვარი, ისაუბროს ერთი და აკეთოს მეორე. ღმერთთან დალაგებული ურთიერთობა ადამიანებთან ურთიერთობასაც აწესრიგებს. ქრისტიანი კვირა დღეს და ქრისტიანი სხვა დღეებში ერთი და იგივე ადამიანი უნდა იყოს. სხვაგვარად ამას პირფერობა ეწოდება. ასეთი ქრისტიანი თავიდან ტერფამდე ჩაფლულია ამქვეყნიურ საზრუნავებში, მიისწრაფის სიამოვნებისა და აკრძალული ნაყოფისაკენ, რომელიც მას ლამაზ ფერებში მიეწოდება. მას არ სურს განსხვავდებოდეს ამასოფლის საგნებისაგან, არ სურს ბრძოლა ვნებებთან და მავნე მიდრეკილებებთან. ედემის დემონი ბრუნდება და ლამაზ ფერებში გვთავაზობს ბრჭყვიალას ძვირფასის სანაცვლოდ - იოლად მისაწვდომს, იაფფასიანს, რეკლამირებულს, მასობრივს, ყალბს. მსგავსი შენაძენი არ გახლავთ წარმატება, მასში არ არის სინამდვილე, ბრძოლით, მოთმინებითა და სიყვარულით მოპოვებული სათნოება. ამაშია სიცრუე, დემონური ცდუნება, რომელიც ამასოფელთან მეგობრობით იბადება. განა ვაჭარბებ სათქმელს? ქრისტიანებს დღეს მაგიური წარმოდგენა გვაქვს ეკლესიაზე. ვამბობთ: „თუ ივლი ეკლესიაში, მაშინ კარგად წაგივა საქმე". მაგრამ მორწმუნე ადამიანებს შორისაც არსებობენ უმუშევრები და გაკოტრებული ბიზნესმენები. მათ სჭირდებათ ღმერთი, რომელიც არიგებს სამუშაო ადგილებს, სოლიდურ ხელფასებს, მაღალ პენსიებსა და მისთ... თანამედროვე ქრისტიანებმა ვერ გავიაზრეთ, რომ ეკლესიაა - ქრისტეა, რომელიც აცხონებს ადამიანს და არ საჭიროებს ჩვენს ადვოკატობას. ქრისტემ ბრძანა: თუ მთელი სულითა და გულით გსურს სრულყოფა, მომდევდი მეო. აქ არ არის საუბარი ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე. წმინდანთა უმრავლესობა სნეული და გლახაკი, ხშირად დევნილი და უძლური, ყველას მიერ მიტოვებული ადამიანები იყვნენ. ისინი არ მიიზიდავდნენ თანამედროვე ქრისტიანების ყურადღებას. ქრისტე გოლგოთაზე განდიდდა. ტანჯვა - ჩვენი ცხოვრების თანამგზავრია, ქრისტიანობის სიმბოლო - ჯვარია. მიუღებელია ჭეშმარიტების დამახინჯება. ეკლესიაში კვლავ არსებობს ტანჯვა, მაგრამ მას სულიერი დანიშნულება გააჩნია. მას (განსაცდელს) აქვს გამოსავალი, მას აღდგომამდე მივყავართ. ჩვენ პოლიტიკოსების მსგავსად ვერ შევპირდებით იმას, რისი შესრულება შეუძლებელია. ქრისტემ ბრძანა: სოფელსა შინა ჭირი გაქუს. მან არ უწოდა ნეტარი მათ, ვინც დროს გართობასა და სიამოვნებაში ფლანგავს. ამრიგად, ვქმნით ნეოქრისტიანობას, ჩვენი საზომისა და საჭიროებისამებრ, იოლს ანტიასკეტურსა და ანტისახარებისეულს. ქრისტიანულ სამრევლოში მიუსაფარი, მარტოხელა და უბედური ადამიანი სიყვარულითა და ჭეშმარიტებით უნდა იქნეს შეწყნარებული. როდესაც ვხედავთ საკუთარ უდებებას, უმოწყალობასა და გულგრილობას, ეს ტრაგიკულია ჩვენთვისაც და მოყვასისთვისაც. ხოლო თუ თავად არ გვაქვს სინათლე და სიხარული, სულიერი გამოცდილება, მაშინ რას შევთავაზებთ სხვას? მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს ქრისტიანობას? წმ. გრიგოლ სინაიტი ამბობს: თუ ვერ ჩავწვდებით როგორებად შეგვქმნა ღმერთმა, ვერ მივხვდებით რა კვალი დატოვა ჩვენში ცოდვამ. თუკი ვერ მოვიპოვებთ სულიწმიდის მადლს, მაშინ ვიტყვით, რომ ნახევრადწყვდიადშიც კარგად ვგრძნობთ თავს. ეკლესია - დედის ჩახუტებაა, რომელსაც ადამიანის სურვილისამებრ ყველას ცხონება სურს. ქრისტიანები სულიერი გამოცდილების მქონე ადამიანები უნდა გავხდეთ, რათა თავად ჩვენი ცხოვრება მეტყველებდეს სიტყვებზე მეტად. ნუ მოვითხოვთ კადნიერ სასწაულს, მსწრაფლშესმენილ ლოცვას, არამედ ვიმუშაკოთ ღმერთთან ერთად. ეკლესიის მისია - ყველა ადამიანის ცხონებაშია. ეკლესიის საიდუმლოებები განწმენდისა და განღმრთობის საშუალებებია. ამგვარია მართლმადიდებლური თეოლოგია, ანთროპოლოგია, ეკლესიოლოგია და ასკეზა ჩვენი ეკლესიისა. დაე, ნუ ვეძებთ სხვა გზებს გადარჩენისას, როდესაც მაცხოვარი ამბობს: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება.
ბერი მოსე მთაწმინდელი
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |