მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, წმ. მამათა საგანძურიდან > წმიდა ათანასე დიდი (ალექსანდრიელი)

წმიდა ათანასე დიდი (ალექსანდრიელი)


19-03-2014, 00:03
წმიდა ათანასე დიდი (ალექსანდრიელი)
 
 

   ყველა მწვალებლობას საკუთარი გამონაგონის მამად ჰყავს იმთავითვე დაცემული, კაცისმკვლელად ქცეული, მტყუარი ეშმაკი და რცხვენია რა ბოროტის საძულველი სახელის წარმოჩენა, თვალთმაქცურად ირქმევს მაცხოვრის სახელს - უმშვენიერესს და ყველაზე აღმატებულს; კრიბავს წმიდა წერილიდან გამონათქვამებს, სიტყვებს წარმოთქვამს და ჭეშმარიტ აზრს კი მალავს; და ბოლოს, ფარავს რა ერთგვარი მზაკვრობით თავის გამონაგონს, ღუპავს ცთუნებაში შეყვანილ ადამიანებს („ეპისტოლე ეგვიპტისა და ლიბიის ეპისკოპოსთა მიმართ, არიოზელთა წინააღმდეგ" [14, გვ. 14]).

 

 

* * *

   ”მთაი ღმრთისაი, მთაი პოხილი" (ფსალმ. 67.16). მთად სახელდებს ეკლესიას, ხოლო პოხილს იმიტომ უწოდებს, რომ თავის კუთვნილ სულებს გამოკვებავს და ნელსურნელებით ავსებს.

    „მთა შეყოფილი, მთა პოხილი. რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო?" (ფსალმ. 67.17). შეყოფილი აღნიშნავს რძით, ანუ უბრალო მოძღვრებით გამოკვებილს, როგორც ნათქვამია: „სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი" (1 კორ. 3.2). ამგვარად იმათ ჰყვედრის, ვინც უშვებს, რომ მწვალებლური ეკლესიებიც შეიძლება იყვნენ შეყოფილნი; მათში არაფერია ისეთი, რაც ადამიანის სულიერ წარმატებას შეუწყობდა ხელს, ამიტომაც „რასამე ჰგონებთ", თითქოს არის სხვა შეყოფილი მთები გარეშე ეკლესიისა და არა ეს ერთი მთა, „რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა" (ფსალმ. 67.17); და რომ უფალი ცხოვრობს ეკლესიაში, ეს ცხადია მის მიერ თქმულიდან „ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე" (ფსალმ. 131.14). (67-ე ფსალმუნის განმარტება [15, გვ. 221]).

 

 

* * *

    მონაზვნურ ცხოვრებაში მოღვაწეებს და ღმრთის რწმენაში დამყარებულებს, საყვარელ და სასურველ ძმებს ათანასე გისურვებთ ქრისტესმიერ სიხარულს.

   ვმადლობ უფალს, რომელმაც თქვენ სარწმუნოება მოგანიჭათ, რათა წმინდანებთან ერთად საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროთ. მაგრამ იმის გამო, რომ ზოგიერთი არიოზის მოძღვრების თანაზიარი დადის მონასტრებში, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი სახელით აცთუნოს უზაკველნი. ხოლო ზოგიერთნი კი ამტკიცებენ, რომ არ არიან არიოზის თანამოაზრენი, მაგრამ მათთან ერთად დადიან და ლოცულობენ, ამიტომაც სხვა გზა არ მქონდა და რამდენიმე გულწრფელი ძმის მიერ დარწმუნებულმა, ავიღე თავზე ღვაწლი მომეწერა თქვენთვის, რათა თქვენ, ვინც მრთელად და უზაკველად ინახავთ კეთილმსახურ სარწმუნოებას, რომელიც თქვენში ღმრთის მადლით აღესრულება, არ მისცეთ ძმებს საცთურის მიზეზი; რადგანაც, როდესაც უცხონი დაინახავენ, რომ თქვენ, ქრისტეს მიერ სარწმუნონი, არიოზელებთან იკრიბებით და ურთიერთობაში იმყოფებით, უეჭველად დაუშვებენ, რომ ამაში მნიშვნელოვანი არაფერია და ჩავარდებიან ბოროტმსახურების წუმპეში. ამიტომაც, ეს რომ არ მოხდეს, კეთილი ინებეთ, საყვარელნო, და განეშორეთ მათ ვინც აშკარად უსჯულოდ აზროვნებს და უფრთხილდით მათ, ვინც თავს არიოზის თანამოაზრედ არ თვლის, მაგრამ ურთიერთობა კი აქვთ უსჯულოებთან. ყველაზე მეტად მათთან ურთიერთობას უნდა გავექცეთ, ვის თანამოაზრეობაზეც უარს ვამბობთ; ხოლო თუ ვინმე გარეგნულად თავს მართლმორწმუნედ აჩვენებს და არიოზელებთან ურთიერთობაში მყოფი აღმოჩნდება, მაშინ მას შეაგონეთ, რომ მიატოვოს ასეთი ჩვეულება და თუ დადებს პირობას, მიიღეთ როგორც ძმა, ხოლო თუ ჯიუტად აგრძელებს თავისას, მაშინ განაგდეთ იგი. ასეთი მოქცევით თქვენ დაიცავთ წმიდა სარწმუნოებას, ხოლო ისინი, თქვენი შემხედვარე, სარგებელს მიიღებენ, რადგან შეეშინდებათ, რომ უსჯულოებად და არიოზის მიმდევრებად არ იქნენ შერაცხილნი [15, გვ. 476].


უკან დაბრუნება