მთავარი > თანამედროვე მამები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > როგორია ჩვენი დროის თავისებურებანი - არქიმანდრიტი ლაზარე (ნაწილი 2)

როგორია ჩვენი დროის თავისებურებანი - არქიმანდრიტი ლაზარე (ნაწილი 2)


7-08-2018, 00:01

როგორია ჩვენი დროის თავისებურებანი - არქიმანდრიტი ლაზარე (ნაწილი 2)

 

   ყური მიუგდოთ სამწუხარო, მაგრამ ამავე დროს სასარგებლო სიტყვებს:

   „ჩამავალი მზე ცოცხლად წარმოგვიჩენს ჩვენი დროის ქრისტიანობის მდგომარეობას. ისევ ანათებს მზე ქრისტეს სიმართლით, ისევ გამოსცემს იგივე სხივებს, მაგრამ ისინი აღარ მოგვფენენ არც იმ სინათლეს, არც იმ სითბოს, როგორც ჰქონდა ჩვენს წინამორბედ ხანში. ეს იმიტომ, რომ სხივები პირდაპირ აღარ გვეცემიან, არამედ ჩვენსკენ მოედინებიან ირიბად, არეკლილი მდგომარეობით.

   ეხლა, როდესაც მომრავლდნენ ამქვეყნიური მეცნიერებანი და ხელოვნებანი მაშინ „მოაკლდა წმინდაი" (ფს. 11.1).

   სულიწმინდამ მაშინ მოიძაგა ადამიანთა მოდგმა, როდესაც იმათში, მეცნიერებად, განსწავლულებად და მართლმადიდებლებად რომ იწოდებოდნენ, თავისთვის სასურველი ჭურჭელი ვერ ჰპოვა, და გამოუტანა კიდეც მათ მწარე განაჩენი:

   „რამეთუ არ არს პირსა მათსა ჭეშმარიტება. გული მათი ამაო, სამარეზე აღებულ არს ხორხი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს" (ფს. 5.9). „გესლი ასპიტთა ბაგეთა მათთა რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს, მალე არიან ფერხნი მათნი დათხევად სისხლისა, შემუსვრა და უბადრუკება არს გზათა მათთა; და გზა მშვიდობისა არა იცნეს, არა არს შიში წინაშე თუალთა მათთა" (რომ 3-13-18).

   აი, ყველა ის მიზეზი, რის გამოც განგვიდგა სული ღვთისა. წმ. წერილი გვამცნობს, რომ ქრისტიანები იუდეველთა მსგავსად თანდათან გულგრილნი შეიქმნებიან საღვთო სწავლებისადმი, ისინი ყურადღებას აღარ მიაქცევენ ღმერთკაცის მიერ ადამიანის ბუნების განახლებას, დაივიწყებენ მარადისობას, მთელ ყურადღებას გადაიტანენ თავიანთ მიწიერ ცხოვრებაზე, რომელსაც ჩათვლიან მარადიულად, კიდევ უფრო მეტად განავითარებენ დაცემულ ბუნებას, რათა სხეულისა და სულის ყველა დაზიანებული და გადაგვარებული მოთხოვნილება დაიკმაყოფილონ.

   „იმისათვის რომ უკეთ შეეცდინა, ბოროტება სამოთხეს სიკეთის ნიღბით მოევლინა. ის ეკლესიის წიაღშიც ჩნდება დაფარული და შენიღბული ათასი, მრავალფეროვანი სატყუარათი, რომელსაც თავად უწყინარ გასართობს ეძახის. ხორციელი ცხოვრების განვითარებასა და სულიწმინდის დაკნინებას კაცობრიობის განვითარებასა და წარმატებას არქმევს. კაცობრიობა გაიხრწნება გონებრივად, რამეთუ „არა ჰრწმენა ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო ეყვნეს სიცრუესა შინა" (2 თეს. 2.12). „გამოუცდელ სარწმუნოებითა, აქუნდა ხატი ღმრთის სამსახურებისა და ძალსა მისსა უარყოფდნენ" (2 ტიმ. 3.8.5). „შემდგომად მოღებასა მის ცნობისა არღარა ცოდვათათვის მოაკლდეს მსხუერპლი". ე.ი. მათ, ვისაც ეუწყება ჭეშმარიტება და განუდგა მას, ძნელადღა მიიღებს მას მეორედ.

   ჩვენს დროში ადამიანებმა მრავალჯერ გაბედეს სულიწმინდის დადგენილებების საკუთარი დადგენილებებით შეცვლა. ამის გამო ზეციური დადგენილებანი მიწიერი გახდა, სულიერი ხორციელად გადაიქცა, წმინდანი ცოდვილი შეიქმნა, ბრძენი ბრიყვად იქცა. არიან გარეგნულად ქრისტიანები, მაგრამ მათ დაკარგული აქვთ საერთო საყოველთაო სწავლება ჭეშმარიტებაზე, რომელიც ყველას გააერთიანებდა ერთიან სულიერ სხეულად, აზრთა ერთიან წყობად, ერთ სულად, ერთი „საერთო" თავის ქვეშ - ქრისტეში".1

   „დღეს მეტნაკლებად ყველას გააჩნია საკუთარი აზრთა წყობა, საკუთარი რელიგია, საკუთარი გზა, მიღებული თავისი ნებით თუ შემთხვევით, რომელსაც მიიჩნევს სწორად, ერთადერთად და გამართლებულად. ესაა მრავალრიცხოვანი ჯოგი, რომელმაც დაკარგა კავშირი და ერთიანობა სულსა და ჭეშმარიტებაში. სულიერ მეთვალყურეს, როგორც უზარმაზარი უწესრიგობაა, ისე წარუდგება ეს ყოველივე: ყოველი ცხვარი თავისკენ ეზიდება ისე, რომ არ იცის, საითკენ მიჰყავს ამ გზას, არავინ მას არ აჩერებს, არავინ მასზე არ ზრუნავს. ისე დაუმძიმდათ სასმენელი, რომ უკვე აღარ ესმით მათ მხსნელი ხმა ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მოისმის წმინდა ეკლესიიდან და რომელიც კიდევ უფრო ხმამაღლა ამხელს მათ სიცრუეს. ეს ხმა ჩაახშო მიწიერმა ხმაურმა, ავხორცმა, ულმობელმა, ამაო მზრუნველობამ, მოლხენის ხმამ, ხმამ მიწიერი წარმატებისა. „მიეჯაჭვა მიწას სული მათი და აღარ ძალუძთ სულიერ განცდათა აღქმა".2

     „ეშმაკის მანქანება კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი გახდა. გამრავლდა ცრუ სწავლებათა შემცველი წიგნები. მომრავლდა ტვინები, რომლებიც თავად შეიცავენ ამ ცრუ სწავლებებს და სხვათაც გადასცემენ მას. უკიდურესობამდე შემცირდნენ წმ. ჭეშმარიტების მიმდევარნი, გაიზარდა პატივისცემა გარეგნული, მოჩვენებითი სათნოებისადმი, რომელიც მისაწვდომია იუდეველთათვის და მწვალებელთათვისაც. გაჩნდა პატივისცემა ნამდვილი წარმართული ჩვეულებებისადმი, რომლებიც მიუღებელია ადამიანური ბუნებისათვის. დაკნინდა წარმოდგენები ქრისტიანულ სათნოებათა შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ იმის თაობაზე, თუ როგორ შემცირდა და თითქმის მოისპო სინამდვილეში მათი აღსრულება. მატერიალიზმის აყვავების ფონზე ქრება სულიერი ცხოვრება, ხორციელ საზრუნავებსა და განცხრომას მთელი დრო მიაქვს, ღმერთის გასახსენებლად დროც აღარ რჩება და ყველაფერი ეს გადაიქცა ცხოვრების წესად".3

   „ჩვენ ამჟამად ვიმყოფებით კაცობრიობის ცხოვრების ისეთ პერიოდში, როდესაც გადარჩებიან მხოლოდ მწუხარებათა უსიტყვოდ დამთმენნი, ღვთისადმი რწმენით აღვსილნი, მისი წყალობის მომლოდინენი, სხვა გზებს გადარჩენისას დღეს არავინ იცნობს. ჩვენი დროისათვის დარჩა მხოლოდ ერთადერთი გზა - ტანჯვათა დათმენა.4 (გაგრძელება...) 

 

 

 

არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

Xareba.net - ის რედაქცია 


 

 

 

 


ეპისკოპოსი ეგნატე ტ.1. გვ. 457.

ეპისკოპოსი ეგნატე ტ.4. წერილი 58.

ეპისკოპოსი ეგნატე თ. 4. წერილი 58.

იღუმენი ნიკონი წერ. გვ. 70.


უკან დაბრუნება