მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჭეშმარიტი მწყემსობის არსი და მეთოდები ჩვენს დროში (ნაწილი 4)

ჭეშმარიტი მწყემსობის არსი და მეთოდები ჩვენს დროში (ნაწილი 4)


4-08-2018, 00:01

 

   ჩვენი დრო, როდესაც ძირითადად არავისი სჯერათ, მწყემსისაგან განსაკუთრებულ გულწრფელობას, პატიოსნებას, პრინციპულობას მოითხოვს, ყოველგვარი ცხოვრების, სიყალბის ან პირფერობისა და კაცთმოთნეობის ჩრდილის გარეშე.

   მწყემსს მუდმივად უნდა ესმოდეს წერილის სიტყვები: „რამეთუ უკეთუმცა კაცთაღა სათნო-ვეყოფოდე, ქრისტეს მონამცა არა ვიყავ" (გალატ. 1. 10). და: „წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ, და განიმტკიცოს ხორცი მკლავისა თვისისა" (იერ. 14, 5) და ისევ: „ნუ ესავთ მთავართა, ძეთა კაცთასა, რომელთა თანა არ არს ცხორებაი" (ფს. 145, 3).

   სამწყემსო მსახურება, რომლის შესახებაც ლაპარაკობს წმიდა პავლე მოციქული (1 კორ. 9, 22 „ყოველთა ვექმენ ყოვლად, რაითა ყოველნი ვაცხოვნნე") არ უნდა წავიდეს ისე შორს, რომ ამით ჩვენი რწმენის პრინციპები დამცირდეს. მწყემსი არ უნდა უსწორდებოდეს თანამედროვე ცხოვრების დადაბლებულ ზნეობრივ დონეს, არამედ პირიქით - ამ ცხოვრების ამაღლებას უნდა ცდილობდეს სახარებით ნაქადაგევ და ეკლესიისათვის საჭირო სიმაღლემდე. დაუშვებელია სამწყსოს ცოდვებისა და უკანონობის მიმართ უსაზღვრო შემწყნარებლობა კაცთა მოთნეობის ან საკუთარი პოპულარობის დაკარგვის შიშით ან რაიმე სხვა მოსაზრებების გამო. არ უხდება ჭეშმარიტ მწყემსს თანამედროვეთა მიერ დიდად შექებული „ელასტიურობა". მწყემსი დიპლომატი არაა, არამედ ჭეშმარიტების მსახური. სრულიად მიუღებელია ჯანსაღი ქრისტიანული შეგნებისთვის იეზუიტური კაზუისტიკა, მართლმადიდებლობისათვის ის სრულიად აუტანელია.

   კერძოდ, განსაკუთრებით დამღუპველია ჩვენს დროში მოხშირებული შემწყნარებლური დამოკიდებულება აშკარა ცოდვებისადმი ზნეობრიობის საზიანოდ უკანონო თანამცხოვრების, განქორწინების წახალისება, რაც სამწუხაროდ, ჩვენს დროში ძალიან იოლად ხდება, რაც არღვევს ოჯახურ ცხოვრებას და ბოლო პერიოდში სულ უფრო საშინელ როდენობას აღწევს. არანაკლებ დამღუპველია მწყემსების გულგრილობა ჩვენს დროში სრულ უწესობამდე მისული ქალთა მოდების, უწესო, ქრისტიანობის სახელისთვის შეუფერებელი გასართობი საღამოების მიმართ, რომლებსაც ხშირად საკვირაო - სადღესასწაულო დღეებში და მარხვის დროსაც აწყობენ.

   მაგრამ თუკი დაუშვებელია მწყემსისთვის კაცთმოთნეობის რაიმე გამოვლინებაც კი და მის გამო საეკლესიო წესების ფეხქვეშ გათელვა, საჭიროა საპირისპირო უკიდურესობის, „მცირეთა" უგულებელყოფის გამორიცხვაც, რომელთაც უფალი „მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა" (მათე 25, 40) უწოდებს. დაუშვებელია უყურადღებობა იმათ მიმართ, ვისგანაც პირადად არ ველით არაფერს, რაიმეს მიღების იმედი არ გვაქვს, დაუშვებელია ზიზღი და „ზემოდან" ყურება, როგორიც უნდა იყოს სამწყსო. ყოველგვარი ასეთი უგულებელყოფა, ზიზღი და ზემოდან ყურება დამახასიათებელია რომაულ-კათოლიციზმისთვის, სადაც სასულიერო ფენა თითქოსდა უმაღლეს, პრივილეგირებულ ფენას წარმოადგენს „მცირეთა" ფენასთან შედარებით. კარგად ხსნის მას პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ცნობილი პროფესორი ა. ნ. ლოპუხინი თავის ლექციებში თემაზე: „თანამედროვე დასავლეთი რელიგიურ-ზნეობრივ მიმართებაში". ავტორს მოაქვს საკმაოდ ორიგინალური, მაგრამ უეჭველად სწორი აზრი, რომ რომაული კათოლიციზმი არის ძველი რომაული წარმართობის ერთგვარი გაგრძელება, რომლის სულიც მან შეითვისა და მხოლოდ გარეგნულად შემოსა ქრისტიანული სამოსით. ძველ რომში იყო ორი ფენა: უმაღლესი პრივილეგირებული „პატრიციები" და უმდაბლესი „პლებეები". ეს დაყოფა გადმოიტანეს „ქრისტიანულ" რომშიც. სასულიერო წოდება იგივე „პატრიციები" უმაღლესი პრივილეგირებული ფენაა, ხოლო რიგითი მორწმუნე ერისკაცები - „პლებები", უმდაბლესი, უუფლებო ფენა, რომელიც ვალდებულია დაემორჩილოს სიტყვის შეუბრუნებლად, რაიმეში საკუთარი თავის გამოვლინების გარეშე.

   განა საჭიროა იმის თქმა, რამდენად უცხოა ასეთი ლათინური კონცეფცია მართლმადიდებლობის ჭეშმარიტი სულისთვის?

   საკმარისია გავიხსენოთ აღმოსავლეთის პატრიარქების 1848 წლის ეპისტოლე, სადაც ვკითხულობთ: „ჩვენთან არც პატრიარქებს, არც კრებას არასოდეს შეეძლო სიახლის შემოტანა, რადგან ჩვენთან ღმრთისმოსაობის დამცველი არის ეკლესიის სხეული ანუ თვითონ ხალხი, რომელსაც ყოველთვის თავად სურს თავისი რწმენის უცვლელად და მამების რწმენის შესატყვისად შენარჩუნება".

   ჩვენი მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში რიგითი მორწმუნეები არასდროს ყოფილან უუფლებო და უხმო „პლებეები", არამედ საკმაოდ ხშირად იმაღლებდნენ ხმას ერეტიკოსების წინააღმდეგ, როგორც ხდებოდა ეს ჩვენს მეხსიერებაში რუსეთშიც, - რიგითი მორწმუნეები, ხშირად უბრალო ქალები იცავდნენ მართლმადიდებლურ რწმენას ერეტიკოსებისაგან, „ჟივოცერკოვნიკებისა" და „განმაახლებლებისაგან", რომლებმაც უღმერთო კომუნისტების მფარველობით ხელში ჩაიგდეს საეკლესიო ხელისუფლებაც და ტაძრების უმრავლესობა.

   განსაკუთრებით მძიმე დრო ახლა დადგა. სწრაფი ნაბიჯით ვითარდება „აპოსტასია", რომლის შესახებაც ამბობს წმიდა პავლე მოციქული თავის II ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ. თითქმის ყოველ ახალ დღეს სიახლე მოაქვს, ხანდახან სენსაციურიც, რაც ჯერ კიდევ გუშინ წარმოუდგენელი, შეუძლებელი გვეგონა. გასაკვირი არაა, რომ სამწყსოც რთული გვყავს დღეს, ძნელად ემორჩილება ქრისტიანულ დამოძღვრას და დარიგებას, თვითნებაა, თვითდაჯერებული, ხშირად ყველაფრის, რაც ჩვენს წმინდა რწმენას და ეკლესიას შეეხება, უიმედოდ უცოდინარი, მაგრამ ეს ხომ არ გვაცილებს პასუხისმგებლობას მის გამო, რაკიღა ავიღეთ სამწყემსო მსახურების ტვირთი. ჩვენ მოწოდებულები ვართ არა დასარღვევად, არამედ აღსაშენებლად, როგორც გვასწავლის წმიდა პავლე მოციქული თავის II ეპისტოლეში კორინთელთა მიმართ (10, 8). უფალი მკაცრად მოგვკითხავს თითოეული დაღუპული ცხვრის გამო, თუკი ჩვენ პირდაპირ ან ირიბად ვიქნებით დამნაშავე მის დაღუპვაში. ჩვენი დაუდევრობა, უგულისყურობა, ჩვენი პირადი უძლურება და ნაკლი, ჩვენი ცხოვრების სამწყსოსათვის მაცთუნებელი წესი - ეს ყველაფერი შეიძლება რომელიმე ცხვრის დაღუპვის მიზეზად, საბაბად იქცეს.

   მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენს დროში როგორც თანამედროვე მწყემსს, ასევე მის სამწყსოს ემუქრება მსოფლიოში თითქმის უკვე მედღესასწაულე სატანიზმის მხრიდან, რომელიც საკმაოდ ვერაგულად იმოსება „ჰუმანიზმის", „ტოლსტოიანელობის", კაცობრიობის კეთილდღეობისათვის მსახურების, საყოველთაო ერთობის და „ქრისტიანული სიყვარულის" ნათელი სამოსითაც კი.

   სამწუხაროდ, საკმაოდ ბევრი მართლმადიდებელი მწყემსი უკვე ასე თუ ისე, მეტ-ნაკლებად გაეხვია ამ კარგად კამუფლაჟირებული სატანიზმის ბადეში, რომელიც ორსახოვანი იანუსის მსგავსად ორგვარად ვლინდება: „მარქსიზმ-კომუნიზმის" სახით ამ ღმრთისმებრძოლი ხელისუფლების ქვეშ მყოფ ქვეყნებში და „ეკუმენიზმის" სახით ე.წ. „თავისუფალი სამყაროს" (რომელიც სრულებით არ არის სინამდვილეში თავისუფალი) ქვეყნებში. მათ საერთო მამა ჰყავთ, სატანა, რომელიც გამეტებით ამზადებს მსოფლიო ბატონობისთვის თავის ერთგულ მსახურს - ანტიქრისტეს.

   უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს: ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის ჭეშმარიტ მწყემსს შეუძლებელია ჰქონდეს რაიმე კონტაქტი, რაიმე ურთიერთობა, პირდაპირი ან ირიბი, მსოფლიო ბოროტების ამ ორ სახესთან.

   ბევრი მწყემსი და სამწყსო ცთუნდება სამოწყალო საჩუქრებითა და ამქვეყნიური სიკეთის დაპირებებით, რასაც ასე დახარბებულია ხალხი, განსაკუთრებით კი ჩვენს დროში. (გაგრძელება...)

 

  

 

 

 

 

 

 

 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება