მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > ჭეშმარიტი მწყემსობის არსი და მეთოდები ჩვენს დროში (ნაწილი 2)

ჭეშმარიტი მწყემსობის არსი და მეთოდები ჩვენს დროში (ნაწილი 2)


2-08-2018, 00:01

 

   ახალ აღთქმაში ძველებრაულ „როე"-ს შეესაბამება ბერძნული სიტყვა „პიმინ", რომელიც, ჩვეულებრივ, ძირისაგან „პო" (კვება) იწარმოება; მონათესავე სიტყვა „პოუ" (ფარა) - ძირისაგან „პო" (დაცვა) ნიშანდობლივია, რომ „პოუ" აღნიშნავს სწორედ წვრილფეხა საქონლის ფარას, რომელსაც სისუსტისა და დაუცველობის გამო განსაკუთრებით სჭირდება ზრუნვა, მოვლა, კვება, დაცვა. ახალი აღთქმის კლასიკური ადგილი, სადაც გამოყენებულია ეს სიტყვა „პიმინ" იოანესაგან სახარების 10-ე თავია, სადაც მოთხრობილია უფალი იესო ქრისტეს იგავი კეთილი მწყემსის შესახებ: კეთილი მწყემსი თავის ცხვრებს სახელით ეძახის, ცხვრები მიყვებიან მას, რადგან ცნობენ მის ხმას. კეთილი მწყემსი იცნობს თავის ცხვრებს და ცხვრები იცნობენ მას (იოან. 10, 1-15), რადგან იციან როგორი თავგანწირვით უყვარს და ზრუნავს მათზე, რომ მზადაა სული დასდოს მათთვის. ახალი აღთქმის სხვა ადგილზეც (ლუკა 15, 4-6) არის განმარტებული ჭეშმარიტი მწყემსობა - იგავი წარწყმედული ცხვრის შესახებ, რომელიც მიუთითებს მწყემსის ინდივიდუალურ ზრუნვაზე! თითოეული ცხვრის მიმართ: კეთილმა მწყემსმა ფარიდან ერთი ცხვარი დაკარგა, ტოვებს 99-ს უდაბნოში და მიდის დაკარგულის მოსაძებნად; მოძებნის, მხრებზე შეისვამს და უკან დაბრუნებულს უხარია მის გამო მეტად, ვიდრე 99-ისათვის, რომლებიც არ გაბნეულან.

   ზემოთქმულიდან გამომდინარე, წმიდა წერილის საფუძველზე აშკარად ჩანს, რომ სამწყემსო მსახურება არ არის მხოლოდ ეკლესიის მიერ ერთ ადამიანზე - მწყემსზე დაკისრებული ცნობილი წესების, მოვალეობისა და რიგი ვალდებულებების წმიდა ფორმალური, გარეგნული შესრულება, წმინდა ადმინისტრაციული შრომა, არამედ რაღაც შეუდარებლად მეტი, მიუწვდომელი რიგითი ცოდვილი ადამიანის ჩვეულებრივი, ბუნებრივი ძალებისთვის, თუკი იგი უფლის მადლის ძალით არ იქნა განმტკიცებული ამ მართლაც ზეადამიანური შრომისათვის.

   ნეტარი მიტროპოლიტი ანტონი, რომელმაც ჩვენში ახალი მიმართულება მისცა სამოძღვრო ღმრთისმეტყველებას, თავის ლექციებში ხაზს უსვამდა სამწყემსო მსახურების ამ მადლისმიერ მხარეს. ის ამბობს, რომ სამწყემსო მსახურება მხოლოდ გარკვეული წესების და მოვალეობის ერთობლიობა როდია, როგორც თვლიდნენ ჩვენში ადრე, არა შიშველი ადმინისტრაციულობა, რასაც ჩვენდა გასაკვირად, დღესაც ბევრი მიიჩნევს სამწყემსო მსახურების იდეალად, არამედ „ერთიანი, მთლიანი, ღმრთის რჩეულის შინაგანი წყობა, ადამიანის მადლმოსილი სულის ყოვლისმომცველი სწრაფვა".

   არა „ადმინისტრაცია", არამედ სულებზე ზრუნვა, თავგანწირული მოშურნე ზრუნვა სამწყსოს სულის ხსნისათვის, - აი, არსებითი მომენტი სამწყემსო მსახურებაში.

   „გული ყოველთვის მტკივნეულად მეკუმშებოდა - თქვა ნეტარმა მიტროპოლიტმა ანტონმა აწ გარდაცვლილი მთავარეპისკოპოსი იოანეს (მაქსიმოვიჩის) ქიროტონიის დროს 1954 წელს - როდესაც რომელიმე მღვდელმთავარი ამბობდა, რომ არ უყვარს მსახურება და ცუდი მღვდელია, სამაგიეროდ კარგი ადმინისტრატორი. არ სჭირდება ასეთი ადმინისტრატორობა მღვდელმთავარს, თუ ის თავის უმთავრეს მოვალეობას ლოცვაში დაინახავს, ადმინისტრაცია თავისთავად მოეწყობა და მის გარშემო ყველაფერი სულ უფრო უკეთ იქნება.

   ასე რომ, ჭეშმარიტი მწყემსობა არაა ადმინისტრაცია, არამედ ადამიანის სულის ერთიანი შინაგანი მთლიანი წყობა, რომელიც დამოკიდებულია არა მის პირად წმიდა გარეგნულ უნარზე, არამედ განსაკუთრებულ მადლისმიერ ნიჭზე, რომელიც მან მღვდლობის საიდუმლოთი მიიღო. სწორედ ამ მადლისმიერი ნიჭის, როგორც სამწყემსო მსახურების გადამწყვეტი ფაქტორის შესახებ გვასწავლიან ეკლესიის წმიდა მამები წმიდა წერილის საფუძველზე, ამასვე გვასწავლის მიტროპოლიტი ანტონი თავის სამოძღვრო ღმრთისმეტყველებაში.

   რა ნიჭია ეს?

   ესაა ნიჭი „მადლისმიერი თანამგრძნობი სიყვარულისა სამწყსოსადმი", რომელიც განაპირობებს მწყემსში სამწყსოს მიერ განცდილი ბრძოლის მწუხარების და ზნეობრივი სრულყოფილებით გამოწვეული სიხარულის გაზიარების, მათი გულშემატკივრობის უნარს, როგორც ეს მოციქულებს პავლეს ან იოანეს შეეძლოთ. მწყემსობის სულის ეს ნიშანი, მიტროპოლიტ ანტონის სიტყვით, გამოხატავს სამწყემსო მსახურების არსს.

   აქედან, თუ მივიღებთ მხედველობაში ცნება „მწყემსის" შესახებ თქმულს, რაც ძველსა და ახალ აღთქმაშია მოცემული, თავისთავად ვიღებთ „მწყემსის" განსაზღვრას:

   მწყემსი არის ადამიანი, რომელიც თავის თავს მთლიანად, მთელ თავის არსებას სიყვარულით გამსჭვალულ, თავგანწირულობამდე მისულ ზრუნვას უძღვნის იმ ადამიანების სულების ხსნას, რომლებიც მის ზრუნვას არიან მინდობილები; ცდილობს სულიერად ააღორძინოს ისინი, წაიყვანოს სწორად და მიუდრეკელად სულიერი სრულყოფილების მიღწევის გზით.

   თუ მწყემსს არა აქვს ეს თანამგრძნობი სიყვარული თავისი სამწყსოსადმი, თუ ჩაიქრო საკუთარ თავში ეს დიდი ნიჭი იმის ნაცვლად, რომ განევითარებინა და „გაეღვივებინა" იგი, მოციქულის მცნებისაებრ (1 ტიმ. 4. 14; 11 ტიმ. 1. 6). არაა ანთებული თავისი სამწყსოს სულების ხსნის წმიდა მოშურნეობით, ის უბრალო ჩინოვნიკია, ფორმალისტი და არ უშველის არც კარგად აწყობილი კანცელარია, არც ბრწყინვალედ მოწესრიგებული ადმინისტრაცია. ის დაკარგავს თავის ცხვრებს, რომლებიც თუკი ვერ იგრძნობენ მისი სახით მოსიყვარულე მამას, გაიფანტებიან.

   რთული დრო დაგვიდგა, ასეთი, როგორც ჩანს, არასოდეს ყოფილა ქრისტიანობის ისტორიის მანძილზე, რადგან ეს აშკარად „აპოსტასიის" პერიოდია ყველა დამახასიათებლი ნიშნით. ეს კი თანამედროვე მწყემსისაგან განსაკუთრებულ სიფხიზლეს მოითხოვს, უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის მიმართ, რომ ხსნის ნაცვლად არ დაღუპოს თავისი ცხვრები.

   ახლა ფასეულობების გადაფასების დროა - „ყველასი და ყველაფრის" დაწვრილებითი და გამჭრიახი კრიტიკის დრო. ავტორიტეტებს თითქმის აღარ ცნობენ. მდგომარეობას, ხარისხს, გარეგნულ ავტორიტეტს მრავალთა, თუ არა უმრავლესობის თვალში არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ამიტომ ცუდად იქცევა ის მწყემსი, რომელსაც მხოლოდ საკუთარ ცოდნაზე უყვარს დაყრდნობა, რითაც ის თავისი სამწყსოს დამორჩილებას ფიქრობს. დღეს მეტად, ვიდრე ოდესმე, უყურებენ არა ცოდნას არა ხარისხს, არამედ თვითონ ადამიანს, - როგორია ის, რას წარმოადგენს და რამდენად პასუხობს თავის წოდებას და ხარისხს, შეიძლება თუ არა მისთვის დაჯერება.

   როგორი ყურადღებით აკვირდება თანამედროვე სამწყსო თავის მწყემსს, გასაქანს არ აძლევს ხანდახან და მასში ისეთ ცოდვებს ეძებს, საერთოდ რომ არ აქვს ან მუქი გაზვიადებული სახით წარმოიდგენს მის სიუსტეებს და სულიერ ზადს.

   ეს უნდა გაითვალისწინოს და ანგარიში გაუწიოს თანამედროვე მწყემსმა, ყურადღებით იყოს საკუთარი თავისადმი, საკუთარი საქციელისადმი, რომ არ აცთუნოს თავისი სამწყსო. (გაგრძელება...)

  

 

 

 

 

 

 

 

წიგნიდან „ლიმონარი 2" 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება